Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1479
“ოქროს კვეთა”

ოცდამეცხრე გადაცემა

ახალი ყულფი საქართველოსთვის

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.

კავკასია სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე დადგა, რის შესახებაც დღეს ვისაუბრებ, მაგრამ საკითხის განხილვის დაწყება შორიდან მომიწევს.

კავკასია ურთულესი რეგიონია, აქ მრავალი გეოპოლიტიკური მიმართულება იკვეთება. შავი ზღვისა და კასპიის ზღვის სპეციფიკა იმგვარ სატვირთოსამოძრაო დერეფანს ქმნის, რომლის მსგავსი მსოფლიოში ძნელი მოსაძებნია. ეს დერეფანი მსოფლიო მნიშვნელობის იყო მაშინაც, როდესაც გლობალიზაციასა და მეცნიერულტექნიკურ რევოლუციაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა დღეს, როდესაც მეცნიერულტექნიკურმა ნახტომმა შეცვალა მსოფლიო და წარმოუდგენელი მასშტაბის გლობალისტური ტენდენციები დაიწყო. რაღაცით ერთიანი და ერთნაირი კავკასია, იმავე დროს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გვაკვირვებს. ეს ეთნო-კონფესიური სიჭრელე მას მუდმივი დაპირისპირებისა და სისხლისმღვრელი ბრძოლების ასპარეზადაც აქცევდა.

კავკასიისა და მისი ცალკეული რეგიონების რუსეთთან ურთიერთობის ისტორია იმდენად სავსეა სირთულეებითა და წინააღმდეგობებით, რომ ამ ურთიერთობისთვის რამე სახის განზოგადებული ფორმულის მისადაგება შეუძლებელია. რუსეთი, ერთი მხრივ, ამ რეგიონის თავისუფლებისთვის მუდმივ საფრთხედ თუ აღიქმებოდა, მეორე მხრივ, მისი სტაბილურობის მუდმივი გარანტი და განვითარებისთვის უზარმაზარი სტიმულის მიმცემი ფაქტორიც იყო. ასე რომ, არგუმენტები კავკასიაში რუსეთის როლის არც დადებითად შემფასებლებს აკლიათ და არც უარყოფითად შემფასებლებს.

ამ საკითხს საქართველოს მაგალითზე თუ განვიხილავთ, აქაც ურთიერთგამომრიცხავ მრავალ მსჯელობას წავაწყდებით, როგორც ისტორიაში, ასევე თანამედროვეობაშიც, მაგრამ არსად ისე კარგად და სრულყოფილად ეგ პროცესი არ ასახულა, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავ პოემაში “ბედი ქართლისა”. დილემა, რომლის წინაშეც იმხანად საქართველო დადგა, უძლიერესი ემოციურობითა და ექსპრესიულობით გამოიხატა ქართველი მანდილოსნის ისეთ კრებსით მხატვრულ სახეში, როგორსაც პოემის პერსონაჟი სოფიო წარმოადგენს: “უწინამც დღე კი დამელევა მე, უცხოობაში რაა სიამე?!” სოფიოს ეს ამოკვნესა, რომელიც გენიალურმა ბარათაშვილმა იქვე, იმავე პასაჟში გასაოცარ სიმაღლეზე აიყვანა, სრულიად საქართველოს ამოკვნესა იყო: რა ხელჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული?!”

ამ სიტყვებში ყველაფერი გადაწყვეტილია, თავისუფლება, როგორც უმაღლესი კატეგორია, და, თუ გნებავთ, როგორც ზნეობრივი იმპერატივი, არ იყიდება, არ იცვლება, არ ხურდავდება… იგი ხელშეუხებელია! მაგრამ… აი, ეს ისტორიული “მაგრამ” იმ ზნეობრივ იმპერატივსა და თვით თავისუფლებაზე მაღლა დგება, ვინაიდან შეკითხვას, რომელიც ამ სიტყვით იწყება, თვითონ ისტორიული რეალობა სვამს: მაგრამ შეძლებს საქართველო თავისუფლების შენარჩუნებას აბსოლუტური სახით? მეფე ერეკლე ასე მსჯელობს:

ახლა კი დროა, სოლომონ, რომა

მშვიდობა ნახოს საქართველომა.

მან საფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთის

ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის”.

სოლომონ ლიონიძე, მრჩეველი მეფისა, ხვდება, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სპარსეთის ჯავრი ამოგვაყრევინოს, მაგრამ რუსეთის “საფარს ქვეშე” აღმოჩენილ საქართველოს რა ბედი ელის? ესაა მისი მთავარი საფიქრალი და მთავარი შეკითხვაც. მეფე კი ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული და შეუვალია:

და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,

რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს

საფლავთ ზედ ჩვენთა მამაპაპათა

და განისვენონ აჩრდილთა მათა!”

აი, აქ შემოდის ცნება, რომელსაც რაციონალური განსჯა, ანუ პრაგმატული აზროვნება ჰქვია. რას ვირჩევთ, სწრაფვას აბსოლუტური თავისუფლებისკენ, რომელიც ერის უცილობელ დაღუპვას გამოიწვევს, თუ თავისუფლების გარკვეული ნაწილის დელეგირებას იმ მიმართულებით, რომელიც იდენტობის შენარჩუნებისა და, საბოლოო ჯამში, არამარტო ფიზიკური გადარჩენის, არამედ დელეგირებული ან სულაც დაკარგული თავისუფლების აღდგენის შესაძლებლობაცაა და პერსპექტივაც:

რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს

საფლავთ ზედ ჩვენთა მამაპაპათა…”

ეს პოლიტიკური ზიგზაგები _ თავისუფლების დათმობა არამხოლოდ არსებობის, არამედ თვით თავისუფლების შესანარჩუნებლად, ფორმის თვალსაზრისით, შეიძლება პრადოქსულიც კი ჩანდეს, მაგრამ შინაარსის თვალსაზრისით მწყობრი და გამართულია: პოლიტიკასა და სამხედრო ხელოვნებაში არსებობს ტაქტიკისა და სტრატეგიის ცნება. ტაქტიკა სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. ცალკე, მოწყვეტილად აღებული ტაქტიკა, შესაძლებელია, ალოგიკურად გამოიყურებოდეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეგნებულ და საბოლოო მიზანზე ორიენტირებულ შეწირვასაც გულისხმობდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი უნდა ამართლებდეს შეწირვას. ეს დიალექტიკა მთელი მისი სირთულით შესანიშნავად წარმოაჩინა ბარათაშვილმა მეფისა და მისი ერთგული მრჩევლის მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაში.

სოლომონ ლიონიძე გაკვირვებულია:

განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!

ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს

არად მიაჩნიათ უბედურება,

თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!”

მეფის პასუხი ასეთია:

ნუ დაივიწყებ, მაგრამ  ჩემს სიტყვას,

რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,

ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!”

ამ ეპიზოდში სოლომონ ლიონიძე თავისუფლებაზე, როგორც უმაღლეს იდეალზე რეალობისგან მოწყვეტით თუ საუბრობს, მეფე თავისუფლებაზე მისი შენარჩუნების გზების ძიებით, ანუ რეალობის გათვალისწინებით მსჯელობს. იგი ლაპარაკობს გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ, რომელიც ტაქტიკური შეწირვის გარეშე სტრატეგიული მიზნის მიღწევის რეალურ შესაძლებლობას გამორიცხავს.

ამ ამბებიდან საუკუნის გასვლის შემდეგ ურთულეს ვითარებაში მიღებულ მძიმე გადაწყვეტილებასა და მის შედეგებზე საუბრობს ილია ჭავჭავაძე მის ერთერთ საეტაპო ნაშრომშიასის წლის წინათ, ანუ პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში”. ვფიქრობ, ამ მძიმე საკითხზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანის პრიორიტეტი მაინც მას _ ერის თანმდევ უკვდავ სულსა და უდიდეს ავტორიტეტს უნდა მივანიჭოთ.

ილია ჭავჭავაძე: “ასე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. ამ დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშით და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია, საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას. ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლშვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამაპაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს. გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მის თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდმარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობისმყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ის დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოებაგაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული. დღეს, 26 ნოემბერს 1899 ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ”.

