Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

ვალერი კვარაცხელია

მეცხრე გადაცემა

ცარიელი კვარცხლბეკები და მკვეთრი ფსიქიკური აშლილობის სინდრომი

თომას ჯეფერსონმა ორი საუკუნის წინათ თქვა უაღრესად დამაფიქრებელი წინადადება: “მე შიშით ვცახცახებ ჩემი ქვეყნის მომავლის წინაშე, როდესაც ვფიქრობ, რომ ღმერთი სამართლიანია!”

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკული სპეცსმსახურების დხმარებით საბჭოთა კავშირის სათავეში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძვლების მორყევა დაიწყო. მთავარი მიმართულება სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა და მისთვის ავტორიტეტის შელახვის მცდელობა იყო. დაიწყო სტალინის ძეგლების დემონტაჟი. პირველი ძეგლის აღება განხორციელდა 1956 წელს ალტაის მხარის ქალაქ რუბცოვსკიში, სადაც ხრუშჩოვი უნდა ჩასულიყო…

მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ საბჭოთა კავშირის სათავეში მოყვანილი მათივე აგენტის ეს უგუნური ქმედება ექვსი ათეული წლის შემდეგ ამერიკას ბუმერანგივით თუ მიუბრუნდებოდა.

FOX NEWS

FOX NEWS: _ აშშ-ში, მინესოტას შტატში, საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც თეთრკანიანი პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 2020 წლის 10 ივნისს კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს ამერიკის აღმომჩენი მეზღვაურის _ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი.

ვალერი კვარაცხელია: _ გენიალური ქართველი მწერლის თითქმის საუკუნისწინანდელი დიდებული ხილვა მახსენდება. კონსტანტინე გამსახურდია თავის ერთ-ერთ პუბლიცისტურ შედევრში “ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი” ჯერ კიდევ როდის, ასე განსაცვიფრებლად წინასწარმეტყველებდა:

კონსტანტინე გამსახურდია: _ ხომ არ მოსულა ისეთი დრო, როცა კაცობრიობამ უნდა დასწყევლოს ფლორენციელი ვარსკვლავთმრიცხველი და გეოგრაფი პაოლო ტოსკანელი და მამაცი მეზღვაური ქრისტეფორე კოლუმბი?!

ვალერი კვარაცხელია: _ რატომ და რისთვის უნდა დაეწყევლა კაცობრიობას ფლორენციელი ვარსკვლავთმრიცხველი და გეოგრაფი პაოლო ტოსკანელი და მამაცი მეზღვაური ქრისტეფორე კოლუმბი? ისეთი რა ისტორიული დანაშაული ჩაიდინეს მათ, რომ მთელ კაცობრიობას ერთხელ და სამუდამოდ შეეჩვენებინა ისინი? კონსტანტინე გამსახურდიას ნაშრომი ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვან პასუხს გვაძლევს _ ამერიკის აღმოჩენა. ასეთ შემთხვევაში ზემოთ დასმული შეკითხვა სხვა მიმართულებას იღებს. კი მაგრამ, თვითონ ამერიკელებმა რა დააშავეს ასეთი? მწერლის მახვილი თვალი უამრავ რამეს სწვდება, მაგრამ მათ შორის უმთავრესს ასე აყალიბებს:

კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: _ ფაშიზმსა და რასისტულ თეორიას გერმანელ ფაშისტებზე ადრე ჰყავდა თავისი აპოლოგეტები ამერიკაში. ოკეანისგადაღმელ ინგლისსაქსების საარსებო საქმე იყო რასისტული თეორიების არამხოლოდ ქადაგება, არამედ თანმიმდევრული გატარება წარმოების, ინდუსტრიის, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ყველა დარგში.

ვალერი კვარაცხელია: _ ამ უმთავრესი განცხადების გაკეთების შემდეგ, რომ ფაშიზმსა და რასისტულ თეორიას გერმანელ ფაშისტებზე ადრე აშშ-ში ჰყავდა აპოლოგეტები, მწერალი საკითხს შედარებით ფართოდ წარმოგვიდგენს.

