Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

537
ოქროს კვეთა

ოცდამეათე გადაცემა

შევლენ კი არა, შეასწრებენ ერთმანეთს, ანუ საქართველო ზოგადსაკაცობრიო ორომტრიალში

ვალერი კვარაცხელია:  _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო. ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

ჩამთავრდა არჩევნები თავის მეორეტურიანად. ჩხუბი, წივილ-კივილი, ალიაქოთი თითქოს უკან მოვიტოვეთ და ახლა ის დრო დადგა, როდესაც უნდა გავიაზროთ, რა მივიღეთ. გვყავდა პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობა ჰქონდათ ქოცებს, მეორე ადგილზე კი იყვნენ ნაცები. ახლაც გვაქვს პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობა აქვთ ქოცებს, მეორე ადგილზე კი კვლავ ნაცები არიან. არაფერი შეცვლილა _ გვყავდა ქოც-ნაცური ხელისუფლება და გვყავს ქოც-ნაცური ხელისუფლება. 2016 წლის არჩევნების ჩასატარებლად ცესკომ 38 156 230 ლარი თუ დახარჯა, მიმდინარე წელს ეს ფუფუნება ქართველ ხალხს 42 760 652 ლარი დაუჯდა.

ჩნდება შეკითხვები:

* არჩევნებით თუკი არაფერი იცვლება, ამ კოლოსალური თანხების დახარჯვას (წყალში გადაყრას) რა აზრი აქვს?

ხალხის ნება თუკი ასეთია, მაშინ ეს ნება არჩევნებით ხომ უნდა გამოიხატოს? შეკითხვაზე, ალბათ, შეკითხვითვე მიპასუხებთ თქვენ. მეც სხვა გზა არ მრჩება, გარდა იმისა, რომ ჩემს შეკითხვაზე თქვენ მიერ შეკითხვითვე გაცემულ პასუხს ახალი კონტრშეკითხვა დავუპირისპირო.

* მართლა ფიქრობთ, რომ ასეთია ქართველი ხალხის ნება?

ნება მომეცით, მშრალად დასმულ ამ ბოლო შეკითხვას საფუძვლიანად ჩავუღრმავდე.

რას ნიშნავს ხალხის ნება? ქართველი ხალხის ნებაა ის აუტანელი რეალობა, რომელშიც ცხოვრობს? მაშინ, მოდი, ზედაპირულად მაინც გადავავლოთ თვალი თანამედროვე ქართულ რეალობას:

* ტერიტორიულად დაშლილი საქართველოა ქართველი ხალხის ნება?

* დემოგრაფიულად განახევრებული საქართველოა ქართველი ხალხის ნება?

* ეკონომიკურად გაჩანაგებული საქართველოა ქართველი ხალხის ნება?

* მონური შრომის ფასად ლუკმაპურის მოსაპოვებლად საზღვარგარეთ გადახვეწილი მოსახლეობაა ქართველი ხალხის ნება?

* ერთი მუჭა მდიდრები და გაღატაკებული საქართველოა ქართველი ხალხის ნება?

* ხელგამოწვდილი მათხოვრებით გავსებული ქუჩები, გზაჯვარედინები, მოედნები, მიწისქვეშა გასასვლელები, ეკლესიები, სასაფლაოები… ანუ მათხოვრებით სავსე საქართველოა ქართველი ხალხის ნება?

* უიმედობა, საყოველთაო სასოწარკვეთა და ინფექციასავით მოძალებული თვითმკვლელობებია ქართველი ხალხის ნება?

რომელ ნებაზე მელაპარაკებით?!

დაგისახელოთ, გაჩვენოთ, გაგაცნოთ ფეხებდასიებული, თითქმის ხეიბარი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც რის ვაი-ვაგლახით მივიდა უბანზე და, არა მხოლოდ მისი, არამედ გარდაცვლილი მეუღლის სახელითაც ხმა მისცა პარტიას, რომელიც, მართალია, მკურნალობის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ არჩევნების წინა დღეს კონვერტში ჩადებული ორი თუ სამი ცალი ასლარიანი სახლში მიართვა?

ოქროს კვეთა

ესაა ქართველი ხალხის ნება?

არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ ადამიანის ვინაობის დაკონკრეტება. მეც და თქვენც უამრავი ასეთი ფაქტი ვიცით, მაგრამ აქ იმის შესახებ არაა საუბარი, რომ ერთი რომელიმე პარტია დანარჩენებს პარავს ხმებს, აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა პარტია ერთი და იგივეა. მათთვის აქვს მნიშვნელობა, თორემ ხალხისთვის არანაირი განსხვავება არ არის, რომელი მათგანი მოიპარავს და მიითვისებს ან, უბრალოდ, იყიდის ხმებს, რადგან ყოვლად უვარგის ცხოვრების წესსა და დაკანონებულ უსამართლობას არც ერთი შეცვლის, არც მეორე და… არც მეათე. ჩვეულებრივ უსამართლობასთან, რომელსაც კანონის დარღვევა ჰქვია, რომ გვქონდეს საქმე, რა გვიჭირდა. საქმე, ხაზს ვუსვამ, დაკანონებულ უსამართლობასთან გვაქვს.

საზოგადოებაში კონსტიტუციით ნებადართულია ღატაკთა და მილიარდერთა გვერდიგვერდ არსებობა. სიღატაკის არსებობაც და მილიარდერთა არსებობაც სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულია. დანაშაული შობს ორივეს. სამართლიან სახელმწიფოში არც ერთისთვის არ უნდა იყოს ადგილი. დააკვირდით: სადაც მილიარდერები არ არსებობენ, იქ არც ღატაკები არიან და, სადაც ღატაკები ვერ ჩნდებიან, მილიარდერიც ვერ გაჭაჭანდება. ღატაკი და მილიარდერი ის დიალექტიკური მთლიანობაა, რომელიც ერთმანეთთან მუდმივ დაპირისპირებაში არიან, მაგრამ ერთმანეთის არსებობასაც განაპირობებენ. ღატაკი და მილიარდერი საზოგადოების ერთი დიდი უბედურების ორი აუცილებელი კომპონენტია, სოციალური უსამართლობის ორი განუყრელი ნაწილი.

ამიტომაცაა, რომ თვით უკიდურესად მემარჯვენე პარტიათა წინასააარჩევნო დაპირებები ღია მემარცხენე შეფერილობას იძენს.

_ უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო, _ გაჰკივიან ისინი მთელი ხმით. არანაირი “სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო” ბუნებაში არ არსებობს. ბუნებაში არსებობს სოციალისტური სახელმწიფო. თუკი სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებულია, მაშასადამე, ის სოციალისტური სახელმწიფოა. თუკი სახელმწიფო სოციალისტური არ არის, სოციალურად ორიენტირებული ვერ იქნება. მორჩა და გათავდა. ევროპაში (განსაკუთრებით, სკანდინავიის ქვეყნებში) არის ფასადის სოციალისტურად შელამაზების მცდელობები, რაც, რა თქმა უნდა, ამერიკულ კაციჭამია სისტემას გაცილებით სჯობს, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: სოციალურ სამართლიანობას სოციალიზმი ჰქვია, სოციალურ უსამართლობას კი _ კაპიტალიზმი. ჰოდა, როდესაც ბურჟუაზიული იდეოლოგიის მქონე რომელიღაც თაღლითი პარტია ჯანდაცვისა და განათლების უფასო სისტემებს გპირდება, უნდა ჰკითხო, როგორ აპირებს ამას, კაპიტალისტური ურთიერთობების შენარჩუნებით? თუკი ვინმეს ჰგონია, რომ საბაზრო ეკონომიკის ვითარებაში უფასო სისტემების არსებობა შესაძლებელია, იგი ამ საკითხებში აბსოლუტურად ჩაუხედავია. უფასო სისტემების არსებობა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ ეკონომიკის პირობებში მიიღწევა, ვინაიდან ცნება “უფასო”, მოგეხსენებათ, პირობითი ხასიათისაა. ესა თუ ის სისტემა უფასოა იმდენად, რამდენადაც მას სახელმწიფო აფინანსებს, ანუ სოციალურ დატვირთვებს სახელმწიფო ისე გადაანაწილებს დარგებზე, რომ მოქალაქე ამ დატვირთვას ვერ გრძნობს, ვინაიდან კონკრეტულ მოქალაქეს კონკრეტულ მომსახურებაში საფასურის გადახდა არ უწევს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეთი რამ ვერ მოხდება, ვინაიდან სისტემები სხვა პრინციპზეა აგებული და სახელმწიფოს, უბრალოდ, არ გააჩნია ბერკეტები, რომლებიც ამგვარი რეგულაციებისთვისაა აუცილებელი. ამიტომ, პოლიტიკური პარტია თუ გეუბნება, საბაზრო ეკონომიკის შენარჩუნებით უფასო სისტემებს დავნერგავო, ის პარტია გატყუებთ. პოლიტიკური აზროვნებისა და მსოფლმხედველობის თვალსაზრისით მხოლოდ ის პარტია შეიძლება ჩაითვალოს თანმიმდევრულ პარტიად, რომელიც იტყვის, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობას ეკონომიკის სოციალისტურ ლიანდაგზე გადაყვანის გზით გპირდებითო.

გავიხსენოთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათაგან რომელი გპირდებოდათ საბაზრო ეკონომიკის შეცვლას სახელმწიფოს მიერ რეგულირებული გეგმიანი ეკონომიკით. არც ერთი, ხომ?! ასეთ შემთხვევაში ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რამდენი ხმა მიიღო, ვის რამდენი ხმა გაუყალბეს ან მოჰპარეს, ვინ რამდენი ამომრჩეველი მოისყიდა და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მათთვის აქვს მნიშვნელობა, ვინც იქნება სახელმწიფოს მართვის საჭესთან, მაგრამ მართვის საჭე და პრინციპები თუ არ იცვლება, ასეთ შემთხვევაში, ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს, უსამართლობის მიმართულებით მიმავალი სახელმწიფოს საჭესთან მჯდომი კაცის გვარი ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ, სულაც, ბაგრატიონ-მუხრანსკი.

ნაცები გაჰკივიან, _ პარლამენტში არ შევალთ, რადგან არჩევნები გაგვიყალბესო. 2003 წლიდან მოყოლებული, ამ პარტიას არჩევნების გაყალბების მეტი არაფერი უკეთებია. მათ ამ საქმეში მსოფლიოში არსებული ყველა რეკორდი მოხსნეს და არჩევნების გაყალბების “კლასიკა” შექმნეს. დღეს კი ლოყებს იხოკავენ, არჩევნები გაგვიყალბესო. არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, მართალია, არსად წასულა, დღესაც ჩვენთან არის, მაგრამ იგი არც ნაცებს მოუგონიათ და არც ქოცებს, ეს პრაქტიკა ბურჟუაზიული არჩევნების თანდაყოლილი სენი და უბედურებაა, სადაც საბოლოო შედეგი არა ხალხის ნებით, არამედ ფულისა და ძალმომრეობის ბერკეტებით მიიღწევა. მაგალითი გნებავთ? ინებეთ: აშშ-ში ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში თვით მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაყვირის, _ არჩევნები გამიყალბესო. ბურჟუაზიული არჩევნების მთელი სიბინძურის უფრო მეტად გაშიშვლება როგორ უნდა მოხდეს? როგორ უნდა მოხდეს იმ შემზარავი ფაქტის უფრო მეტად წარმოჩენა, რომ მსოფლიო დემოკრატიის მექად აღიარებულ აშშ-ში არსებობენ ისეთ ძლიერი ბნელი ძალები, რომლებსაც ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევნების გაყალბება შეუძლიათ?! ერთი უბედურებაა ის ამბავი, როდესაც ოფიციალურ ხელისუფლებას ძალუძს არჩევნების გაყალბება, მაგრამ ათასჯერ დიდი უბედურებაა არსებობა ბნელი ძალებისა, რომლებიც ხელისუფლებაზე ძლიერნი არიან.

ეს საუბარი იქით მიმყავს, რომ ჩვენ დაგვანგრევინეს სამართლიანი სოციალისტური სისტემა და გადაგვისროლეს იმ მიმართულებით, სადაც აბსოლუტური უსამართლობა და განუკითხაობაა. ჩვენ დავინახეთ და გავაცნობიერეთ, რომ მწარედ მოგვატყუეს, ამიტომ დღემდე წარსულს ვაფარებთ თავს და კაპიტალისტურ “სამოთხეს” სოციალიზმის ნანგრევებში (თუნდაც, წარმოსახვით) ცხოვრებას ვამჯობინებთ, რადგან იმ ნანგრევებშიც კი მეტი წესიერება, სიყვარული და ადამიანური სითბოა, ვიდრე დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგებით ფასადმოპირკეთებულ კაპიტალისტურ ჯოჯოხეთში.

