Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

3762
ვალერი კვარაცხელია

პირველი გადაცემა

არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა, ნურც ოდეს გაუხარია!”

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფსო ტელემაყურებელო!

“ოქროს კვეთა” ამჯერად გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებიდან მოგესალმებათ. გადაცემას, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

უმძიმეს ფაზაში შევედით, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. აღირიცხა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიც. ვირუსი ძალას იკრებს, ჩვენ კი ძალა გვეცლება და ყოველგვარი რესურსი მალე ამოგვეწურება, მათ შორის, სულიერი რესურსიც _ სიმშვიდის, თმენის, გაძლების…

როგორ მოვიკრიბოთ ძალა, როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა, ბარათაშვილის ენით რომ ვთქვათ, სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?! მაცხოვარიც ამას დარდობდა: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს _ ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი (მათე).

მას აქეთ, რაც მაცხოვარმა ადამიანთა ცოდვები იტვირთა და ჯვარს ეცვა, ეკლესია იქცა ადამიანთა სულის საოხად.

ბერი მამა პაისი
ბერი მამა პაისი

ბერი მამა პაისი: _ რატომ მოვდივართ ეკლესიაში? ეს არის ადგილი, სადაც ხდება ჩვენი განკურნება. განვიკურნებით ლოცვით. ვიღებთ რა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, სწორედ აქ ვეზიარებით უფლის განსაკუთრებულ მადლს და აქ ვხდებით საღმრთო საიდუმლოს თანამონაწილენი.

წმ. კირილე იერუსალიმელი
წმ. კირილე იერუსალიმელი

წმ. კირილე იერუსალიმელი: შენ თუ იკითხავ, როგორ იქცევა პური ქრისტეს ხორცად, ღვინო კი _ ქრისტეს სისხლად, მე გიპასუხებ: სულიწმიდა გადმოდის და ახდენს იმას, რაც აღემატება სიტყვასა და გონებას!

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია: _ეკლესია სულიერი გაგებაა. იგი იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ბოროტმა ძალამ ყველა ტაძარი რომ შემუსროს თავის მსახურებითურთ, ეკლესიას ვერ შეეხება!

ვალერი კვარაცხელია: _ შეურყეველია ეს რწმენა და შეუძლებელია მასში ბზარის შეტანა, ვინაიდან იგი “აღემატება სიტყვასა და გონებას”.

როგორ გინდა, დაარწმუნო ადამიანი, რომ იმავე ბარძიმიდან, რომლიდანაც ეს ესაა მიიღო ქრისტეს ხორცი და შესვა ქრისტეს სისხლი, რათა ზიარებოდა წმინდა სამების მადლს, გადმოვა რომელიღაც ვირუსი და დააინფიცირებს მას. ეს შეუძლებელია!

ასეთია რწმენის ხასიათი, მისი კატეგორიულობა და შეუვალობა. სულ ოდნავი, შეუმჩნეველი ბზარიც რომ გაჩნდეს რწმენაში, ის უკვე აღარაა რწმენა, ამიტომ ნუ ეუბნებით მორწმუნე ადამიანებს, რომ ერთი კოვზით ზიარების მიღება სახიფათოა. ეს იმთავითვე მცდარი მიდგომაა.

არიან ადამიანები, რომლებიც წინ რწმენას აყენებენ და არიან ადამიანები, რომლებიც წინ ცოდნას აყენებენ;

არიან ადამიანები, რომლებიც წინ იდეას აყენებენ და, არიან ადამიანები, რომლებიც წინ მატერიას აყენებენ;

განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ერთმანეთის მსოფლმხედველობის ნგრევას თუ დავიწყებთ, ამით შეთანხმებამდე კი ვერ მივალთ, პირიქით, ერთმანეთს საბოლოოდ გავემიჯნებით და, საპირისპირო მსოფლმხედველობასთან ერთად, საკუთარ მსოფლმხედველობასაც შევმუსრავთ.

