“ერთ საღამოს ტიციანმა ჩვენთან ახალგაზრდა სათვალიანი კაცი მოიყვანა, ბავშვურად გაბუტული ტუჩები ჰქონდა. იგი ოდნავ შესამჩნევად იღიმებოდა, ძალზე გულიანად იცინოდა, ერთთავად ფაქიზად და სუფთად იყო ჩაცმული, _ იგონებს ტიცინის მეუღლე ნინო ტაბიძე, _ სიცილის დროს უმალვე მის სულს შეიცნობდით, ისეთივე კრისტალურსა და კამკამას; მხოლოდ თვალებში რაღაც ნაღველს დალანდავდით. ეს ნიკოლოზ ზაბოლოცკი გახლდათ, ლენინგრადელი პოეტი”.
ნიკოლოზ ზაბოლოცკის ტიციანმა ქართველი პოეტების თარგმნა შესთავაზა, ზაბოლოცკის ძალზე გაეხარდა. იმ დროიდან იგი ქართული პოეზიის ერთგულ მეგობრად იქცა. ასე დაიწყო მეგობრობა კოლია ზაბოლოცკისთან. მეგობრობა, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც პოლიტიკური ამბიციები, გულწრფელ ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული და წყაროსავით სუფთაა.
ზაბოლოცკი ლენინგრადიდან ტიციანს თავის დიდ შემოქმედებით გეგმებზე სწერდა.
“ძვირფასო ტიციან იუსტინეს ძევ!
მოკლედ, საქმე შემდეგნაირადაა: ლენინგრადის საბავშვო გამომცემლობა ბავშვებისთვის რუსთაველის შემოკლებულ თარგმნას და გადამუშავებას მავალებს. ამ საქმის ინიციატორი მე გახლავარ. ვფიქრობ, საჭირო საქმეა. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე რუსი მკითხველი და განსაკუთრებით კი მოსწავლეები ბალმონტის თარგმანით ვერ ისარგებლებენ. ჩვენ მიერ წამოწყებული გადამუშავება კი თანამედროვე რუს მკითხველთა ფართო მასებში რუსთაველის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მესმის, რომ ეს ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა, მით უმეტეს, რომ ეს ერთ წელიწადში უნდა შესრულდეს, 1937 წლის პირველ სექტემბრამდე, იმიტომ, რომ საუბილეო წლის ბოლოს წიგნი უკვე უნდა გამოვიდეს. ჩვენი მეგობარი მიკოლა ბაჟანი, რომელთანაც ახლახან ორი კვირა დავყავი, თავის ბწკარედს მაძლევს (იორდანაშვილის) ტრანსკრიფციით. სექტემბრის თვეში თბილისში ჩამოსვლა მსურს, უნდა დავუკავშირდე რუსთაველის ინსტიტუტს და იუბილის მომწყობთ. აუცილებელია, ისუნთქო საქართველოს ჰაერი და რუსთაველი მის სამშობლოში შეიგრძნო……
უკანასკნელ ხანამდე პროზაული გადამუშავებით ვიყავი გადატვირთული და მხოლოდ ახლა ვამთავრებ. ვფიქრობ, მაშინვე ჩავუჯდე ვაჟა-ფშაველას, მაგრამ ახლა ამ სასწრაფო წამოწყებასთან დაკავშირებით, “ალუდა ქეთელაურის” თარგმნა რამდენადმე ყოვნდება. გთხოვთ, მაცნობოთ, რა დროისათვის გჭირდებათ ეს თარგმანი და პირველ რიგში რის გაკეთებას ფიქრობთ.
…თქვენ კიდევ ვალი გაქვთ ჩემი: თქვენი ლექსის პწკარედისა და ტრანსკრიფციის გამოგზავნას დამპირდით, რომლის სათაური არ ვიცი, მაგრამ თქვენ ეს ლექსი წამიკითხეთ და, ალბათ, გახსოვთ, მე მსურს, გადავთარგმნო ეს ბრწყინვალე, ამაღელვებელი ლექსი, ანდა იქნებ სექტემბერში მოვილაპარაკოთ ამის თაობაზე.
გადაეცით ჩვენი გულთბილი სალამი ნინო ალექსანდრეს ასულს.
თქვენი ნ. ზაბოლოცკი
პროხოროვკა. 1936 წლის 2 აგვისტო”.
“ძვირფასო ტიციან იუსტინეს ძევ!
მადლობას გიხდით წერილისთვის. დროზე მივიღე და ძალზე გამეხარდა. …”ალუდა ქეთელაურს” ზამთარში ვთარგმნი, რუსთაველის პარალელურად. თბილისში ამაზე უფრო დაწვრილებით მოვილაპარაკებთ. მე არ მაქვს მისი ტრანსკრიფცია, გარდა ამისა, კონსულტაციის საქმეც უნდა მოვაგვარო, თუმცა, ეს, ალბათ, ლენინგრადშიც მოხერხდება ე.ბ. ვირსალაძის დახმარებით, რომელიც ორბელიანის პოემის თარგმნისას მეხმარებოდა.
თქვენი ახალი ლექსები ძალზე კარგია. მაშინვე შევუდექი მათ თარგმნას და აი, გიგზავნით ორ თარგმანს _ “არაგვის ხეობაში” და “ლექსის დაბადება”.
