Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: გვეუბნებიან, რომ ამერიკა საქართველოსგან ელოდება კოალიციურ ხელისუფლებას. ჩნდება შეკითხვა: რა...

ნანა კაკაბაძე: გვეუბნებიან, რომ ამერიკა საქართველოსგან ელოდება კოალიციურ ხელისუფლებას. ჩნდება შეკითხვა: რა არის მთავარი _ ვაშინგტონი რას ელოდება თუ რას ელოდება ქართველი ხალხი?

“მალე, ალბათ, გვეტყვიან, რომ ბოკერია უნდა იყოს პრემიერმინისტრი, მისი გუნდის წევრები კი _ მნიშვნელოვან თანამდებობებზე წარმოდგენილნი”

გვეუბნებიან, რომ ამერიკა საქართველოსგან ელოდება კოალიციურ ხელისუფლებას. ჩნდება შეკითხვა: რა არის მთავარი _ ვაშინგტონი რას ელოდება თუ რას ელოდება ქართველი ხალხი?

ევროკომისიამ რვა ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. პროგრამა სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა ოდენობის დახმარებას გულისხმობს, თუმცა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ცნობაში მითითებულია, რომ მხარეები დახმარების სანაცვლოდ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გარკვეულ პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ ვალდებულებებს იღებენ: “ურთიერთგაგების მემორანდუმი ავალდებულებს დახმარების მიმღებ ქვეყნებს (ბენეფიციარებს), რომ მეორე ტრანშის მისაღებად განახორციელონ გარკვეული საქმიანობა სექტორული პოლიტიკის სფეროში. ურთიერთგაგების მემორანდუმის შეთანხმება და მათი ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროგრამების ფარგლებში პირველი ტრანშის მისაღებად, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში…”

პროგრამის ფარგლებში საქართველო საწყის ეტაპზე 150 მლნ ევროს მიიღებს, თუმცა ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბენეფიციარი ქვეყნები, აგრეთვე, ისარგებლებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებითაც; სანაცვლოდ აღებული ვალდებულების, დემოკრატიული რეფორმების ეფექტიანად განხორციელებას კი მონიტორინგს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გაუწევს; თავის მხრივ, მონიტორინგის პროცესში მასთან აქტიურად ითანამშრომლებს ქვეყანაში მოქმედი მესამე სექტორი (არასამთავრობო ორგანიზაციები).

შეგახსენებთ: ევროკომისიამ პარტნიორი სახელმწიფოების დასახმარებლად 3 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანფური მხარდაჭერის პაკეტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში “დახმარება” საქართველომაც მიიღო, თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა მაშინაც ამბობდა, რომ სანაცვლოდ ქვეყანას ვალდებულებები უნდა აეღო დასავლეთის წინაშე. ამას მალევე მოჰყვა საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი ე.წ. დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც იდეაში თითქოს ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

ნანა კაკაბაძე

რა ვალდებულებებს იღებს დღეს საქართველო 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ამ ყველაფრის კვალდაკვალ უახლოეს მომავალში? გვესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, ევროკომისიამ რვა პარტნიორ სახელმწიფოს _ ალბანეთს, იორდანიას, კოსოვოს, მონტენეგროს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინასა და საქართველოს ამას წინათ მრავალმილიონიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაუმტკიცა. საქართველოსთვის 150 მილიონია გამოყოფილი. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კომისიის ვებგვერდზე განთავსდა, აღნიშნულია, რომ ქვეყნები, ამ დახმარების სანაცვლოდ, გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით. რა ვალდებულებებზე შეიძლება იყოს საუბარი და რაზეა ეს ყველაფერი გათვლილი?

_ პირველი და მთავარი: ყველაზე ცუდი არის ის, რომ მსგავსი შეთანხმებების გაფორმება ხდება ფართო დისკუსიის გარეშე, ანუ საჯარო განხილვისა და მსჯელობის გვერდის ავლით. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ჯდება დემოკრატიის ჩარჩოებში, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, წესიერი ხელისუფლება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, თავს ვალდებულად უნდა თვლიდეს, საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში; მეორე _ მას უნდა ესმოდეს, რომ, როდესაც სახელმწიფო რაღაც ნაბიჯებს დგამს ისე, რომ საზოგადოებას მიზანმიმართულად არ აწვდის ინფორმაციას, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, თითოეულ მოქალაქეს უნგრევს სახელმწიფოებრიობის განცდას. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ხელისუფლება არის დემოკრატიული არჩევნებით არჩეული და მას აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, მაგრამ კონსტიტუციური თვალსაზრისით ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აბსოლუტური უფლებები აქვს საზოგადოებისგან მინიჭებული. საერთოდ, როდესაც სახელმწიფოებს უჩნდებათ კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მერე ფინანსურადაც უზრუნველყოფენ და რომლებიც საზოგადოებაში შეიძლება იწვევდეს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, ეჭვებზე არაფერს ვამბობ, ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული ამ ინიციატივებზე ხალხის მაქსიმალური ინფორმირებით. იმიტომ, რომ არ დაირღვეს დემოკრატიის მთავარი პრინციპი _ კანონისა და ხალხის ნების უზენაესობა. და კიდევ იმიტომ, რომ მერე კულისებიდან გამოჟონილ ინფორმაციას უფრო მძიმე ეფექტი შეიძლება ექნეს ქვეყნისთვის სტაბილურობის თვალსაზრისით და ხელისუფლებისთვის, მით უმეტეს. აი, ეს რომ არ ესმით მმართველ გუნდში ან არ უნდათ, რომ ესმოდეთ და ხალხის ზურგს უკან აწყობენ რაღაც გარიგებებს, უკვე სერიოზული პრობლემაა. არაფერს ვამბობ ვალდებულებებზე, რომელთა შესრულების პროცესიც, ალბათ, თავისთავად გულისხმობს საზოგადოების უკმაყოფილების ზრდას, რაც დღევანდელ ვითარებაში, მოახლოებულ არჩევნებს ვგულისხმობ, მმართველი გუნდისთვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.

_ როგორ შეიძლება დღეს საზოგადოების ინფორმირება დასავლეთიდან მიღებული ფინანსურიდახმარებებისრეალურ მიზნებზე? რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესები ხალხის ზურგს უკან არ მიდიოდეს?

_ პასუხი მარტივია _ უბრალოდ, საჭიროა კეთილი ნება, მედიასივრცის გახსნა და ობიექტური ინფორმაციის გავრცელება. ეს ჯიბის “ექსპერტები” რომ უზით ხოლმე 24 საათის განმავლობაში ეთერში და ლამის ტელევარსკვლავებად აქციონ, განსხვავებული აზრის გამოხატვისა და საჯარო დისკუსიის საშუალებაც უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, ნებისმიერი დოკუმენტი, იქნება ეს დაფინანსებაზე მიღწეული შეთანხმება თუ სხვა რამ, უნდა იბეჭდებოდეს პრესაში და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. სხვათა შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც ასევე გულისხმობს რიგ ვალდებულებებს, დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ქართულად თარგმნილი და ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის. დღეს არის თუ არა, არ ვიცი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ძალიან დიდი როლი გაკისრიათ თქვენ _ ჟურნალისტებს. მაგალითად, ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ვისურვებდი, რამდენიმე მედიასაშუალებამ ერთად მიმართოთ, როგორც ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და წერილობით მოითხოვოთ პასუხი, რას ავალდებულებს საქართველოს კონკრეტულად ეს შეთახმება და რა ცვლილებებია დაგეგმილი.

_ ოფიციალურადდახმარებისმიზანი კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაა

_ საინტერესოც ეს არის, ჩვენ გვგონია, რომ ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში გვეხმარებიან და სინამდვილეში დოკუმენტში ჩადებულია რაღაც შინაარსი, რომელიც გარკვეული პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას გულისხმობს. მიჩნდება შეკითხვა: რა შუაშია გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგების აღმოფხვრა დემოკრატიულ რეფორმებთან? რატომ გვაღებინებენ ასეთ ვალდებულებას იმ დახმარების სანაცვლოდ, დახმარება თუ ჰქვია ამას, რომელიც კონკრეტულ საკითხთან, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებები, საერთოდ, არ არის დაკავშირებული?

_ რა პოლიტიკური ამოცანები შეიძლება იდგეს იმ მრავალმილიონიანიდახმარებებისუკან, რომლებსაც ცალკე ამერიკის შეერთებული შტატები და ცალკე ევროკავშირი, უკვე წლებია, არა მხოლოდ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს უწევს?

_ კონკრეტულ დოკუმენტზე ძნელია საუბარი მტკიცებულებების გარეშე. ამიტომ ვამბობ, რომ კარგი იქნება, თუ ცალკე ხელისუფლებისგან და ცალკე ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მოითხოვთ წერილობით პასუხს. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არავინ არანაირ დახმარებას ჩვენ არ გვაძლევს, ჩვენ გვაძლევენ ფულს და ამით ყიდულობენ ხელისუფლებას, რომელსაც, როგორც ჩანს, მართლა არ აინტერესებს არაფერი, გარდა თავისი ვიწროპარტიული ამოცანებისა. სხვათა შორის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ამ ორიოდე დღის წინ განაცხადა: ეს არჩევნები ქართველი ხალხისთვის არის შესაძლებლობა, აირჩიოს უფრო მრავალფეროვანი, წარმომადგენლობითი პარლამენტიო. ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ამერიკა საქართველოში ელოდება კოალიციურ ხელისუფლებას. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რა არის მთავარი _ ვაშინგტონი რას ელოდება თუ ქართველი ხალხი? ამერიკა უნდა ელოდებოდეს ამომრჩევლის ნებას და გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა კეთდებოდეს რაღაც შეფასებები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ არჩევნების ბედიც უკვე გადაწყვეტილია და საზოგადოებას ამას ნელნელა აჩვევენ. სხვა რა გითხრათ, მალე, ალბათ, გვეტყვიან, რომ ბოკერია უნდა იყოს პრემიერმინისტრი და მისი გუნდის წევრები _ მნიშვნელოვან თანამდებობებზე წარმოდგენილნი. ყოველ შემთხვევაში უგულავასა და ოქრუაშვილს ციხიდან რომ გამოგაშვებინებენ და მერე, ფაქტობრივად, პოლიტპატიმრად გამოგიცხადებენ, რა უნდა გაგიკვირდეს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის უკან მდგომმა გარე ძალებმა დაამთავრეს საქართველოში ძალების მოსინჯვა, როცა ჯერ თავის დროზე სამართლიანობის აღდგენის პროცესს დაუსვეს საბოლოო წერტილი, შემდეგ ე.წ. კოაბიტაცია გამოუვიდათ, მერე უკვე დამნაშავე რეჟიმის სრული რეინკარნაცია მოახდინეს. დღეს უნდათ, რომ ეს დამნაშავე ძალა, როგორც ყველაფერზე წამსვლელი და, შესაბამისად, მათთვის ყველაზე სანდო დასაყრდენი საქართველოში, ისევ დააბრუნონ რაღაც ფორმით ხელისუფლების სადავეებთან. აი ეს შეიძლება იყოს იდეაში ერთ-ერთი “დემოკრატიული ვალდებულება”, რომელსაც ააღებინებენ ხელისუფლებას იმ მრავალმილიონიანი “დახმარების” სანაცვლოდ, თუმცა ეს არის ვარაუდი და კარგი იქნება, თუ წერილობით მოითხოვთ კონკრეტულ განმარტებებს, როგორც ხელისუფლებისგან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობისგან.

_ საქართველომ რა საშუალებებით შეიძლება დააღწიოს თავი იმ მონურ, კოლონიურ მდგომარეობას, რომ 100 და 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ ქვეყანა მუდმივად არ იყოს რაღაც ვალდებულებების ტყვეობაში?

_ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება. საქართველო, უკვე ათწლეულებია, ამ რელსებზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დღის წესრიგის ძირფესვიანად შეცვლა თუ შეცვლის მცდელობა ჩანაფიქრშივე სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება, როგორც შიდა, ისე გარე ძალებისგან. თუმცა გამოსავალი ერთია და ის ყველასთვის ცხადია _ აქ მთლიანად უნდა გაიწმინდოს პოლიტიკური ველი და ჩამოყალიბდეს არსობრივად სხვა იდეოლოგიური საწყისებისა და პოსტულატების დონეზე ფუნდამენტურად განსხვავებული სისტემა, რომლის ეფექტიანობაც, პირველ რიგში, განისაზღვრება ქვეყნის ეროვნულსტრატეგიული ინტერესების წამოწევით აი ეს არის, ჩემი აზრით, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რეალური გამოსავალი თეორიულად; მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფრის განხორციელება, რა თქმა უნდა, გაცილებით რთული, ხანგრძლივი პროცესია და სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს უკავშირდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here