Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1944
ვალერი კვარაცხელია

მეთექვსმეტე გადაცემა

საბედისწერო მსგავსება ორი მესაფლავისა

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია გადაცემაოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში (შეგნებულად არ ვაკონკრეტებ) მომიწია მისვლა, სადაც ექიმთან კონსულტაციის საფასურის გადახდის პარალელურად შემომთავაზეს, ხელი მომეწერა ერთ ფურცელზე, რომელზეც შემდეგი შინაარსის ტექსტი ეწერა:

პაციენტი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ სამედიცინო დაწესებულება მოახდენს, მისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პაციენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და გამოყენებას. აქვე, პაციენტი აცხადებს თანხმობას, რომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი ბიოლოგიური მასალისა და პერსონალური მონაცემების გადაგზავნა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაზეც პაციენტი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აცხადებს თანხმობას”.

რა არის ეს?

რას ნიშნავს ეს?

რა იმალება ამის უკან?

ამ ამბავმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან შეხვედრაზე გაკეთებული ერთი უცნაური განცხადება გამახსენა:

ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: _ მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ ბიოლოგიურ მასალებს იმ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში ცხოვრობენ. აი, შეკითხვა _ რისთვის აკეთებენ ამას ასე მაღალპროფესიულად და მიზანმიმართულად?

ვალერი კვარაცხელია: _ პუტინის ამ განცხადებას, ბუნებრივია, რუსეთში დიდი რეზონანსი ჰქონდა. პრეზიდენტის მიერ დასმულ შეკითხვას ერთ-ერთმა რუსმა მეცნიერმა ნაწილობრივ გასცა პასუხი.

ვალერი ილინსკი
ვალერი ილინსკი

ვალერი ილინსკი, გენეტიკოსი: _ როგორც ჩემთვის შეიქნა ცნობილი, რუსეთში ამ მიმართულებით ორი ცენტრი მუშაობს _ მოსკოვსა და პეტერბურგში. ისინი ბიომასალების შეგროვებით არიან დაკავებულნი, რომლებსაც შემდეგ აშშ-ში გზავნიან. იქ ატარებენ გამოკვლევებს, რომელთა მიზანია რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა გენეტიკური თავისებურებების შესწავლა. მათ შორის, იმის შესწავლაც, რომელი დაავადებები უფრო ვრცელდება მათში.

ვალერი კვარაცხელია: _ რუსეთის პირველი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში კი ასე ითქვა.

რუსეთის ტელევიზიის 1 არხი: _ არ არის გამორიცხული, რომ ეს ისეთი ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან იყოს დაკავშირებული, რომელიც გარკვეული ეთნიკური ჯგუფებისთვის იქნება გამიზნული. შემოაგდებენ რომელიმე ვირუსს, რომლითაც, მაგალითად, რუსი ეროვნების ადამიანები დასნეულდებიან, დანარჩენი _ არა.

სერგეი კისელიოვი
სერგეი კისელიოვი

სერგეი კისელიოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვავილოვის სახელობის გენეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი: _ 25 წელიწადზე მეტია, რაც რუსეთიდან ამერიკელებს ასეთი სახის მასალა გააქვთ. ახლა ეს აიკრძალა, მაგრამ ამერიკელთა ინტერესი ამით არ გამქრალა.

იაკობ კედმი
იაკობ კედმი

იაკობ კედმი, ისრაელის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი 1992-99 წწ.: _ აშშ-ში სხვადასხვა ქვეყნიდან გატანილი ბიომასალით, სამედიცინო ცენტრებთან ერთად, პენტაგონიცაა დაინტერესებული.

რუსეთის ტელევიზიის 1 არხი: _ ამერიკელები განსაკუთრებულ დაინტერესებას იმ რეგიონების მიმართ იჩენენ, რომლებშიც სამხედრო და ბირთვული ობიექტებია განთავსებული. 2015 წელს ერთერთი რუსული კომპანია ცდილობდა, გაეტანა 250 კილოგრამი (20 000 სხვადასხვა ნიმუში) სისხლი, რომელიც აღებული იყო ონკოლოგიური პაციენტებისგან ნიჟეგოროდში. 2016 წელს ათასობით გენეტიკური სინჯის გატანა აღკვეთეს მურმანსკის, არხანგელსკის, სვერდლოვსკის, სამარის ტერიტორიებიდან.

ვალერი კვარაცხელია: _ ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვკითხულობთ.

TVZVEZDA.RU: _ შეიარაღებაში მკვლელი გენების არსებობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, შესაძლებელია მსოფლიოს მართვა. ამასთანავე, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება დადგენა და დამტკიცება, ვინ შექმნა და გამოიყენა ეს საშინელი იარაღი, ვინაიდან მისი გამოყენება შენიღბული იქნება ამა თუ იმ ეპიდემიითა და მოსახლეობის მასობრივი სიკვდილით. ამასთანავე, ამ იარაღს, შესაძლებელია, ჰქონდეს ნაგვიანევი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგი დადგება მისი გამოყენებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ, ანუ იმუშავებს შენელებული მოქმედების ნაღმის პრინციპით.

ვალერი კვარაცხელია: _ ეჭვგარეშეა, რომ სადღაც ვიღაც მუდმივადზრუნავსჩვენზე _ ადამიანთა მოდგმაზე. ფიქრობს, როგორ დაგვხოცოს სწრაფად და იაფად, თანაც ისე, რომ არ გააფუჭოს არაფერი, რათა მის საკუთრებაში დარჩეს სიმდიდრისა და სილამაზის მთელი ის ღირსშესანიშნაობანი, რომლებიც ადამიანის ხელითაა შექმნილი. მეცნიერთა მთელი პლეადა, თავიანთი ინსტიტუტებითა და სუპერთანამედროვე ლაბორატორიებით მუშაობენ ამ საკითხებზე, ანუ, როგორც გითხარით, მუდმივადზრუნავენჩვენზე

ჰოდა, აგერ, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში, ლამაზი და მომხიბლავი ქართველი გოგონა მაწვდის დაწესებულების ემბლემიან ქაღალდს და უმანკო გამომეტყველებით მთავაზობს, ხელი მოვაწერო საშინელი ქართული ენით შედგენილ მოკლე ტექსტს, რომლის შინაარსი უფრო საშინელია…

ტექსტს ვკითხულობ და გაოგნებული ვეკითხები:

_ ეს რა არის?

_ ამას აქ შემოსულმა ყველა პაციენტმა უნდა მოაწეროს ხელი! _ მიხსნის იგი ისე, რომ მაგრძნობინოს, ეს რა სულელური შეკითხვა დამისვიო.

რა ვიცი, იქნებ მართლაც სულელური შეკითხვა დავსვი, თავად განსაჯეთ…

ამით ამოვწუროთ ეს საკითხი და სხვა თემებზე გადავიდეთ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის 3 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გადადების იდეით გამოვიდა. მიზეზად მან პანდემიის მოსალოდნელი მეორე ტალღა და, ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში, არჩევნებში სხვა ქვეყნების _ რუსეთისა და ჩინეთის ჩარევის საფრთხე დაასახელა.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი, აშშის პრეზიდენტი: _ გადავდოთ არჩევნები იქამდე, როდესაც ხალხს ხმის მიცემის ნორმალური და უსაფრთხო პირობები შეექმნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ეს ყველაზე ბინძური არჩევნები აღმოჩნდეს ისტორიაში.

ვალერი კვარაცხელია: _ დასავლურმა პრესამ ტრამპის განცხადება ასე შეაფასა.

BBC: _ ეს არ არის გამარჯვებაში დარწმუნებული კანდიდატის განცხადება.

ვალერი კვარაცხელია: _ ტრამპმა, როდესაც ნახა, რომ მისმა წინადადებამ არჩევნების გადადების შესახებ ვერც მხარდაჭერა ჰპოვა და ვერც სასურველი ეფექტი შექმნა, განცხადების შინაარსი შეცვალა.

დონალდ ტრამპი: _ არ მინდა არჩევნების გადადება, დაე, ჩატარდეს 3 ნოემბერს, მაგრამ არც ის მინდა, რომ მსოფლიოს დასაცინი გავხდეთ.

ვალერი კვარაცხელია: _ აქედანვე ჩანს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ისთვის, შესაძლებელია, საბედისწერო აღმოჩნდეს.

მოხდა ის, რაც აშშ-ის ისტორიაში, დიდი ხანია, არ ყოფილა. დაირღვა ერთპარტიულობის პრინციპი. დიახ, დიახ, ერთპარტიულობის პრინციპი. აშშში თითქმის საუკუნეა, რაც ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდა. აშშ მართავს კაპიტალისტური პარტია, რომლის ფრაქციებსაც წარმოადგენენ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები. ისინი მორიგეობით იმარჯვებენ არჩევნებში და ემსახურებიან კაპიტალისტური სისტემის განმტკიცების მათთვის წმიდათაწმიდა საქმეს. ანუ, ამ ორ პარტიას შორის, მიუხედავად რესპუბლიკელების ტრადიციული და დემოკრატების პროგრესისტული შეფერილობებისა, იდეოლოგიური განსხვავება არ არის. მათ შორის იდეოლოგიური დაპირისპირება ფასადური დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც რეალურად არ არსებობს. ამ ორმა თაღლითმა პარტიამ, ასე შესანიშნავად გათამაშებული პოლიტიკური თვალთმაქცობის გამოყენებით, რომელიც მოჩვენებითად ორპარტიულ, სინამდვილეში კი ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, თავიანთთვის უაღრესად ხელსაყრელი და იდილიური გარემო შექმნეს, რომლითაც ამერიკელ ხალხს ძალიან დიდხანს აყარეს თვალში ნაცარი. მაგრამ სამყაროში, სადაც მუდმივი არაფერია, რაღა ამერიკული პოლიტიკური შულერობა იქნებოდა მარადიული.

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, იდილია დაირღვა _ ტრამპი კაპიტალიზმის ისეთ ნერვს შეეხო, რომელმაც შოკური ტკივილი გამოიწვია. კერძოდ: ტრამპმა ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდანვე დაიწყო მოქმედება აშშის ეკონომიკის ასაღორძინებლად, რითაც, როგორც ირკვევა, დაუპირისპირდა ინტერესებს ამერიკული პოლიტიკის უკან მდგომი და კულისებიდან მმართველი ფინანსური ჯგუფისა, რომელიც ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით მსოფლიო ფინანსების საკუთარ ხელში კონცენტრირებას ელტვის. მათთვის არაა მომგებიანი ის, რასაც ტრამპი შეეჭიდა. პირიქით, ტრამპის პოლიტიკა, გამოხატული სამ ძირითად მიმართულებაში _ ნატოს იგნორირება, ევროპის კურატორის როლზე უარის თქმა და მსოფლიო ჟანდარმობაზე ხელის აღება, მათ ინტერესებს პირდაპირ დაეჯახა, ვინაიდან სამივე ეს მიმართულება მათთვის ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების მექანიზმები იყო, რომლის გარეშეც მსოფლიო კაპიტალის მათ ხელში კონცენტრირება შეუძლებელია. ამიტომ, არა რესპუბლიკური პარტიის, არამედ პირადად ტრამპის დაპირისპირება, არა მხოლოდ დემოკრატიულ პარტიასთან, არამედ მსოფლიოს არაფორმალურ მთავრობასთან სამკვდროსასიცოცხლო ხასიათს იღებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამერიკულ იმპერიალიზმს უპირისპირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის ინტერესების წინა პლანზე წამოწევით ამერიკული იმპერიალიზმი იმ ტრანსნაციონალურ ძალებთან დააპირისპირა, რომლებიც საკუთარ თავს მსოფლიოს მთავრობად აღიქვამენ.

ჩემი ღრმა რწმენით, ტრამპი ამას შეუგნებლად და გაუცნობიერებლად აკეთებს. მისი განცხადებები და მოქმედებები ისეთი აბსურდული და არათანმიმდევრულია, რომ სხვაგვარად ფიქრის საშუალებას არ გვიტოვებს. მაგალითად, ტრამპი უარს აცხადებს მსოფლიო ჟანდარმობაზე, მაგრამ ლამის მთელ მსოფლიოს სანქციებს უწესებს; ტრამპი უარს აცხადებს ევროპის კურატორობაზე და ამერიკის სამხედრო კონტინგენტი გაჰყავს გერმანიიდან, მაგრამ პარალელურად ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ რუსული ბუნებრივი აირის _ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის პროექტი ჩაშალოს. ეს ყველაფერი პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას ისე არათანმიმდევრულსა და ეკლექტიკურს ხდის, რომ გაუგებარი რჩება, რა უნდა მას საბოლოოდ. ასე რომ, ძნელია, ამ უთავბოლო პოლიტიკოსში (თანაც, მილიარდერში) კაპიტალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი დაინახო, მაგრამ ეს ამბავი სულაც არ გამორიცხავს, რომ იგი ისეთივე მესაფლავე აღმოჩნდეს აშშისა და ამერიკული კაპიტალიზმისა, როგორი ბრიყვი მესაფლავეც გორბაჩოვი გამოდგა საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმისა. ამ ორ ისტორიულ პიროვნებას შორის საბედისწერო მსგავსება თვალშისაცემია.

პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ახლა არა მხოლოდ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, არამედ პანდემია და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიც ამუშავდა. ცხადია, ტრამპის წინააღმდეგ მუშაობს აშშ-ში რასობრივ ნიადაგზე წარმოქმნილი ქაოსიც, ანუ მის წინააღმდეგ ახლა მთელი ობიექტური რეალობა აღდგა. ასე რომ, ექსტრავაგანტური ტრამპი, რომელიც ოთხი წლის წინათ ამერიკელ ხალხს აუხსნელი ტრიუმფით მოევლინა პრეზიდენტად, ახლა დაუძლეველი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

ახლა მთელი ამერიკაც დაუძლეველი პრობლემების წინაშე დგას, ვინაიდან შეიქმნა სიტუაცია, როდესაც არჩევნებში მონაწილე არც ერთ მხარეს უკანდასახევი გზა არ აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ არც ერთი მხარე დამარცხების აღიარებისთვის მზად არ არის. ორივე მხარე ძალადობისკენ გაცილებით მეტადაა მიდრეკილი, ვიდრე დამარცხების აღიარებისკენ.

არ არის ძნელი წარმოსადგენი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამარცხებულად გამოცხადებული მხარე თავის მომხრეებს მარცხის არაღიარებისკენ მოუწოდებს და ეს საარჩევნო ქაოსი რასობრივ ნიადაგზე აღმოცენებულ ქაოსს დაემატება. ეს გლობალურ სამოქალაქო, დაპირისპირებას გამოიწვევს, რომელმაც უზარმაზარი ზესახელმწიფო, შესაძლებელია, დაშლამდეც კი მიიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოველმხრივ კრიზისში შესული ეს ურჩხული მსოფლიოს მაჯლაჯუნასავით აწევს თავსა და მხრებზე, მისი დაშლა სულაც არ იქნება ის სანატრელი მოვლენა, რომლის შემდეგაც შვებით ამოსუნთქვას შევძლებთ. მსოფლიოსთვის ეს გაცილებით რთულ ვითარებას შექმნის, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლამ შექმნა, რადგან საბჭოთა კავშირის მთელი ბირთვული არსენალი რუსეთში იყო კონცენტრირებული, რომელიც არ დაშლილა, ხოლო აშშ-ის ბირთვული არსენალი სხვადასხვა შტატშია გაფანტული. იმედია, საქმე აქამდე არ მივა, თუმცა გამორიცხვა მოვლენათა ამგვარი განვითარებისა ძნელია. დავანებოთ თავი აშშ-ის დაშლას, მაგრამ დღეს ამერიკა უდიდესი კრიზისის წინაშე რომ დგას, ფაქტია. ამ უზარმაზარი იმპერიის კრიზისი აუცილებლად იქცევა უამისოდაც კრიზისული მსოფლიოს ახალ, მასშტაბურ კრიზისად. ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი, “გლორია ჯინსის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვლადიმერ მელნიკოვი ამბობს.

ვლადიმერ მელნიკოვი

ვლადიმერ მელნიკოვი, რუსი ბიზნესმენი: _ ამერიკა თუ წაიქცევა, მსოფლიო მოკვდება!

ვალერი კვარაცხელია: _ შეიძლება გადაჭარბებულია ასეთი წარმოდგენა, მაგრამ ბიზნესმენი ასე მსჯელობს.

ვლადიმერ მელნიკოვი: _ ამერიკის ეკონომიკა მიათრევს მსოფლიო ეკონომიკას. ენდობიან მის ვალუტას, მის საფინანსო ვალდებულებებს. ამერიკის ეკონომიკა თუ დაინგრევა, მსოფლიოს ომის ტალღა გადაუვლის.

ვალერი კვარაცხელია: _ ამ მსჯელობაში არის რაღაცა შემაშფოთებელიც, მაგრამ რაციონალურიც, თუმცა მასში გათვალისწინებული არ არის ის მომენტი, რომ, რაც აშშ-ში ხდება, შემთხვევითი მოვლენა კი არა, ისტორიული კანონზომიერებაა. ეს არ არის პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი, რომლებიც ისევე გადაივლის, როგორც ადრე სხვა კრიზისებს გადაუვლია. ეს უკვე ის სისტემური კრიზისია, როცა ყველაფერი ლპობას იწყებს და მთლიანი ორგანიზმი უძლურდება. ეს უკანასკნელი ფაზაა, რომლიდანაც თავის დაღწევის რესურსი სისტემას აღარ აქვს. დააკვირდით, რა განცხადებებს აკეთებენ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირები.

მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო, აშშის სახელმწიფო მდივანი: _ როცა მე კურსანტი ვიყავი, გვზრდიდნენ დევიზით: მე არ ვიცრუებ, მე არ ვითაღლითებ, მე არ მოვიპარავ. შემდეგ მე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი გავხდი. ჩვენ ვცრუობდით, ჩვენ ვთაღლითობდით, ჩვენ ვიპარავდით. ჩვენ კურსი ამ მიმართულებით ავიღეთ!

ვალერი კვარაცხელია: _ დაუჯერებელი, წარმოუდგენელი, განსაცვიფრებელი აღიარებაა. ამ აღიარების ვიდეოკადრი რომ არ მენახა და საკუთარი ყურით არ მომესმინა, სხვის მიერ გაზეთში ან ჟურნალში დაწერილს არ დავიჯერებდი, მაგრამ ეს ფაქტია. აი, სადამდე მივიდა საზოგადოებრივი, პოლიტიკური, მორალური ხრწნის პროცესი აშშში. ეს კაცი ყოფილი თანამდებობის პირი რომ იყოს, ამ ნათქვამს ან ხუმრობად ჩავთვლიდით, ან მოვლენის უტრირებულ წარმოჩენად, ან ლაფსუსლინგვად, მაგრამ, როდესაც უზარმაზარი სახელმწიფოს მოქმედი უზარმაზარი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ, ადრე, ასევე უზარმაზარ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩვენ ვცრუობდით, ვთაღლითობდით და ვიპარავდითო, ვფიქრობ, საქმე დამთავრებულია.

დღეს, ამერიკული მონაცემებით, ამერიკის მოსახლეობის ერთი პროცენტი ფლობს ამერიკის სიმდიდრის 99 პროცენტს; .. საშუალო ფენა, რომლითაც ამაყობდნენ ამერიკელები, პრაქტიკულად, გაქრა. ამერიკა ერთ მუჭა ზემდიდართა და ღატაკუპოვართა უზარმაზარ მასად ჩამოყალიბდა. ეს ჩიხია, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. პანდემიისას, რომელიც ამერიკელ ხალხს ყველაზე მეტი სიმძიმითა და სისასტიკით დაატყდა თავს და მოსახლეობის უმრავლესობის მდგომარეობა კატასტროფულად გააუარესა, ამერიკელ სუპერმილიარდერთა კაპიტალი არნახულად გაიზარდა. აი, ეს საზოგადოებრივი დისონანსია ის ჩიხი, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ამერიკას ახლა ტრამპი და ბაიდენი კი არა, მამა ღმერთიც ვეღარ იხსნის, რადგან ის, რაც ხდება, როგორც უკვე ვთქვი, გარემოებათა მექანიკური დამთხვევებით გამოწვეული შემთხვევითობა კი არ არის, ისტორიის მიერ გამოტანილი განაჩენია, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. იქნებ სულ მალე ოხრად დარჩეთ ის ბიოლოგიური მასალა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის, საქართველოდანაც ეზიდებიან ზუსტად იმ ორგანოს მესვეურები, რომელშიც, პომპეოს აღიარებით, ცრუობენ, თაღლითობენ, იპარავენ…

