2020 წლის 16 სექტემბერს მოლდოვაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ექსპრემიერმა მაია სანდუმ II პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამრცხა. მოლდოვა საპრლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა ურიგო არ იქნება, მაინც განვიხილოთ ეს ფაქტი, აგრეთვე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ნეოლიბერალი ლიდერებისა და, საზოგადად, ლიბერალური პოლიტიკის ფენომენი.
მაია სანდუ მოლდოვის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია, ქალი, აშშ-ში განათლებამიღებული. ის ნეოლიბერალური პოლიტიკის ადეპტია. მაია სანდუ, ისევე როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი, შემდგომ ვლადიმერ ზელენსკი, ნიკოლ ფაშინიანი და ბევრი სხვა ლიდერი, ემხრობა ქვეყნის ნეოლიბერალურ ტრანსფორმაციას _ მცირე სახელმწიფო, ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, გადასახადების შემცირება და ა.შ. _ ყველაფერი, რაც რეალურ პროგრესსა და ეკონომიკურ განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.
პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური თვალსაზრისით ლიბერალური იდეოლოგია მსოფლიოში უკვე კრიზისს განიცდის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ლიბერალი პოლიტიკოსები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაინც ახერხებენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გულის მოგებასა და ხელისუფლებაში მოსვლას.
პარადოქსია, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკა ისეთ ღარიბ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, კიდევ ახერხებს გზის გაკვალვას და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში სიმპათიის მოპოვებას. ეს ყველაფერი მსოფლიოში 1990-იანი წლებიდან მკვიდრდება, როდესაც რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა აქტიურად დაიწყეს მსგავსი პოლიტიკის წაქეზება. მაშ, რა განაპირობებს ლიბერალების გარკვეულ წარმატებას, მაშინ, როდესაც ისტორიული გამოცდილება, ეკონომიკური თეორია და საღი აზრი მათ სასარგებლოდ არ მუშაობს?
მკითხველისთვის ურიგო არ იქნება, განვმარტოთ, რა სხვაობაა ნეოლიბერალიზმსა და ლიბერალიზმს შორის.
ნეოლიბერალიზმი _ ეს ტერმინი 1980-იანი წლებიდან დომინირებს და თავისი არსით ძალიან ჰგავს კლასიკურ ლიბერალიზმს, მაგრამ მისი ასლი არ არის. ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, ნეოლიბერალიზმი მინიმალური სახელმწიფოს იდეის მომხრეა, მაგრამ მცირე სხვაობით. მთავარი განსხვავება არის ის, რომ ნეოლიბერალიზმი ცენტრალურ ბანკსა და მის მონოპოლიას აღიარებს ეროვნული ვალუტის გამოშვებაზე, მაშინ როდესაც კლასიკოსი ლიბერალები თვლიდნენ, რომ ეროვნული ფულის ბეჭდვაზეც უნდა იყოს კონკურენცია. ნეოლიბერალები დემოკრატიის ისეთი აშკარა მოწინააღმდეგეები არ არიან, როგორც, მაგალითად, ლიბერალები, მაგრამ ნეოლიბერალების დიდი ნაწილი დემოკრატიას უპირობოდ გაწირავს კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ბაზრის გამო.
უნდა გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ლიბერალური დისკურსის წარმატების წინაპირობაა. ეს დაგვეხმარება იმის უკეთ გაანალიზებაში, რა უნდა დავუპირისპიროთ მათ გამარჯვების მოსაპოვებლად:
- მსხვილი კაპიტალის აქტიური ფინანსური მხარდაჭერა
XX საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ დასავლური მსხვილი ბიზნესი და კორპორაციები აქტიურად აფინანსებდნენ ნეოლიბერალური იდეების გამხმოვანებლებს _ ეკონომისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს. ისინი სხვადასხვა წყაროს მეშვეობით ახერხებდნენ ლიბერალური იდეების პოპულარიზაციისთვის ერთგვარი თეორიული ფუნდამენტის შექმნას და ამიტომაც აქტიურად აფინანსებდნენ იმ სუბიექტებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ იმ იდეებს, რომლებიც მსხვილი ბიზნესისთვის იყო სასარგებლო _ გადასახადების შემცირება, სწრაფი პრივატიზაცია, ეკონომიკის ყველა სფეროს კომერციალიზაცია და, რაც მთავარია, უცხოურ კაპიტალზე ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნა.