კონსტანტინე გამსახურდია: _ ვითომ ცივილიზებული ქვეყანა, რომელსაც “ახალ სამყაროს” და “თავისუფლების ნავსაყუდელს” უწოდებდნენ ოდესღაც, გეორგ ვაშინგტონისა და ბენიამინ ფრანკლინის ქვეყანა კანიბალიზმის კლასიკურ ქვეყნად იქცა. აშშ-ის სატახტო ქალაქ ვაშინგტონის ცენტრში ცხენზე ამხედრებულ გეორგ ვაშინგტონის მონუმენტის გასწვრივ აღმართულია ოთხი ქანდაკება _ მშვიდობის, ომის, კოლუმბისა და ცივილიზაციის. ინგლისელი ისტორიკოსი კარლაილი თავის ცნობილ შრომაში “საფრანგეთის რევოლუცია” მოგვითხრობს: “როცა ერთი იაკობინელი გილიოტინისკენ მიჰყავდათ, მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ნაღვლიანად ჩაუარა თავისუფლების ძეგლს, პარიზის ერთ-ერთ მოედანზე დადგმულს, და სასოწარკვეთილად წამოიძახა: “ჰოი, თავისუფლებავ, დახე, რას სჩადიან შენი სახელით”. ჩვენ, თანდამსწრენი ამერიკული კანიბალიზმის გაუგონარი პრაქტიკისა, მაკარტურისა და რიჯუეის მიერ კორეაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისა, ისეთი ამაზრზენი ბარბაროსობისა, რომლის აღსაწერად არც ერთ დიდოსტატს სიტყვისა და ფერწერის ძალა არ ეყოფა, უფრო მეტი აღშფოთებით შეგვიძლია წამოვიძახოთ: ო, კეთილშობილო რაინდო და დიდო ტრიბუნო, გეორგ ვაშინგტონო, ცივილიზაციავ, კოლუმბო და თავისუფლებავ, დახეთ, რას სჩადიან თქვენი სახელით უოლ-სტრიტის განგსტერები, ცივილიზებული კანიბალები!

ჩვენ ყოველდღე ვათვალიერებდით გაზეთებს, ვკითხულობდით ამერიკელი ჰაერის მეკობრეების მიერ კორეაში ჩადენილი ამაზრზენი მხეცობის ამბებს; ვათვალიერებდით გასრესილი ბალღების, ქალებისა და მოხუცების ცხედრებს, დანგრეული სოფლებისა და ქალაქების სამწუხარო ფოტოსურათებს და თავს ვეკითხებოდით ხანდახან: ხომ არ მოსულა ისეთი დრო, როცა კაცობრიობამ უნდა დასწყევლოს ფლორენციელი ვარსკვლავთმრიცხველი და გეოგრაფი პაოლო ტოსკანელი და მამაცი მეზღვაური ქრისტეფორე კოლუმბი?

გასულ საუკუნეში, როცა ინგლისელები თავს დაესხნენ ბურებს, მთელი ევროპა აღშფოთდა ამ ძალადობის გამო, მრავალი ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოდანაც წავიდნენ ვაჟკაცები ბურების მისაშველებლად. ცივილიზებული ევროპა კი გულგრილად შესცქეროდა, როგორ ანადგურებდა ამერიკის ავიაცია კორეის უბედურ ხალხს, ამას ხედავდა ვითომდაც ქრისტეს მოსაყდრე ამ მიწაზე _ რომის პაპი, რომელიც დამშვიდებული განაგრძობდა თავის სანიადაგო ლოცვების ბუტბუტს წმინდა პეტრეს ეკლესიაში, რომში, და უნებურად პირზე მოადგებოდა ადამიანს ციცერონისეული სიტყვები: O tempora, o mores! ო, დრონო, ო, ჩვევანო!

