ფული ჩვენ თვითონ ვაკეთოთ, რაღა ამერიკელებს მივცეთ, _ ასე მსჯელობენ ევროდეპუტატები
ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის 500 მლნ ევროს მოცულობის ფონდის შექმნას, რომელიც ევროკავშირის თავდაცვითი პროექტების დასაფინანსებლად უნდა გამოიყენონ.
ევროდეპუტატებს განზრახული აქვთ, 2019-2020 წლებში თავდაცვითი პროგრამის ფარგლებში ამ ფონდიდან დააფინანსონ ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების წარმოება-განვითარება, რათა გაიზარდოს ევროკავშირის დამოუკიდებლობა (წაიკითხე: აშშ-ისგან და ნატო-სგან, რომლის ბიუჯეტის დაფინანსებას ტრამპი დაჟინებით მოითხოვს ევროპის ქვეყნებისგან).
აღსანიშნავია, რომ ამ ფონდს შევსება სჭირდება, ამიტომ ცალკე საკამათო თემაა ევროპარლამენტში, _ რომელმა ქვეყანამ რამდენი უნდა შეიტანოს და რისთვისაა საჭირო ამხელა ხარჯები. ამასთანავე, თვით თავდაცვის პროგრამა მხოლოდ ზერელე მონახაზის სახით არსებობს, მაგრამ მისთვის ბიუჯეტიც გაამზადეს და ხარჯვის პროგრამასაც ადგენენ. ევროკავშირში ბოროტი ენები ხუმრობენ, რომ ევროდეპუტატები ცდილობენ, მანდატის ამოწურვამდე მოასწრონ მათ უკან მდგარი კორპორაციებისთვის მსუყე სამხედრო შეკვეთების განაწილება, რათა თვითონაც მოითბონ ხელი.