Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1347
“ოქროს კვეთა”

მეთერთმეტე გადაცემა

არჩევნები ამოყირავებულ დედამიწაზე

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

არსებობს ერთი ჯადოსნური სიტყვა _ არჩევნები, რომელიც გაისმის მთელ ცისქვეშეთში და კაცობრიობას მოსვენებას უკარგავს. მრავალი სწორედ ამ სიტყვასთან აკავშირებს გამარჯვებას, რწმენას, იმედს, მომავალს, კეთილდღეობას, სამართლიანობას…

ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს არჩევნები?

რასა და რას შორის კეთდება არჩევანი?

ვინ აკეთებს არჩევანს?

ერთი შეხედვით, დასმული შეკითხვებიც ბანალურია და პასუხებიც, რომლებიც მათ უნდა მოჰყვეს:

* არჩევნები არის ხალხის მიერ პოლიტიკური ნების გამოხატვა ქვეყნის საზოგადოებრივ მოწყობაზე;

* არჩევანი კეთდება პოლიტიკურ მიმართულებებსა და ეკონომიკურ სისტემებს შორის;

* არჩევანს აკეთებს ხალხი.

თითქოს მარტივია ყველაფერი, მოვა ხალხი და, რომელ პროგრამასაც უმრავლესობა მიიჩნევს უკეთესად, იმას მისცემს ხმას. ამის შემდეგ, მომავალ არჩევნებამდე, უმრავლესობაც და უმცირესობაც იცხოვრებს იმ წესითა და იმ პროგრამით, რომელმაც ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. მომავალ არჩევნებში კი კვლავ ხალხი (უმრავლესობით) გადაწყვეტს _ რა და როგორ…

კი, მარტივია თითქოს, მაგრამ… ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. არჩევნები რთული მოვლენა რომ არის, ამას ცნობილ მოღვაწეთა შემდეგი ციტატებიც მოწმობს:

ბერნარდ ბარუხი, ამერიკელი მილიარდერი და სახელმწიფო მოღვაწე: _ ხმა მიეცით მათ, ვინც ნაკლებს გპირდებათ, ნაკლები გულისწყვეტა გექნებათ.

ჯორჯ ნათანი, ამერიკელი პუბლიცისტი: _ ცუდ სახელმწიფო მოხელეებს ირჩევენ კარგი მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ.

ედგარ უინსტონ ჰაუ, ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი: _ არჩევნებში მხოლოდ ამომრჩევლები მარცხდებიან.

მიხეილ გუსკოვი, მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი: _ პრეზიდენტი რატომ უნდა აირჩიოს უმრავლესობამ, თუკი ცნობილია, რომ ჭკვიანები უმცირესობას წარმოადგენენ.

აკრამ მურთაზაევი, უზბეკი ჟურნალისტი: ელექტორატი _ ერთჯერადი ხალხი.

ვიქტორ კორნილოვი, რუსი ექიმი და საზოგადო მოღვაწე: _ არჩევნების შედეგები ყოველთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ვინ გვიშლის ხელს, რომ დავტკბეთ პროცესით?!

მორტ სალი, ამერიკელი სატირიკოსი: _ რონალდ რეიგანმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგე ჯიმი კარტერი იყო. კონკურენტი საერთოდ რომ არ ჰყოლოდა, იგი აუცილებლად დამარცხდებოდა.

არკადი დავიდოვიჩი, რუსი მწერალი: _ ხალხი წყევლის ხელისუფლებას, რომელსაც ელექტორატი ირჩევს.

იუჯინ მაკარტი, ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე: _ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მთავარია, ისეთი არაფერი წამოგცდეს, რაც ხალხს დაამახსოვრდება.

ჯონ კენედი, აშშ პრეზიდენტი: _ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას როდესაც შევუდექი, გამაოცა იმან, რომ საქმე მართლაც ისე ცუდად აღმოჩნდა, როგორც მას ჩვენ წინასაარჩევნოდ წარმოვაჩენდით.

ლინდონ ჯონსონი, აშშ პრეზიდენტი: _ მე მჭირდება, რომ ვერც ერთმა ამომრჩეველმა ვერ შეძლოს ტუალეტში ქაღალდის გამოყენება, რომელზეც ჩემი გამოსახულება არ იქნება.

თომას ჯეფერსონი, აშშ პრეზიდენტი: _ არჩევის უფლება მხოლოდ იმ ხალხს აქვს, რომელიც მუდმივად საქმის კურსშია.

ჩარლზ კრაუტჰამერი, პოლიტიკური მიმომხილველი, აშშ: _ ხმათა რაც უფრო დიდი რაოდენობითაა არჩეული მმართველი, მით უფრო ტირანია იგი.

ოტო ფონ ბისმარკი, გერმანიის პირველი რაიხსკანცლერი: _ არასოდეს იმდენს არ ტყუიან, რამდენსაც ნადირობის შემდეგ, ომის დროს და არჩევნების წინ.

ვალერი კვარაცხელია: _ ბურჟუაზიულ არჩევნებზე, როგორც პოლიტიკურ ფარსზე, ბევრი რამაა ნათქვამი, მაგრამ ეს ამონარიდებიც შესანიშნავად გვიჩვენებს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

რისი შეცვლა შეიძლება ბურჟუაზიული არჩევნებით? ალბათ, ფასადის, მაკიაჟის, იერსახის, მაგრამ შინაარსისა და თვისების _ არა!

სად, როდის, რომელ სახელმწიფოში შეცვლილა პოლიტიკური სისტემა და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია არჩევნებით? მარქსმა და ენგელსმა “კომუნისტური პარტიის მანიფესტში” რატომ ჩაწერეს ასე კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად: “კომუნისტებს სამარცხვინოდ მიაჩნიათ, დამალონ თავიანთი შეხედულებანი და განზრახვანი. ისინი ამბობენ, რომ მათი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ არსებული საზოგადოებრივი წყობილების ძალდატანებითი დამხობის გზით. დაე, გაბატონებული კლასები ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციის შიშით. მასში პროლეტარები არაფერს დაჰკარგავენ, გარდა საკუთარი ბორკილებისა”.

ეს სიტყვები იმიტომ დაიწერა, რომ რევოლუცია კლასთა ბრძოლის უმაღლესი ფორმაა. არც მონათმფლობელობის, არც ფეოდალიზმის, არც კაპიტალიზმის პირობებში, მჩაგვრელი კლასი ჩაგრულ კლასს სხვა გზას არ უტოვებს, თუმცა თავის მტაცებლურ ბუნებას განსხვავებულ დროსა და ეპოქებში განსხვავებულად ნიღბავს. მონათმფლობელობის ეპოქაში მჩაგვრელი კლასი თუ პირდაპირ აცხადებდა, რომ მონა ადამიანი არ არის და, აქედან გამომდინარე, მას უფლებები არ გააჩნია, ახლა პირიქით, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების შესახებ ხმის ჩახლეჩვამდე გაჰყვირის, მაგრამ ამით მონათმფლობელობის მხოლოდ გარეგნულ სახეს, ანუ მის რეკლამას ცვლის, შინაარსს კი ხელუხლებლად ტოვებს.

ავიღოთ აშშ-ის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა. ამერიკელი პოლიტიკური ბოსები კი გაიძახიან, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატია ავაშენეთ, რომელსაც მრავალპარტიული საარჩევნო სისტემა განაპირობებსო, მაგრამ შექმნეს ორპარტიული სისტემა, რომელიც სინამდვილეში ერთპარტიულია. დემოკრატები და რესპუბლიკელები, რეალურად, პარტიები კი არა, ერთი დიდი კაპიტალისტური პარტიის ფრაქციები არიან, რომლებიც მორიგეობით კი მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ მათი მონაცვლეობით მმართველი პარტიის სახელების გარდა არაფერი იცვლება, ვინაიდან მთავარი (კაპიტალისტური) პარტია, მისი ფუნდამენტური ღირებულებებით, რაც წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების დაშვებასა და, აქედან გამომდინარე, ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლოატაციის ნებადართულ (კონსტიტუციურ) უფლებამოსილებაში გამოიხატება, ორივე შემთხვევაში ადგილზე რჩება.

მთავარი პარტია სცენაზე არ ჩანს. იგი კულისებშია და იქიდან მართავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. მისი უმთავრესი საზრუნავი კაპიტალისტური შინაარსისა (ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციის) და დემოკრატიული ფასადის (მრავალპარტიულობა, არჩევნები, სიტყვის თავისუფლება) ერთმანეთთან შეთავსება-შენარჩუნებაა. ამერიკელი ხალხი ამგვარად ჩატარებული არჩევნების გზით საბოლოოდ იღებს მონათმფლობელურ შინაარსს დემოკრატიის ფორმით.

რა შეიძლება ამგვარ ვითარებაში არჩევნებმა შეცვალოს? _ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი! კიდევ ათასი წელიწადი რომ ატარონ ეს ბითური ბურჟუაზიული არჩევნები, ვერაფერს შეცვლიან. ბურჟუაზიული არჩევნები ცხოვრების წესის შეცვლის გზა კი არ არის, უსამართლო და უკანონო ცხოვრების წესის გაძლიერებული დაკანონებისა და პერიოდული ლეგიტიმაციის გზაა, სხვა არაფერი. აქ გამონაკლისი არ არსებობს. ასეა ყველგან, მთელ კაპიტალისტურ სამყაროში. ასეა ევროპაშიც, ასეა ამერიკაშიც, ასეა რუსეთშიც. ამიტომ აფეთქდა ამერიკა და ევროპა ერთდროულად.

ის, რაც ახლა ევროპასა და ამერიკაში ხდება, არ არის გააზრებული და მეცნიერულად ორგანიზებული სოციალისტური რევოლუცია, მაგრამ ეს მისი წინა პერიოდია _ თუნდაც სტიქიური, ქვეცნობიერი და იმპულსური, თუნდაც რასობრივი შეუთავსებლობის ნიადაგზე აღმოცენებული, მაგრამ მაინც წინა პერიოდი გარდაუვალი სოციალური და სოციალისტური აფეთქებისა, რომელსაც გარკვეული წერტილის მიღწევის შემდეგ ვერანაირი ჯებირი ვეღარ შეაკავებს; იმ აფეთქებისა, როდესაც შავკანიანებიც და თეთრკანიანებიც ერთდროულად აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთის მტრები კი არა, ერთი დიდი უბედურების (კაპიტალისტური სისტემის) მიერ ჩაგრული ძმები არიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიხვდებიან ისინი, რომ მათი ძალა, ენერგია და, თუ გნებავთ, დასაღვრელი სისხლი არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ მათი საერთო დიდი მტრის _ მჩაგვრელი კლასის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. ეს ყველგან მოხდება, ვინაიდან კაპიტალიზმის პირობებში, რითაც გინდა შენიღბონ და ვითომ სოციალურად ორიენტირებული გახადონ სისტემა, მთავარ წინააღმდეგობას, რომელსაც ანტაგონისტურ კლასებად დაყოფა ჰქვია, ვერ ასცდებიან. ეს კი ის ნაღმია, რომელიც ბოლოს აუცილებლად ფეთქდება, ვინაიდან ცალკეული ადამიანებიც და ადამიანთა დიდი ჯგუფებიც, მაშინაც, როდესაც შიათ და, მაშინაც, როდესაც არ შიათ, ანუ საარსებო მინიმუმი გააჩნიათ, სამართლიანობას უმაღლეს ღირებულებად სახავენ და მისთვის ისევე აღიძვრიან, როგორც ოჯახში შემოვარდნილი მკვლელი მანიაკის ან სამშობლოზე იერიშის მიმტანი მტრის წინააღმდეგ აღიძვრიან მთელი გულითა და მთელი არსებით.

“ოქროს კვეთა”

ჰო, არჩევნები. რა შეუძლია არჩევნებს აშშ-ში? არც არაფერი! რაც მთავარია, არჩევნებს არ შეუძლია სისტემის შეცვლა. ამის გარეშე კი პერსონების გარდა არაფერი შეიცვლება. შეიცვლებიან პიროვნებები, მაგრამ უსამართლობა არ შეიცვლება სამართლიანობით, უგუნურება არ შეიცვლება გონიერებით, უზნეობა არ შეიცვლება ზნეობით, ბოროტება არ შეიცვლება სიკეთით.

მაშ, რისთვის მიმდინარეობს ომი, რისთვისაა ქაოსი, რისთვისაა რასობრივი დაპირისპირება, რისთვისაა ძეგლებთან ბრძოლა? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამერიკული ქაოსის უკან ამერიკული პოლიტიკა დგას, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დემოკრატები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ტრამპის ბაიდენით ჩასანაცვლებლად გამოიყენონ, მაგრამ ამით ამერიკელ ხალხს რა _ ყველაფერი იგივე, რაც აქამდე ჰქონდათ, ოღონდ ამჯერად ბაიდენის ხელმძღვანელობით? ესეც შენი ბურჟუაზიული არჩევნები, როელშიც ხალხის მილიარდები იხარჯება, შედეგად კი ახალი სახელისა და გვარის მეტი არაფერი მოაქვს. ანუ, კონკრეტული სახელების ნაცვლად, ზოგადი სახელები რომ გამოვიყენოთ, პეტრეს პავლე ჩაანაცვლებს და ამით მორჩება ყველაფერი.

საქართველოში ტრამპის ერთგვარი კულტი შემოგვეპარა. ტრამპი (რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად) კონსერვატიული ღირებულებების დამცველია, ბაიდენი კი (დემოკრატიულ პარტიასთან ერთად) _ ლიბერალური ღირებულებების მიმდევარი, რომელიც გარყვნილებისა და უზნეობის მედროშედ მოგვევლინებაო. ეს უაღრესად გულუბრყვილო მსჯელობაა. უსამართლობის, უგუნურებისა და უზნეობის მედროშე, დემოკრატიული პარტია და ბაიდენი კი არა, კაპიტალიზმია. როგორი სუფთა და უმწიკვლო პიროვნებებიც უნდა იყვნენ ტრამპი ან ბაიდენი, კაპიტალისტური ურჩხული მაინც გარყვნილების, ძალადობის, მოგება-წაგებისა და უსამართლობის გზით განვითარდება, ვინაიდან მას განვითარების სხვა რესურსი არ გააჩნია.

ერთ დეტალს დააკვირდით: დღევანდელ რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აკრძალულია. ეს სოციალისტური წარსულის ინერციით განპირობებული საზოგადოებრივი განწყობაა. ისტორიულად ძალიან მოკლე პერიოდში რუსული კაპიტალიზმიც, ალბათ ისევე დალპება, როგორც დასავლური კაპიტალიზმი. მაშინ რუსეთშიც ისევე აფეთქდება და აყვავდება უზნეობა, როგორც ახლა დასავლეთში ყვავის, მაგრამ ახალგაზრდა კაპიტალიზმის პირობებში რუსეთში ჯერ კიდევ ტრადიციული ღირებულებები დომინირებს, რომელთა წყალობითაც საზოგადოებრივ აღვირახსნილობას ჯერ არ მიუღწევია დასავლური მასშტაბებისთვის.

მაშ, რა უფლებით გადმოფინეს რუსეთში აშშ-ის საელჩოს შენობაზე ჰომოსექსუალთა დროშა, რომელიც სიდიდით ამერიკის სახელმწიფო დროშას სჭარბობდა? რუსეთში, სადაც, როგორც ვთქვი, გეიპროპაგანდა აკრძალულია, რა უფლებით უფრიალებენ ჰომოსექსუალთა დროშას ცხვირწინ რუსულ საზოგადოებას გარყვნილი იდეოლოგიის მქონე ქვეყნები _ დიდი ბრიტანეთი და აშშ, ან სად ხედავთ აქ ტრამპის კონსერვატიულ ვნებებსა და მიდრეკილებებს?! კაპიტალიზმის დეგრადაციას ტრამპის კონსერვატიზმი კი არა, ღვთისმშობლის სისპეტაკეც ვეღარ უშველის.

ამერიკული პოლიტიკური სისტემა არა მხოლოდ დალპა, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს ალპობს, რომლებშიც ფეხს შედგამს და ცხვირს შეყოფს.

რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე: _ უკრაინაში აღარ არსებობს სახელმწიფო, უკრაინაში არსებობენ ჩინოვნიკები, რომლებიც მოქმედებენ არარსებული სახელმწიფოს სახელით.

ვალერი კვარაცხელია: _ დიდებული ნათქვამია, ერთ წინადადებაში მთელი უკრაინული ტრაგედიაა ჩატეული! რამდენი არჩევნები ჩატარდა და რამდენი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა უკრაინაში, რომლებსაც რევოლუციებად ნათლავდნენ _ კრავჩუკიო, კუჩმაო, იუშჩენკო-ტიმოშენკოო, იანუკოვიჩიო, პოროშენკოო, ზელენსკიო, “ნარინჯისფერი რევოლუციაო”, მაიდანიო და სხვა ათასი უბედურება… ეშველა უკრაინას? ისე თქვენს მტერს ეშველოს! გამოვიდა აგერ კაცი და, სადღაა უკრაინა და უკრაინული სახელმწიფოო. აღარ არის უკრაინა. ვინც ზემოთ ჩამოვთვალე უკრაინის “მხსნელები” და “გადამრჩენები”, ყველა მილიონერია, უკრაინა კი აღარ არის. ესაა ბურჟუაზიული არჩევნებისა და ბურჟუაზიული რევოლუციების, ანუ სახელმწიფო გადატრიალებების სავალალო შედეგი ყოფილ სოციალისტურ და აყვავებულ უკრაინაში.

რაღა შორს მივდივართ, საკუთარი მწარე მაგალითი აგერ არ გვაქვს?

რამდენი არჩევნები და სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი და ეთნოკონფლიქტი გამოვიარეთ _ ეროვნული მოძრაობა და თავისუფლებაო, ძირს სოციალიზმი და გაუმარჯოს კაპიტალიზმსო, გამსახურდიაო, შევარდნაძეო, სააკაშვილიო, ივანიშვილიო, დემოკრატიული გადატრიალებაო, “ვარდების რევოლუციაო”… ეშველა საქართველოს? ისე თქვენს მტერს ეშველოს!

დაკარგული ტერიტორიები, განახევრებული მოსახლეობა, საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ქცეული თითქმის ნახევარი საქართველო, შიმშილს გაქცეული და სამშობლოდან გადახვეწილი არმია ჩვენი თანამემამულეებისა, მასობრივი დეპრესია და სრული უპერსპექტივობა _ აი ბურჟუაზიული არჩევნებისა და ბურჟუაზიული რევოლუციების, ანუ სახელმწიფო გადატრიალებების სავალალო შედეგი ყოფილ სოციალისტურ და აყვავებულ საქართველოში.

რატომ ვიხსენებ და ვალაგებ გვერდიგვერდ ყოველივე ამას? იმიტომ, რომ შეკითხვა დავსვა _ რას ელოდებით არჩევნებისგან, იმას, რომ რომელიღაც ახალი სახელი გამოჩნდება _ პეტრე ან პავლე, რომელიც ისეთივე წარმატებით გახდება მილიარდერი, როგორც შევარდნაძე გახდა, როგორც სააკაშვილი გახდა? ივანიშვილი საქართველოში ჩამოსვლამდეც მილიარდერი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მისი მილიარდები აქაც ხომ გამრავლდა შევარდნაძისა და სააკაშვილის მილიარდებივით? ამას ელოდებით? იქნებ იმას ელოდებით, რომ კვლავ ძველი სახელები და გვარები ჩაანაცვლებენ ერთმანეთს? სააკაშვილი ან უკრაინაში გახდება პრეზიდენტი, ან საქართველოში, ან ორივეგან _ ერთდროულად. რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, რაკი სამშობლო არ გააჩნია, ყველგან მისი სამშობლოა, მაგრამ ამით ან უკრაინას რა და ან საქართველოს რა? ან ძველებსა და ან ახლებს შორს ვინ გეგულებათ აქ, რომელიც მოვა და თვისებრივ ცვლილებებს განახორციელებს? რომელ პოლიტიკურ ძალას ხედავთ საქართველოში, რომელიც იტყვის: საქართველოს მძარცველებო, აგერ თქვენთვის “დეკრეტი ნაციონალიზაციის შესახებ”, რომლის ძალითაც ნაძარცვი ქონება საქართველოს მოსახლეობას უნდა დაუბრუნოთ, თქვენ კი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეთო. ხედავთ ან გეგულებათ ასეთი პოლიტიკური ძალა საქართველოში? არა, ხომ? მაშ, რა იმედითა და სულის კაწკაწით ელოდებით არჩევნებს? ან ძველი გაუმაძღრები გააგრძელებენ იმ ქონების თქვლეფას, ოდესღაც თქვენ რომ გეკუთვნოდათ, ან _ ახლები, სხვა რა უნდა შეცვალოს არჩევნებმა?!

ასეთი, უაღრესად არასახარბიელო მდგომარეობაა შექმნილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს უდიდეს ნაწილში.

ყოველმხრივ ღრმა კრიზისში შესული დასავლური კაპიტალიზმი, ნაცვლად იმისა, რომ გზას სოციალიზმს უთმობდეს, პირიქით, გააფთრებული ებრძვის მის ყოველ კონკრეტულ გამოვლენას.

რადიო SPUTNIK: _ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე რობერტ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური სი ძინპინი, პოლიტიკური აზრით, შეიძლება საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის, საქმის გამგრძელებლად ჩაითვალოს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის აზრით, სი ძინპინი და ჩინეთის კომუნისტური პარტია მთლიანად მიზნად ისახავენ მსოფლიო საზოგადოების გარდაქმნას, კომუნისტური განვითარების მაგალითებიდან გამომდინარე.

რობერტ ო’ბრაიენის აზრით, ჩინეთის ეკონომიკური განვითარება, ნაცვლად იმისა, რომ ჩინეთის დემოკრატიის რელსებზე გადასვლის წინაპირობა ყოფილიყო, საწინააღმდეგო მოვლენად იქცა და ჩინეთმა კომუნისტური სცენარის მიხედვით ცხოვრება დაიწყო.

ტრამპმა ცოტა ხნით ადრე ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას უფლებას აძლევს, დააწესოს სანქციები ჩინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ.

ვალერი კვარაცხელია: _ ასეთია აბსოლუტური შეუთავსებლობა და დაპირისპირება უკვე საბოლოოდ დამპალ კაპიტალისტურ სისტემასა და სამართლიანობის უდიდესი პერსპექტივის მქონე სოციალისტურ სისტემას შორის. ეს შეუთავსებლობა და დაპირისპირება კაპიტალიზმის სრული კრახით რომ დამთავრდება, მეცნიერულად დასაბუთებულია, მაგრამ მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის აგონია, მისი საბოლოო აღსასრულის დადგომამდე, ბირთვული იარაღით გატენილ პლანეტაზე რა სახის კატაკლიზმებს გამოიწვევს, ძნელი სათქმელია. ჩვენ კი ვდგავართ და ბურჟუაზიულ არჩევნებს იმედით ველოდებით…