ვალერი კვარაცხელია: _ ძლიერი და შთამბეჭდავი ნათქვამია, ისეთი, ყოყმანისა და ორჭოფობის ადგილს რომ არ ტოვებს და უკან დახევის საშუალებას არ იძლევა. არაფერია გასაკვირი. ეს ილია ჭავჭავაძეა, მკვდრეთით აღმდგარი და განახლებული ერის სულიერი მამა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი ვინმემ თუ იცოდა, პირველ რიგში, სწორედ მან იცოდა, მაგრამ ამ საკითხზე ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა და იმგვარი ბეჭედიც დასვა, კიდევ საუკუნეების განმავლობაში რომ იდავონ ისტორიკოსებმა, იურისტებმა და ფილოსოფოსებმა, იმ ბეჭედს ძვრას ვერ უზამენ.

ისტორიამ ინება ასე: თავისუფლებასთან დაკავშირებული ემოციების მოთოკვამ და რეალობის სწორმა შეფასებამ საქართველო იხსნა!

ეს ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა, დღევანდელი ჩემი სათქმელის შესავალ ნაწილად ჩავთვალოთ.

მკითხავთ, ალბათ, ერთი გადაცემისთვის ეს შესავალი მეტისმეტად დიდი მოცულობის ხომ არ არისო.

საქმე ისაა, რომ იმ ისტორიული ქარტეხილების შემდეგ, მართალია, მრავალმა წყალმა და საუკუნემ ჩაიარა, მაგრამ სამ ნაწილად დაშლილი საქართველო დღესაც, როგორც მაშინ, გზაგასაყარზე დგას და ვერ გადაუწყვეტია, საბოლოოდ რომელი მიმართულებით გადადგას ნაბიჯი _ დასავლეთის თუ ჩრდილოეთის. გაყოფილია საზოგადოება, გაყოფილია აზრი. ხელისუფლება, ოპოზიცია, ტელევიზიები, არასამთავრობო ორგანიზაციები გაუთავებლად ჩაგვჩიჩინებენ, რომ ერთადერთი სწორი მიმართულება დასავლეთის მიმართულებაა, მაგრამ ცხოვრება სხვა რამეს გვკარნახობს. ოცდაათი წელიწადის განმავლობაში, რაც რუსეთს ზურგი საბოლოოდ ვაქციეთ და დასავლურ გზას დავადექით, შედეგად რა მივიღეთ? სამ ნაწილად დაშლილი საქართველო _ დაკარგული ორი ავტონომიური ერთეული, შემორჩენილ ერთადერთ ავტონომიურ რესპუბლიკაში კი თურქეთის დაუფარავი და შეუზღუდავი კულტურული, ეკონომიკური და ფინანსური ექსპანსია; განახევრებული მოსახლეობა; დანგრეული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა; უთანასწორობა; სიღატაკე; შიმშილი; ჯანდაცვისა და განათლების გავერანებული სისტემები; ჩამკვდარი სამეცნიერო პოტენციალი; ემიგრაციაში გადახვეწილი დიდი ნაწილი საზოგადოებისა; უსამართლობა; უიმედობა; უპერსპექტივობა; ღრმა საზოგადოებრივი დეპრესია. რაც მთავარია, არ გაგვაჩნია თავისუფლების ნასახიც კი, კისერზე ამერიკული კოლონიალიზმის უღელი გვადგას და გვაქვს ამერიკის ელჩის (მეფისნაცვლის) ერთპიროვნული მმართველობა.

ეს ყველაფერი რუსეთის დასუსტებისა და ამიერკავკასიიდან მისი წასვლის პირდაპირი შედეგია. ამიერკავკასიიდან რუსეთის წასვლამ რუსეთის ფედერაციაში შემავალ კავკასიურ ნაწილშიც კი დიდი არეულობა გამოიწვია, მაგრამ რუსეთი როგორც კი მოღონიერდა და ფეხზე დადგა, ფეხზე დადგნენ კავკასიური რესპუბლიკებიც. ჩეჩნეთი, სადაც დასავლეთიდან იმპორტირებულმა საერთაშორისო ტერორიზმმა ყველაზე მეტად მოიკიდა ფეხი, დღეს არათუ ტერორისტებისგან თავისუფალი, არამედ ეკონომიკურად, ფინანსურად, კულტურულად აყვავებული რესპუბლიკაა. სამხრეთ კავკასიას კი, სადაც რუსეთის გავლენა აღარ იყო, ომების და გაუბედურების ტალღამ რამდენჯერმე გადაუარა: სამოქალაქო ომი საქართველოში; სახელმწიფო გადატრიალებები საქართველოსა და სომხეთში; ომები მთიან ყარაბაღში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში; გაჩნდა არაღიარებული მთიანი ყარაბაღი და რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი; დაირღვა კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ურთიერთობები, ცხოვრების წესი; ხალხთა შორის მეგობრობა მტრობამ, შუღლმა და სიძულვილმა ჩაანაცვლა; გაჩნდა ფეთქებადსაშიში ვითარება, რომელიც მთიან ყარაბაღში ხელახლა აფეთქდა, რასაც ათასობით სიცოცხლე შეეწირა… და აი, აქ მოხდა ის, რის გამოც და რის შესახებაც მსურს, რომ ამ გადაცემაში გესაუბროთ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი, რომელიც ფართო მასშტაბებს იღებდა და მთლიანად კავკასიაზე გავრცელების საშიშროებას ქმნიდა, რუსეთის ჩარევით შეწყდა. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პირველი პირების ხელის მოწერით ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო კონტინგენტი და სამხედრო ტექნიკა შემოვიდა. ეს უდიდესი გეოპოლიტიკური ძვრების დასაწყისია არამარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. რუსეთი კავკასიაში დაბრუნდა!

“ოქროს კვეთა”

მსოფლიო პრესა ამ ფაქტს განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა. აი, ზოგიერთი ამონარიდი.

ალჯაზირა, საერთაშორისო ტელეკომპანია: _ რუსეთის სამხედრო ყოფნა მთიან ყარაბაღში სერიოზული მოვლენაა, რომელიც დიდხანს გაგრძელდება.

Frankfurter Allgemeine Zeitung, გერმანია: _ სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგ ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

Foreignpolicy.com, აშშ: _ სამშვიდობო შეთანხმება რუსეთს რეგიონის ლიდერის მდგომარეობაში აყენებს.

CORRIERE DELLA SERA, იტალია: _ ამ გადაწყვეტილებით პუტინმა ერდოღანი შეაჩერა.

Telegraph, დიდი ბრიტანეთი: _ რუსეთისა და თურქეთის უხეში ძალა კავკასიაში საგანგაშო სიგნალია დასავლეთისთვის.

EUOBSERVER, ევროკავშირის ოფიციალური გამოცემა: _ ევროკავშირი აღარ არის აქტუალური სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გადაწყვეტაში. რუსეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არავითარ როლს არ ასრულებენ მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში.

New York Times, აშშ: _ რუსეთი და თურქეთი გავლენიან შუამავლებად იქცნენ.

Washington Post, აშშ: _ რუსეთის სამშვიდობოების გამოჩენა სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში.

Express, საფრანგეთი: _ რეგიონში რუსეთის როლი, როგორც არბიტრისა, აღდგენილია.

ვალერი კვარაცხელია: _ როგორც ამ ამონარიდებიდანაც ჩანს, მსოფლიოში ისმის ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასება, მსჯელობა, ანალიზი, მაგრამ იმ საკითხში, რომ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა დადგა, ყველა თანხმდება.

ამიერკავკასიაში რუსეთი მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო კონტინგენტის გარეშეც იყო წარმოდგენილი, მაგრამ მისი სამხედრო დასწრება რეგიონში აქამდე მყიფე იყო. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები რუსეთის მიერ ამ წარმონაქმნების დამოუკიდებლობის აღიარებას ეყრდნობა და მას საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ გააჩნია. გიუმრიში (სომხეთი) რუსეთის სამხედრო ბაზა ლეგიტიმურია, მაგრამ სომხეთის დამოკიდებულება რუსეთთან სრულიად არასტაბილურია და იგი იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ მოდის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში _ პრორუსი თუ პროამერიკელი.