აქ სხვა მიდგომაა საჭირო:

ჩვენ, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ჯერ ვერ ავმაღლებულვართ და ვერ განვმტკიცებულვართ რწმენაში ისე, რომ ბოლომდე დავძლიოთ ჩვენი მატერიალისტური წარმოდგენები და მატერიალისტური შიშები, ჩვენს მორწმუნე დებსა და ძმებს უმორჩილესად უნდა ვთხოვოთ, რომ გაგვიგონ ჩვენ, შემოვიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და, ამ ისედაც საყოველთაო პანიკისა და ისტერიკის ვითარებაში, ნუ შეგვიქმნიან დამატებითი შიშისა და შფოთვის საფუძველს იმის გამო, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მიერ ტრადიციული ფორმით ზიარების მიღების შემდეგ შესაძლებელია, ინფიცირების დონემ მოიმატოს

თქვენ ეყრდნობით ქრისტიანულ სწავლებას, თქვენს რწმენას და გჯერათ, რომ ამ უმაღლესი საეკლესიო რიტუალის შესრულებით ცუდი არაფერი მოხდება. გაგებით ვეკიდებით ამას, მაგრამ ჩვენ, ცოდვილნი, ვინც ქრისტიანული სწავლების ნაცვლად ვირუსოლოგ და ეპიდემიოლოგ მეცნიერთა ცოდნასთან ერთად ჩვენს მატერიალისტურ მსოფლმხედველობას ვეყრდნობით და ვერ ვთავისუფლდებით მოსალოდნელი კატასტროფის შიშისგან, თქვენგანაც ვითხოვთ, რომ გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მდგომარეობას.

ეს არ იქნება თქვენს რწმენაში ყოყმანის ელემენტის გაჩენის ან პოზიციებიდან უკან დახევის ნიშანი. ეს მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ თქვენ ანგარიშს გვიწევთ ჩვენ _ თქვენს თანამემამულეებს, თქვენს დებსა და ძმებს, რის გამოც წმინდა რიტუალის შინაარსს კი არ ცვლით, ფორმას ცვლით მხოლოდ და მის დისტანციურ შესრულებაზე გადადიხართ. ამით არ შეიცვლება არაფერი, გარდა იმისა, რომ თქვენ ფიზიკურად დასწრების ნაცვლად ტელეეკრანებიდან მოისმენთ ყველა იმ წირვალოცვას, რომლებიც ეკლესიებში აღევლინება. თქვენ ილოცებთ, მაგრამ _ დისტანციურად, თქვენ ეზიარებით, მაგრამ _ დისტანციურად. თქვენ დისტანცია გექნებათ არა ღმერთთან, არა იდეასთან, არა ჭეშმარიტებასა და სიყვარულთან, არამედ, პირველ რიგში, ერთმანეთთან, ფიზიკურ სიახლოვესთან, მატერიასთან, ეკლესიის შენობასთან, რაც მორწმუნე ადამიანისთვის დიდ უბედურებას არ წარმოადგენს, რადგან უფალი და მაცხოვარი, როგორც ზვიად გამსახურდია ბრძანებს, შენობა-ნაგებობაში კი არ არის, არამედ იქ, სადაც სიყვარულია და სათნოებაა, სადაც ზნეობაა და ჭეშმარიტი რწმენა.

მიმოვიხედოთ ირგვლივ და შექმნილი ვითარების გათვალისწინების ბევრ მაგალითს აღმოვაჩენთ.

INTERFAX.RU: _ რომში დაიხურა ყველა კათოლიკური ეკლესია და შეჩერდა ღვთისმსახურება. ეს ვითარება იტალიისთვის უპრეცედენტოა.

ვალერი კვარაცხელია: _ დიდმა პონტიფიკოსმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ტაძრის ცარიელი მოედნიდან, რომელიც დაკეტილი იყო მრევლისთვის, ერსა და ბერს დისტანციურად მიმართა და ეპიდემიის დასრულებისთვის ილოცა. ვატიკანის ბაზილიკის ცენტრალურ შესასვლელთან დააბრძანეს Salus Populi Romani-ს ხატი და ჯვარცმის სასწაულმოქმედი ხატი სან-მარჩელო-ალ-კორსოს ეკლესიიდან.

ფრანცისკე, რომის პაპი: _ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც გვეჩვენება, რომ მოსაღამოვდა. ნისლი ჩამოწვა ჩვენს მოედნებზე, ქუჩებსა და ქალაქებში, რომელმაც გამაყრუებელი სიჩუმითა და მწუხარე სიცარიელით მოიცვა ჩვენი ცხოვრება. ამ მძიმე დღეებში ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ყველანი ერთ მდგომარეობაში ვართ…

ვალერი კვარაცხელია: _ მთელი საათი ლოცულობდა კათოლიკური ეკლესიის მწყემსთმთავარი. მასთან ერთად ლოცულობდა მისგან ფიზიკურად დისტანცირებული, მაგრამ მასთან სულიერად შერწყმული და გაერთიანებული უზარმაზარი კათოლიკური სამყარო. კათოლიკურმა ეკლესიამ გვიჩვენა მაგალითი ფიზიკური დისტანცირებისა და სულიერი შერწყმისა. მან გვითხრა, რომ ეს შესაძლებელიცაა და დასაშვებიცაა.

ასეთი მაგალითი სხვაც ბევრია:

REUTERS:_ იერუსალიმში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო დროებით დაიხურა ქრისტეს საფლავის ტაძარი, რომელიც აგებულია იესო ქრისტეს დასაფლავებისა და მკვდრეთით აღდგომის ადგილზე.

Радио Свобода: _ კონსერვატიული იუდაიზმის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მრევლს მოუწოდა, უარი თქვას რიტუალის ობიექტების ამბორზე.

Al Arabia: _ კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო მლოცველები მექასა და მედინას მეჩეთებში შესვლას ვეღარ შეძლებენ. დაცარიელდა უპირველესი სალოცავი ქააბა.

ვალერი კვარაცხელია: _ ბევრმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყურად იღო სამეცნიერო საზოგადოების, ხალხის, სახელმწიფოს პოზიცია და თხოვნა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის მართლმადიდებელმა პატრიარქმაც.

კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი: _ მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, უახლოეს დღეებში, სანამ არ იქნება პატრიარქის საგანგებო კურთხევა, თავი შეიკავოთ ტაძრებში მოსვლისგან. 51 წელიწადია, რაც მე ვქადაგებ კათედრებიდან და მოვუწოდებ ადამიანებს, რომ მოვიდნენ ტაძრებში. იმედი მაქვს, თქვენ გესმით, თუ რამდენად მიმძიმს დღეს მოგიწოდოთ: თავი შეიკავეთ ტაძრებში მოსვლისგან!

ვალერი კვარაცხელია: _ მართლაც უმძიმესი მოსასმენია უმაღლესი საეკლესიო იერარქებისგან წარმოთქმული ასეთი სიტყვები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავის არ აქვს გამონაკლისის დაშვების უფლება.

რადიოთავისუფლება”: _ საბერძნეთის (ელადის) ოფიციალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ. სინოდის დადგენილებით, 18-დან 19 აპრილს, ღამით, ჩატარდება აღდგომის წირვა, მაგრამ ყველა ტაძრის კარი დახურული იქნება. ამგვარად, ღვთისმსახურება მრევლის გარეშე აღესრულება. საზეიმო დღესასწაული გადატანილია 39-ე დღეს, 27 მაისს, მას მერე, რაც, სავარაუდოდ, დასრულდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო პერიოდი. უპრეცედენტო ვითარების გამო მღვდელმთავრებმა მრევლს მოუწოდეს, რომ შინ ილოცონ.

ვალერი კვარაცხელია: _ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასა და გადაჭარბებასთან. ვერც აღდგომას და ვერც მასთან დაკავშირებულ რიტუალებს სხვა დროში ვერ გადაიტან. ლაპარაკი უნდა იყოს ღონისძიების არა გადატანაზე, არამედ ღონისძიების შინაარსისა და ფორმის გამიჯვნაზე, მრევლის წევრების ერთმანეთისგან დისტანცირებაზე, რომელიც მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუკი მოხდება ეკლესიისა და მრევლის ფიზიკური დისტანცირება, რა თქმა უნდა, სულიერი ერთობის შენარჩუნებით, რაც არ წარმოადგენს სირთულეს. სირთულე ამის გაგებაშია, ამასთან დაკავშირებით გამოვლენილ სიჯიუტესა და ერთმანეთის ჯიბრში დგომაშია…

საგანგებო განცხადება გააკეთა მსოფლიოს პატრიარქმა, მან ყურადღება გაამახვილა მთლიანად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე, სამედიცინო რეკომენდაციების განუხრელ შესრულებასა და მეცნიერებაზე.