- ლიბერალური ჰეგემონია
ცნება’”ჰეგემონია” პოლიტიკურ ფილოსოფიაში პირველად გამოიყენა ცნობილმა იტალიელმა მარქსისტმა ანტონიო გრამშიმ. ის თავის ჩანაწერებში აღნიშნავდა, რომ მმართველ კლასს ესაჭიროება ძალაუფლების შენარჩუნება მორალური, ინტელექტუალური და იდეოლოგიური ლიდერობით. ლიბერალური მმართველი კლასი ყოველთვის ცდილობს საკუთარი იდეოლოგიის მართებულობის კვლავწარმოებას სხვადასხვა დონეზე ინტელექტუალური ბაზის ფორმირებისა და შემდგომი მხარდაჭერის მეშვეობით. საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ლიბერალების ფლანგი ინტელექტითა და სიბრძნით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა ისინი ახერხებენ საკუთარი იდეოლოგიის გახმოვნებას ისეთი პერსონალიების მეშვეობით, როგორებიც არიან გია ნოდია, გიგი თევზაძე, გოგი გვახარია და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლიბერალებმა, ფაქტობრივად, შეძლეს სექტორის პრივატიზაციაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა მხოლოდ ლიბერალური დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს. ავტორიტეტულმა დასავლურმა “იდეების რეზერვუარმა” Chatham House-მა 2013 წლის ანგარიშში საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არასამთავრობოების აღნიშნულ სპეფიციკურ საქმიანობას NGO-კრატია უწოდა.
- დასავლური ორგანიზაციები
იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში უკვე 4000-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრია, რომელთა უმრავლესობა ამერიკული მოდელის კოპირებას ეწევა, ამერიკული Think Tank-ს გამორჩეული როლი აკისრია. ტერმინი Think Tanks_ “იდეების რეზერვუარი”, II მსოფლიო ომის პერიოდში გაჩნდა და აღნიშნავდა დაცულ შენობას, რომელშიც ექსპერტები და სამხედროები იკრიბებოდნენ სხვადასხვა თემის განსახილველად. მაშინ, როდესაც კარნეგის ფონდის, მემკვიდრეობის ფონდის [Heritage Foundation], ბრუკინგსის ინსტიტუტის ფილიალები სხვა ქვეყნების ელიტებს ასწავლიან, საკუთარ პოლიტიკას გლობალური ლიბერალიზმის პრიზმიდან უცქირონ, აშშ-ში ეს უმსხვილესი ორგანიზაციები მხოლოდ ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
- გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა
ლიბერალურ ჯგუფებს აქვთ გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა, რადგან მათთვის სამოქალაქო აქტივობა და პოლიტიკის კეთება ბიზნესი უფროა, ვიდრე სხვა რამ. ამიტომ ისინი საკმაოდ წარმატებით იყენებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ბიზნესის საწარმოებლად არის კარგი. ბიზნესთან ლიბერალურ ჯგუფებს სხვა კავშირიც აქვთ, რაც, პირველ რიგში, დაფინანსებას გულისხმობს. ასე რომ, სხვადასხვა პროექტს, რომლებსაც ლიბერალები საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ახორციელებენ, პირველ რიგში, ბიზნესის ელფერი აქვს, სწორედ ამიტომ არის მათი საქმიანობა დაცლილი ყოველგვარი მორალისგან.
- ერთ მუშტად შეკვრა და სწორი კომუნიკაცია აუდიტორიასთან
ის, რაც ლიბერალური ჯგუფებისგან ყველამ უნდა ისწავლოს, არის ერთ მუშტად შეკვრა და გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო. საკუთარ პოტენციურ ელექტორატთან სწორი კომუნიკაცია, მხარდამჭერების გაერთიანება სხვადასხვა ფორმით, მთავარი შეტყობინებების ხშირი გამეორება არის ის, რაც სხვა ჯგუფებს საქართველოში საკმაოდ აკლია. მაგალითად, მემარცხენე და კონსერვატიული ჯგუფები საქართველოში საკმაოდ დაქსაქსულები არიან, რაღაც ფორმით გაერთიანების მაგივრად ერთმანეთის კრიტიკაში ატარებენ დროს. ამით კი მოგებული ლიბერალები რჩებიან.
ჩინეთი და რუსეთი
ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმი სრულად ასოცირდება დასავლეთთან და, შეიძლება ითქვას, ლიბერალური დემოკრატია და ნეოლიბერალური გლობალიზაცია დასავლეთის ერთგვარ ინსტრუმენტად იქცა დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. მსოფლიოში 2 სუპერსახელმწიფო არსებობს, რომლებიც დეკლარირებულად გამოდიან ლიბერალიზმის წინააღმდეგ. ესენი არიან ჩინეთი და რუსეთი.