ვალერი კვარაცხელია: _ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ამ სიტყვების დაწერიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, ქრისტეფორე კოლუმბსა და მის პატივსაცემად აღმართულ ძეგლებს თითქოს არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ, აგერ უკვე ჩვენს დროში, 2020 წლის მაისში, არაფრით გამორჩეულ ერთ დღეს, რომელიღაც თეთრკანიანმა ამერიკელმა პოლიციელმა რომელიღაც ფერადკანიანი ამერიკელი მოქალაქე გაგუდა და… მსოფლიო დემოკრატიის ბასტიონად შერაცხილ ამ უზარმაზარ სახელმწიფოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დიდი ხნისწინანდელი წინასწარმეტყველება ახდა. ამერიკის აღმომჩენ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლებს სულ ბდღვირი ადინეს _ ზოგი დაამტვრიეს, ზოგი დაწვეს, ზოგი წყალში გადააგდეს, ცარიელ კვარცხლბეკებზე კი განაჩენივით წააწერეს: კოლუმბი _ გენოციდის სიმბოლო!

ქაოსისა და ნგრევის ამერიკული ჟინი ევროპასაც გადაედო და დასავლურ კაპიტალიზმს ერთიანი გაუნელებელი ხანძარი წაეკიდა. უკვე აღარავის ინდობენ. გუშინდელ გმირებს დღეს სამარცხვინო ბოძზე აკრავენ, ისტორიის მიერ ჯერ კიდევ გუშინ გაფეტიშებულ-გაღმერთებულთა ძეგლებს დღეს მიწაზე ანარცხებენ.

GOLOS-AMERIKI.RU

GOLOS-AMERIKI.RU: _ დემონსტრანტებმა რიჩმონდში (ვირჯინიის შტატი) კონფედერაციის პრეზიდენტ დევის ჯეფერსონის ძეგლი ჩამოაგდეს. ეს ქალაქი ოდესღაც ამერიკის კონფედერაციული შტატების დედაქალაქი იყო. ინციდენტს რიჩმონდის პოლიციაც ესწრებოდა.

ვალერი კვარაცხელია: _ ჩამოგდებით დაემუქრნენ უინსტონ ჩერჩილის ძეგლსაც კი, რომელიც ლონდონში პარლამენტის შენობის წინ დგას. მას დამცავი ჯებირები შემოავლეს. ბრიტანეთის ლეგენდარულ პრემიერმინისტრს რასისტული გამონათქვამები ამოუქექეს, მაგალითად, ასეთი:

უინსტონ ჩერჩილი
უინსტონ ჩერჩილი

უინსტონ ჩერჩილი: _ ვერ ვიტან ინდიელებს. ეს არის ნახირი, ნახირის რელიგიით.

ვალერი კვარაცხელია: _ დიდი ბრიტანეთის დღევანდელი პრემიერმინისტრი თავის დიდ წინაპარ-კოლეგას ასე გამოექომაგა.

ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი: _ პარლამენტის მოედანზე მდგარი უინსტონ ჩერჩილის ძეგლი მუდმივად გვახსენებს მის მიღწევებს ამ ქვეყნისა და დანარჩენი ევროპის გადარჩენაში ფაშისტური და რასისტული ტირანიისგან. აბსურდული და სამარცხვინოა, რომ ეს ეროვნული მონუმენტი ახლა აგრესიული მომიტინგეების თავდასხმის საფრთხის წინაშეა. დიახ, ის ხანდახან გამოთქვამდა მოსაზრებას, რომელიც დღეს ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ის გმირი იყო და ამ მემორიალს იმსახურებს. ჩვენ ვერ შევცვლით და დავაცენზურებთ ჩვენს ისტორიას. ვერ მოვაჩვენებთ თავს, თითქოს განსხვავებული ისტორია გვაქვს. ჩვენს ქალაქებში მდგარი ქანდაკებები ჩვენმა წინა თაობებმა აღმართეს. მათ განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, განსხვავებული გაგება მართებულის და არამართებულის, მაგრამ ეს ძეგლები გვასწავლის ჩვენს წარსულს ყველა თავისი ნაკლით. მათი დანგრევა ისტორიის გაყალბება იქნება და მომავლ თაობებს განათლების საშუალებას წაართმევს.

ვალერი კვარაცხელია: _ რაღაცაში მართალია ეს კაცი. ისტორიის მართალ გაგებასთან სწორედ მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ისტორიულ პიროვნებათა შეხედულებებს, გადაწყვეტილებებს, ქმედებებს იმ ისტორიულ კონტექსტში გავიაზრებთ, რომელ ისტორიულ პერიოდშიც ისინი მოღვაწეობდნენ. ყველა სხვაგვარი მიდგომა სუბიექტური და ტენდენციურია.

ამაში ბატონ ჯონსონს სრულიად ვეთანხმები, მაგრამ იგი ბოლომდე მართალი მაშინ იქნებოდა, მის ამ მიდგომას ყველა ისტორიულ შემთხვევასა და პიროვნებაზე რომ ავრცელებდეს. ბორის ჯონსონს, სამწუხაროდ, მიდგომის ორი განსხვავებული რაკურსი და ორი სიმართლე აღმოაჩნდა: ერთი, როდესაც იგი, ვთქვათ, უინსტონ ჩერჩილის მოღვაწეობას აფასებს; და მეორე, როდესაც იგი, ვთქვათ, იოსებ სტალინის მოღვაწეობას აფასებს. უინსტონ ჩერჩილი, რომელიც საკუთარი რასისტული შეხედულებების საჯაროდ გამოთქმას არც კი თაკილობდა, მისთვის ისტორიული გმირია; ხოლო იოსებ სტალინი, რომელსაც არათუ რასისტული, საერთოდ, რამე სახის დისკრიმინაციული აზრი გულშიც კი არასოდეს გაუვლია, მისთვის ანტიგმირის სიმბოლოა.

ბორის ჯონსონი: _ თანამედროვე ლეიბორისტული პარტიის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ისეთ სახეს იღებენ, თითქოს მათი სიძულვილი მიმართული იყოს რომელიმე კონკრეტული მილიარდერის წინააღმდეგ. ისინი ისეთი ტკბობითა და შურისძიებით მიგვითითებენ ცალკეული ადამიანებისკენ, რომლის მსგავსი არავის უნახავს მას შემდეგ, რაც სტალინი კულაკებს დევნიდა.

ვალერი კვარაცხელია: _ დააკვირდით, იოსებ სტალინი, რომელმაც პლანეტის ერთ მეექვსედზე სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებული პირველი სახელმწიფო გადაჭიმა, მთელი ცხოვრება მშრომელთა ინტერესების სადარაჯოზე იდგა, ყოველგვარი ექსპლოატაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხმალამოღებული იბრძოდა და ინტერნაციონალიზმს ქადაგებდა, ბატონი ჯონსონისთვის დევნის, შურისძიებისა და ვიღაცების შევიწროვების სიმბოლოა; ხოლო უინსტონ ჩერჩილი, რომლისთვისაც ინდიელები ნახირს, ხოლო მათი რელიგია ნახირის რელიგიას წარმოადგენდა და, საერთოდ, ადამიანებს ყველანაირი ნიშნით ყოფდა და ახარისხებდა, ისტორიული გმირია. ასეთია დასავლური ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ისინი არამხოლოდ ცხოვრებაში ხელმძღვანელობენ, არამედ რომლის დანერგვასაც მთელ მსოფლიოში ასე დაუღლელად და გამწარებით ცდილობენ.

