მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერის _ ზიგფრიდ ჰეკიმის აზრით, ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენ წელიწადს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა შორეულ მომავალში.
სამასი წლის წინათ ბევრი ადამიანი ძალიან ცოტას ცოცხლობდა. იმხანად მათთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ დადგებოდა დრო, როცა მათი შთამომავლები 100 წელიწადს მიაღწევდნენ, ამის მთქმელს გიჟად მონათლავდნენ, _ ამბობს ჰეკიმი.
დღეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა რიგ ქვეყნებში 60 წელიწადია, იაპონიაში ეს მაჩვენებელი 80 წელიწადს აღწევს. შარშან ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ზღვარი შეიძლება 100-115 წელიწადი იყოს.
ამ დასკვნის დასადასტურებლად ან უარსაყოფად კანადელმა მეცნიერებმა გააანალიზეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იაპონიის დღეგრძელთა სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკა 1968 წლიდან დღემდე. მოკვდავობის რაოდენობა გარკვეულ ასაკში მათ არ აინტერესებდათ. მთავარი იყო იმის განსაზღვრა, სად ხდება გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის საგრძნობი შემცირება. ისინი ცდილობდნენ, ამ გზით განესაზღვრათ ე.წ. სიკვდილს გადარჩენის კუზი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ, თუ სიცოცხლეს ზღვარი არ აქვს, “კუზი” თანდათან გადაინაცვლებს ხანდაზმულობისკენ; თუ აქვს, შეჩერდება გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაზე, _ ნათქვამია ჟურნალ Natur-ში.
ჰეკიმმა და მისმა კანადელმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობის ზრდა არ შეჩერებულა, ამერიკელი ბიოლოგების შარშანდელი დასკვნები კი მცდარია. ჰეკიმი დარწმუნებულია, კაცობრიობას ჯერ კიდევ არ მიუღწევია სიცოცხლის ზღვრისთვის ან, სულაც, ზღვარი არ არსებობს.
ამერიკელმა მეცნიერებმა კოლეგის დასკვნები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ჰეკიმიმ ანალიზისთვის მცდარი მეთოდები გამოიყენა.