დილაობით ბევრი ადამიანი ყავას ან ჩაის მიირთმევს, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენი ფიქრობს იმაზე, რომ შარშანდელთან შედარებით, დილის რიტუალი 13,6%-ით რომ გაუძვირდა. სათითაოდ არ ჩამოვთვლით, რა და რამდენი პროცენტით გაძვირდა, მაგრამ მთლიანობაში, შარშანდელთან შედარებით, პროდუქტების ფასმა 30%-ით მოიმატა _ რომელი პროდუქტის შესაძენადაც შარშან 100 ლარს ვხარჯავდით, წელს იმავე პროდუქტის საყიდლად 130 ლარი გვჭირდება. ამასთანავე, ოფიციალურად, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, სამსახური დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს; ოფიციალურად შეაჩერა მუშაობა 3 ათასზე მეტმა იურიდიულმა პირმა; ქვეყანა დატოვა ათასზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ და ეს პროცესი გრძელდება. ჯერჯერობით ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მინუს 12,9% აჩვენა. რას ნიშნავს ეს? მარტივად რომ გითხრათ, კატასტროფას, აი დეტალურად კი…
ეკონომიკის 2 და 3-პროცენტიანი ზრდის შემდეგ (ეს ზრდა რომ ქაღალდზე იყო, მაგას არა უშავს) ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობდნენ, ციფრებს სიამაყით გვამცნობდნენ და უდიდეს გამარჯვებად ნათლავდნენ. რაც მთავარია, დასავლეთიც ტაშს უკრავდა, _ ყოჩაღ, წინ მიდიხართო. სიმართლე გითხრათ, ვერც ერთ წელს ვერ გავიგეთ, რეალურად რას ეფუძნებოდა ეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რადგან რიგითი ადამიანების ყოფაზე არ აისახებოდა, მაგრამ გვეუბნებოდნენ, ძალიან კარგიაო, უხაროდა ყველას და გვიხაროდა ჩვენც. საზოგადოდ, იმის მოსმენა, რომ წინ მივიწევთ, კარგია და მერე რა, თუ წინსვლას ვერ გრძნობ, ბოლოს და ბოლოს, ამხელა ევროპა, ამერიკა და ხელისუფლება გეუბნებიან. ჰოდა, ახლა, მინუს 12,9%, იცით, რას ნიშნავს? წლიურად წინ 3%-ით რომ წავიწიოთ, სულ ცოტა, 4 წელიწადი გვჭირდება, იმ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გვქონდა. და როგორ მდგომარეობაში ვიყავით 2020 წლის გარიჟრაჟზე, კარგად გემახსოვრებათ _ ჩვეულებრივი, გაჭირვებული და გამათხოვრებული საქართველო, გაძვირებული პროდუქტები (დღევანდელთან შედარებით ნაკლებად), უმუშევრობის პრობლემა… გამოდის, უნდა დავბრუნდეთ იქ, სადაც არ მოგვწონდა, და, რაც მთავარია, უნდა დავბრუნდეთ დიდი ძალისხმევისა და წვალების შედეგად, წინ უნდა ვიაროთ, რომ… უკან დავბრუნდეთ.
მოდი, დავანებოთ თავი ხელისუფლების დაპირებებსა და სამომავლო პერსპექტივას. მათი იმედები და გეგმები არასდროს არ გამართლებულა და პასუხიც არავის მოუთხოვია. რეალობა ის არის, რომ ცივილიზებული სამყარო პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის დასრულებასა და ძველ კალაპოტში დაბრუნებას 2023 წლისთვის ელოდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მუტაციას არ განაგრძობს ან ახალი ვირუსი არ გამოჩნდება. ახალი ვირუსის გამოჩენის საშიშროება რეალური რომ არის, ბილ გეიტსმაც თქვა და ისიც დააანონსა, _ შესაძლოა, ახალი ვირუსი კოვიდ-19-ზე ათჯერ ძლიერი იყოსო. ჰოდა, როგორ გგონიათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როცა განვითარებული ქვეყნების ექსპერტები და ეკონომისტები ჩვენებს აშკარად აღემატებიან და ვარაუდობენ, რომ 2023 წლამდე არაფერი ეშველებათ, ჩვენ წელსვე დავიწყებთ წინსვლას და სასურველ შედეგამდე მიღწევას? რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეს რომ გვითხრან, მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევენ და ამიტომ უფრო მარტივი და ნაცადი მეთოდია ტყუილის თქმა, თანაც როცა დარწმუნებული ხარ, რომ ამ ტყუილის გამო პასუხს არავინ გაგებინებს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტი ათეულ მილიარდობით დოლარია და ეს მაშინ, როცა ჩვენი ბიუჯეტი 5 მილიარდ დოლარსაც ვერ აღწევს. თუმცა, საქართველოსაც აქვს რეზერვში არაერთი ასეული მილიონი ლარი და ეს რეზერვი… საპენსიო ფონდია. ჰო, ის ფონდი, რომელიც ზარ-ზეიმით შეიქმნა, მაგრამ ჯერჯერობით მისი სიკეთე ვერავინ გაიგო, რადგან პენსიამდე არ მიუღწევიათ პროგრამაში მონაწილე ადამიანებს და სად მიდის ისედაც მათხოვრული ხელფასის გარკვეული ოდენობა, მოსახლეობის უმრავლესობამ, უბრალოდ, არ იცის.
ამ დღემდე მოგვიყვანა იმ გაუთავებელმა დაპირებებმა, რომლებსაც 2003 წლიდან ვისმენთ. ზუსტად 2003-დან, რადგან ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მაინცდამაინც არც არაფერს გვპირდებოდნენ და არც მოლოდინი იყო, რომ ფაბრიკა-ქარხნები აშენდებოდა და ამუშავდებოდა. ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლას უდიდესი მოლოდინი სდევდა, მაგრამ მივიღეთ ტერორი და ერის კრიმინალად გამოცხადება. ჰო, დასავლეთს ფეხქვეშ გავეგეთ და მათაც ამაყად გადაგვთელეს. მერე “ოცნების” მეფობის (სწორედ მეფობის, ჩვენთან ხელისუფალნი მეფობენ) ხანა დადგა და, დაპირებული ასი ქარხანა კი არა, უმუშევრობა, ემიგრაციაში წასული უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკური ნიჰილიზმი შეგვეყარა. ციფრები, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ, როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი იარაღი იყო. მერე რა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახებოდა, დასავლეთი გვიკრავდა ტაშს და სხვადასხვა რეფორმის განსახორციელებლად გრანტებსაც გამოყოფდა.
ვიღაცამ, შესაძლოა, ისიც თქვას, _ გზები დაიგო, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უწყვეტად გვაქვს, რაც შევარდნაძის პერიოდში არ იყოო… 21-ე საუკუნის დასაწყისში ამას რომ დაამადლებ ადამიანებს, უკვე სხვაგან ხარ. რას მიქვია, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უწყვეტად გვაქვს?! და ამ ყველაფერის ფასი რა არის ან როგორ ვიხდით? რის საფასურად გვიჯდება გათბობა-განათება? შვილების ხათრით მშობლები მშივრები რომ იძინებენ, არ გსმენიათ? თუ გაძვირებულ პურს რომ აფინანსებს ჩვენი ფულით ხელისუფლება, ეგ არის კარგი? ამ სუბსიდიას ვადა 1 აპრილს გასდის და ნუ გაგიკვირდებათ, თუ სხვა პროდუქტებთან ერთად “მოულოდნელად” პურიც 30%-ით გაძვირდება, ნუ გაიკვირვებთ, უკვე გაძვირებულია, მაგრამ არ ვიმჩნევთ.
სხვათა შორის, საპენსიო რეფორმა უნგრეთსა და პოლონეთშიც ჩატარდა, თუმცა ორივე შემთხვევაში სახელმწიფო იძულებული შეიქნა, ეს თანხა სხვა დანიშნულებით გამოეყენებინა. თანაც, მაშინ არც ეკონომიკური კრიზისი იყო და არც კორონას ებრძოდა მსოფლიო, ამიტომ ვამბობთ: უდიდესი შანსია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაც იძულებული შეიქნეს და დეფოლტის თავიდან ასაცილებლად სწორედ საპენსიო ფონდი გამოიყენოს. რა მოჰყვება ამას? ბევრი არც არაფერი, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის და ვერ ხვდება, როგორ და რა გზებით უნდა დაუბრუნდეს ეს ფული უკან.
ისე, 1 აპრილს მხოლოდ პურის სუბსიდიის პროგრამა არ მთავრდება. სუბსიდია აღარ იქნება იმ ცხრა პროდუქტზეც, რომლებზეც ხელისუფლება ფასნამატს (ვითომ) იხდიდა, და ესეც მოსახლეობას დააწვება ტვირთად. მარტის ბოლოს გაძვირებული კომუნალურების გადახდაც მოგვიწევს და ამის გათვალისწინებით, სერიოზული ფინანსური კრიზისი დაუდგება მოსახლეობის 83%-ს. რატომ 83%-ს? იმიტომ, რომ, გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში 17% თავს ბედნიერად გრძნობს და მშიერ კუჭზე ბედნიერება კიდევ არანაირად არ გამოდის.
ამ პირობებში, ცოტა არ იყოს, უცნურად ჩანს ხელისუფლების პოზიცია რუს ინვესტორებზე უარის თქმის შესახებ. როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუს ინვესტორებს ხშირ შემთხვევაში უარს ეუბნებიან და ვინ ზარალობს ამით? _ საქართველოს მოსახლეობა და ქართული ეკონომიკა. ბოლო 5 წლის განმავლობაში მთავარ უცხოელ ინვესტორად ბიძინა ივანიშვილი რომ არის საქართველოსთვის, ეს არის ტრაგედია. თავს ვიტყუებდით, ფურცლებზე ვწერდით, რომ უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, სინამდვილეში კი ეს ფული ივანიშვილის იყო. ახლა კი ესეც აღარ იქნება. ის ციფრები, რომლებითაც თავს იწონებდა წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლება, აშკარად ჩვენ საწინააღმდეგოდ დალაგდა და გამოსავალიც არ ჩანს.
საქართველოს მოსახლეობა, როგორც წესი, ზამთრის დადგომის წინ ნერვიულობს ხოლმე, მაგრამ ახლა უმძიმესი გაზაფხული გველის. იმედი, რომ ბოსტნეული შემოგვეშველება და ადვილად გამოვძვრებით, ჯერჯერობით არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, ქართული კიტრის ფასი მაღაზიებში 6 ლარზეა ასული, თურქული პომიდორი კი 5 ლარი ღირს. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას ვერ ყიდულობს და გაზაფხულს უმზერს იმედით. რამდენით გაიაფდება ბოსტნეული თუ ბაღჩეული, ერთად ვნახავთ. მანამდე კი… უმუშევრად დარჩენილი 400 ათასი ადამიანიდან უმრავლესობას, უცნაური კანონის გამო, 200-ლარიანი დახმარებაც არ ერგება. კანონის უცნაურობა კი არის ის, რომ უნდა დაამტკიცო, თვითდასაქმებული რომ ხარ, რასაც უმრავლესობა, უბრალოდ, ვერ ახერხებს.
ბესო ბარბაქაძე