ბევრს, ალბათ, ახსოვს შესანიშნავი რეჟისორის _ ლეონიდ გაიდაის (“კავკასიის ტყვე ქალი”, “ოპერაცია “ი” და შურიკის სხვა ფათერაკები”, “12 სკამი”, “ივან ვასილევიჩი იცვლის პროფესიას” და სხვ.) ფრაზა კომედიური ფილმიდან “ბრილიანტის ხელი”, რომელსაც ასევე შესანიშნავი მსახიობის, იური ნიკულინის, გმირი ამბობს, როცა ხელის მოტეხის მიზეზს ეკითხებიან: “ფეხი დამიცურდა, დავეცი, გონს რომ მოვეგე, თაბაშირი მქონდა”.
სწორედ ასეთი რამ დაემართა მიხეილ სააკაშვილს 2003 წლის ნოემბერში: ამერიკელმა პატრონებმა “ვარდების” (რომელიც ბრილიანტის ტოლფასი იყო) ხელი უბიძგეს, ფეხი დაუცურდა, დაეცა და, გონს რომ მოეგო, საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში იჯდა.
აი აქედან დაიწყო საქართველოსა და ქართველი ხალხის 9-წლიანი ტანჯვა-წამება: ათობით მოკლული ახალგაზრდა ქუჩაში, ბიზნესების წართმევა-გადაფორმება, ციხეების გადავსება პატიმრებით, მათი ცემა-ტყეპა და ცოცხებით გაუპატიურება, კონსტიტუციის ჭრა-კერვა და საკუთარ თავზე და ფავორიტ ქალებზე მორგება, 2008 წლის აგვისტოს ომი და სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის დაკარგვა (სააკაშვილის განცხადებით, რამდენიმე სოფელი), ჰალსტუხის ღეჭვა და გორში თვითმფრინავის ხმის გაგონებისას მიწაზე სამარცხვინო ხოხვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერისა და უამრავი ჟურნალისტის თვალწინ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა, განათლების სისტემის განადგურება, საბიუჯეტო თანხების ფლანგვა _ ელიტური მასაჟისტ დოქტორ დოტის ჩამოყვანა და ბიუჯეტიდან მილიონის გადახდა, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით სამკაულების შეძენა ფავორიტი ქალებისთვის და ა.შ.
2012 წელს კი, როდესაც ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით ბოლო მოუღო სააკაშვილსა და მისი “ნაციონალური მოძრაობის” პარპაშს ქვეყანაში, ამერიკელმა პატრონებმა მიშას მეორედ წააშველეს ხელი, ამჯერად _ “ნარინჯისფერი რევოლუციის” (აგრეთვე, ბრილიანტის ტოლფასი) შედეგად, კვლავ დაუცურდა ფეხი, დაეცა და, გონს რომ მოეგო, იმავე ამერიკელების მიერ პრეზიდენტად ხელდასხმული პეტრე პოროშენკოს უკრაინაში ამოყო თავი, ოდესის გუბერნატორის სავარძელში.
მაგრამ ანცმა მიშიკომ უკრაინაშიც ვერ მოისვენა და ისე შეაძულა თავი იქაურებს, რომ, გუბერნატორად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, 2015 წლის აგვისტოში, ოდესელებმა ქალაქის ცენტრში სააკაშვილისა და მისი ამერიკელი პატრონის _ ბარაკ ობამას კარიკატურული სკულპტურა დადგეს: ობამას სადავით უჭირავს სააკაშვილი, რომელსაც უკანალში ცოცხი აქვს გარჭობილი და ჰალსტუხს ღეჭავს.
რამდენიმე დღის წინათ კი ქალაქ კრივოი როგში მოსახლეობასთან შეხვედრისას სააკაშვილს ჯერ კვერცხები დაუშინეს, შემდეგ ბრილიანტის მწვანე შეასხეს ამ მართლაც “ბრილიანტივით” ელვარე “დემოკრატიის შუქურას”. სააკაშვილმა არა მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეების, არამედ უკრაინის პრეზიდენტის რისხვაც დაიმსახურა, რადგან ოპოზიციური პარტია შექმნა და პეტრე პოროშენკოს დამხობას ცდილობს. როგორც სააკაშვილის თანამებრძოლმა, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად უკრაინის მოქალაქემ და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა, ამის გამო პოროშენკო ექსგუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევითა და საქართველოში ექსტრადიციით დაემუქრა. არადა, საქართველოში მასზე ძებნაა გამოცხადებული და ციხის კამერაც გამზადებულია.
“არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში. ის ჩემს დასახმარებლად იყო მოწვეული, მაგრამ შედეგებს ხედავთ. მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია”, _ განაცხადა პეტრე პოროშენკომ, რომელიც საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
აი აქ ჩამოჰკრა სააკაშვილისთვის უბედურების ზარმა და საქართველოში ექსტრადიციისა და სასამართლოს წინაშე წარდგომის არასახარბიელო პერსპექტივას გორში ნაცადი ხერხით აარიდა თავი _ გახოხდა… აფრიკაში.
როგორც ჩანს, ამერიკელმა პატრონებმა კვლავ უბიძგეს ხელი, ამჯერად “აფრიკის”. სააკაშვილსაც კვლავ დაუცურდა ფეხი, დაეცა და… გონს რომ მოვიდა, აფრიკაში იყო _ ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში.
“22 ივნისს ორი მოწვევა მაქვს: ერთი _ მსოფლიოს ბანკისგან და ტანზანიის მთავრობისგან. მეპატიჟებიან დარ-ეს-სალამში კორუფციასთან ბრძოლის კონფერენციაზე, სადაც მთავარი მომხსენებელი უნდა ვიყო. კორუფციასთან ბრძოლის ჩემეული რეცეპტი უნდა გავუზიარო; მეორე მოწვევა კი _ ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე.
წყარომ შემატყობინა, რომ ბრიუსელის შემდეგ უკრაინაში აღარ შემიშვებენ, რადგან პოროშენკო მოქალაქეობას ჩამომართმევს, რაც, რასაკვირველია, უკრაინის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტი ღელავს, რომ, პროტოკოლის მიხედვით, ბრიუსელში მასთან ერთად მაგიდასთან დამსვამენ და გადაწყვიტა, დავეშინებინე (არადა, რა ძნელია სააკაშვილის შეშინება, მსოფლიომ იცის _ ნ. კ.), რომ არ გავემგზავრო.
თავიდანვე არ ვაპირებდი ბრიუსელში გამგზავრებას, მივფრინავდი აფრიკაში. ასე რომ, პეტრო ალექსეევიჩ, ვაშინგტონში თქვენი სანერვიულო ვიზიტის შემდეგ, დამატებით ჩემზე ნერვიულობა არ ღირს! მე არ გაგიფუჭებთ განწყობას, რადგან 11 ათასი კილომეტრის დაშორებით ვიქნები. მოიშორეთ ეგ დესტრუქციული ფიქრები ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, მე მაინც ჩამოვალ მშობლიურ კიევში, და არა იმისთვის, რომ გედავოთ, არამედ იმისთვის, რომ უკრაინასა და უკრაინელების გამარჯვებისთვის ვიბრძოლო!” _ დაწერა “გულადმა” მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
სააკაშვილმა ტანზანიაში ჩასვლის შემდეგ ამ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტ სამია სულუჰუ ჰასანთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა: “დავიწყე შეხვედრები ტანზანიაში. ქვეყნის მთავრობასთან. პირველი შეხვედრა ვიცეპრეზიდენტ სამია ჰასანთან და მინისტრებთან. მე ვუზიარებ კორუფციასთან ბრძოლის ჩემს რეცეპტებს”.
საქართველო და უკრაინა ხომ ააყვავა სააკაშვილმა თავისი რეცეპტებით და ახლა, პოროშენკოს მუქარით შეშინებული, აღმოსავლეთი აფრიკის ქვეყანას _ ტანზანიას მიადგა, ეტყობა, ამერიკელი პატრონების კიდევ ერთი ბიძგის შემდეგ ფეხი კი არა, როგორც იტყვიან, “კრიშა” დაუცურდა.
მოკლედ, ბრილიანტივით მოელვარე მიშა აფრიკაშიც მიშაა.
ნიკა კორინთელი
P.S. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, ტანზანიაში “კორუფციასთან მებრძოლმა” და ამერიკელთა მიერ დემოკრატიის შუქურად შერაცხილმა მიხეილ სააკაშვილმა 23 ივნისს თავის ჯიბის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა: “ენერგია საკმარისზე მეტი მაქვს და საბრძოლო განწყობა მაქვს, ამ ბრძოლას ჩვენ არ წავაგებთ, მოვიგებთ! რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელახლა გათავისუფლებას”.
ეტყობა, ამერიკელმა პატრონებმა ახლა ორი ხელით “უჯიკეს” მიშიკოს…