…გთხოვთ, ტიციან იუსტინეს ძევ, ჩემს თარგმანებში აღნიშნოთ ყველა ადგილი, რომელიც შესწორებას საჭიროებს.
რაც შეეხება ლექსს “ანანური”, არცთუ მთლად კარგად ვთარგმნე და გადავთარგმნი (მოგვიანებით) ხელახლა, როცა პირველი თარგმანი ცოტათი მიმავიწყდება.
თბილისში სექტემბრის პირველ რიცხვებში ვიქნები.
თქვენი ნ. ზაბოლოცკი”.
ზაბოლოცკი, დაპირებისამებრ, ჩამოვიდა თბილისში და თითქმის ერთი თვე დაჰყო. ახალმა შეხვედრებმა და საქართველოში მოგზაურობებმა კიდევ უფრო დააახლოვა იგი ქართველ მეგობრებს. ზაბოლოცკი უფრო და უფრო შეეთვისა საქართველოს.
იგი მეგობრებმა კახეთში, წინანდალში, წაიყვანეს.
“როცა წინანდალში ჩავედით, _ იგონებს ნინო ტაბიძე, _ კოლია უცბად სადღაც გაქრა. გამოირკვა, რომ მან და მისმა თანამგზავრებმა პატარძეულში შევლა გადაწყვიტეს გიორგი ლეონიძის სახლის სანახავად. იქიდან იგი ძალზე მხიარული და კმაყოფილი დაბრუნდა.
შემდგომ სიმონ ჩიქოვანმა იგი ქართლში წაიყვანა. ამ მოგზაურობის შედეგად დაიწერა “გორის სიმფონია” და სხვა ლექსები.
1936 წლის 27 სექტემბერს ჩვენ ალავერდში წავედით: სიმონ ჩიქოვანი მეუღლითურთ _ მარიკასთან ერთად, გოგლა ლეონიძე მეუღლითურთ, ვერიკო ანჯაფარიძე და ლოლია ყანჩელი, მშვენიერი და ჭკვიანი ქალი, რომელმაც მოხიბლა იური ტინიანოვი და მისი დის ქმარი _ კავერინი. ნატო ვაჩნაძეც იყო თავის მეუღლე კოლია შენგელიასთან ერთად და მომღერალი ქეთო ჯაფარიძე მეუღლითურთ. ზაბოლოცკი და ბაჟანიც ჩვენთან ერთად მოდიოდნენ.
მგზავრობა უამრავი თავგადასავლებით იყო სავსე.
…როცა ალავერდში ჩავედით, ხალხი უკვე იშლებოდა.
ჩვენ ჩარდახქვეშ დიდი სუფრა გაგვიშალეს.
და მაშინ დაიწყო შეჯიბრი, ვინ უკეთესად, საინტერესოდ წაიკითხავდა ლექსებს. ერთი რომ ამთავრებდა კითხვას, მეორე წამოხტებოდა: კითხულობდნენ საკუთარ და სხვათა ლექსებს.
პაოლო ეკლესიის ეზოში გაჰყვიროდა ბალმონტის მღერად ლექსებს.
ბაჟანი წამოდგა და თავის თარგმანში უკრაინულ ენაზე წაიკითხა ნაწყვეტი შოთა რუსთაველის პოემიდან, ამან უზომო ტაშისცემა და მსმენელთა აღტაცება გამოიწვია.
სუფრის მეორე ბოლოში ზაბოლოცკი წამოდგა, რუსულად ორბელიანი წაიკითხა და იფეთქა აღტაცებამ, ტაშმა.
…საღამომდე ასე კითხულობდნენ ლექსებს, ლაპარაკობდნენ პოეზიაზე, კახეთის ბუნების სილამაზეზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ერთმანეთის თარგმანების აუცილებლობაზე, რათა რუსმა ხალხმა გაიცნოს ქართული და უკრაინული პოეზია და ქართველმა _ რუსული და უკრაინული…
თბილისში დაქანცულები, მაგრამ კმაყოფილები დავბრუნდით, განსაკუთრებით იმით, რომ ჩვენი მეგობრები დარჩნენ კმაყოფილები, კიდევ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს.
ჩვენი მეგობრობა ზაბოლოცკისთან განმტკიცდა. ტიციანი მას ძალზე აფასებდა, როგორც პოეტსა და ადამიანს”.
“მოუთმენლად გელით ლენინგრადში; თქვენ აქ ბევრი მეგობარი და გულწრფელი დამფასებელი გყავთ, ჩამოდით ჩქარა!” _ მოგვიანებით წერდა ზაბოლოცკი ტიციანს. მან ახალი ბინა მიიღო ბეგოვაიაზე და ეს მყუდრო სახლი მალე ქართველი მწერლების სახლად იქცა. აქ კითხულობდნენ ახალ თარგმანებს, მან ხომ ვაჟა-ფშაველა, ორბელიანი, გურამიშვილი, აკაკი, ილია და სხვები თარგმნა, მრავალი თანამედროვე მწერალიც. კითხულობდა თავის უკანასკნელ, ჯერ კიდევ დაუბეჭდავ ბრწყინვალე ლექსებს. ზაბოლოცკი ასევე ცდილობდა, რომ მისი სუფრა ქართულს დამსგავსებოდა და ფართო ღიმილით მასპინძლობდა ყველას.