ჩინეთი უფრო ქვეყნის შიგნით მუშაობაზეა ორიენტირებული, ვიდრე მის გარეთ. ჩინელებს თავიანთ წარმატებაზე ხმაურიანი საუბარი განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლებთან დიდად არ უყვართ, მათ საკუთარი რბილი ძალაც სპეციფიკური აქვთ. ასე რომ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩინეთი გლობალურად დაუპირისპირდება დასავლურ ლიბერალიზმს ან ნეოლიბერალიზმს და დანარჩენ მსოფლიოს ჩინურ ცივილიზაციურ ხედვას შესთავაზებს. დასავლეთი ისედაც ხშირად ავიწროებდა ჩინეთს ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, რადგანაც მდგრადი განვითარების მქონე ჩინეთი დასავლეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
რუსეთი კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური ლიბერალიზმის ერთგვარ წინაღობად გვევლინება პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთმა ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მოიგო რუსეთში, რასაც ვერ ვიტყვით პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებზე. შეიძლება რუსეთში ლიბერალიზმის დამარცხებამ რუსეთის მმართველი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებს მცდარი მოლოდინი შეუქმნა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ლიბერალური მარცხი ინერციით გავრცელდებოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლიბერალური მსოფლმხედველობის იდეა რუსეთში დასავლეთიდან შევიდა. რუსეთის მოსახლეობას აქტიურად არწმუნებდნენ იმაში, რომ ამ სისტემის პირობებში ისინი გაცილებით უკეთ შეძლებენ ცხოვრებას, ვიდრე კომუნისტური წყობის პერიოდში, მაგრამ რუსეთში კეთილდღეობის მაგივრად ლიბერალიზმმა 1998 წელს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი წარმოქმნა _ ქვეყანა გაკოტრდა. მალე ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი მოვიდა. სწრაფი პრივატიზაციისა და დერეგულაციის გამოყენებით განხორციელებულმა ნეოლიბერალურმა რეფორმებმა რუსეთში ოლიგარქების ჯგუფები გააჩინა. ამ ყველაფრის ფონზე ლიბერალიზმი რუსეთში გრძელვადიან პერსპექტივაში დამარცხდა.
მაგრამ რას აკეთებდა 1990-იანი წლების შემდგომ რუსეთის ხელისუფლება იმისთვის, რომ განვითარების საკუთარი არალიბერალური მოდელი შეეთავაზებინა მსოფლიოსთვის? რუსეთი დიდწილად საბჭოთა ინერციაზე იყო დამოკიდებული და ახალი, თანამედროვე მსოფლმხედველობის შექმნა ვერ შეძლო, რომელიც ხალხებს მორალურად და სოციალურად მიიზიდავდა და დასავლური ნეოლიბერალური მსოფლიო წყობის ხელშესახები ალტერნატივა იქნებოდა. სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ, მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ნეგატიურად უყურებს საბჭოთა კავშირის დაშლას და გარკვეული სენტიმენტები აქვს საბჭოთა წარსულის მიმართ, მაგრამ ეს თანამედროვე რუსეთის დამსახურება ნაკლებადაა. ეს, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის აქტივია, რადგან მაშინ მოხერხდა დასავლური ექსპლუატატორული მოდელის იდეოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური საპირწონეს შექმნა.
რეკომენდაციები
სად არის გამოსავალი? როგორ შეიძლება ლიბერალური ტოტალიტარიზმის დამარცხება პოსტსაბჭოთა სივრცეში და კონკრეტულად, საქართველოში? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი:
* ყველა ანტილიბერალური ძალა, იქნება ეს მემარცხენე, კონსერვატორული თუ ზომიერად ცენტრისტული, უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნის გარშემო _ დამთავრდეს ლიბერალური დღის წესრიგი! ძალა ერთობაშია. მხოლოდ სინერგიით იქნება შესაძლებელი იმ ურჩხულის განგმირვა, რომელსაც ნეოლიბერალური დისკურსი წარმოადგენს.
* უნდა დაიწყოს საჯარო დისკუსიები: როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, საით უნდა მივდიოდეთ, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული კუთხით. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის იდეალური იქნებოდა შემდეგი ფორმულა: ეკონომიკურად _ მემარცხენე, კულტურულად _ კონსერვატორი.
დასასრულ, მხოლოდ რიგითობის და არა მნიშვნელობის მიხედვით: საქართველოში უნდა მოხდეს ელექტორალური რევოლუცია, როდესაც არასისტემური პოლიტიკური ძალა იღებს ძალაუფლებას ხელში. ეს კი წარმოუდგენელია მოსახლეობასთან აქტიური მუშაობის გარეშე. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ და დავანახვოთ, როგორი იქნება საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო, რომ მხოლოდ ერთეულებისთვის არ მუშაობს ქვეყანა, არამედ მისი თითოეული მოქალაქისთვის.
გიორგი მდივანი