იქნებ, მართლა დასაძრახია ადამიანური შურისძიება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი სავსებით სამართლიანია, მაგრამ ადამიანური შურისძიების გარდა არსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ზეგარდმო სამართლით განპირობებული შურისძიება, უფრო კი შედეგი (გნებავთ, ღმერთი უწოდეთ მას და, გნებავთ, ისტორიული კანონზომიერება), რომელიც, ბოლოს აუცილებლად მოდის და თავის საკეთებელს აკეთებს. საბჭოთა კავშირისბოროტების იმპერიად” (პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ტერმინი) მომნათლავი აშშ და კოლექტიური დასავლეთი მისი აღსასრულის თუნდაც ამ წინარე პერიოდში გამოიყურება თუ არასიკეთის იმპერიად”, თვითონ განსაჯეთ, მაგრამ, როგორც უნდა გამოიყურებოდეს იგი, ფაქტია, რომ სასიკვდილო აგონიაში შესული ბორგავს, შფოთავს, ციებიანივით ცახცახებს და თანდათანობით ქანცი ეცლება. საბჭოთა კავშირში ძეგლთა შემუსრვის იდეოლოგიის შემომტანი, ახლა თვითონ დამდგარა ძეგლთა და კერპთა შემუსვრის ვანდალური რეალობის წინაშე და, დემოკრატიის (ხალხის ძალა-უფლების) სახელით პლანეტაზე ჯოჯოხეთური უბედურების მთესველი, აქამდე ასე თუ ისე დაფარულ თავის შემზარავ შინაარსს მსოფლიოსთვის საცნაურს თავადვე ხდის. ბოლო პერიოდში, ერთი მხრივ, კორონავირუსის პანდემიამ თუ წარმოაჩინა ამერიკული იმპერიალიზმის უთავბოლობა, არაორგანიზებულობა და ქაოსური ბუნება, მეორე მხრივ, ასე მასშტაბურად აფეთქებულმა სიძულვილმა არა მხოლოდ რასისტულ ნიადაგსა და დონეზე, არამედ სოციალურ ნიადაგსა და დონეზე, გააშიშვლა მისი ველური, სრულიად არაჰუმანური და არაადამიანური ბუნება.

აშშ-ის დამფუძნებელ მამათა შორის რამდენიმე მონათმფლობელიც იყო, მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი და სხვ. აშშ მონათმფლობელობისა და სოციალურ-რასობრივი დისკრიმინაციის ფსიქოლოგიის მქონე ქვეყანაა. ეს სახელმწიფო ასე ჩამოყალიბდა და ასეთად რჩება. იქ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია მოხდა, მაგრამ სოციალური თვალსაზრისით თვისებრივი ნახტომი, ანუ სოციალისტური რევოლუცია არ მომხდარა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ტექნიკური ნახტომი გააკეთა, მენტალიტეტით, მსოფლმხედველობით, საზოგადოებრივი ცნობიერებით, სოციალური ფსიქოლოგიითა და ზნეობრივი მახასიათებლებით ეს უზარმაზარი და უძლიერესი ქვეყანა წარსულში ჩარჩა.

არ მიკვირს, ამას აქამდე რომ ვერ ხედავდნენ საქართველოში, რადგან ამის დანახვას მეცნიერული დაკვირვებისა და ღრმა სოციოლოგიური ანალიზის უნარი სჭირდებოდა. აწ განსვენებულ ვახტანგ გოგუაძესთან ერთად მეოთხედი საუკუნე შევალიე ამ ჭეშმარიტების ქადაგებას და ხალხის გამოღვიძებას, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. საბედნიეროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ აქამდე ამის დანახვა თუ იყო ძნელი, ახლა ამის დაუნახავობაა ძნელი. ახლა ისე აშკარაა დასავლური კაპიტალიზმის გარდაუვალი კრახი, ქართველი პოლიტიკოსებივით თვალებზე დოლარის ლიბრი უნდა გქონდეს გადაკრული, ეს რომ ვერ დაინახო. ან იმ კონგრესმენებივით ტუტუცი უნდა იყო, ქვეყანა თავზე რომ ენგრევათ და საქართველოში წერილს წერილზე აგზავნიან, ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაციაო.

რესპუბლიკელი 13 კონგრესმენის წერილიდან: _ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს უკვე მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური აშლილობის სინდრომია. ამერიკელი კანონმდებელი, რომელიც დღეს საქართველოს დესტაბილიზაციაზე საუბარს იწყებს, ან შეშლილია, ან, სულ ცოტა, რეალობას მოწყვეტილი. ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაცი კი არ არის, საკუთარი კაპიტალის კაცია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საკუთარი კაპიტალის ისეთივე მძევალია, როგორც ყველა მილიარდერი. რა პუტინი, რის პუტინი?! საქართველოში დღეს ამერიკული ცხოვრების წესი მოქმედებს, რომელმაც არც პუტინი იცის, არც ტრამპი, არც ჯონსონი და არც მერკელი. ქართველი მდიდრები და პოლიტიკოსები ამერიკელების მიერ შექმნილ ერთადერთ ღმერთს ეთაყვანებიან, რომელსაც დოლარი ჰქვია. ამერიკელთა უბედურება ის კი არ არის, რომ ამა თუ იმ რეგიონში კონკრეტულად პუტინისკენ ან, ზოგადად, რუსეთისკენ ორიენტირებული ლიდერები არიან, არამედ ის, რომ ამერიკელებს მსოფლიოზე გავლენის ყველა ბერკეტი ეცლებათ ხელიდან. მეტიც, მათ საკუთარი ქვეყნის მართვის ბერკეტებიც აღარ შერჩათ ხელთ, რადგან ეს ბერკეტები ყალბ ღირებულებებზე იყო ჩამოყალიბებული. ამერიკული დემოკრატიისგან აღარაფერი დარჩა, ამერიკული თავისუფლება ღიმილის მომგვრელ კატეგორიად იქცა, ამერიკული ოცნება უდაბნოში ნანახი მირაჟი გამოდგა. ამგვარ ვითარებაში ეს კორუფციაში ჩაფლული კონგრესმენები, რომლებიც სააკაშვილის მიერ საქართველოში ნაყაჩაღარ ფულს დახარბდნენ, კვლავ საქართველოს ეპოტინებიან და პუტინს ებრძვიან მაშინ, როდესაც საქართველო და პუტინი კი არა, საკუთარი შტატები და საკუთარი გუბერნატორები აღარ ემორჩილებიან. მათ რომ ჰკითხო, ივანიშვილი კი არა, ტრამპიც პუტინის კაცია, რადგან ამერიკული იმპერიალიზმის კრიზისების განმაპირობებელი საფუძვლების მეცნიერული ახსნა არ შეუძლიათ და ყველაფერს პუტინს აბრალებენ. ქართულ .. ოპოზიციას კი ერთი ჟივილხივილი აქვს, ამერიკა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, იძულებულს გახდის, რომ საქართველოდან გაიქცეს და ხელისუფლება ჩვენ დაგვრჩებაო.

დათა თუთაშხიასი არ იყოს, მეტი ფიქრი არ იცის მგელმა, ნადირია და იმიტომ. არც ამათ იციან მეტი ფიქრი, ნადირის ინსტინქტებით ცხოვრობენ და იმიტომ. სხვა პროცესები მიდის მსოფლიოში _ ნგრევის ხელოვნურად გამოწვეული ტალღა, ოცდაათი წლის წინათ საბჭოთა კავშირს რომ გადაუარა, ამერიკასა და ევროპას ისტორიული კანონზომიერების ბუნებრივ ტალღად მიუბრუნდა და კაპიტალისტურ სამყაროს წალეკვით ემუქრება. ეს მძლავრი ტალღა, რომელიც უფრო და უფრო გაძლიერდება, დასავლური კაპიტალიზმის შემდეგ რუსულ კაპიტალიზმსაც მოიყოლებს. რუსეთში ეს გაცილებით ადვილად მოხდება, ვინაიდან რუსული კაპიტალიზმი ბუნებრივი მოვლენა არაა, დასავლური კაპიტალიზმის კლონია, მისი ასლი და სუროგატი. თუმცა, რუსეთს დასავლეთთან ერთი დიდი უპირატესობა აქვს _ რუსეთში ჯერ ახალგაზრდა კაპიტალიზმია. აი, ეს პროცესი მიდის მსოფლიოში. პლანეტას მოახლოებული რევოლუციის გრიგალი წეწავს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსთა სმენას ჯერჯერობით ვერ სწვდება…

ამერიკასა და ევროპაში კი მომრავლდა ცარიელი კვარცხლბეკები, რომლებიც, წესისამებრ, ცარიელი არ რჩება. ისინი მზად არიან თავიანთი მძლავრი ბეჭებით ახალი კერპები და ღმერთკაცები ზიდონ. მთავარია, ამ ახალმა კერპებმა და ღმერთკაცებმა არ დაიგვიანონ და დროულად მოევლინონ აწ უკვე უპატრონოდ მიგდებულსა და ქაოსისთვის განწირულ ყოფილ კაპიტალისტურ სახელმწიფოებს.

