რუს და ქართველ ხალხთა მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს 60-იანელებს (თერგდალეულებსა და ხალხოსნებს), რომელთა უმრავლესობამ სწავლა–განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო და რუსეთის დემოკრატიულ იდეებს ეზიარა.
თუმცა ი. ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვა თერგდალეულები, ისევე, როგორც ა. ფურცელაძე, ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაგებაში ერთსულოვანნი იყვნენ. ჩვენი სამოციანელები და ხალხოსნები მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე შეუნელებელ ინტერესს იჩენდნენ რუსეთის მიმართ, რადგან მასთან იყო დაკავშირებული საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. “რუსეთის საკითხი” მათ აინტერესებდა არა განყენებულად, არამედ სამშობლოს ბედთან დაკავშირებით. ისინი, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოზე ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ, საქართველოს ინტერესებიდან გამოდიოდნენ და ამ პოზიციებიდან განიხილავდნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს.
დიდძალი მასალა, რომელიც წარმოდგენილია თერგდალეულთა და ხალხოსანთა თხზულებებში, კერძო წერილებსა და ზეპირ გამოსვლებში სწორად და ღრმად აშუქებს ორი ქვეყნის კავშირ-ურთიერთობას ძველად და გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ.
“ოც საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენი ხალხი ისტორიულს ასპარეზზედ გამოსულა. ამ ხანგრძლივ დროთა მიმავლობაში ჩვენს ხალხს ერთს ხელში თოფი და ხმალი სჭერია და მეორეში გუთანი და ამ ყოფით და ვაი-ვაგლახით გაუტარებია ეს აუარებელი დრო”, _ ასე წერდა თერგდალეულთა აღიარებული ბელადი, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე და საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მტკიცდებოდა, მშვიდობისა და პროგრესის გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მას წარმოუდგენლად მიაჩნდა თავისი სამშობლოს განვითარება რუსეთთან ძმური კავშირის გარეშე. ამ მხრივ გამოირჩევა სტატია “ასის წლის წინათ” (1899 წ.), რომელშიც იგი მიმოიხილავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, დაწვრილებით აღწერს, თუ როგორი საყოველთაო სიხარული გამოიწვია საქართველოში რუსეთის მხედრობის შემოსვლამ, როგორ საზეიმოდ მოირთო თბილისი იმ ისტორიული დღისათვის _ 1799 წლის 26 ნოემბრისათვის. “ქალაქის ბანები მოიჭედა დიდითა და პატარითა, ქალითა და კაცითა, და მოუთმენლად ელოდებოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელს, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომვლინებელსა. ბოლოს მოვიდა ჯარიცა… სიხარულის კიჟინა ხალხისა, ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ერთს დიდს ყოფას და ამბავს წარმოადგენდა… მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია, საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე არ ენახა ყველას, დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას”.
“ამ ღირსახსოვარი დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა… დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დაუდუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრის ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლშვილებზე. გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა მიწას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა, დაუდგა ახალი ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა…” (ტ.. IV. გვ. 216-217).
სხვა წერილებში ი. ჭავჭავაძე სწორად აღნიშნავს, ქართველებს მტკიცედ სწამთ, რომ რუსეთი მოევლინა მათ მხსნელად და მფარველადო.
ანალოგიურ აზრს ხშირად გამოთქვამდნენ სხვა თერგდალეულნიც.
“ჩვენმა სამშობლომ, _ წერდა აკაკი წერეთელი 1872 წელს, _ მრავალი საუკუნის განმავლობაში მტრებთან ბრძოლის, სისხლის ღვრის, ტანჯვის და ბევრი უბედურების გამოცდის შემდეგ, თავის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, გადაწყვიტა თავისი ბედი მით, რომ მონახა სასურველი პატრონი, რომელსაც შეავედრა და მიანდო თავისი თავი. იმ ახალ პატრონს, ცხადია, იმ დროის საქართველოს სიკეთე ჰსურდა და მიტომაც მიიღო ის თავის მფარველობაში”.
ა. წერეთელი უაღრესად დიდ მნიშვნელობას აძლევდა იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა, ბოლო მოუღო ჩვენს მიწა–წყალზე დამპყრობთა ველურ თარეშს და მშვიდობა დაამკვიდრა.
უნდა შევნიშნოთ, რომ აკაკი წერეთელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ხშირად ეხებოდა არა მარტო თავის პუბლიცისტურ წერილებში, არამედ მხატვრულ ქმნილებებშიც.
გავიხსენოთ, მაგალითად, მისი პოემა “თერთმეტი ენკენისთვე” (1895). დიდი მგოსანი აგვიწერს ასი წლის წინათ მომხდარ კრწანისის ტრაგედიას, მოგვაგონებს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სისხლით დაწერილ ანდერძს რუსეთთან კავშირის აუცილებლობის შესახებ.
“კავშირი ძმური და მეგობრული…
და, ვინც იფიქროს მისი გაწყვეტა,
იყოს წყეული, ხვთისგან და კრული…
…ასე ჰფიქრობდნენ, რომ გვიანდერძეს
მათი განზრახვა სახელმძღვანელოდ,
და მათი ღირსი აღარ ვიქნებით,
ეგ გრძნობა გულში რომ გავინელოთ”.
თვით აკაკის გულში ის გრძნობა არასოდეს განელებულა. პოეტი ხშირად ლაპარაკობდა რუსეთთან ძმური კავშირის აუცილებლობაზე.
“როცა ჩვენმა წინაპრებმა თქვენ, რუსები, მოგიწვიეს, _ თქვა მან კ. ბალმონტის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე 1914 წელს, _ მაშინ ჩვენ, შვილიშვილებს, გვიანდერძეს: არ დავივიწყოთ სტუმართმოყვარეობა, გვიყვარდეს რუსები, ვიმეგობროთ მათთან და განუყრელად ვიაროთ ერთი გზით”.
ჩვენს რევოლუციურ ხალხოსნებსაც სწამდათ, რომ “საქართველო მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან”, რომ “რუსეთის ცხოვრების კულტურული ზემოქმედება ჩვენსაზე მეტად დიდია და აუცილებელი”.
“ორი რუსეთი”
“გარეშე მტრებისაგან დაცვის გარდა, რომელიც იყო თავდაპირველი მიზეზი ჩვენი სამშობლოს რუსეთთან შეერთებისა, _ წერდა ა. წერეთელი, _ უკანასკნელის მოვალეობა მოითხოვდა, შესდგომოდა, აგრეთვე, ჩვენში მოქალაქეობისა და განათლების შემოტანას”.
როგორ ასრულებდა რუსეთი ამ მოვალეობას? როგორ დამოკიდებულებას იჩენდა იგი საქართველოსადმი?
ეს იყო მეტად რთული საკითხი, რომელზეც ილია ჭავჭავაძე სამართლიანად მიუთითებდა:
“რუსეთი ერთი იმისთანა სახელმწიფოა, საცა სხვადასხვა ტომისა და ენის ერნი სცხოვრობენ, და მერე ისე, რომ თავიანთ მამაპაპეულ მიწა–წყალზედ შეჯგუფებულნი არიან და არა შიგა და შიგ გაფანტულნი. ამიტომაც ერთს უდიდესს საპოლიტიკო საგანს რუსეთისას შეადგენს ჯერ ის, რომ სხვადასხვა ტომის ერნი როგორ უნდა მოეწყონ შინაობაში სათითოოდ, და მერე _ როგორ უნდა მოთავსდენ სახელმწიფოსთან” (ტ. V, გვ. 20).
საქმე ისაა, რომ რუსულ საზოგადოებაში შეხედულებათა სხვადასხვაობა იყო როგორც საქართველოზე, ისე სხვა ქვეყნებზე და თვით რუსეთზეც.
ჩვენი სამოციანელებისა და ხალხოსნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი შესანიშნავად ერკვეოდნენ ამ რთულ საკითხებში. მართალია, მათს ნაწერებში არსად გვხვდება გამოთქმა “ორი რუსეთი”, “ორი კულტურა”, მაგრამ მთელი მათი მოღვაწეობა და შემოქმედება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მკვეთრად განასხვავებდნენ მეფის რუსეთსა და რუს ხალხს, რომელიც იბრძოდა სოციალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ, ხალხთა შორის თანასწორობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის დასამყარებლად.
“ერი, _ წერდა ილია, _ როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ–სულ და ერთ–ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათმყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება _ დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა” (ტ. VIII, გვ. 97).
ილია ჭავჭავაძე კმაყოფილების გრძნობით აღნიშნავს, რომ ამ ჯანსაღ და კეთილშობილ აზრს ეროვნულ საკითხზე იზიარებს თვით “რუსეთის დაწინაურებული საზოგადოება”, რომ “ეს აზრი თანდათან ფეხს იდგამს და ფრთასა ჰშლის თითონ რუსეთშიაც. ამას გვიმტკიცებს თითონ რუსეთის ლიტერატურაცა” (ტ. V, გვ. 81-83).
აქ ავტორი, ცხადია, პირველ რიგში რუს რევოლუციონერ დემოკრატებს გულისხმობს, მაგრამ საცენზურო პირობების გამო მათ არ ასახელებს. ილია თვითონვე მიუთითებდა: “ამ წერილს თირკმლები განგებ ამოვაცალეთ და შუა წელი გამოვსჭერით, რომ თავსა და ბოლოს მაინც ნება ჰქონოდა ქვეყანაში გამოსვლისა” (ტ. V, გვ. 84).
