რამდენიმე დღის წინათ გერმანიის ქალაქ დრეზდენში მოხდა ისტორიაში მუზეუმის ყველაზე დიდი ძარცვა: ბოროტმოქმედებმა მსოფლიოში ცნობილი საგანძური და მილიონობით ევროს ღირებულების XVIII საუკუნის უნიკალური სამკაულები მოიპარეს. გერმანულმა მასმედიამ ამ დანაშაულს ყველაზე დიდი ძარცვა უწოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისე, ისტორიას თუ გადავხედავთ, მუზეუმების ძარცვა იშვიათობა არ არის. გთავაზობთ მუზეუმის ძარცვის ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს.
შვედეთის ეროვნული მუზეუმი სტოკჰოლმში
2000 წლის 22 დეკემბერს სტოკჰოლმში, შვედეთის ეროვნულ მუზეუმში ორი ნიღბიანი შეიჭრა და იარაღის მუქარით რემბრანდტის “ავტოპორტრეტი” და ფრანგი იმპრესიონისტის _ რენუარის ორი ტილო _ “საუბარი მებაღესთან” და “ყმაწვილი პარიზელი ქალი” გაიტაცა. ბოროტმოქმედები დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალნენ ძრავიანი მსუბუქი ნავით, რომელიც მათ მუზეუმთან ელოდებოდა. ნახატები შეფასებული იყო 36 მლნ დოლარად.
2001 წელს ფართომასშტაბიანი ოპერაციის შემდეგ სტოკჰოლმის პოლიციამ დააკავა დამნაშავეები _ სულ 13 კაცი. მუზეუმს კი 5 წელიწადი დასჭირდა ნახატების დასაბრუნებლად.
მუზეუმი “კიუნსტჰალი” როტერდამში
2012 წლის 16 ოქტომბრის ღამეს ბოროტმოქმედებმა როტერდამის მუზეუმ “კიუნსტჰალიდან” XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის I ნახევრის 6 ცნობილი მხატვრის ტილოები მოიპარეს. ესენია: პაბლო პიკასოს “არლეკინის თავი”, ანრი მატისის “გოგო, რომელიც კითხულობს”, კლოდ მონეს “ვატერლოოს ხიდი” და “ჩარინგ-კროსის ხიდი”, პოლ გოგენის “ქალი ღია ფანჯრის წინ”, მეიერ დე ჰანის “ავტოპორტრეტი” და ლუსიენ ფროიდის “ქალი დახუჭული თვალებით”. მუზეუმ “კიუნსტჰალს” არ აქვს თავისი კოლექციები, ის მხოლოდ კერძო მფლობელთა კოლექციებს გამოფენს აწყობს ხოლმე. მოპარული ნახატები ეკუთვნოდა კერძო ორგანიზაცია Triton Foundation-ს, ძარცვა მოხდა დილის 3 საათზე. სიგნალიზაცია ჩაირთო, მაგრამ ადგილზე მისულმა დაცვის თანამშრომლებმა, რომლებმაც თავის მხრივ პოლიცია გამოიძახეს, ბოროტმოქმედებს ვერ მიუსწრეს. მოგვიანებით ტილოების მოპარვის ბრალდებით ბუქარესტში რუმინეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ, ოლღა დოგარუმ, გამომძიებლებს განუცხადა, რომ ტილოები სახლთან ახლოს ერთ-ერთ სასაფლაოზე დამარხა, შემდეგ ამოთხარა და დაწვა. ამ საქმეში ბრალდებულ ყველა პირს სხვადასხვა სასჯელი შეეფარდა. ამას გარდა, ოთხ დამნაშავეს: რადუ დოგარუს, მის დედას _ ეუჯენია დარიესა და ადრიანა პროკოპას 18,1 მლნ ევროს გადახდა დაეკისრათ.
მუზეუმი დრეზდენში (გერმანია)
2019 წლის 25 ნოემბერს დრეზდენის სახელმწიფო მუზეუმში მოიპარეს საქსონიის საგანძური “მწვანე კრებული”. ძარცვა მოხდა დილით, როცა მუზეუმში დამთვალიერებლები არ იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედებმა გატეხეს 3 ვიტრინა, 94 საგანი გაიტაცეს და მიიმალნენ. პოლიციის ინფორმაციით, ვიდეოთვალთვალის კამერების კადრებზე ჩანს 2 ბოროტმოქმედი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მათ სხვებიც არ ეხმარებოდნენ. გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია ანტიკური ხანის სამკაულებზე, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის მილიარდი ევროა.
დრამლანრინგის კოშკი (შოტლანდია)
2003 წლის 27 აგვისტოს შოტლანდიის ოლქ დემფრის-ენდ-გელოვეიში დრამლანრინგის კოშკიდან მოიპარეს ლეონარდო და ვინჩის ნახატი “მადონა თითისტარით”. გამოძიების მონაცემებით, ორმა მამაკაცმა კოშკის გალერეაში შესასვლელი ბილეთები შეიძინა, იქ შესვლის შემდეგ გაკოჭა მუზეუმის ზედამხედველი და ნახატი ქუჩაში გაიტანა, სადაც ავტომობილი ელოდა. მოგვიანებით ეს ავტომობილი კოშკიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ფასი ნახატისა, მისი მფლობელის თქმით, სულ ცოტა, 25 მლნ გირვანქა სტერლინგია. და ვინჩის ტილო 2007 წელს პოლიციელებმა ერთ-ერთი რეიდისას იპოვეს გლაზგოში. მოგვიანებით ის ისევ გამოფინეს კოშკის გალერეაში.