დღევანდელი პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამერიკელების მიერ .. ფერადი რევოლუციის მეშვეობით მოყვანილი ლიდერი იყო, რომელმაც ჩააფლავა რუსეთთან ურთიერთობა და სომეხი ხალხი უმძიმესი რეალობის წინაშე დააყენა. ამდენად, გიუმრის სამხედრო ბაზაც ვერ უზრუნველყოფდა რუსეთის სტაბილურ ყოფნას ამიერკავკასიაში. ამიტომაც მიდიოდა დასავლეთის გაუთავებელი პოლიტიკური თამაშები და სპეკულაციები ამ რთულ რეგიონში. მთიანი ყარაბაღის ეს ბოლო აფეთქებაც ამ ბინძური თამაშის შემადგენელი ნაწილი იყო. ამერიკელებმა, ისევე, როგორც გლობალიზაციის პროცესი გამოიყენეს და მოირგეს სათავისოდ ანუ მსოფლიო ამერიკანიზაციისთვის, თურქეთის პანთურქული აღტყინების, ანუ დიდი თურანის იდეაფიქსის გამოყენებაც სცადეს თურქეთის სამხედრო ბაზის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დასამკვიდრებლად, რაც კასპიის ზღვაზე ნატოს გამოჩენას ნიშნავდა. კასპიის ზღვამდე ნატოს მისვლა კი კასპიის ზღვისა და შავი ზღვის იმ უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სპეციფიკის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო, რის შესახებაც გადაცემის შესავალში მოგახსენებდით.

1962 წლის კარიბის კრიზისი აუცილებლად განმეორდებოდა კასპიისა და შავი ზღვის აუზში, რომ არა რუსეთის მიერ ზუსტად გათვლილი პოლიტიკა და დიპლომატია, რომელმაც ისე ჩაჭრა სიტუაცია, რომ ამერიკელებმა და თურქებმა თითის გატოკებაც ვერ მოასწრეს. დროც ზუსტად იყო შერჩეული _ საარჩევნო “ბარდაკი” (ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაციის შესაფასებლად უკეთეს სიტყვას ვერ ვპოულობ) აშშ-ში.

ახლა რუსეთის სამხედრო ყოფნას ამიერკავკასიაში წინ ვერაფერი აღუდგება, რადგან მას ამჯერად სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი ლეგიტიმაცია აქვს. რაც შეეხება თურქეთს, მისი, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს, თავდაჯერებული სვლა კასპიის ზღვის მიმართულებით შეჩერებულია. ამიერკავკასიაში თურქეთის ფუნქცია დამკვირვებლის ფუნქციამდე ჩამოქვეითდა. რუსეთი ამიერიდან მას ცხვირსაც არ შემოაყოფინებს კავკასიაში, გარდა ერთი შემთხვევისა. ეს ერთი შემთხვევა შესაძლებელია მოხდეს საქართველოს გამო. თუკი საქართველოს ხელისუფლება ამჯერადაც ვერაფერს მიხვდება და რეგიონში კვლავ ნატოსა და აშშის შემოყვანის საბედისწერო მისიით იქნება დაკავებული, რუსეთმა შეიძლება საქართველო თურქეთს მიუგდოს საჯიჯგნად იქამდე, სანამ საქართველოც ისევე არ დაიჩოქებს რუსეთის წინაშე, როგორც აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაიჩოქეს. ამაზე მიანიშნებდა ის ჟესტი, რომ სწორედ იმ დღეებში, როდესაც ყარაბაღის საკითხი წყდებოდა, პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ვნახოთ, რა საკითხები განიხილეს ამ შეხვედრაზე.

Эхо Кавказа: Ход реализации Договора между Российской Федерацией и Республикой Абхазия о союзничестве и стратегическом партнёрстве, а также вопросы внешнеполитической координации и взаимодействия в обеспечении региональной безопасности».