ვალერი კვარაცხელია: _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არ შეცვალა ზიარების ტრადიციული წესი, მაგრამ, ამასთანავე, მრევლს კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.

ილია მეორე (სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი): _ ის ადამიანები, რომლებიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ან ეშინიათ დასნებოვნების, დარჩნენ სახლებში.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს ხომ უფლების მოცემაა, დალოცვა და კურთხევაა იმისთვის, რომ დარჩეთ სახლებში. ამ გზით თქვენ სრულად ეზიარებით ქრისტეს მადლს და, ამავე დროს, აღასრულებთ თქვენს კაცთმოყვარულ მოვალეობას იმ თანამემამულეთა მიმართ, რომლებიც ჯერჯერობით ვერ დგანან რწმენის იმ სიმაღლეზე, რომ მისი მეშვეობით გადალახონ შიში მატერიალური, ფიზიკური საფრთხის წინაშე. “მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს _ ღმრთისა”, _ გვასწავლის უფალი. კეისარი ამ კონტექსტში სახელმწიფოსა და საზოგადოებას ნიშნავს. თქვენ თუ გაიზიარებთ პატრიარქის მოწოდებას, თქვენი ამ საქციელით სრულ ჰარმონიაში აღმოჩნდებით ღმერთთან და კაცთან, ერთან და ბერთან, სულსა და სხეულთან, იდეასა და მატერიასთან, შინაარსსა და ფორმასთან… ბოლოს და ბოლოს, თქვენ არ მოგიწევთ ცეცხლთან თამაში და არ მოგიწევთ გამოცდა არც საკუთარი თავისა და, რაც მთავარია, არცა უფლისა, რამეთუ მაცხოვარი თავისივე ბაგეებით გვეუბნება: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი! (ლუკა).

არის კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის გაუთვალისწინებლობა არ ეგების.

დღეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობასთან ფართო მასშტაბის ბრძოლა მიმდინარეობს. ამ აზრის უტყუარობის შესამოწმებლად არც შორს წასვლა მოგიწევთ და არც ვინმეს ციტატების ძებნა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩართეთ ნებისმიერი ქართული ტელეარხი და თქვენ აუცილებლად მოისმენთ ვრცელ ტირადებს ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისსიბნელისშესახებ. მაგალითები შეგნებულად არ მომყავს, რადგან არ მაქვს სურვილი, რომ ამ გადაცემაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უხამსი სიტყვა გაისმას.

ვინ არიან ეს ადამიანები და ვის დავალებებს ასრულებენ?

დიმიტრი ლორთქიფანიძე (პოლიტიკოსი): _ დასავლური ინსტიტუტების მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყარო აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რადგან სწორედ ისინი ეწევიან იმ ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს _ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საპატრიარქოსი.

ვახტანგ ხარჩილავა (მწერალი და პუბლიცისტი): _ პატრიარქის ოპონენტები ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. სინამდვილეში კი ეს ხალხი უცხოეთის აგენტია და უზარმაზარი თანხებით ფინანსდება. დამფინანსებლების შესახებ კი ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია.

ვალერი კვარაცხელია: _ ანუ, ესენი არიან საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მტრები არა მხოლოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა, არამედ, საზოგადოდ, მართლმადიდებლობისა, რადგან თავიანთი უზნეო ზრახვების, კერძოდ კი, მსოფლიოში უსამართლობის, ძალმომრეობის, უზნეობისა და გარყვნილების კულტის დანერგვის მთავარ მოწინააღმდეგეს სწორედ მართლმადიდებლობაში ხედავენ.

გაზეთი, სამწუხაროდ, მოკლებულია შესაძლებლობას, წარმოგიდგინოთ ვიდეოკადრები იმისა, თუ როგორ ანგრევდა და არბევდა ეკლესიას ნაციონალური ხროვა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ შეგახსენოთ 2004 წელს გლდანის ეკლესიის სასტიკი დარბევა, რათა თქვენმა მეხსიერებამ აღიდგინოს შემზარავი კადრები მლოცველთა, უპირატესად, ასაკოვანი ადამიანებისა და ქალების ცემისა, შეურაცხყოფისა, სულში ჩაფურთხებისა, რომელთა დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ სანთლით ხელში იდგნენ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებთან და ლოცულობდნენ.

