Home რუბრიკები საზოგადოება ოქრო, ხმალი და გუთანი ანუ ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხი

ოქრო, ხმალი და გუთანი ანუ ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხი

ოქრო, ხმალი და გუთანი ანუ ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხი

პრობლემები, რომლებიც საქართველოში ყველა ხელისუფლების პირობებში დღის წესრიგში დგას, კვლავაც გადაუჭრელი რჩება და ხალხს იმედგაცრუებულს ტოვებს. უკვე აღარავის უკვირს არც არჩევნების გაყალბება, არც პოლიტიკოსთა შეუსრულებელი დაპირებები და მით უმეტეს სახელმწიფო მოხელეთა უმრავლესობის ზრუნვა მხოლოდ პირად კეთილდღეობაზეძალიან სამწუხაროა, რომ წლებია, ერთი და იმავე შეცდომებით ერთსა და იმავე გზაზე სიარული გვიწევს.

მაგრამ ამჯერად ყველაფერ ამას კორონავირუსის პანდემიაც დაემატა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოში და კაცმა არ იცის, ეს კოშმარი როდის დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ასე თუ ისე საქართველომ საყოველთაო მობილიზაციისა და ერთობის წყალობით მოახერხა, სხვებთან შედარებით გაცილებით უკეთ გამკლავებოდა ამ სნეულებას, დღეს არსებულ რეალობაზე ასე ვერ ვიტყვით. სავარაუდოდ, სიტუაცია უფრო დამძიმდება, თუ ოპოზიციის ქუჩის აქციები კვლავაც გაგრძელდება.

არსებული რეალობა კი იმაზეც აშკარად მიანიშნებს, რომ ადამიანებს, იმედგაცრუებასთან ერთად, ურთიერთშორის მტრული დამოკიდებულება უჩნდებათ, თავიანთი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე.

და ასე მტრებად იქცნენ უახლოესი ნათესავები, ერთმანეთის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. ნუთუ ეს არავის აფიქრებს?! ასე თუ გაგრძელდება, ვინ იზრუნებს ამ სახელმწიფოზე და ვის დარჩება ეს ქვეყანა?

ან დღეს ვისია? _ ეს კითხვა 1881 წელს ერის მამამ, დიდმა ილია მართალმაც დასვა და მას ერთერთ შინაურ მიმოხილვაში გასცა პასუხი:

გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

ქვეყანა ვისია?

ყოველივე ჩემიაო, _ ამბობს ოქრო. ყოველივე ჩემიაო, _ იძახის ხმალი. ყოველსფერს ვიყიდიო, _ მოჰკვეხს ოქრო. ყოველსფერს ხელში ვიგდებო, _ იქადის ხმალი. მითამ ეგრეა? არა გვგონია.

ჩვენის ფიქრით, თავმოწონებულს ოქროსა და გაზვიადებულს ხმალს, ამ ორს პატიოსანს მეტოქეს, დაჰვიწყებიათ, რომ ქვეყანაზედ მაგათ გარდა არის კიდევ ერთი რაღაცა, რომელსაც, თუ არ პირველი, უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს ქვეყნის განაწილებაში.

მართალია, ის ერთი რაღაცა ქედმოხრილია, ჩუმი, წყნარი, უწყინარი, ტანად მრუდე, მაგრამ გულით მართალი და პირად ბრწყინვალეა. იგი ხმაამოუღებლივ, ხმაგაკმენდილი, ფეხმძიმედ დაიარება ქვეყანაზედ: არცა ჰკვეხს, არც ბაქიაობს, არც არავის ერჩის, არც არავის ეცილება და საქმობს თავისთავად დინჯად, აუშფოთებლად, სულ მუდამ და დაუძინებლივ. იმას რომ ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოს, არც ოქროსღა ექმნება რამე სასყიდავი და არც ხმალს მოსატაცებელი. იმას რომ ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოსმეთქი, არ ვიცი ქვეყანას რა დაემართებოდა, თუნდა ოქროს მთები იდგეს და ხმლების ტყეები. უიმისოდ ოქროს ქვეყანაზედ მოედანი არა აქვს და არც თითონ ძალოვანს ხმალს დიდი და ხანგრძლივი მანძილი. ის ერთი რაღაცა გუთანია. აი ამ ტეტია გუთანს შეუძლიან, ოქროსა და ხმლის შუა ჩადგეს და თავისებურად დინჯად და მშვიდობიანად უთხრას: “შენ, ოქროვ, უჩემოდ უქმი ხარ, არაფერში გამოსაყენებელი; უჩემოდ გაბათილებული ვექსილი ხარ, ანუ, უკეთ ვსთქვათ, გაკოტრებულის კაცის თამასუქი: ექნება რამე, _ მიიღებ, არა და პირში ჩალა გამოივლე და თუნდა თავი წყალს მიეცი. შენ შენით რა ხარ? სახედარი და სხვა არაფერი. თუ მე აგკიდე რამე, ხომ რა კარგი, თუ არა და ზედაც რომ არავინ შემოგხედოს, ბევრს არას დაჰკარგავს. ხმალო, შენ-კი… იქნება უჩემოდ შესძლო რამე, მაგრამ ისე კი, როგორც ნიაღვარი: მოვარდები, წარღვნი, წალეკავ, მილეწ-მოლეწ, ბოლოს კი, როცა იქნება, ჩაივლი და ჩაშრები, და თუ მე მიმიმხრობ _ მაშინ კი ქვეყანა ჩვენია”.

 

დიახ, ბატონებო, ჩვენის გულითადის ფიქრით, ქვეყანა იმისია, ვისაც ერთს ხელში ხმალი უჭირავს და მეორეში გუთანი. მარტო ხმალი, მართალია, თავისითაც ძლიერია, მაგრამ ვერსად ხანგრძლივ ფეხს ვერ მოიკიდებს, თუ ამხანაგად გუთანი არ იყოლია. ამისი მაგალითი, სხვათა შორის, მონგოლები არიან. ამათ მარტო ხმალს დაუჯერეს, ისინი მარტო ხმალს მიენდვნენ: მიესივნენ ქვეყანას, დაიპყრეს ქვეყნები, დასწვეს, შეჰმუსრეს, მიანგრ-მოანგრიეს და ბოლოს ხომ თითონაც მტვრად აღგვილ იქმნენ. წარჩინებულნი ერნი ევროპისანი თითქმის სულ ხმლით მისეულნი ერნი არიან. მაგრამ საცა-კი მივიდნენ, ყველგან გუთანი მიიმხრეს, და აჰა, დღესა ვხედავთ, რომ ყოვლად მტკიცენი და მკვიდრნი არიან თავის ადგილებში. იმათი ადგილიდამ დაძვრა ვეღარაფერმა ვერ შესძლო. არიან და იქნებიან უკუნისამდე. შორს წასვლა საჭირო არ არის. მაგალითი თვალ-წინ გვიდგას. მაგალითები ჩვენ თითონ ქართველები ვართ. ეს ერთი მუჭა ხალხი რამ შეგვინახა? ხმალმა და გუთანმა. ჩვენ რომ დღეს ბინა გვაქვს, ადგილზედ რომ ფეხმოკიდებულები ვართ, სხვებსავით არ დავიქსაქსენით, არ გადავცვივდით აქეთიქით, ჩვენ რომ ამდენს დაუძინებელს მტერს გავუძელით, გავუძეღით და გადავრჩით, ჩვენი ერი რომ დედამიწას შერჩა და დედამიწა ერსა, _ ეგ იმიტომ _ რომ ერთს ხელში ხმალი გვეჭირა და მეორეში გუთანი დასაბამიდგანვე დღემდე. ესეც ვიქნებით შემდეგშიაც, თუ ეგ ორი უძლეველი ძალღონე ერის სიმკვიდრისა ხელთ გვექნება.

რასაკვირველია, ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა იგი ფარია და არა სატევარი. მაგრამ რასა იქ? ეს უბედური ქვეყანა ისე დაეწყო, რომ ხმალი უფრო სატევრობს, ვიდრე ფარობს. ადამიანის გაუძღომელმა წადილმა ეს უკეთესი მხარე ხმლისა დააჩლუნგა და უარესი გალესა. მინამ ქვეყანა ასეა და ძალა აღმართსა ხნავს, ხმალმა ორგვარი სამსახური უნდა გაუწიოს თავის პატრონს, იმის მიხედვით, თუ შემთხვევა და ფათერაკი რა დროს რას მოითხოვს. გუთანს კი ერთი განსაკუთრებული მშვიდობიანი დანიშნულება აქვს: დედამიწის უხვი გული გადაგვიშალოს და იქიდამ საზრდოება გვაწვდიოს. გუთანი, ქართველებო, გუთანი! და ხმალი იყოს ფარი მისი.

თავი და ბოლო აქ არის, დამიჯერეთ. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, ნათქვამია. მყობადი იმისა, ვინც მიწაზედ ფეხდადგმულია და მიწას ამოქმედებს ხმლის მფარველობის ქვეშ. თითონ დიდი რომი, თითქმის მთელის ქვეყნის მპყრობელი, დაეცა, იმიტომ _ რომ მარტო ხმალი ეჭირა ხელში და გუთანი კი არა. ყოველივე ეს იმიტომ კი არა ვსთქვი, რომ აქაო და გუთანი გვიჭირავს ხელში, გულს ხელები დავიკრიფოთ და ამით მოვიწონოთ თავი. არა, ბატონებო, გუთანს ცოდნაც უნდა, რომ ერთიათად იმაზედ მეტი შესძლოს, რის შემძლებელიც აქამომდე იყო. ერთი უმთავრესი სახსარი ცოდნის შეძენისა _ სკოლაა, და იმ ცოდნისა, რომელიც გუთანს, ანუ უკეთ ვსთქვათ, მიწისმოქმედებას ხელს უწყობს და შეჰფერის, _ სამეურნეო სკოლაა. ამ-გვარის სკოლების გამართვა ჩვენში აუცილებელი საჭიროებაა, და მით უფრო ადვილი, რომ ეხლა სახელმწიფო ქონებათა სამინისტრომ რუსეთში საკმაოდ ფართო გზა მისცა საზოგადოებას მაგ სკოლების დაარსებისათვის. ფრიად საყურადღებო აზრებია გამოთქმული სამინისტროს პროექტში ამ საგანზედ, და თუ ის პროექტი დამტკიცდა და როგორმე ჩვენამდინაც მოაღწია, დიდი საქმე იქნება. აი ამ საგანზედ რას იწერება ერთი რუსული გაზეთი: “ახალი პროექტი სახელმწიფო ქონებათა სამინისტროსი სრულ ნებას და უფლებას აძლევს თითონ ერობას, მეურნეობის საზოგადოებას და კერძო პირთაც, გამართონ სახელოსნო-სამეურნეო სკოლები. გამმართველთა ნებაზედ არის მიგდებული, დააარსონ ეგ სკოლები კერძო პირთა მამულებში, თუ სხვაგან სადმე. მთავრობა თუმცა ჰკისრულობს ნაწილს სკოლის ხარჯისას, მაგრამ სკოლის გამმართველთ სრულს ნებას აძლევს თითონ ამოირჩიონ სკოლის გამგებელიც, ოსტატებიც და მზრუნველებიც და ყოველივე გამგეობა სკოლისა თითონ იქონიონ. მხოლოდ უმაღლესი ზედამხედველობა და ხელთმძღვანელობა რჩება მთავრობასა. სახელოსნო-სამეურნეო სკოლაში მოსამსახურეების გასამრჯელო და აგრეთვე სამსახურის უფლებანი უფრო უკეთესნი არიან, ვიდრე საოსტატო სემინარიის მოსამსახურეებისა”. გარდა ამისა, რადგანაც ამისთანა სკოლაში უფრო მოზრდილი ყმაწვილები უნდა შევიდნენ და მოზრდილი ყმაწვილი გლეხკაცისათვის რადმე ღირს შინაობაში და იმისი მოშორება მისთვის დასაკლისია, დადებულია _ რომ ყოველი შეგირდი, რომელიც სკოლაში შევა, მოჯამაგირესავით იყოს: ეძლიოს საჭმელი, სასმელი, საცმელი და ჯამაგირიცა. თუ ღმერთმა იპრიანა, ეს პროექტი დამტკიცდა და ჩვენც გვეღირსა, იქნება ჩვენც გვეშველოს რამე. სხვა რომ არა იყოს რა, აქამდის ეგრეთ გაძნელებული საქმე სკოლის გამართვისა, ნებადართვის აღებისა, გაადვილებული მაინც იქნება” (1881 წელი, ნოემბერი, XI შინაურ მიმოხილვა).

* * *

დღეს ერთი რამ ცხადზე უცხადესია: ხალხი _ გულით მართალი, ჩუმი და წყნარი _ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოთმინებით გარინდულა, მას ერთი ძაფიღა იჭერს და, თუ ისიც გაწყდება, ამით ვერც პოზიცია და ვერც ოპოზიცია ვერ იხეირებენ. დიახ, ამ ქვეყანაში მთავარი ძალა ხალხია, ქართველი ხალხი, რომლის გარეშე არც ხელისუფლებასა და არც ოპოზიციასქვეყანაზედ მოედანი არა აქვს”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here