ვალერი კვარაცხელია: _ დააკვირდით საკითხებს, რომლებსაც პუტინი აფხაზეთის დღევანდელ ლიდერთან ერთად განიხილავს და მიხვდებით, ეს ის საკითხებია, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი, წესით, საქართველოს პირველ პირთან ერთად უნდა განიხილავდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, საქართველო გზასაცდენილი სახელმწიფო რომ არ იყოს. ამიტომ საქართველო ამიერკავკასიაში შექმნილ ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, საფეხბურთო ტერმინს თუ გამოვიყენებთ, შესაძლებელია, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში იგი მძიმე მარწუხებში მოექცევა. ერთი მხრიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები); მეორე მხრიდან სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ რუსეთის სამხედროსტრატეგიულ პარტნიორებად; მესამე მხრიდან თურქეთი, რომელსაც ჩვენ შევიწროვებაში ხელს არავინ შეუშლის; მეოთხე მხრიდან კი თვითონ რუსეთი, რომლის გავლენაც ღრმა კრიზისში ჩაფლული აშშისა და დამბლადაცემული ევროპის ვითარებაში სულ უფრო მეტად მომძლავრდება არა მხოლოდ კავკასიასა და ევრაზიულ სივრცეში, არამედ მსოფლიოში. სრულიად დაუცველი და მიუსაფარი საქართველო კი აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს წინაშე კვლავაც მუხლზე დაცემული და სამათხოვროდ ხელგაწვდილი დარჩება, რომელსაც ვიღაცათა საჯიჯგნ-საძიძგნი ლეშის გარდა სხვა ფუნქცია აღარ ექნება. მძიმე მოსასმენია, ხომ?! ესაა დამანგრეველი შედეგი იმ ოცდაათწლიანი სრულიად უგუნური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო დღემდე ვერ შეელია. ესაა ისტორიაში ოცდაათწლიანი უთავბოლო ბორიალის სამარცხვინო შედეგი.

შეიძლება მცირეოდენი დრო ახლა ჯერ კიდევ იყოს დარჩენილი, ამიტომ გონს უნდა მოვეგოთ და მივხვდეთ, რომ:

გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშის სპეცსამსახურების მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული იდეოლოგიით ღირსეული მომავალისკენ გზას ვერ გავიკვლევთ!

შესაქმნელია ახალი ქართული ეროვნული კონცეფცია, რომელიც დასავლეთის სპეცსამსახურების ლაბორატორიებში კი არ იქნება გამომცხვარი და ეროვნულ გმირობაზე პრეტენზიის მქონე შარლატანთა ხუშტურებზე კი არ იქნება მორგებული, როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა, არამედ ისტორიის ღრმა ცოდნაზე, თანამედროვეობის მეცნიერულ ანალიზსა და მომავლის საფუძვლიან პროგნოზებზე იქნება ჩამოყალიბებული.

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S. ვსაუბრობ ამ რთულ მდგომარეობაზე და ამ დროს საქართველოში ჩამოვიდა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი პერსონა. მაიკ პომპეოა მისი სახელი და გვარი. მას აშშის ძველ ადმინისტრაციაში, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს, სახელმწიფო მდივნის პოსტი უკავია.

_ რისთვის ჩამოვიდა ბატონი პომპეო? _ შეკითხვად ქცეულა მთელი საქართველო.

_ აშშის სამხედრო ბაზის განთავსება უნდა შემოგთავაზონ ქართველებს, _ საქმის კურსში გვაყენებს რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის წამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი (15 ნოემბერი, 2020 .).

არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელებმა თავი ახალ, მათთვის უფრო საიმედო ყულფში გაგვაყოფინონ.

ვალერი კვარაცხელია

4 COMMENTS

  1. როგორც ყოველთვის, ბრწყინვალე სტატიაა ბატონო ვალერი! ყველა საკითხი დიდი სიზუსტით არის განხილული! დიდი მადლობა!!!

  2. ყოველ თქვენს გამოსვლას ბ-ნო ვალერ, დიდი სიამოვნებით და ინტერესით ველოდები! გმადლობთ ძალიან საინტერესო, დროული და ტანამედროვე სიტუაციის რეალური ანალიზისთვის! დიდი მადლობა!

  3. ეს არის საუკეთესო,უზუსტესი ახსნა-განმარტება რაც ხდება ჩვენს თავს,მეზობლად და საერთოდ ევროპასა თუ მსოფლიოში.ბრმას რომ თვალებს აუხელს.ეხ,თქვენს აზრს რომბიზიარებდნენ რა გვიჭირდა მაშინ.

  4. აქ ყველაფერია ახსნილი. ჩვენ გაგება არ გვინდა, რაც კატასტროფამდე მიგვიყვანს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნაცა ქექია. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here