საკუთარი მეხსიერებიდან ამოღებული კადრები ზოგჯერ უფრო ნათლად წარმოაჩენს მთელ საშინელებას სინამდვილისა, ვიდრე ეკრანზე ხელახლა დატრიალებული მძაფრი სიუჟეტი. გაიხსენეთ სამხედროსატვირთო მანქანით შელეწილი კარი ეკლესიისა, რომლიდანაც სპეციალური დანიშნულების რაზმის გაშმაგებულდაგეშილი წევრები თმებით ათრევდნენ და დასისხლიანებამდე დაუნდობლად სცემდნენ გაოგნებულ და აცრემლებულ ადამიანებს, რომლებიც ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ რა დააშავეს

აღიდგინეთ ეს შემზარავი კადრები?

თუ აღიდგინეთ, სპეციალური რაზმის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ წლების შემდეგ ნათქვამ აღსარებასაც მოუსმინეთ.

ჟურნალიგზა (25.10. 2014): _ ხალხის წინააღმდეგობა, როგორც იქნა, დავძლიეთ და ეკლესიის კარს მივადექით. სპეცრაზმის ბიჭები კარის შენგრევას ცდილობდნენ, რაც იოლი არ აღმოჩნდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარი ავტომანქანით შეგვემტვრია. სატვირთო მანქანა 45-გრადუსიანი კუთხით მივმართეთ და უკუსვლით შევაჯახეთბასილ მკალავიშვილი ზურგით ჩვენსკენ, ხატებთან იდგა და ლოცულობდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ორმა კაცმა აქეთიქით ხელი მოჰკიდა და ისიც გამოჰყვა

ამის შემდეგ ხშირად მედგა თვალწინ ბასილ მკალავიშვილის გამოსახულება, რომელიც კარის შენგრევის დროს არც შემობრუნებულა, ისე განაგრძობდა ლოცვას. საოცარი განცდა მქონდა, ვიტანჯებოდი

ვალერი კვარაცხელია: _ იმით, რაც გადაცემის მეორე ნაწილში წარმოგიდგინეთ, მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს: მრევლი ყურად თუ არ იღებს ეკლესიის, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სპეციალისტების რეკომენდაციას და აღდგომას ძველებური ხალხმრავლობით შეხვდება ეკლესიებში, ხოლო ამის შემდეგ, ღმერთმა ნუ ჰქნას, მაგრამ მდგომარეობა დამძიმდება, სატანის ის მოციქულები, რომელთა ნამოქმედარის მხოლოდ ერთი ეპიზოდი შეგახსენეთ ამ გადაცემაში, ყველაფერს საპატრიარქოს დააბრალებენ და არგუმენტებს გაიმყარებენ, რაც ისედაც ვნებულსა და ბზარგაჩენილ ეკლესიას კიდევ უფრო დააზიანებს, მართლმადიდებლობის მტრებს კი გაახარებს.

“არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა, ნურც ოდეს გაუხარია!”

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”. მომავალ შეხვედრამდე!

P.S. 3 აპრილს, პრაღაში საბჭოთა მარშალ კონევის ძეგლი კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს. ჩეხეთისა და ოსვენციმის გამათავისუფლებელ მარშალს 75 წლის შემდეგ ჩეხეთის ხელისუფლებამ ასე მიაგო პატივი.

მისტიკური და ირაციონალური მიზეზშედეგობრივი კავშირების ნაკლებად მწამს, მაგრამ ხანდახან მაინც ვფიქრობ: სიცრუისა და უზნეობის ჭაობში ჩამხრჩვალ კაცობრიობას, ამ კორონავირუსის სახით, მართლაც ღმერთმა ხომ არ მოუვლინა მძიმე განსაცდელი?!

3 COMMENTS

  1. ზვიადის მტრების გარემოცვაში, ვერ ატყობთ, რომ ზვიადის სურათი ზედმეტია?

  2. არასამთავროების დაფინანსება უნდა გამჭვირვალე გახდეს და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება!

  3. ძალიან მაგარი შეფასებაა ბატონო ვალერი !ღმერთმა უმრავლოს თვენნაირი ხალხი საქართველოს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ოთარი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here