ლუვრი
1911 წლის 21 აგვისტოს იტალიელი მხატვარი და დეკორატორი ვინჩენცო პერუჯია გამოძვრა კარადიდან, რომელშიც ის მთელი ღამის განმავლობაში იმალებოდა, ჩარჩოდან ამოიღო ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა” და შენობა შეუმჩნევლად დატოვა. ქურდობის შესახებ შეიტყვეს მხოლოდ 24 საათის შემდეგ. საფრანგეთის პოლიციამ ნახატის 6,5 ათასი ფოტო დაბეჭდა ქუჩაში გასავრცელებლად, რის შემდეგაც ლეონარდოს შედევრმა პოპულარობა მოიხვეჭა. 2013 წელს ქურდმა მიმართა ფლორენციელ დილერს, სახელად ალფრედ ჯერის, რომელიც, როგორც პერუჯია იმედოვნებდა, ნახატის გაყიდვაში უნდა დახმარებოდა. ნახატი ორმაგფსკერიან ჩემოდანში იყო დამალული და, როდესაც მისი იდენტიფიკაცია მოხდა, ჯერიმ პოლიციას აცნობა. ვინჩენცო პერუჯია დააპატიმრეს. ის ციხეში 7 თვეს იჯდა.
ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ამსტერდამში
2002 წლის 7 დეკემბერს ამსტერდამში ვინსენტ ვან გოგის მუზეუმიდან მხატვრის ორი ტილო მოიპარეს. ბოროტმოქმედებმა შენობაში სახურავზე დამონტაჟებული გამათბობელი მილის მეშვეობით შეაღწიეს, ნახატები მოიპარეს და მუზეუმის გაღებამდე მიიმალნენ. მოპარული იყო ტილოები: “ზღვის ხედი სხევენინგენიდან” და “საწმყსო გამოდის რეფორმისტული ეკლესიიდან ნიუნენში”. ამ ნახატების ფასი დაახლოებით 100 მლნ დოლარია. 2003 წელს ნიდერლანდების პოლიციამ დააპატიმრა ორი თანამემამულე, რომლებიც შედევრების მოპარვაში დაადანაშაულეს და 4,5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. მსჯავრდებულებს ბრალი არ უღიარებიათ. მოპარული ნახატები კი ვერ იპოვეს.
2016 წლის სექტემბერში იტალიელმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ორივე ტილო იპოვეს ნარკოტიკების გამსაღებელთა ნეაპოლური კლანის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ოპერაციისას. გამოძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მაფიოზიმ მოყვა ორი ტილოს შესახებ, რომლებიც დანაშაულებრივი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით შეიძინა. სამართალდამცველებმა ნეაპოლთან ახლოს მდებარე ქალაქ კასტელამარე-დი- სტაბიაში ერთ-ერთი სახლი გაჩხრიკეს და იპოვეს ვან გოგის ნახატები, რომლებიც მუზეუმს დაუბრუნეს.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი პარიზში
2010 წლის 20 მაისის ღამეს პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან ცნობილი მხატვრების 5 ნამუშევარი მოიპარეს. ბოროტმოქმედმა რკინის გისოსების ბოქლომი გატეხა და გალერეის ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაამსხვრია. დილით მუზეუმის თანამშრომლებმა ნახეს, რომ მოპარული იყო პიკასოს “მტრედები მწვანე მარცვლებით”, ანრი მატისის “პასტორალი”, ჟორჟ ბრაკის “ზეთისხილები ესტაკას ახლოს”, ამადეო მოდილიანის “ქალი მარაოთი” და ფერნან ლეჟეს “ნატურმორტი შანდლებით”.
ტილოების საერთო ღირებულება 100 მლნ ევროა. ძარცვაში დასდეს ბრალი 49 წლის სერბ ვიერან ტომიჩს, რომელმაც აღიარა დანაშაული. რეციდივისტი მეტსახელად “ადამიანი-ობობა”, რომელიც 14-ჯერ არის ნასამართლევი, 2011 წელს დააპატიმრეს. დააკავეს მისი თანამზრახველებიც _ ანტიკვარი ჟან-მიშელ კორვეზი და მესაათე იონათან ბირნი, რომლებმაც ნაძარცვი შეისყიდეს. 2017 წელს ტომიჩს 8 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, მის თანამზრახველებს _ 7 და 6 წლით. ამას გარდა, მათვე დაეკისრათ ჯარიმის გადახდა პარიზის მერიისთვის. აღსანიშნავია, რომ მოპარული ტილოები დღემდე ვერ იპოვეს.
მოამზადა ნიკა კორინთელმა