Home რუბრიკები საზოგადოება მდუღარე დრო დაოკდით, ქართველებო!

მდუღარე დრო დაოკდით, ქართველებო!

მდუღარე დრო დაოკდით, ქართველებო!

საქართველოში, განსაკუთრებით მის დედაქალაქში მიმდინარე პროცესები, რომლებსაც ხშირად პოლიტიკურ პოცესებად მოიხსენიებენ, სავარძლებისთვის ბრძოლაა და მეტი არაფერი. ზაფხულში დაწყებული ბაკქანალია დღემდე გრძელდება და, როგორც . . პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, მანამდე გაგრძელდება, სანამსაოცნებოხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს 2020 წლის არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებაზე.

“ნაცმოძრაობისა” და მისი განაყოფი “ევროპული საქართველოს” უტიფარი ლიდერები კატეგორიულად ითხოვენ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დრამატულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ბიძინა ივანიშვილს. მას პოლიტიკურ ავადმყოფსა და ამღვრეული ტვინის პატრონს უწოდებენ, გარემოცვას კი კლოუნების გუნდად მოიხსენიებენ.

ხელისუფლება ჯიუტად აცხადებს, რომ ახსოვს თავისი დაპირება, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური ვითარების გამო ვერ ასრულებს… და, ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, ევროპულშიც, მმართველი პარტიები ხშირად ჰპირდებიან ამომრჩეველს ბევრ რამეს, მაგრამ ვერ ასრულებენ.

დაახლოებით ასეთი განმარტება მოისმინა საზოგადოებამ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან სატელევიზიო გამოსვლისას. გარდა ამისა, მან ბევრი სხვაც თქვა, რამაც ხალხი მისდამი ნეგატიურად განაწყო. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ახლა მაინც მიხვდა ივანიშვილის დამოკიდებულებას ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების მიმართ. ასეთი ხომ უამრავი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და მის შემდეგაც.

ივანიშვილი ოლიმპიური სიმშვიდით აცხადებდა, რომ ყველაფერი შეასრულა, მაგრამ საზოგადოება ბრმაა და ვერ ხედავს.

ლიდერის სიტყვებით გათამამებული მისი პარტიის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, თუთიყუშივით იმეორებენ თავმჯდომარის სიტყვებს, ამიტომ მოსახლეობა არჩევნების მიმართ გულგრილია, მასში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი არ მონაწილეობს. ხალხს მობეზრდა მიტინგები, სახელისუფლო შენობანაგებობების პიკეტები, გაუთავებელი ღრიანცელი, უწმაწური ლანძღვაგინება და გაუთავებელი მუშტიკრივი, ტელეარხების მიერ მოვლენების მიკერძოებულად და არაპროფესიონალურად გაშუქება. ისინი რატომღაც საქართველოს დამაქცევარ ოპოზიციურ პარტიებს უფრო უჭერენ მხარს. ბევრჯერ გამოვთქვი მოსაზრება და გავიმეორებ: ხელისუფლება დანაშაულებრივ შეცდომას უშვებს, ასეთ მავნებელ პარტიებს ბიუჯეტიდან რომ აფინანსებს. შენ წერე და იკითხე, როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის უსაქციელობა კი გრძელდება უსასრულოდ. ნუთუ არ გებრალებათ დაბეჩავებული ჩვენი ხალხი?!

2012 წელს გაცემული დაპირებები 2019 წელსაც რომ არ შესრულებულა, ვის მოეთხოვება პასუხი? ცხადია იმას, ვინც ამ დაპირებებით მოიგო ხალხის გული და მანაც უყოყმანოდ მხარი დაუჭირა ხელისუფლებაში მოსასვლელად.

“ოცნება”, რომელიც, დიდი ხანია, დაეჩვია ტყუილებს, დღეს ვეღარ გადაეჩვევა, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გასულ ზაფხულს გაცემული დაპირება “დაავიწყდა”. გასაკვირია პარტიის ლიდერების სიჯიუტე და თავხედობა, რითაც გამოირჩევა ამ პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ქალაქის მერი პარტიულ თანამდებობას არ უნდა ითავსებდეს. ის პარტიული საქმეებით, მით უმეტეს, არჩევნებით არ უნდა იყოს დაკავებული, ვინაიდან დედაქალაქის ზღვა პრობლემები მოითხოვს მერის მხრიდან მთელი ყურადღების ქალაქზე კონცენტრირებას.

თბილისისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაწყებული და დაუმთავრებელი სამუშაოები, გადათხრილი ქუჩები, ერთმანეთში არეული ნაგავი, მტვერი და ტალახი, ავტომანქანების სავალი დავიწროებული ქუჩები, გამოუყენებელი ველობილიკები, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო მოძრაობა, გამწვანების დაუსრულებელი სამუშაოები, დანაშაულებრივად და უგუნურად ჩატარებული ტენდერები, ბინძური მტკვარი, დაჭაობებული ტერიტორიები და სხვ.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას შერეულ არჩევნებზე, მერი ამ ინიციატივის გამხმაურებლის როლში იყო, მაგრამ საზოგადოებამ ის ტექსტის ავტორად აღიქვა. განცხადების კატეგორიულმა ტონმა კი ხალხის გაღიზიანება გამოიწვია. ტონი სხვაგვარი უნდა ყოფილიყო და არა კატეგორიულ-მბრძანებლური, დაახლოებით ასეთი _ ეს განცხადება კანონია და ყველა უნდა დაემორჩილოსო. სხვას არაფერს ნიშნავს მერის ნათქვამი: თემა დახურულია, არავითარი დათმობა არ იქნება”.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა “ქართული ოცნების” ცალმხრივი პოლიტიკური ინიციატივა იყო. პროპორციული ნულოვანი ბარიერის შემოღება კი, ჩემი აზრით, პოლიტიკური შეცდომაა.

ყურადღება ნაციონალებზეა გადატანილი: “აქ ნათლად იკითხება “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეული ხელწერა, რომელიც სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”. ოცნებასიცრუეში ადანაშაულებსნაცმოძრაობას”, “ნაცმოძრაობაკი _ “ოცნებას”. ერთი სიტყვით, “ღორმა ღორს უთხრა: შე დრუნჩიანოო”. აი ამ ორის ჭიდილში, გაუთავებელსა და ქვეყნისათვის დამანგრეველში, ხალხი აღარავის ახსოვს, რაც ადამიანებში ორივე პარტიისადმი ზიზღსა და უნდობლობას იწვევს. დარწმუნებული ვარ, ნაცები თავიანთი განშტოებებით რომ არ ყოფილიყვნენ, ამომრჩეველი ზედაც არ შეხედავდა მატყუარა, უმაქნისოცნებას”, ნეპოტიზმით, მომხვეჭელობით, არაპროფესიონალიზმით, მახინჯი საკადრო პოლიტიკით სახელგანთქმულს.

კოაბიტაცია, რომელიც “ოცნებამ” ხალხს შესთავაზა, სულაც არ იყო გამოწვეული ჰუმანიზმით, მას “ბუა”-ს ფუნქცია უნდა შეესრულებინა: არ აგვირჩევთ და იცოდეთ, ისევ ნაციონალები მოვლენ ხელისუფლებაში! 2012 წლიდან ვტრიალებთ ამ წრეზე, თუმცა არც მანამდე გვქონდა მშვიდი ცხოვრება. 30 წლის განმავლობაში ვერც ერთი არჩევნები ვერ ჩავატარეთ ძალის გამოყენებისა და სახალხო არეულობის გარეშე. “ოცნებაც” ხომ სააკაშვილის გაუსაძლისი სადამსჯელო რეჟიმის მიერ უკიდურესობამდე მიყვანილი ხალხის მხარდაჭერის შედეგად მოვიდა?!

არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური დაპირისპირება, მუშტი-კრივი, ძალადობა, როგორც საქართველოში. დსთ-ის წევრი არც ერთი ქვეყნის ტელესივრცე არ არის გაჯერებული ისეთი თოქშოუებით, რომლებშიც ე.წ. პარტიული ელიტა, ექსპერტები, საზოგადოების ნაწილი ტალახს ესვრიან ერთმანეთს. ამ ამაზრზენმა ვითარებამ ხალხს ტელევიზია შეაძულა, განსაკუთრებით “ტვ-პირველი”, სადაც ჟურნალისტები გრიგოლია, ჟიჟილაშვილი, სანაია, ნაცვლად ნეიტრალური და ობიექტური პოზიციისა, მხარედ გვევლინებიან, ოპოზიციის მხარდამჭერებად. ამის შემყურე საზოგადოება სასოწარკვეთილი, დაბეჩავებული, საგონებელში ჩავარდნილი, უიმედოდ სვამს კითხვას: გვეშველება რამე?

კეთილგონიერი საზოგადოება ამბობს, რომ უპასუხისმგებლო “ქოც-ნაცებსა” და სხვა პარტიებს მხოლოდ თანამდებობები, ბიუჯეტის, ე.ი. ხალხის ფულით უზრუნველი ცხოვრება, დროსტარება, უცხოეთში ბიზნესკლასით გუნდ-გუნდად ფრენა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრება ხიბლავთ და არა ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობა სურთ. პარლამენტის ბლოკირებით, პოლიციაოპოზიციის პერმანენტული შეხლაშემოხლის ფონზე გაუთავებელი პიკეტებით, მიტინგებით, ქალაქის პარალიზებით ხალხი შეღონებულია. ამ დროს ქალაქის მერი და პარლამენტის თავმჯდომარე კი მიემგზავრებიან იტალიაში გასართობად. რა ჰქვია ამას, თუ არა ხალხის შეურაცხყოფა და მასხრად აგდება?! “ოცნებაისეა დარწმუნებული მომავალ გამარჯვებაში, რომ ზემოთ მოყვანილ კურიოზულ ფაქტს არაფრად აგდებს. ივანიშვილმა განაცხადა: არჩევნებში 50%-ზე მეტს დავაგროვებთო.

რა გაეწყობა. რომ იტყვიან, ძალა აღმართს ხნავს. ეს ძალა ფულია, მაგრამ არც ოპოზიციაა უფულო, განსაკუთრებით _ ნაცები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის აქციებზე ხალხის საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს, ხელისუფლებას რომ გადაჭრით შეუტიოს, თუმცა ვინ იცის…

მათ ძიძგილაობაში ქვეყნის ეკონომიკა სულს ღაფავს, ლარი უფასურდება, ხალხის სოციალური პირობები უარესდება, დამშეული მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის. “საქსტატისმონაცემებით, გასულ წელს 76 367 ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ეს მონაცემი მეტია 2017 წლის მონაცემზე _ 67 269 ადამიანი. საფრანგეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ “2019 წლის პირველ ნახევარში საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით. ეს ანომალიაა, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად”.

აი, ასეთ ცრუ წარმოდგენას უქმნის ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობებს. ქვეყანა, რომელშიც სამუშაო ადგილების დეფიციტია, საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები არ მუშაობს, ექსპორტზე გასატანი პროდუქციაც აბსტრაქციის საგანია; ჩვენი ექსპორტი ადამიანური რესურსია, ხალხი, რომელიც მასპინძელი ქვეყნების კანონმდებლობის დარღვევით ემიგრანტად რჩება იქ და მძიმე ფიზიკური შრომით მოპოვებული ფულით კვებავს შინ დატოვებულ ოჯახს. უცხოეთში ფეხმოკიდებულს ოჯახიც გადაჰყავს იქ საცხოვრებლად. ასე იცლება ისედაც მცირერიცხოვანი საქართველო, ქართველების ნაცვლად კი ქვეყანაში უამრავი გადამთიელი შემოედინება.

ამის შემყურე საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად თავის ქებისა და ყოყოჩობისა, ნამდვილი საქმით უნდა იყოს დაკავებული _ ხალხს უნდა დაანახვოს, რომ, თუ იშრომებს, შედეგიც არ დააყოვნებს. ასე რომ მოქცეულიყო, არც დაპირებული პროპორციული სისტემის შერეულზე გაცვლა დასჭირდებოდა და არც ოპოზიცია დაუპირისპირდებოდა ასე მწარედ, არც ქვეყანა იქნებოდა უმძიმეს მდგომარეობაში.

თუმცა ხელისუფლებას სადარდელი ნაკლები აქვს, რადგან უცხოეთში გადახვეწილი ცოცხალი ძალა აქ პრობლემებს აღარ უქმნის და ფულს კი გვიგზავნის, რომელმაც გასულ წელს პირდაპირ ინვესტიციებს 200 მილიონი დოლარით გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ ემიგრაციის მაჩვენებელი იზრდება, ხოლო უცხოური ინვესტიციები მცირდება.

გაუთავებელი მიტინგები, ქალაქის ცენტრალური პროსპექტის გადაკეტვა, სამთავრობო შენობებისა და პარლამენტის ბლოკირება არა მხოლოდ ჩვენ გვიქმნის დისკომფორტს, არამედ აქ ჩამოსულ უცხოელ ტურისტებსა და ბიზნესმენებსაც. გასულ ზაფხულს ანტირუსული გამოსვლების შედეგად დავემშვიდობეთ რუს ტურისტებს, რომელთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები ერთად აღებული.

ჩვენი უგუნური პოლიტიკოსების წყალობით ზაფხულის ტურიზმი ჩავარდა. ანალოგიური რამ არის მოსალოდნელი ზამთრის ტურიზმშიც, ვინაიდან რუსეთიდან შეკვეთები სასტუმროს ნომრებზე არ არის. ასე ამბობენ გუდაურის, ბაკურიანისა და ზამთრის სხვა კურორტების სასტუმროების მეპატრონეები.

ბიძინა ივანიშვილმა ღირსეული პიროვნებები კი არ დაიყენა გვერდით, რომლებიც, საბედნიეროდ, ბევრი გვყავს, არამედ უსახური ხალხით დააკომპლექტა პარლამენტი და მთავრობა.

გემოვნება აქვს ასეთი და რა ქნას?!

გონს მოდით და დაოკდით, ქართველებო!

ომარ მარგველაშვილი,

საქართველოს საინჟინერო აკადემიიის ვიცეპრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინერო აკადემიების წევრი, საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here