ბანგკოკის (ტაილანდი) საგამოფენო ცენტრ Inpact Arena–ში გამართულ სილამაზის 67-ე საერთაშორისო კონკურს “მის სამყარო 2018”-ში, ჟიურის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა ფილიპინების წარმომადგენელმა კატრიონა გრეიმ.
საპატიო მეორე ადგილი დაიკავა ვენესუელელმა სტეფანი გუტიერესმა. ამ წლის კონკურსში გამარჯვებული გვირგვინით შეამკო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვიდრმა დემი-ლი ნელ-პიტერსმა, რომელმაც შარშან აშშ-ში გამართულ “მის სამყაროს” კონკურსში გაიმარჯვა.
ჟიურიმ თავდაპირველად გამოაცხადა გამარჯვებულის ტიტულის ყველა პრეტენდენტი, შემდეგ შეარჩია 20 ყველაზე გამორჩეული, საბოლოოდ კი განსაზვრა საუკეთესო სამეული, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ სამხრეთი აფრიკის, ვენესუელასა და ფილიპინების წარმომადგენლები.
ღონისძიების მიმდინარეობისას საზოგადოებას წარუდგინეს შეჯიბრეის შუალედური ეტაპების ვიდეორგოლები, რომელთა შორისაც იყო საღამოს კაბებითა და საცურაო კოსტიუმებით გამართული ჩვენებები. გოგონებს უსვამდნენ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხი გავლენას ახდენდა ჟიურის წევრების საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
24 წლის კატრიონა გრეი მეოთხე ფილიპინელია, რომელმაც თავის ქვეყანას სილამაზის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოუტანა.
კატრიონას თქმით, 13 წლის იყო, როცა დედამ სიზმარი ნახა, რომ “მის სამყაროს” გამარჯვებული გახდებოდა და ჯილდოს გადაცემისას წითელი კაბა ეცმებოდა. ტაილანდში გამართულ კონკურსში 93 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამ სილამაზის კონკურსზე საქართველოს 25 წლის მოდელი ლარა იანი წარადგენდა.
სილამაზის საერთაშორისო კონკურსი “მის სამყარო” ყოველლიურად იმართება და ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსია მსოფლიოში “მის მსოფლიოს”, “მის ინტერნეშნლსა” და “მის დედამიწასთან” ერთად. “მის სამყარო” ტარდება 1952 წლიდან. 2017 წლის ნოემბერში კონკურსი “მის სამყარო” გაიმართა აშშ-ში. ტაილანდში ეს ღონისძიება მანამდე ორჯერ გაიმართა 1992 და 2005 წლებში.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა