“მარინ ლე პენის კვალდაკვალ მისი პარტია “ნაციონალური ფრონტიც (Front National) შეუერთდება აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, სტივენ ბენონის, ევროპულ პროექტს _ “მოძრაობას” (The Movoment)”, _ განაცხადა “ნაციონალური ფრონტის” წამომადგენელმა ლუი ალიომ.
“მოძრაობა” გამოდის ინციატივით, რომ არაფორმალურად გაერთიანდნენ ევროპელი მემარჯვენეები, რომლებიც ორიენტირებული არიან კონსერვატიზმზე, ნაციონალიზმსა და ევროკავშირის დეცენტრალიზაციაზე, ბენონის პროექტმა 2019 წელს უნდა გამოიღოს შედეგი _ მემარჯვენეების გამარჯვება ევროპულ არჩვენებში.
ბენონმა საკუთარ თავზე დაიკისრა საარჩევნო კამპანიის დირიჟორისა და სტრატეგის ფუნქციები, ევროპელი მემარჯვენეების კოალიციის შექმნას კი ხელმძღვანელობენ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი (პარტია “ფიდესი”) და იტალიის ვიცეპრემიერი მატეო სალვინი (პარტია “ჩრდილოეთის ლიგა”).
ლე პენმა მხარი დაუჭირა ბენონის პროექტს და, როგორც პარტიის ლიდერი, შეუერთდა ევროპელი პოლიტიკოსების კოალიციას.
“ნაციონალური ფრონტის” ლიდერის პოპულარობა ევროკავშირში მოგრანტების კრიზისის გამწვავებისა და საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოპულარობის შემცირების ფონზე მატულობს. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენი მესამე ადგილზე გავიდა, ამჟამად მის პარტიას, ექსპერტთა შეფასებით, ელექტორატის მესამედი უჭერს მხარს.
“ნაციონალური ფრონტის” ლიდერი, საფრანგეთის ნაციონალური საკრებულოს დეპუტატი მარინ ლე პენი ცოტა ხნის წინათ გამოვიდა ტელეარხ BFM-ის ეთერში და ევროპის ხალხებს მოუწოდა გაერთიანებისკენ “ევროკავშირის დიქტატურის” წინააღმდეგ. ლე პენმა გაასაჯაროა “ევროპის ერების კავშირის” კონცეფციის შექმნის იდეა ლიბერალების პროექტ “ევროპის რეგიონების” წინააღმდეგ.
ლე პენის პარტია ევროკავშირიდან საფრანგეთის გამოსვლის მომხრეა რეფერენდუმის ჩატარების გზით. სურს, აგრეთვე, რომ საფრანგეთმა დატოვოს ნატო და დაუყოვნებლივ გამოიყვანონ ფრანგი სამხედროები ოკუპირებული ავღანეთიდან. ევროკავშირის დატოვების იდეა ხშირად განიხილება, მაგრამ ფრაქციები ერთსულოვანი არიან საკითხში, რომ მოხდეს ევროკავშირის დეცენტრალიზაცია, შემცირდეს ევრობიუროკრატიის ძალაუფლება და მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ ეროვნულ მთავრობებს.
ამას გარდა, “ნაციონალური ფრონტი” გამოდის არალეგალი მიგრანტებისთვის დახმარების შემცირების, ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების, შარიათის ნორმების დანერგვის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების, აგრეთვე, მულტიკულტურიზმის უარყოფისა და ფრანგებისთვის ტრადიციული ფასეულობების დაცვის მოთხოვნით. ლე პენის პარტია წინააღმდეგია ევროკავშირში თურქეთის მიღებისა.
ამასთანავე, მოითხოვს მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის შემცირებას, მხარს უჭერს ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციას და სახელმწიფოს როლის შემცირებას შიგა ეკონომიკურ საქმიანობაში.
“ნაციონალურ ფრონტსა” და ბენონის ახალშექმნილ “მოძრაობას” ერთი და იგივე ხალხი აკრიტიკებს _ მემარცხენე ლიბერალები, თუმცა ისინი ევროპელ მემარჯვენეებს ღირებულს ვერაფერს უპირისპირებენ.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