მოკლედ, აშშ დაღმა მიექანება, მაგრამ ეს პროცესი სწრაფად არ დასრულდება, იგი ხანგრძლივი იქნება. გაიხსენეთ, რამდენი დრო დასჭირდა საბჭოთა კავშირს ბედის ჩარხის უკუღმა დატრიალებიდან აღსასრულამდე, თითქმის 40 წელიწადი _ 1953-იდან 1991-მდე. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ციფრები და რიცხვები ზუსტად უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. შედარება მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ გავაკეთე, რომ ამგვარი მოვლენები ადამიანური განზომილებით დროში საკმაოდ გაწელილია, ამიტომ ჯოჯოხეთის იმპერიისთვის უკანასკნელ ჟამს მისგან კიდევ ბევრ უბედურებას უნდა ელოდოს მსოფლიო. აშშ იქამდეც კი მივიდა, რომ აქა-იქ ფაშიზმის აღორძინებასაც მიჰყო ხელი. მაგალითად, უკრაინაში, სადაც მათ მიერ მოთრეულმა პოლიტიკურმა ნაგავმა ფაშისტი წინაპრების რეანიმაცია ისე გულმხურვალედ და ისეთი ენთუზიაზმით წამოიწყო, რომ ვინმე სტეპან ბანდერას ეროვნულ გმირად შერაცხვაც არ გასჭირვებია.

თვით ბელარუსშიც კი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში სოციალიტური იდეალებისადმი ერთგულების ოაზისად გამოიყურება, ვინმე სვეტლანა ტიხანოვსკაია პრეზიდენტობის კანდიდატად წამოუყენებიათ. იხილეთ და დატკბით მისი ნდობით აღჭურვილი პირის შემზარავი ნაბოდვარით ფაშიზმის მოტივებზე.

ნიკოლაი სოლიანიკი, ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილი პირი: _ გერმანია იყო დამცირებული და შეურაცხყოფილი ქვეყანა. ამ დროს მოვიდა ჰიტლერი, რომელმაც ისე ასწია ერის სული, რომ ხალხი მას ენდო. ჩვენ გვჭირდება ასეთი ლიდერი, ჩვენ გვყავს ასეთი ლიდერი _ ტიხანოვსკაია.

ვალერი კვარაცხელია: _ ამას ამერიკელები აკეთებენ, ამას კაპიტალისტური დასავლეთი აკეთებს. ისინი აღვივებენ ამ ბოროტებას რუსეთის წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათი მიზანია, ბელარუსიც ისე მოჰგლიჯონ რუსეთს, როგორც უკრაინა მოჰგლიჯეს. ბელარუსში, სადაც დიდ სამამულო ომს (ჰიტლერის ხროვის წინააღმდეგ) ყოველი მესამე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ჰიტლერის პიროვნების სანიმუშოდ წარმომჩენი ადამიანები ამავე სულისკვეთებით გაჟღენთილი პრეზიდენტის მოყვანას აპირებენ. ვინ შეიძლება ამ საშინელი მკრეხელობის უკან იდგეს? _ მხოლოდ ამერიკელები და დასავლური კაპიტალიზმი! საკუთარი აღსასრულის მოახლოების გაცნობიერება მათ აიძულებთ, რომ ყველა სიბინძურეს მოაწერონ ხელი და აწერენ კიდეც. ეს ჯოჯოხეთის მთესველი იმპერია იმ ფაზაში შევიდა, როდესაც თავისი არსებობითაც საფრთხეს უქმნის კაცობრიობას და თავისი დაღუპვითაც, რადგან ძნელი წარმოსადგენია კატაკლიზმები, რომლებიც იმ მონსტრის ნგრევას შეიძლება მოჰყვეს, რომელმაც მოახერხა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო საკუთარ თარგზე მოეჭრა და შეეკერა.

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე.

P.S. აშშისთვის არც ერთი პრეზიდენტი და დამფუძნებელი მამა არ წარმოადგენს ისეთ მაღალ სიმბოლოს, როგორსაც ქრისტეფორე კოლუმბი, მაგრამ არავის ისეთი რისხვით არ მოიხსენიებენ დღევანდელ ამერიკაში, როგორც ამ მამაც მეზღვაურს, ყოველ შემთხვევაში, ამბოხებული ნაწილი საზოგადოებისა, რომელმაც უკვე მოახერხა აშშის სახელმწიფოებრივი საფუძვლების შერყევა.

კოლუმბის ძეგლები, რომლებიც ბევრი იყო შტატებში, შებილწეს, დააზიანეს, დაამხეს და გააცამტვერეს. მიუხედავად ამისა, ამერიკის კონტინენტზე, პუერტორიკოში, ამაყად დგას ქრისტეფორე კოლუმბის 126 მეტრის სიმაღლის გრანდიოზული ქანდაკება, რომელიც გენიალური ქართველი ხელოვანის, ზურაბ წერეთლის, ერთერთი გასაოცარი ქმნილებაა. მასახალი სამყაროს დაბადებაჰქვია. რამდენიმე წლის წინათ პუერტრორიკოს ისეთმა გრიგალმა (“მარია”) გადაუარა, რომ არავის ეგონა, ძეგლი თუ გადარჩებოდა.

ძეგლი გადარჩა.

ეს ძეგლი ისე მტკიცედაა აღმართული, რომ მას ვერც სტიქია აშინებს და ვერც ვანდალების ხელი დააკლებს რამეს.

უმალ ამერიკული იმპერიალიზმი დაინგრევა, ვიდრე ხელოვნების ნიმუშები, ვიდრე ისტორია, ვიდრე სიყვარული, ვიდრე სიკეთე და რწმენა მომავლისა. ბოროტებისა და უსამართლობის ყველა იმპერია დანგრეულა და მომავალშიც დაინგრევა, მაგრამ მათ ნანგრევებზე ახალი სამყარო, ახალი იმედები და ახალი პერსპექტივა გაბრწყინდებახოლმე, რომელთა სიმბოლოდაც დიდი ხელოვანის ეს ბრწყინვალე ნამუშევარი საუკუნეებს გაჰყვება უკეთესი მომავლისკენ

ვალერი კვარაცხელია

3 COMMENTS

  1. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ყოველივე ამის გამოყენება სასიკეთოდ ოფრო მეტ სარგებლობას მოუტანთ მათ, ვიდრრე მისი ბოროტად გამოყენება.
    იხილეთ: https://macne77.blogspot.com/

  2. ვიტყოდი ასე: ორი უდიდესი სახელმწიფოს მოქმედი ორი უზარმაზარი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ, ადრე, ასევე უზარმაზარ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩვენ ვცრუობდით, ვთაღლითობდით და ვიპარავდითო, ახლაც ასე ვაგრძელებთო, ორი უდიდესი იმპერიის სახელით! ვფიქრობ, საქმე დამთავრებულია. ჯოჯოხეთის იმპერიებისგან, უკანასკნელ ჟამს, კიდევ ბევრ უბედურებას უნდა ელოდოს მსოფლიო. თუმცა, რუსეთისა და ამერიკის იპერიებისთვის, მათში არსებული ეს დამპყრობლური სისტემური კრიზისია ლპობას იწყებს და მთლიანი ორგანიზმი უძლურდება. ეს უკანასკნელი ფაზაა, რომლიდანაც თავის დაღწევის რესურსი არცერთ პარატა ერების გამანადგურებელ სისტემას აღარ აქვს.

  3. ადამიანები არასოდეს უღალატებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ განგებამ დააკისრა, ეს გახლავთ, ზრუნვა სიცოცხლის გადარჩენისთვის და მისთვის თავდადებას!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: როინი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here