ვიღაც იდიოტები ღლიცინებენ ტელეეკრანებიდან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ე.წ. ოპოზიციამ მონაწილეობაზე უარი თქვა და მხოლოდ ქოცები მონაწილეობდნენ, თავისი ერთპარტიულობით საბჭოთა არჩევნებს დაემსგავსაო. ვაი, თქვენს პატრონს, თქვე მართლა უკიდურესად და უსაშველოდ ბრიყვებო! საბჭოთა ერთპარტიული სისტემა სოციალისტური რევოლუციის შედეგი იყო, სადაც ხალხმა მჩაგვრელებზე გაიმარჯვა და ერთხელ და სამუდამოდ დაამყარა ექსპლოატაცისგან, მილიარდერებისგან და ათასი ჯურის სისხლისმწოველებისგან თავისუფალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა. იმ სისტემის შემოქმედი კომუნისტური პარტია იყო და იმ საზოგადოებაში საწინააღმდეგო იდეოლოგიისთვის ადგილი არ რჩებოდა, ვინაიდან არც კომუნისტები და არც ხალხი მოპოვებულის დათმობას არ აპირებდნენ. ამიტომაც იყო, რომ წურბელა პარტიების არსებობა, რომელთა არსენალში მოსყიდვა, გადაბირება, მოტყუების გარდა ზემოქმედების სხვა რამ დადებითი ხასიათის ბერკეტი არ მოიპოვება, დაუშვებელი იყო. რა დონისა და მასშტაბის უვიცი უნდა იყო, რომ ქოცების ერთპარტიულობა კომუნისტურ ერთპარტიულობას შეადარო. კიდევ უფრო დიდი რეგვენი უნდა იყო, რომ კაპიტალისტური მრავალპარტიულობა მართლა მრავალპარტიულობა გეგონოს და ვერ ხვდებოდე, რომ ბურჟუაზიულ პარტიებს შორის ბრძოლა და დაპირისპირება ხელისუფლებისთვის ბრძოლა და დაპირისპირებაა და არა ხალხის საკეთილდღეოდ ბრძოლა და დაპირისპირება.

დასავლეთისთვის ყველგან და ყოველთვის სახის შენარჩუნება და ფასადის მოწესრიგებაა მთავარი.

ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც ასეთი ალიაქოთი მოჰყვა, ევროპელები უცნაური განცხადებით გამოეხმაურნენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: _ ვწუხვართ იმ უნდობლობის გამო, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა.

ვალერი კვარაცხელია: _ გაფიცებთ ყველა საფიცარს, არ დამიმალოთ, ამ განცხადებაში აზრის ნასახს თუ აღმოაჩენთ. აი, ამ სათაურს რომ წაიკითხავ და შეურაცხყოფილი არ დარჩები, მაშინ ყველაფრის ღირსი ხარ. ამ სათაურს რომ წაიკითხავ, მასალა არ უნდა წაიკითხო ან მხოლოდ იმის გასაგებად უნდა წაიკითხო, თუ კიდევ რა შეურაცხყოფას აპირებენ ეს ბატონები და ქალბატონები. მე და თქვენ რაკი სწორედ ამ კატეგორიას მივეკუთვნებით, მოდი, ნუ დავიზარებთ ამ საოცარი შემოქმედების თავიდან ბოლომდე გაცნობას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: _ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად. წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობის გამო, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებსა და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს. ამიტომ იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა. სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ხოლო ხელისუფლებას _ დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რომელსაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება. დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რათა გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად. ეს საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში.

ვალერი კვარაცხელია: _ დიდ ბოდიშს ვიხდი ამ ვრცელი სისულელის ციტირების გამო, მაგრამ ამ აბსურდის, ამ პოლიტიკურ-დიპლომატიური ნონსენსის მთელი “სურნელი” სხვაგვარად როგორ მომეტანა თქვენამდე? ამ აბდაუბდაში მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი: დასავლეთმა ნაცებს პარლამენტში შესვლა დაავალა. ისინი თუკი პარლამენტში შევლენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა დანარჩენი, ვინც ცესკოს ვერდიქტით ბარიერი გადალახა, პარლამენტში აღმოჩნდება, ვინაიდან გარეთ დარჩენასა და პროტესტის გაგრძელებას მათთვის აზრი დაეკარგება. თუმცა, მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას სიებში ბიზნესმენები ჰყავს ჩასმული, რომლებიც პარლამენტში, ჟარგონით უნდა ვთქვათ, თავიანთი ბიზნესებისთვის “კრიშის” მოსაპოვებლად შედიან.

ისინი დაანებებენ პარტიებს, რომ პრინციპების გამო მანდატები დაუკარგონ მათ, ვინც ასიათასობით დოლარი ჩადო ამ საქმეში? როგორ გეკადრებათ, იმ ადამიანებმა დეპუტატის მანდატში უზარმაზარი თანხები იმიტომ გადაიხადეს, რომ დეპუტატის მანდატმა უფრო მეტის შოვნის შანსი მისცეს და ახლა, პოლიტიკოსების რაღაცა სულელური პრინციპების გამო უარს იტყვიან მანდატებზე, რომლებიც უკვე ჯიბეში უდევთ?! ხომ წავა საქმის გარჩევები და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა?! შევლენ, შევლენ… შევლენ კი არა, შეასწრებენ ერთმანეთს.