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S. “ის, რასაც ახლა განვიცდით, ესაა ნატოს ტვინის სიკვდილი. ახლა ევროპა უფსკრულის პირას დგას და, თუკი თავისი თავის, როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ძალის, განხილვას არ დაიწყებს, შესაძლებელია, შეწყვიტოს საკუთარი ბედის კონტროლი!” _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამერიკულმა მედიამ აღმოაჩინა შოკისმომგვრელი ვითარება. “ბლუმბერგის” მტკიცებით, გერმანიის მთავრობა ამზადებს დოკუმენტს, რომელშიც გათვალისწინებულია სანქციები აშშ-ის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუკი ვაშინგტონში გადაწყვეტენ, დააწესონ “ჯოჯოხეთური სანქციები” (ტრამპის ტერმინი) “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობის მონაწილეთა წინააღმდეგ.

იაპონიამ შეაჩერა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების (Aigis Ashore) განთავსება კურილიის კუნძულებთან. ამის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ 2017 წელს შედგა და განცხადება იაპონიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. იაპონიის მთავრობამ, მოსახლეობის მძაფრი პროტესტის შემდეგ, აგრეთვე, უარი თქვა ანალოგიური სისტემის განთავსებაზე ქალაქ აკიტაში.

აშშ-ის დროშებს დედამიწის ხუთივე კონტინენტზე რომ წვავდნენ, ეს არავის უკვირდა, მაგრამ ამერიკელთა ამაყი დროშა ახლა თვით აშშ-ში ვნახეთ აბრიალებული, სიმწრის ნაპერწკლებს რომ ყრიდა აქეთ-იქით. ეს აშკარად რაღაც ახლის მომასწავებელია.

პოლიტიკური თვალსაზრისით, დედამიწა ამოყირავდა…

ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

  1. კვით მონათმფლობელობაც კი თავისი ქცევა-ყოფით კაპიტალისტურზე გაცილებით მაღლა დგას.
    მონებს აჭმევდნენ, ასმევდნენ და ძილის საშუალებასაც აძლევდნენ. არც გამრავლებაზე ეუბნებოდნენ უარს და, თუ მფლობელი ცოტა გულკეთილიც გამოდგებოდა, საჩუქრებსაც სჩუქნიდნენ. კაპიტალისტურს კი ეს ყველაფერი მოკვეთილი აქვს.
    მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მყისიერად, ერთი ბრძნებით. მაგრამ სანამ ის ერთი ბრძანება გაიცემოდეს, ყველამ გონიერებას უნდა მოუხმოს.
    არჩევნები უნდა ჩაატაროს ღმერთის მიერ ბოძებული წესით, რათა სათვეში ყოველთვის რჩეულთა შორის რჩეულნი მოდიოდნენ, რომ ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ და შედეგიც სასურველი იქნება.
    ქვეყანაზე სამართლიანობა იმეფებს და არა მეფენი. ხოლო ტახტზე ვინ იჯდება, ეს უკვე ხალხისთვის უმნიშვნელო იქნება, ყველა მართლა ბედნიერად იცხოვრებს. – აი, ეს გახლავთ სწორედ ღმერთის მიერ ბოძებული ცხოვრება, რომელსაც საზოგადოება ვერ აცნობიერებს.
    დედამიწა იმაზე გაცილებით მეტს იძლევა, ვიდრე ეს 7 მილიარდს სჭირდება.
    ღმერთის შიშით ამას უნდა მოუწოდებდნენ სულიერი მოძღვარნი საკუთარ ხალხს.
    ეს აუცილებლად ხმამაღლა უნდა ითქვას!
    აღასრულეთ ღმერთის ნება, ნუ იყოვნებთ თავს საფრთხეში,
    აღადგინეთ სამართალი და მოხვდებით სამოთხეში!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მაცნე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here