Home ახალი ამბები გახშირებული დანაშაული არასრულწლოვნებში – უფლებადამცველის შეფასება და რეკომენდაციები

გახშირებული დანაშაული არასრულწლოვნებში – უფლებადამცველის შეფასება და რეკომენდაციები

2338
24 იანვარს თბილისში, არასრულწლოვნებმა ისანში სურსათის მაღაზია გაქურდეს, რომლის ამსახველი ვიდეო მასალა ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. სოციალურს ქსელში ბოლო დროს არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულებები საზოგადოების  ნაწილისთვის ხუმრობის საგანი გახდა, ნაწილი კი მათ დასჯას მოითხოვს . არის თუ არა ეს ყოველივე საფთხის შემცველი და უნდა ავტეხოთ თუ არა განგაშის ზარი?!

აღნიშნულ საკითხზე „საქართველო და მსოფლიო“, არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” თავმჯდომარის მოადგილეს, ნატალია ცაგარელს ესაუბრა.

როგორც არასრულწლოვანთა საკითხზე მომუშავე უფლებადამცველისთვის, რას ნიშნავს  ბოლო დროს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშულებები, და რაზე მეტყველებს საზოგადოების რეაქციები??

– რამდენადაც ვხვდები, თქვენ გულისხმობთ ბავშვებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკისთვის.პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ სახუმარო თემა ეს ნამდვილად არ არის, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს სახელმწიფოც და საზოგადოებაც. ვერ დავეთანხმები ასევე მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დანაშაულის გამკაცრებაში და პასუხისმგებლობის ასაკის დაწევაში ხედავს გამოსავალს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი პრევენციული პოლიტიკის განსაზღვრა და ყველა იმ უწყების აქტიური მოქმედება და თანამშრომლობა, რომლებმაც წვლილი უნდა შეიტანონ არასრუწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებაში.
საზოგადოებაში გაიჟღერა ვერსიამ, თითქოს არასრულწლოვნები, ზრდასრული ადამიანთა ჯგუფების მიერ ხომ არ არიან მართული ან წახალისებული, ამასთან დაკავშირებით რა მოსაზრება გაქვთ?
– ასე ხელაღებით დასკვნების გაკეთება არ იქნება სერიოზული ჩემი მხრიდან. ყველა ცალკეული შემთხვევა უნდა იქნას გამოძიებული. შესაძლოა რიგ შემთხვევებში მართლაც იყვნენ სრულწლოვნები ცალკეული ქმედების წამქეზებლები, ან ორგანიზატორები, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ეს არ დადასტურდეს. იმისთვის არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომ ამაზე ჩვენ არ უნდა ვიმარჩიელოთ, თითოეული ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული, უნდა არსებობდეს კანონთან კონფლიქტში მყოფ პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა ერთიანი სტატისტიკაც (რაც სამწუხაროდ არ არსებობდა), რათა სახელმწიფომ განსაზღვროს რა რესურსი დაჭირდება მათთან მუშაობას და ჩამოაყალიბოს რეალური და განხორციელებადი პრევენციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
 კანონმდებლებს, ხელისუფლებას და  მშობლებს  პრევენციისთვის რა რეკომენდაციას მისცემდით?
– როგორც უკვე აღვნიშნე სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა. დღეს არსებული მიდგომებით, როგორც საკანონმდებლო ასევე პრაქტიკულ დონეზე მთავარი აქცენტი კეთდება დანაშაულის ჩადენის შემდგომ რეაგირებაზე. ფაქტიურად  გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო 14 წლამდე ბავშვებთან, რომლებიც ჩადიან მარლთსაწინააღმდეგო ქმედებას, არანაირ მუშაობას არ ატარებს, იქმნება ვითარება, როდესაც შესაბამისი სტრუქტურები უბრალოდ ელოდებიან  მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დადგომას რომ ჩართონ ის მექანიზმები რაც მათ აქვთ არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობის ფარგლებში. პრევენციული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო, სოციალურ, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახის აქტივოებებს. მათ შორის ოჯახებთან ინტენსიურ მუშაობას. თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, ვნახავთ, რომ მნიშვნელოვანი აქცენტის წორედ პრევენციულ ღონისძიებებზე კეთდება. პრევენციული მუშაობა იძლევა მძიმე შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობას, შესაბამისად ბევრად უფრო სასარგებლოა ბავშვისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრევენცია არ არის მხოლოდ ერთი სტრუქტურის პასუხისმგებლობა, აქ აუცილებელია მულტიუწყებრივი მიდგომა, სადაც ჩართული იქნება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე განათლების სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ.  კარგია, რომ ბოლო პერიოდში დაიწყო საუბარი პრევენციის პოლიტიკის განსაზღვრის აუცილებლობაზე, მოუთმენლად ველით ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, – აღნიშნა ცაგარელმა.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარში მსჯავრდებული იყო 15 არასრულწლოვანი. აქიდან თავისუფლების აღკვეთა  5 პირს შეეფარდა, პირობითი მსჯავრი 6 პირს, შინაპატიმრობა – 3 პირს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – ერთ პირს შეეფარდა.
საქსტატის 2017 წლის ნოემბრის თვეში კი პენიტენციურ სისტემაში განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების რიცხვმა 31 მიაღწია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here