თბილისში, დადიანის ქუჩაზე კლინიკა “მედი” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არასრულწლოვნები არიან. ისინი,კლინიკის შიდა და გარეთ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.
კლინიკას რა სახის ზარალი მიადგა ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარი ფაქტი „საქართველო და მსოფლიოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
არასრულწლოვანი დამნაშავეების საკითხზე „საქართველო და მსოფლიო“ უფლებადამცველს, ნატალია ცაგარელს დღეს ესაუბრა, სადაც მან ვრცლად ისაუბრა ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულებების პრევენციასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.
იურისტის განცხადებით, სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია.
იურისტის განმარტებით, დღეს არსებული მიდგომებით, როგორც საკანონმდებლო ასევე პრაქტიკულ დონეზე მთავარი აქცენტი დანაშაულის ჩადენის შემდგომ რეაგირებაზე კეთდება.
„ფაქტიურად გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო 14 წლამდე ბავშვებთან, რომლებიც ჩადიან მარლთსაწინააღმდეგო ქმედებას, არანაირ მუშაობას არ ატარებს, იქმნება ვითარება, როდესაც შესაბამისი სტრუქტურები უბრალოდ ელოდებიან მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დადგომას რომ ჩართონ ის მექანიზმები რაც მათ აქვთ არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობის ფარგლებში“– განაცხადა ცაგარელმა.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ პრევენციული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო, სოციალურ, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახის აქტივოებებს. მათ შორის ოჯახებთან ინტენსიურ მუშაობას.
„თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, ვნახავთ, რომ მნიშვნელოვანი აქცენტის წორედ პრევენციულ ღონისძიებებზე კეთდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრევენცია არ არის მხოლოდ ერთი სტრუქტურის პასუხისმგებლობა, აქ აუცილებელია მულტიუწყებრივი მიდგომა, სადაც ჩართული იქნება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე განათლების სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ.“,– აღნიშნა ცაგარელმა.
24 იანვარს თბილისში, არასრულწლოვნებმა ისანში სურსათის მაღაზია გაქურდეს, რომლის ამსახველი ვიდეო მასალა ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.