და, აი, მოვედით იქ, რითაც დავიწყეთ: არჩევნებისთვის დავხარჯეთ 42 მილიონზე მეტი და მივიღეთ იგივე ქოც-ნაცური ხელისუფლება. რაც მთვარია, ამ ხელისუფლებას ლეგიტიმური, ანუ ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება ერქმევა. სინამდვილეში კი ეს იქნება დასავლეთის ნების გამომხატველი ხელისუფლება, ვინაიდან ყველა სხვა შემთხვევაში, დასავლეთი ე.წ. ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კი არა, პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა და სიტუაციას უფრო დაძაბავდა. დასავლეთმა მიიღო ის, რაც სურდა, ქართველმა ხალხმა მიიღო ის, რაც არ სურდა!

რა ეშველება ამ ვითარებას, ან ეშველება საერთოდ?

რთული შეკითხვაა. იმ სახალხო ძალას, რომელიც ყაჩაღებს ხელიდან გამოგლეჯს ქვეყანას და სახალხო ინტერესებისკენ შემოაბრუნებს, ძირშივე გაანადგურებენ. დასავლეთის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები კი, როგორი დაპირისპირებულიც უნდა იყვნენ ერთმანეთთან, მათთვის კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის მოახერხებენ გაერთიანებას, იმიტომ, რომ ერთნაირად თახსირი მსოფლმხედველობა აქვთ, ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელიდან იკვებებიან.

არის ერთი ძალიან დიდი პრობლემაც, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ათწლეულების განმავლობაში დასავლურმა აღვირახსნილმა პროპაგანდამ საზოგადოების საგრძნობი ნაწილის ცნობიერება ისე დააზიანა, რომ უმუშევრად, უექიმოდ, უწამლოდ და უყურადღებოდ დარჩენილთა შორისაც არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვა “სოციალიზმის” გაგონებაზე სახეს მაიმუნებივით ჭყანავენ და ხელებს ასავსავებენ, _ არ მიხსენო, არ მიხსენოო. ეს ის კატეგორიაა, რომელიც თავიდან ფიქრობდა, რომ სოციალიზმის პირობებში გამდიდრების შანსი თუ არ მქონდა, კაპიტალიზმი ამგვარ შანსს მიჩენსო. მერე, როდესაც მიხვდა, რომ კაპიტალიზმმა გამდიდრების შანსი კი არა, სოციალიზმის მიერ ბოძებული ნორმალური პირობებიც წაართვა, ყველაფერი საკუთარ უგერგილობას დააბრალა და სიმდიდრისადმი მისთვის ასე შეურაცხმყოფელი ლტოლვა იდეის სახით შემოინახა. საკუთარი უგუნურების გამო კაპიტალიზმის მეხოტბედ დარჩენილი ეს თავმოყვარეობადაკარგული კატეგორია სხვის სიმდიდრეს შესტრფის, სხვის სასახლეებს შეჰხარის და აინუნშიც არ მოსდის ის ამბავი, რომ არა მხოლოდ უბედური, არამედ სასაცილოცაა.

პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, რთული და მრავალასპექტიანია. იგი მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის, ზოგადსაკაცობრიოა. ცხოვრება დღითიდღე რთულდება. მსოფლიო ღრმა კრიზისში ეფლობა. გადარჩენის რეალური იმედი და პერსპექტივა არსაიდან ჩანს. შექსპირის ერთი წინადადება მახსენდება: “დედაბუნება ბრძენია, მაგრამ შვილი ჰყავს უჭკუო”. ადამის მოდგმამ შექსპირის მსგავსი გენიოსები კი შვა, მაგრამ, საზოგადოდ, მაინც უჭკუო და, რაც კიდევ უფრო დასანანია, უზნეოც აღმოჩნდა. კაცობრიობამ საკუთარი თავი თვითონ შეიყვანა იმ ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალს ვერ პოულობს. რა არჩევნები, რის არჩევნები, საქართველო ამ ზოგადსაკაცობრიო ორომტრიალში იხარშება და იხრჩობა.

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

1 COMMENT

  1. გენიალურია!!! ბრწყინვალეა!!! დიდი მადლობა ბატონო ვალერი! მხოლოდ ოტო ბისმარკის სიტყვებს შევახსენებდი ჩვენს მთავრობასაც და ე.წ. ოპოზიციასაც: ”ადამიანი არასდროს ისეთი მონდომებით არ იტყუება, როგორც ნადირობის შემდეგ, ომში და არჩევნების წინ”.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მკითხველი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here