აი, რა ხდება, როდესაც მშობლები დროულად ამჩნევენ შვილის ნიჭს და ყველაფერს აკეთებენ მის გასავითარებლად და არა სასკოლო პროგრამის დასაზუთხავად. ბავშვის შემოქმედებითი უნარების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. აუცილებლად ატარეთ შვილი სხვადასხვა წრესა თუ სექციაში. შესაძლოა, თქვენს ბავშვსაც ისეთივე ნიჭი აღმოაჩნდეს, როგორიც ამ ვუნდერკინდებს.
5 წლის ნიკა სტრელეცკაია დნიპროდან (დნეპროპეტროვსკიდან)
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დედამ, მხატვარმა, რამდენიმე წუთით მარტო დატოვა თავისი ტილო, საღებავები და 9 თვის ბავშვი. “საღებავები იატაკზე ეყარა, ბავშვი კი მათ ტილოზე უსვამდა. შეიძლება ითქვას, რომ ხატვისთვის დაიბადა”. ნორჩი მხატვარი თავისი სიამოვნებისთვის ხატავს და ფულზე არც კი ფიქრობს, თუმცა მისი ნახატები რამდენიმე ათასად არის შეფასებული.
გოგონას აბსტრაქტული ნახატების შესაძენად ფერწერის მოყვარულები რიგში დგებიან.
11 წლის ქსეო ჩუ ვიეტნამიდან
ბიჭი 4 წლის იყო, როცა ფუნჯს პირველად მოჰკიდა ხელი. ახლა კი მის ანგარიშზე უკვე არის პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში. ნორჩი მხატვარი, ძირითადად, ქველმოქმედებისთვის ხატავს. ის თანხას აძლევს თანატოლებს სასწავლებლად. ბიჭმა უკვე გაყიდა 2 ნახატი. თითოეული 80 ათას დოლარად.
კირონ უილიამსი ინგლისიდან
კირონი ბავშვობიდან დადიოდა ხატვის კურსებზე. 5 წლის იყო, ხატვა რომ დაიწყო. პირველი ნახატები კი 11 წლისამ გაყიდა დახურულ აუქციონზე. 20 წთ-ში მან 2,2 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ბიჭმა მშობლებს ახალი სახლი უყიდა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რადგან ამჟამად მის ნახატებს კოლექციონერები იძენენ.
დუშან კრტოლიცი სერბეთიდან
დუშანი ორი წლის იყო, ფანქარი პირველად რომ აიღო ხელში, ხოლო, როცა 8 წელი შეუსრულდა, მისმა მენეჯერებმა 2 გამოფენა მოაწყვეს და მსოფლიოს აჩვენეს ბავშვის განსაცვიფრებელი ხელოვნება, მისი ნამუშევრები საოცარი სიზუსტითა და დეტალიზაციით გამოირჩევა. დუშანს ძალიან უყვარს ველური ბუნება და ანატომიური სიზუსტით ხატავს ცხოველებსა და ფრინველებს, მწერებსა და მცენარეებს. ამისთვის ის იყენებს ჩვეულებრივ შავ კალამს. 2 წლის წინათ მას ფრინველების ენციკლოპედიისთვის ილუსტრაციების შექმნაც კი მიანდეს. აღსანიშნავია, რომ ბიჭი ჯერ იმახსოვრებს და მერე ხატავს.
აელიტა ანდრე ავსტრალიიდან
აელიტა ორი წლის იყო, როცა პირველი გამოფენა მოუწყვეს, 5 წლის გოგონას ნახატებს კი კოლექციონერები იტაცებდნენ. აელიტას ნახატებიდან ჯერჯერობით ყველაზე ძვირად გაიყიდა ტილო 30 ათას დოლარად. სულ კი აელიტას ნამუშევრები, რომლებიც გაიყიდა, მლნ დოლარად იყო შეფასებული. გოგონა აბსტრაქტული ხელოვნების ფენომენად ითვლება.
სინ იაო ცენი ტაივანიდან
ამჟამად სინ იაო ცენი 30-ზე ცოტა მეტი წლისაა, მაგრამ ნახატები, რომლებსაც ის მოზარდობისას ქმნიდა, განსაცვიფრებელია. მას აქვს ზეთის საღებავებით ხატვის საოცარი “მცურავი” ტექნიკა, ისეთი, რომ მისი ქმნილებები ძალიან ჰგავს აკვარელით შესრულებულს.
აკვარელით ხატვა კი სინ იაო ცენმა 10 წლისამ დაიწყო.
მოამზადა ნიკა კორინთელმა