ნებისმიერი სადაზღვევო კომპანია, რომელიც გარისკავდა ცნობილი მსახიობის _ ჯეკი ჩანის დაზღვევას, ახლა კარგა ხნის გაკოტრებული იქნებოდა. ეს არც არის გასაკვირი _ თავისი კარიერის განმავლობაში მან 3 ათასამდე ტრავმა მიიღო. აქ ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით, ამიტომ შევჩერდებით მხოლოდ რამდენიმეზე.
*პირველი ტრავმა გადასაღებ მოედანზე 19 წლის დამწყებმა მსახიობმა 1973 წელს მიიღო, როცა თვით ბრიუს ლისგან მაგრად მოხვდა.
ფილმში “ურჩხულის გამოსვლა”, რომელშიც ჯეკი ჩანი მიწისქვეშეთის მცველის ეპიზოდურ როლს ასრულებს და ტიტრებშიაც კი არ არის მოხსენიებული, ბრიუსმა ახალგაზრდა პარტნიორს შემთხვევით თვალში მოარტყა ხის ჯოხი. საბედნიეროდ, ჯეკი ჩანი დაბრმავებას გადაურჩა.
* 1978 წელი. ფილმი “გველი არწივის ჩრდილში”. დადგმულ ბრძოლაში ჯეკიმ ხელი დაავლო ხმალს. იარაღი ბუტაფორული უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც ნამდვილი აღმოჩნდა. იფეთქა სისხლმა, რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ სცენარის მიხედვით ასე უნდა ყოფილიყო და გადაღება გააგრძელა.
* იმავე 1978 წელს მიმდინარეობდა ფილმ “მთვრალი ოსტატის” გადაღება. ჯეკი ცუდად დაეცა და თვალი დაიზიანა. ოპერაციის გაკეთებაც კი დასჭირდა.
* 1983 წელი. “პროექტი A”. 8 მ სიმაღლიდან ვარდნა დასრულდა 5 ნეკნის მოტეხვით, ცხვირისა და კისრის მძიმე ტრავმით. რამდენიმე თვის განმავლობაში მსახიობს თავის მობრუნებაც კი არ შეეძლო.
* 1985 წელი. “პოლიციის აკადემია”. 5 სართულის სიმაღლის ბოძით წარუმატებელი დაშვება. ჯეკი ჩანი ლამის სიცოცხლეს დაემშვიდობა: მოიტეხა 2 მალა, დაუზიანდა მენჯი. კასკადიორმა 2 თვე საავადმყოფოში გაატარა. ბევრი ვარაუდობდა, რომ დარჩენილ ცხოვრებას ჯეკი ინვალიდის სავარძელში გაატარებდა.
* 1986 წელი. “ღმერთის აბჯარი”. ამ ფილმის გადაღებისას ჩანმა თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე მძიმე ტრავმები მიიღო. ის 6 მეტრის სიმაღლიდან თავდაყირა ჩამოვარდა. ვარდნის შედეგი: თავის ქალაზე ბზარი და შინაგანი სისხლდენა. თავში ჩაუკერეს ფირფიტა, ხოლო მარცხენა ყურში მას შემდეგ მსახიობს, ფაქრობრივად, არ ესმის.
* 1993 წელი. “კრიმინალური ისტორია”. ჯეკი ორ ავტომობილს შორის იჭყლიტება. ტრიუკი ტრაგიკულად დამთავრდა: ორივე ფეხის მოტეხილობა და სამი თვე საავადმყოფოში. მაგრამ საავადმყოფოდან გამოსული ჯეკი მორალურად არ დაეცა, მან ეს ტრიუკი წარმატებით გაიმეორა.
* 1995 წელს, როცა იღებდნენ ფილმს “გარჩევა ბრონკსში”, ჩანმა მარცხენა ფეხის ტერფი და თითები მოიტეხა. იძულებული გახდნენ, ფილმის გადაღება შეეჩერებინათ, მაგრამ დიდი ხნით არა. გამოსავალი იპოვეს: თაბაშირში ჩასმულ ფეხზე მსახიობს აცმევდნენ წინდას, რომელსაც ახატავდნენ ფეხსაცმელს (ვითომ ფეხზე ეცვა).
* 2005 წელი. ფილმი “მითი”. აქ ჯეკი ჩანს რამდენიმეჯერ არ გაუმართლა: ის ცხენიდან ვარდებოდა, შედეგად სერიოზულად დაიზიანა ზურგი. ერთ-ერთ ეპიზოდში კი მსახიობს, უბრალოდ, შუბით გაუხვრიტეს ხელის მტევანი.
აი ეს მოკრძალებული სიაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ მსახიობის სიცოცხლე ხშირად ბეწვზე კიდია.
მაგრამ ჯეკი ჩანი ფარ-ხმალს არ ყრის და 63 წლისაც კი ძველებურად მწყობრში დგას. კინოში კარიერის გარდა, საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა, ის მომღერალიცაა, 1980-იანი წლებიდან უშვებს დისკებს თავისი სიმღერების ჩანაწერებით.