თავის სამშობლოს აწმყოსა და მომავალს თერგდალეულები და ხალხოსნები ამ პროგრესულ-კულტურულ რუსეთს უკავშირებდნენ, მასში ხედავდნენ კეთილმოსურნე და კეთილშობილ ძალას და ამიტომ ყოველთვის მგზნებარე სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით ლაპარაკობდნენ მასზე. ი. ჭავჭავაძის თქმით, “აქედან წარმომდგარი ღრმა მადლიერების გრძნობა წარმოადგენს იმ დაუშრეტელ წყაროს, რომელსაც შეუძლია რუსეთისადმი კეთილგრძნობათა ყლორტები გადააქციოს სიცოცხლის მშვენიერ ხედ, რომელიც ყველას და ყოველივეს გადააფარებს თავის გაშლილ რტოებს”.
“დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”, _ წერდა ი. ჭავჭავაძე.
იმავე აზრისაა აკაკი წერეთელი. მისი ღრმა რწმენით, საქართველო რუსეთთან შეკავშირებული უნდა იყოს “სიყვარულის ოქროს ჯაჭვით”. (შვიდტ., ტ. VI, გვ. 264).
“ჩვენ დიდად ვაფასებთ, _ ამბობდა იგი, _ ძმობას, ერთობას და მეგობრობას რუსეთის ერებთან. მართალია, რუსთა შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ეჯავრებათ ჩვენი ასეთი ძმური კავშირი, მაგრამ არის სამაგიეროდ ახალგაზრდა რუსეთი, რომელთანაც ჩვენ გვსურს ხელიხელჩაკიდებული სიარული არა მარტო ეროვნული, არამედ საკაცობრიო იდეალების განსახორციელებლად, იმ იდეალებისა, რომელთაც ეწოდება ძმობა, ერთობა, თანასწორობა” (თხუთმეტტომ., ტ. XV, გვ. 562).
რაც შეეხება ნიკო ნიკოლაძეს, მან ჯერ კიდევ 1865 წელს გერცენის “კოლოკოლში” აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან კავშირში “უფრო მალე მიაღწევს თავისი მდგომარეობის საუკეთესოდ მოწყობას, ვიდრე მაშინ, როცა მას მოკავშირედ ან მფარველად ეყოლება (აღარაფერს ვამბობთ მფლობელობაზე) ევროპის რომელიმე ერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ოსმალეთსა და სპარსეთზე, რომლებისაც საქართველოში არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი მოწადინებული არ არის”.
უფრო მოგვიანებით ნ. ნიკოლაძემ წერილში “კავკასიის უნივერსიტეტი” ჩინებულად ჩამოაყალიბა თავისი აზრი “ორი რუსეთის” შესახებ. “რუსეთი, _ წერდა იგი, _ და ბნელი მოხელეები, რომლებიც მივარდნილ კუთხეებში მისი სახელით იმუქრებიან, ერთი და იგივე არაა, ოფიციალური რუსეთის უკან დგას ნამდვილი რუსეთი, რომელსაც წინსვლის უნარი შესწევს, რომელსაც შეუძლია განვითარების გზით ადამიანური წესები დაამყაროს” (ტ. V, გვ. 483).
გამოჩენილმა ქართველმა პუბლიცისტმა, ჩერნიშევსკის თაყვანისმცემელმა და მოწაფემ, კარგად იცოდა, რომ “ჩვენი მამულის ბედი და მომავალი მტკიცედ გადასკვნილია რუსეთის მდგომარეობაზე” და ღრმად სწამდა, რომ “ჩვენი მხარის დაწინაურება დამოკიდებულია მთელი რუსეთის პროგრესზე, ჩვენ გულწრფელად გაგვახარებს ამ პროგრესის მიერ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი და მხურვალედ ვისურვებთ, რომ ჩვენი მხარეც მას შეუერთდეს” (ტ. V, გვ. 278).
“…ნუ დავივიწყებთ, _ წერდა ი. მანსვეტაშვილი თავის მოგონებებში, _ რომ ილიაც და ჩვენ, ყველა, იმისი თანამოკალმენი გაზრდილნი ვიყავით რუსეთის მწერლობაზე. ვინ იყვნენ მასწავლებელნი, ჩვენი ჭკუისა და გონების გამწვრთნელნი? ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, პისარევი და რუსეთის მეცნიერნი, ვინ გვაძლევდა საკვებს გრძნობისას და გემოვნების გაღვიძების და განვითარებისათვის? _ პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი, ტურგენევი, დოსტოევსკი, ტოლსტოი და სხვანი. ჩვენ ვიყავით იმათი ღვიძლნი სულიერნი შვილნი. და განა დასაგმობი არ იქნებოდა ისეთი შვილი, რომელიც შეაგინებს, შეურაცხყოფს თავის დედას, იმ დედას, რომელმაც იგი თავისი ძუძუთი გამოზარდა? ჩვენ ამას ვერ ვიზამდით, რადგან უმადურობა კი არა, უგუნურობაც იქნებოდა”.
(დასასრული შემდეგ ნომერში)
მომზადდა ვანო შადურის წიგნიდან “რევოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ”