Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

“ოქროს კვეთა”

ოცდამეექვსე გადაცემა

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო, ეთერშიაოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია. პატიებას ვითხოვ იმის გამო, რომ სატელევიზიოსაგაზეთო ჟანრს, რომელსაც თითქმის მთელი წელიწადია გთავაზობთ, დღევანდელ გამოშვებაში მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებით ვანაცვლებ. კარსმომდგარი არჩევნების წინ, ვფიქრობ, ეს გამოხატვის მეტ საშუალებას მომცემს

სახიფათო არჩევნები

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიმუშო წესრიგი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ავადმყოფთა უკმაყოფილების ტრადიციული ნუსხა, რომელიც კვებით, სისუფთავითა და მკურნალობის ხარისხით შემოიფარგლებოდა, ახლა ავადმყოფებისადმი სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის მოპყრობის საკითხით შეივსო. პაციენტებში წარამარა გაისმოდა სიტყვები _ დემოკრატია და ლიბერალიზმი.

მთავარმა ექიმმა, მსოფლიოში ცნობილმა ფსიქიატრმა ალექსანდრე სავანელმა, რომელიც საკითხებისადმი ნოვაციური მიდგომებით იყო ცნობილი, შექმნილი ვითარებისთვის ფეხის აწყობა ექსპერიმენტით სცადა. მან განაცხადა, რომ საავადმყოფოს მართვას, დირექციასთან ერთად, ამიერიდან პაციენტების მიერ არჩეული წინამძღოლიც განახორციელებდა. არჩევნების დღეც დანიშნა _ შემოდგომის მეორე თვის ბოლო დღე.

საავადმყოფოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო და აქამდე მოსაწყენი ცხოვრება ერთბაშად დინამიკური და სახალისო გახდა.

პროფესორმა სავანელმა მისი ახალი ექსპერიმენტის შესახებ ფსიქიატრთა საერთაშორისო ორგანიზაციასა და მსოფლიოს ყველა წამყვან ფსიქიატრიულ დაწესებულებას აცნობა…

კანდიდატთა დასახელების დღეც დადგა. სააქტო დარბაზთან ზოლებიან პიჟამოებში გამოწყობილი პაციენტები, თეთრხალათიანი ექიმები და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ირეოდნენ. ბოლოს მთავარი ფსიქიატრიც გამოჩნდა და ყველა შესასვლელს მიაწყდა. მოზრდილი დარბაზი, რომელიც დღეიდან საარჩევნო შტაბად უნდა გადაკეთებულიყო, ცოტა ხანში შეივსო. ალექსანდრე სავანელი სცენაზე ავიდა და მუქნაჭერგადაფარებულ გრძელ მაგიდასთან ცენტრალური ადგილი დაიკავა.

_ ქალბატონებო და ბატონებო, _ სიბერეშეპარული ხმით დაიწყო მან, _ ძვირფასო პაციენტებო, ექიმებო, მედდებო და მომვლელებო, ჩვენი დაწესებულება იწყებს უნიკალურ ექსპერიმენტს, რომელიც წინამძღოლის პირდაპირი და ფარული არჩევის გზით დაწესებულების მართვაში პაციენტთა სრულუფლებიანი მონაწილეობის პირობებს შექმნის. არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების შემთხვევაში, ჩვენი დაწესებულება პირველი იქნება მსოფლიოში, რომლის მმართველობა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის უმაღლესი სტანდარტით განხორციელდება.

დარბაზში ტაშმა იფეთქა, ალაგ-ალაგ სტვენა და შეკივლებაც გაისმა. სპეციალური ხალათებით შეიარაღებული საგანგებო სამსახურის თანამშრომლები დაიძაბნენ.

_ სიტყვით გამოსვლა ვის სურს? _ იკითხა პროფესორმა. რამდენიმე პაციენტმა ხელი აწია.

_ ქალბატონო მარიამ, მობრძანდით! _ ხაზგასმული მოწიწებით წარმოთქვა მთავარმა ფსიქიატრმა და სიტყვის წარმოთქმის მსურველთა შორის ერთადერთ მანდილოსანს ანიშნა, ტრიბუნასთან მისულიყო. მფრთხალი გამომეტყველების, გამხდარი, ჭაღარათმიანი ქალი წამოდგა და სცენისკენ გაემართა. მაღალი იყო. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, მხრებში გამართული მიაბიჯებდა. პაციენტებისთვის განკუთვნილი ნაკლებადლაზათიანი ფორმაც ვერ მალავდა მის კარგ აღნაგობას. სცენაზე ავიდა, ტრიბუნასთან დადგა. ჭაღარა თმების, თეთრი პირისახისა და მუქი თვალების კონტრასტი სანდომიან გამომეტყველებას ქმნიდა.

_ მე გიჟი არ ვარ! _ მშვიდად წარმოთქვა ქალმა და არაჩვეულებრივად კეთილი ღიმილით გაიღიმა. წამიერად გაიელვა მიჯრით მიწყობილ კბილთა სითეთრემ. _ მე, უბრალოდ, არ მესმის საზოგადოების და საზოგადოებას არ ესმის ჩემი… სულ ეს არის. სამაგიეროდ, ამათი მესმის, ამ გიჟების. ამათაც ესმით ჩემი. საზოგადოებას ისინი არაადეკვატურ და ასოციალურ ფენად მიაჩნია, მე კი მათში თავისუფალ პიროვნებებს ვხედავ. მე ვიქნები მათი წინამძღოლი. მე მათ დროშას დავიჭერ ხელში, რომელსაც ადამიანის სულის ფერი აქვს და ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ გვიხმობს. მე მომეცით ხმა! _ მოუწოდა მან დარბაზს და ტრიბუნიდან ჩამოვიდა.

_ მე მომეცით ხმა! _ თითქოს მარიამს გამოაჯავრაო, წამოიძახა ვიღაცამ ადგილიდან. მთავარმა ფსიქიატრმა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მიკროფონზე დააკაკუნა, რითაც დარბაზს სიწყნარისკენ მოუწოდა, მაგრამ ამან რატომღაც უარყოფითი ეფექტი იქონია. დარბაზი ერთბაშად ახმაურდა და აჩოჩქოლდა.

_ მე მომეცით ხმა!

_ მე მომეცით ხმა! _ გაჰყვიროდნენ ყოველი კუთხიდან და იატაკზე ფეხებს აბაკუნებდნენ.

მთავარი ფსიქიატრი მთელი ხმით ჩასძახოდა მიკროფონს და დარბაზს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მისი აღარავის ესმოდა. გაღიზიანებული პაციენტები მექანიკურად გაჰყვიროდნენ, _ მე მომეცით ხმა!

“ოქროს კვეთა”

ვიღაც ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა, ვიღაცამ სავარძლებზე დაიწყო სირბილი, ვიღაცამ საიდანღაც ქაღალდების დასტა გამოათრია და ჰაერში მიმოფანტა. ვიღაც სცენაზე აიჭრა და ტრიბუნა წააქცია, ვიღაცამ ფარდები ჩამოგლიჯა, ვიღაცამ შიშველი ხელებით ფანჯრის შუშები ჩალეწა, მერე დასისხლიანებული მკლავები სახეზე აიფარა და არაადამიანური ხმით აღრიალდა… და აქ მოხდა ის, რასაც იქ მყოფთა შორის ვერავინ წარმოიდგენდა. ბოლო რიგში, კუთხეში მჯდომი ახალგაზრდა დაკუნთული მამაკაცი, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, წამოდგა, აბობოქრებული ხალხის ტალღა გაარღვია, სცენაზე ავიდა, მთავარი ფსიქიატრის გვერდით დაჯდა, მიკროფონი თავისკენ მიაბრუნა და მთელი ხმით ჩასძახა:

_ სიჩუმე იყოს!

და… ჰოი, საოცრებავ, დარბაზი გაირინდა. ყოველი მათგანი იმ პოზაში გაშეშდა, რომელშიც ამ ჯადოსნურმა სიტყვებმა მიუსწრო. ზოგს ორივე ხელი მაღლა აეშვირა, თავი უკან გადაეწია, თითქოს ფართოდ დაღებული პირიდან საშინელი ღრიალი უნდა ამოუშვასო; ზოგი წელში მოხრილი იდგა, თითქოს იატაკზე დაგდებული რომელიღაც საგანი უნდა აიღოსო. ეს ყველაფერი თეატრალურ სცენას ჰგავდა, რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად ერთბაშად გაყინულს, გაქვავებულს, გამოქანდაკებულს…

დაკუნთული ახალგაზრდა, რომელმაც ასე დიდი გავლენა იქონია დარბაზზე, მთელი ტანით წამოიმართა, მძიმე მუშტი მაგიდაზე მოწყვეტით დაახეთქა და მქუხარე ხმით დაიგრგვინა:

_ მე ვარ წინამძღოლი!

გაშეშებულ დარბაზში არავინ განძრეულა, არც სიჩუმე დაურღვევია ვინმეს, სანამ მან, ვისაც ჩამსხვრეული მინისგან დაჭრილ-დასისხლიანებული მკვლავები სახეზე ჰქონდა აფარებული, ხელები ძირს არ ჩამოუშვა, სისხლით მოთხვრილი სახე დაკუნთული ყმაწვილისკენ არ მიაბრუნა და შიშჩამდგარი თვალებით არ შეათვალიერა.

ის თეატრალური გაშეშება, ის რეჟისორული სიჩუმე, დარბაზში რომ დაესადგურებინა, ამ დასისხლიანებული და მეტისმეტად შეჭირვებული ადამიანის გულის სიღრმიდან ამოხეთქილმა შეძახილმა გაჰკვეთა:

_ წინამძღოლს გაუმარჯოს!

სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ახალგაზრდებს თითქოს მამულის დასაცავი მძიმე ბრძოლებისკენ უხმესო, დარბაზი ლამის დაანგრია თავისუფლებამოწყურებული და უკიდეგანო დარდისგან გამოხრული ადამიანების შეძახილმა:

_ წინამძღოლს გაუმარჯოოოს!

მთავარი ფსიქიატრი წამოდგა და, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, როდესაც დარბაზი ოდნავ დაცხრა, ხმამაღლა და გამოკვეთილად გამოაცხადა:

_ თუ საერთო სურვილია, რომ ბატონი ოთარ კანდელაკი იყოს თქვენი წინამძღოლი, მოდი, იგი ოფიციალურ კანდიდატად დავასახელოთ, თანახმა ხართ?

_ თანახმა ვართ!

_ თანახმა ვართ!

გუგუნებდა დარბაზი ყოველი კუთხიდან.

_ ესენი მე მიჭერენ მხარს! _ გაისმა ამ დროს მარიამის ხმა, რომელიც წამოდგა და მის გვერდით მსხდომ პაციენტებზე მიანიშნა.

_ ჩვენ მარიამს ვუჭერთ მხარს…

_ მარიამი გვინდა წინამძღოლად! _ აყაყანდნენ მარიამის ირგვლივ მსხდომნი.

_ მაშინ ქალბატონ მარიამ სხირტლაძის კანდიდატად დასახელებასაც ვუყაროთ კენჭი! _ თქვა კრების თავმჯდომარემ და დარბაზს შეეკითხა:

_ თანახმა ხართ?

_ თანახმა ვართ! _ კვლავ აგუგუნდა დარბაზი, რომელიც წამის წინ სხვა კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა ერთხმად.

_ მაშ ასე, ჩვენი ფსიქიატრიული დაწესებულების წინამძღოლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებად ოფიციალურად დასახელებულნი არიან დაწესებულების პაციენტები _ ოთარ კანდელაკი და მარიამ სხირტლაძე. ხვალიდან ამ დარბაზში ორივე კანდიდატის საარჩევნო შტაბი იმუშავებს! _ დაასკვნა თავმჯდომარემ და კრება დახურულად გამოაცხადა.

მეორე დღეს, დილიდანვე, ორივე კანდიდატის მომხრეები სააქტო დარბაზისკენ დაიძრნენ, მაგრამ ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ვესტიბიულში იატაკზე მსხდომი პაციენტების ჯგუფი დახვდათ გაშლილი ტრანსპარანტებით:

ძირს ფალსიფიცირებული არჩევნები!

ჩვენ მოვითხოვთ დემოკრატიას!

ნუ გვართმევთ გამოხატვის უფლებას!

_ რა ხდება, რაშია საქმე? _ იკითხეს კანდელაკისა და სხირტლაძის მხარდამჭერებმა.

_ გუშინ ალექსანდრე სავანელის მიერ მოწყობილი პოლიტიკური სპექტაკლის გამო, რომელმაც შელახა დაწესებულების პაციენტთა სამართლიანი ინტერესები, ჩვენ უვადო შიმშილობა გამოვაცხადეთ, _ შავი თვალების ბრიალითა და თითების კრუნჩხვით წარმოთქვა გოგონამ, რომელიც ზედ კართან საკმაოდ შელანძღულ, ზოლებიან ლეიბზე იწვა და ზემოდან კუბოკრული, გახუნებული პლედი ჰქონდა გადაფარებული.

_ რომელი უფლებები, რაზეა საუბარი? _ იკითხეს დაბნეულმა მხარდამჭერებმა.

_ ჩვენ შევისწავლეთ გუშინ დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიები. ისინი აბსოლუტურად არ შეეფერებიან წინამძღოლის სტატუსს. ბატონი ოთარ კანდელაკი სანამ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდებოდა, ხულიგნობისთვის იხდიდა სასჯელს შრომაგასწორებით კოლონიაში. რაც შეეხება ქალბატონ მარიამს, საბჭოთა პერიოდში იგი კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობდა აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილებაში. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს ქალბატონი ჩვენს დაწესებულებაში რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ საჯაშუშოდ არის შემოგზავნილი. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მარიამ სხირტლაძე საერთოდ არ არის ჩვენი პაციენტი. ფსიქიატრიის თვალსაზრისით, იგი სრულიად ჯანმრთელი ადამიანია. გესმით, რა მასშტაბისაა ცინიზმი, რომელსაც დაწესებულების ხელმძღვანელობა ჩვენ მიმართ იჩენს? თითქოს ჩვენი პრობლემები გვაკლდეს, ჯანმრთელ ადამიანებს გვაპარებენ. იმას კი არად დაგიდევენ, რა მძიმეა ჩვენთვის ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანის გვერდით ყოფნა. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვყავს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი, რომლის სრულ სიგიჟეში ვერც ერთი ფსიქიატრი ეჭვს ვერ შეიტანს _ მიხეილ დაუოკებელი. ბატონი მიხეილი ამჟამად, მართალია, საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ იგი ჩვენი ფსიქიატრიული დაწესებულების სტაჟიანი პაციენტია. მას სუფთა ბიოგრაფია აქვს. მიხეილი ნამდვილი გიჟია, გენეტიკური გიჟი. მსოფლიო რომ შემოიაროთ, მისნაირ ბაჯაღლო გიჟს ვერსად იპოვით. აი, ვინ უნდა იყოს ჩვენი წინამძღოლი!

ამ მომენტში ოთარ კანდელაკიც გამოჩნდა, შავთვალა გოგონას თავზე დაადგა და აგდებით უთხრა:

_ აბა, ჩქარა ადექი და ამ შენს გიჟებთან ერთად აქედან ისე დაიკარგე, არჩევნებამდე თვალი არსად მოგკრა! გესმის?

_ მესმის, _ ნახშირივით შავი თვალები ქვემოდან ამოჰყურებდა ზორბა და დაკუნთულ კანდიდატს, _ ვდგები.

გოგონამ კუბოკრული პლედი გადაიძრო, დიდი ზომის ზოლებიან პიჟამოშიც ჩანდა, რომ არაბუნებრივად გამხდარ-გამოფიტული სხეული ჰქონდა. სახითაც საშინლად გამხდარი იყო. ღრმა ფოსოები და ჩაცვენილი ლოყები ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა, თითქოს ადამიანის სახე კი არა, ცარიელი თვალები გიყურებდა _ ჩაშავებულუპეებიანი, უზარმაზარი, შავი და გამჭოლი თვალები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ ადამიანის გაბურღვა.

_ ავდექი. ახლა რა ვქნა? _ თავაზიანად ჰკითხა მან მომხდურს.

_ ხომ გითხარი, ამ შენ გიჟებთან ერთად აქედან უნდა დაიკარგო! _ იყო პასუხი.

_ ეაოუუუ… _ უცებ აღმოხდა გოგონას უსაშინელესი ხმა ყველა იმ ხმათა შორის, რომელიც კანდელაკის ყურს ოდესმე სმენოდა. მან ელვის სისწრაფით ისკუპა და მოწინააღმდეგეს ფოცხვერივით შეაფრინდა მკერდზე. გრძელი და დაკრუნჩხული თითებით, რომლებიც დანასავით წაწვეტებული ფრჩხილებით მთავრდებოდა, სახე თვალის დახამხამებაში ჩამოჰკაწრა, მერე ყელში სწვდა, კბილებით ცხვირზე ჩააფრინდა და საზარლად აღმუვლებული მსხვერპლი ძირს დასცა. დაკრუნჩხულ თითებს თანდათან უჭერდა ყელზე, სანამ ოთხივე კიდურით აფართხალებულმა მსხვერპლმა თვალები არ გადმოკარკლა და ხროტინი არ დაიწყო.

აქ კი ამოქმედდნენ საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც გააფთრებული პაციენტი მსხვერპლს მოაცილეს, სპეციალური ხალათი ჩააცვეს და შეჰკრეს.

ალექსანდრე სავანელის “დემოკრატია და ლიბერალიზმი” იქამდე კიოდა და ფართხალებდა გიჟის ხალათში, სანამ მოზრდილი ნემსი არ უთავაზეს ლამის მიმხმარ დუნდულში. სახეჩამოფლეთილი და სიმწრისგან აბღავლებული კანდელაკი სხვა ხალათით შეჰკრეს და, მძიმე გამაყუჩებლით მოთენთილს, სახეზე ღრმა იარების დამუშავება დაუწყეს. მთავარი ფსიქიატრი, მართალია, ნერვიულობდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ თანდათანობით ყველაფერი ნამდვილ არჩევნებს ემსგავსებოდა…

სააქტო დარბაზის შესასვლელთან მოშიმშილეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. საარჩევნო შტაბში არავის უშვებდნენ, ამიტომ ოფიციალური კანდიდატების მხარდამჭერები ხან სად იკრიბებოდნენ, ხან სად… მკურნალობის პროცესი მოიშალა. არავის ახსოვდა ექიმი… პაციენტი… წამალი… ყველა საარჩევნო ციებ-ცხელებით იყო შეპყრობილი.

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებით ჟურნალისტები დაინტერესდნენ. ერთ-ერთი ტელეარხის ხელმძღვანელმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შორის ტელედებატების გამართვა გადაწყვიტა. გადაცემას მთელი კვირის განმავლობაში რეკლამა უძღვოდა, რადგან ამ გადაცემაზე ამყარებდნენ ტელეარხის დაღმა მიმავალი რეიტინგის ამოქაჩვის იმედს. მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ტელევიზიით გიჟები უნდა გამოეყვანათ და ეს ამბავი ყველას ახალისებდა.

ალექსანდრე სავანელმა გადაცემის დაწყებამდე კანდიდატებთან შეხვედრა გამართა. მთავარ ფსიქიატრთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ კანდიდატად არ იყო დასახელებული, მიხეილ დაუოკებელის წარმომადგენელიც დაუშვეს _ ის გოგონა, რომელმაც ოთარ კანდელაკი დაკბინა. სავანელმა ისინი თავის კაბინეტში მიიწვია, სათითაოდ მიესალმა, სკამი შესთავაზა და წინასაარჩევნო განწყობილების შესახებ შეკითხვა დაუსვა. შეკითხვის პასუხად მარიამის ოდნავ ხელოვნური კისკისი გაისმა.

_ ხომ გაიგეთ, მე თურმე გიჟი არ ვყოფილვარ, _ კისკისებდა და ხაზგასმულად კეკლუცობდა, _ გიჟი არ არისო, წარმოგიდგენიათ?!

_ დამშვიდდით, ქალბატონო მარიამ, რაც არ უნდა ილაპარაკონ, ფაქტია, რომ ყოველ ადამიანში არის შიზოფრენიის მსუბუქი მუხტი, _ თქვა მთავარმა ფსიქიატრმა, მაგრამ მცირეოდენი დაფიქრების მერე ეს სამეცნიერო ტერმინი ჩვეულებრივი, ხალხური ლექსიკით ჩაანაცვლა, _ ჩვენ ყველანი გიჟები ვართ, ნამდვილი გიჟები.

შემდეგ მიხეილ დაუოკებლის წარმომადგენელს მიუბრუნდა:

_ ბატონ მიხეილის კანდიდატურის დაყენებას თუ აპირებდით, რატომ არ გვითხარით, ჩვენ ამას მიღებული წესის შესაბამისად, ოფიციალურად გავაფორმებდით.

_ ბატონი მიხეილი არასოდეს იქცევა წესების შესაბამისად, იგი ყველაფერს რევოლუციურად წყვეტს, _ თქვა გოგონამ.

_ ყველაფერი კარგად იქნება, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა სავანელმა. _ ტელევიზიისთვის ხომ ემზადებით, საღამოს გადამღები ჯგუფი მოვა.

_ კი, ვემზადები, _ კვლავ აკისკისდა მარიამი, _ თეთრ კაბას ჩავიცვამ, თმებში გვირილები მექნება ჩაწნული.

_ კარგია, _ მოუწონა სავანელმა.

მარიამმა სიცილ-კისკისი ერთბაშად შეწყვიტა, უცებ მოიწყინა და ცრემლები გადმოყარა.

_ უმრავლესობა გიჟები ვართ, მაგრამ მაინც გვავიწროვებენ, ბატონო ალექსანდრე, გვამცირებენ და გვტანჯავენ, _ წუხდა იგი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

_ ვინ, ქალბატონო მარიამ, ვინ გტანჯავთ გიჟებს? _ მზრუნველი ხმით ჰკითხა ექიმმა.

_ ნორმალური უმცირესობა, _ ცრემლებს ყლაპავდა ჩაგრული უმრავლესობის წარმომადგენელი.

_ შენც ხომ ემზადები სატელევიზიო გადაცემისთვის? _ კანდელაკისკენ შებრუნდა ფსიქიატრი. ოთარი ლეიკოპლასტირით დაფარულ ნაიარევებზე კარგახანს ისვამდა თითებს, მერე კი დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა.

_ მოვკლავ!

_ ბოდიშს მოვახდევინებ, _ შეჰპირდა სავანელი.

_ კარგი, _ დათანხმდა ოთარი.

_ ვერ ეღირსებით! _ კბილებში გამოსცრა მიხეილ დაუოკებლის წარმომადგენელმა.

_ ჩვენ გიჟები ვართ, ტელევიზიით ვინ გამოგვიყვანს?! _ მარიამმა ეჭვქვეშ დააყენა სატელევიზიო გადაცემის რეალურობა.

_ იყავით გიჟები, ვინ გიშლით, მაგრამ მოიქეცით ისე, როგორც ნორმალურები იქცევიან! _ დაარიგა მთავარმა ფსიქიატრმა.

ტელევიზიიდან მოსული გადამღები ჯგუფის წევრებმა მთავარი ფსიქიატრის სამუშაო კაბინეტი დროებით სტუდიად გადააკეთეს. ავეჯი გადააადგილეს, ოთახის შუაში სავარძლები განათავსეს, გასანათებელი მოწყობილობები დააყენეს, კამერები დაამონტაჟეს, გადაცემის გრიმწასმული მონაწილეები სტუდიაში დასვეს და ეთერი ჩართეს.

წამყვანმა, ბლანჟემოშვებულმა ახალგაზრდამ, რომელიც თვალებს ჩვეულებრივზე ხშირად ახამხამებდა და სახიდან გაკვირვებული კაცის გამომეტყველებას ვერ იცილებდა, ასეთი შესავალი გააკეთა:

_ საღამო მშვიდობისა, ვიწყებთ მსოფლიოში უპრეცედენტო შოუს. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტებს ღია ეთერში გასვლის საშუალებას ვაძლევთ და ამით საზოგადოებას დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტს ვთავაზობთ… ერთ-ერთ მათგანს, მიხეილ დაუოკებელს, რომელიც სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ ფსიქიატრიული დაწესებულების წინამძღოლობაზე აქვს პრეტენზია, ჩვენ სკაიპით ჩავრთავთ.

რეჟისორმა კადრში მიხეილ დაუოკებლის გამოსახულება აჩვენა, რომელიც პირაქაფებული ლაპარაკობდა, მაგრამ ხმა არ ისმოდა. სახე ცხენივით ჩამოგრძელებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს გამწარებული ლაგამს ღრღნიდა.

ოთარ კანდელაკმა წამყვანს სიტყვის დამთავრება არ აცალა, წამოხტა, მასთან მიიჭრა და პიჯაკზე მიმაგრებულ მიკროფონზე წაეპოტინა. წამყვანმა მოგერიება იმით სცადა, რომ ანიშნა, ასეთივე მიკროფონი თქვენც გიკეთიათო. კანდელაკმა მკერდზე დაიხედა, შემდეგ მიკროფონი მოიგლიჯა, პირთან ახლოს მიიტანა და ხმამაღლა ალაპარაკდა.

_ გიჟებს გაუმარჯოს, ყველაზე დიდ სიმართლეს გიჟები ამბობენ, _ მერე კოლეგებს გადახედა, _ ასე არ არის? _ გიჟებმა თავის კანტურით დაუდასტურეს ნათქვამი. _ ჰოდა, მე გეტყვით ყველაზე დიდ სიმართლეს. ჩვენ შეიძლება, გიჟები ვართ, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. უბედურება ის არის, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ. ყველა, მთელი საზოგადოება, მატყუარა და დამნაშავე ადამიანებად ჩამოვყალიბდით. მთელი ჩვენი ცხოვრების წესი დანაშაულებრივია.

შემდეგ აქეთ-იქით ყურება დაიწყო, თვალი ერთ-ერთ ტელეკამერას დაადგა, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მაშინ შეჩერდა, როდესაც მისი პორტრეტი ეკრანზე მსხვილი ხედით გამოისახა.

_ არჩევნებიც, რომელსაც ამ დღეებში ჩავატარებთ, დანაშაულებრივია, რადგან იგი ვერ იქნება ხალხის ნების გამომხატველი, გესმით?!

_ გათიშეთ ეთერი! _ ჩასჩურჩულა გადაცემის პროდიუსერმა რეჟისორს, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო საჭირო, ვინაიდან სწორედ ამ დროს შემოანგრია კარი დაწესებულების ყველაზე აგრესიულმა დაჯგუფებამ, რომელიც წინამძღოლობის კანდიდატებს სავანელთან სამარცხვინო გარიგებაში, უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და, საბოლოო ჯამში, როგორც თვითონ ამბობდნენ, კოლაბორაციონიზმში ამხელდა.

მთავარი ექიმის კაბინეტი რამდენიმე წამში ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ოთახში შემოჭრილებმა ტელეკამერები წააქციეს, სახელდახელოდ დამონტაჟებული მოწყობილობები მიანგრ-მოანგრიეს და გადაცემის მონაწილეებს დაესხნენ თავს. ოთარ კანდელაკი რამდენიმეს გაუსწორდა, მაგრამ ისინი ბევრნი და აგრესიულები იყვნენ. ცოტა ხანში ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძოდა. თავპირდამტვრეული და დასისხლიანებული ადამიანები, გაშმაგებულნი და გამძვინვარებულნი, დაუნდობლად უშენდნენ ერთმანეთს, რაც ხელში მოჰყვებოდათ. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ აგრესიული ავადმყოფების განეიტრალებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. წაქცეული გასანათებელი მოწყობილობებისგან, რომლებიც იატაკსა და ხალიჩებზე ეყარა, ცოტა ხანში ხანძარმა იფეთქა…

ყველა გასასვლელს მიაწყდა. დაიწყო ზედახორა. თვითგადარჩენის ინსტინქტით აღძრულმა ადამიანებმა ერთმანეთი გადათელეს. ხანძარი მთელ შენობაში გავრცელდა. ყველა სართულზე, ყველა კარიდან და ყველა ფანჯრიდან ცეცხლის ალმა გამოყო ენა… უბედურებაში მოყოლილი ადამიანების წივილ-კივილსა და გმინვა-კვნესას ფსიქიატრიული დაწესებულების შენობასთან მობილიზებული სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების სირენის გამაყრუებელი ხმაც ვერ ახშობდა…

სასწრაფოდ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობაც და დაღუპულ და დასახიჩრებულ პირთა ვინაობაც მესამე დღეს გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ოთარ კანდელაკი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით დაიღუპა, მარიამ სხირტლაძე რაღაც სასწაულით გადარჩენილა და, უმძიმეს დეპრესიაში ჩავარდნილი, ქალაქის რომელიღაც კლინიკაში მოხვედრილა, ხოლო მიხეილ დაუოკებლის წარმომადგენელი შავთვალა გოგონა მთავარ ფსიქიატრ ალექსანდრე სავანელს მისი ფიზიკური განადგურების მიზნით დასხმია თავს, მაგრამ ორთაბრძოლაში პროფესორს გოგონა სასიკვდილოდ დაუჭრია, თვითონ კი საზღვრის გადალახვა და ქვეყნიდან გადახვეწა მოუსწრია.

ტრაგედიიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ პრესაში ფსიქიატრთა საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური განცხადებაც გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოუმზადებელ გარემოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სახიფათოა.

ვალერი კვარაცხელია

P.S. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გასულ კვირას ნათქვამი ორი წინადადება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ რა რთულ და სახიფათო ფაზაში შედის მსოფლიო:

1.ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო კავშირი, პუტინმა უპასუხა: “Мы в общем в этом не нуждаемся, но теоретически вполне можно себе такое представить”.

2.”Тревожный фон усиливает ощущение, что мы не просто на пороге кардинальных перемен, а эпохи тектонических сдвигов”.

ტექტონური ძვრები მცირერიცხოვანი ერებისთვის, რა თქმა უნდა, ეგზისტენციურ მნიშვნელობას შეიძენს, ანუ ყოველ მათგანს ყოფნაარყოფნის წინაშე დააყენებს. ჩვენ კითუმცა, ჩვენ ჯერ არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. მშვიდობიან არჩევნებს გისურვებთ!

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here