ვინ შეიძლება იყვნენ ისინი, ვინც ამ მოცარიელებულ კვარცხლბეკებზე უნდა შემოდგნენ?

აშშ-ის ქალაქ სიეტლში დგას მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადის _ ვლადიმერ ლენინის ხუთმეტრიანი ქანდაკება, რომელიც ერთმა მოხალისე ამერიკელმა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლისთანავე ჩეხოსლოვაკიის ქალაქ პოპრადიდან სიეტლში გადაიტანა. ჩეხოსლოვაკიაში ჯართად ჩაბარების არასახარბიელო ხვედრს სასწაულებრივად გადარჩენილი ლენინის ძეგლი, რომლის პალტოს კალთები, ავტორის ჩანაფიქრის შესაბამისად, რევოლუციის ქარ-ცეცხლშია გახვეული, ამერიკულ ქალაქში ამაყად თავაწეული მოაბიჯებს და ძეგლებთან ომის ნიშნით აღბეჭდილ ამ უგუნურ დროშიც კი ჯერჯერობით მისთვის ხელის ხლებას ვერავინ ბედავს.

გასაოცარი ფაქტია.

ამერიკელები ამერიკის ტრადიციულ სიმბოლოებს დაერივნენ, ლენინი კი მისი გამჭრიახი და ოდნავ ცინიკური მზერით აღნუსხავს ამ ეპოქალური ცვლილებების პერიპეტიებს. ისტორიიდან ვიცით, რომ, სადაც ლენინია, იქ სტალინიცაა, ხოლო, სადაც ლენინი და სტალინია, იქ პროლეტარიატის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებაა ყველა ჯურის სისხლისმსმელსა და ექსპლოატატორთან.

გრანდიოზული ისტორიული ბუმერანგის ეფექტი შედგა. ამერიკელების მიერ ხრუშჩოვის ხელით განადგურებული სტალინის ძეგლები ექვსი ათეული წლის შემდეგ ლენინის რევოლუციურ ძეგლად მიუბრუნდა მსოფლიოში ჯოჯოხეთის მთესველ კაპიტალისტურ იმპერიას და მახსენდება აშშ-ის რიგით მესამე პრეზიდენტის _ თომას ჯეფერსონის მიერ ორი საუკუნის წინათ ნათქვამი უაღრესად დამაფიქრებელი წინადადება: მე შიშით ვცახცახებ ჩემი ქვეყნის მომავლის წინაშე, როდესაც ვფიქრობ, რომ ღმერთი სამართლიანია!”

ვნახოთ, რა ახალ სიურპრიზებს გვიმზადებს მომავალი…

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”. მომავალ შეხვედრამდე!

P.S. 12 ივნისს რუსეთის სამხედროსაზღვაო ფლოტს გადაეცა სტრატეგიული დანიშნულების ახალთახალი წყალქვეშა ატომური ხომალდიკნიაზ ვლადიმირი”, რომელიც აღჭურვილია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებითბულავა”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში რუსეთს ექნება ჰიპერბგერითი შეიარაღების საწინააღმდეგო საშუალება. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას შესაძლებლობა ექნება, “სასიამოვნოდ განაცვიფროსპარტნიორები, რომლებიც შეძლებენ ჰიპერბგერითი შეიარაღების შექმნას. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი პირველ ადგილზეა შეიარაღების ახალი სახეობების შექმნის საქმეში.

ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

  1. “…ამერიკასა და ევროპას ისტორიული კანონზომიერების ბუნებრივ ტალღად მიუბრუნდა და კაპიტალისტურ სამყაროს წალეკვით ემუქრება”.
    სამართლიანობა დაუნდობელია! თუ ეს ტალღა ვერ მოერევა, სხვა ტალღასაც შეუძლია წალეკოს, როგორც ეს 7528 წლის წინ მოხდა, იმავე მიზეზით, რა მიზეზიც სუფევს ახლა ქვეყანასა ზედა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here