Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ჩაჩუა: თუ ეს გაუვიდა პაპობის მოსურნე ბართოლომეოსს, ძალიან ცუდ პრეცედენტს შექმნის...

ლევან ჩაჩუა: თუ ეს გაუვიდა პაპობის მოსურნე ბართოლომეოსს, ძალიან ცუდ პრეცედენტს შექმნის მართლმადიდებელი სამყაროსთვის

5041
ლევან ჩაჩუა

ბოლო პერიოდში უკრაინის ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესები და დაძაბულობა 6 იანვარს ბართოლომეოსის მიერ უკრაინისთვისავტოკეფალიის ტომოსისგადაცემამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ალბათობა, რომ აღნიშნულმა საკითხმა წმინდა სინოდში, შესაძლოა, სერიოზული უთანხმოება გამოიწვიოს, დიდია. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქო პოზიციების შეჯერებას არ ჩქარობს და არაერთი მოწოდების ფონზე, როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკურ დონეზე, ოფიციალური განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს. გაურკვევლობა და მითქმამოთქმა, რომლებიც ამ პროცესს თან სდევს, საკითხისადმი საზოგადოების ინტერესს ერთიორად ზრდის.

ეკლესიასთან ერთად შეფასებებისგან თავს იკავებს ხელისუფლებაც, რაც ქვეყნის “ლიბერალურ” ისტებლიშმენტს აღიზიანებს. მმართველი გუნდი და განსაკუთრებით მთავრობა უკვე მოექცა მათი კრიტიკის ქარცეცხლში, ხოლო ახალარჩეულ მთავარსარდალს, რომელიც აქამდე ასევე ნეიტრალურ პოზიციაზეა, იმავე “ლიბერალური მედიის” მიერ თეოლოგებად შერაცხილი პირები მოუწოდებენ, არ დაელოდოს საპატრიარქოს განცხადებას და მიულოცოს მეგობარ სახელმწიფოს “ისტორიული ტომოსი”. მოკლედ, მართული მედიით მიმდინარეობს პროპაგანდისტული კამპანია, რაც, როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაივლის; ეკლესია ჩვეული “ლიბერალური” ლოგიკითა და რიტორიკით კვლავაც ცხადდება პრორუსულ ინსტიტუტად, მისი საჭეთმპყრობელი პატრიარქი კი _ რუსეთის ინტერესების მსახურად…

რა მიზანს ემსახურება ზემოაღნიშნული მოწოდებები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის მმართველი გუნდის ან სინოდის მხრიდან უკრაინისსაეკლესიო დამოუკიდებლობისთვისმხარდაჭერას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ყოფილი რელიგიური პატიმარი და პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ბოლო პერიოდში უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან საფრთხილო და სახიფათო თემაა. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ჩვენთვის, როგორც მართლმადიდებელი სახელმწიფოსთვის, ეს ყველაფერი და რატომ უნდათ ქვეყნის შიგნით გარკვეულ ძალებს, რომ ხელისუფლებამ და ეკლესიამ მხარი დაუჭიროს მეგობარი ქვეყნისსაეკლესიო დამოუკიდებლობას”, რომელიც კანონიკური ნორმების დარღვევით განხორციელდა?

_ აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, ყველაზე მეტად ამ საკითხის გარშემო აქტიურობენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, მათ შორის, სასულიეროც, თუმცა ამ სასულიერო პირებს, ფაქტობრივად, მრევლი არ ჰყავთ და არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ, როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში. ახლა რა მოვლენაა ეს ე.წ. უკრაინის ავტოკეფალია: პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ და ვეცდები, მოვლენა მოკლედ შევაფასო: უკრაინის .. საეკლესიო დამოუკიდებლობას მიესალმა და მხარი დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირმა, მედიასაშუალებატაბულამ”, საქართველოს მუსლიმთა კავშირმა და ბაპტისტურმა .. ეკლესიამ, რომლის ცრუეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და ამ ეკუმენისტურ ბაკქანალიაში .. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. სასაცილო იყო ის, რომ სონღულაშვილმა “პარაკლისის” დროს მართლმადიდებელი იერარქის მიტრა დაიხურა თავზე და ისე ლოცულობდა. ჩვენს ქვეყანაში უკრაინის .. ავტოკეფალიის ყველაზე ანგაჟირებული მომხრეები მიშას სექტის _ “ნაციონალური მოძრაობისწევრები არიან, ასევე ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე მედიასაშუალება; ანუ, ის ჯოჯოხეთის ძალები, რომლებიც წლებია, ებრძვიან პატრიარქს, მართლმადიდებელ ეკლესიას, დასცინიან და აქილიკებენ სამღვდელოებას. ყველანი ერთად ათუხთუხდნენ იმ სიხარულით, რომელიც გამოიწვია სტამბოლის გადაწყვეტილებამ. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსს, რომელიც, ფაქტობრივად, სტამბოლის პატრიარქია, დიდი ხანია, უნდა მართლმადიდებელი სამყაროს ერთპიროვნული მართვა, ერთგვარი “მართლმადიდებლური პაპობა”, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსე არასდროს დაუშვებს, რადგან, როგორც ბოლო პერიოდის უდიდესი წმინდა მამა იუსტინ პოპოვიჩი ამბობს: კაცობრიობამ იცის სამი უდიდესი დაცემა: ადამის, იუდასი და პაპიზმი. ასე რომ, მართლმადიდებელ სამყაროში პაპობის მცდელობა და ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები არასდროს იქნება გაზიარებული. ბართოლომეოსის თვითნებობაზე ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ, მათ შორის, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმაც, უნდა გამოხატოს პოზიცია საეკლესიო წესებსა და სჯულის კანონზე დაყრდნობით. სხვა მიდგომა, უბრალოდ, დაუშვებელია და ყველანაირი პოლიტიკური კონიუქტურა უნდა გამოირიცხოს. წმინდა სინოდი არ უნდა მოექცეს “ნაცსექტისა” და რამდენიმე ეკუმენისტის ზეწოლის ქვეშ, ეკლესია უნდა ემსახუროს მხოლოდ ჭეშმარიტებას და ყველა მისი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მხოლოდ საეკლესიო კანონის დაცვით.

_ საფრთხეებზე ვისაუბროთ

_ საფრთხე ყველასთვის ნათელია: თუ ეს გაუვიდა პაპობის მოსურნე ბართოლომეოსს, ის შექმნის ძალიან ცუდ პრეცენდენტს სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის. ახლა რა საფრთხე ან საფრთხეები შეიძლება ჩვენთვის არსებობდეს, ცოტა შორიდან დავიწყებ: ისტორიიდან ვიცით, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ საქართველო გაიყო სამეფოებად _ ქართლ-კახეთისა და იმერეთის. ამას მოჰყვა ეკლესიის გაყოფა და ჩამოყალიბდა ორი საკათალიკოსო _ მცხეთისა და აფხაზეთის. შემდეგში აფხაზეთის საკათალიკოსოს კათედრა გადმოვიდა ქუთაისში და სამასი წლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს თავისი კათალიკოსი ჰყავდა, თუმცა ეს არ იყო სქიზმატური წარმონაქმნი, მცხეთის საპატრიარქო აღიარებდა მას და პირიქით, ისინი ერთმანეთთან ევქარისტულ კავშირში იყვნენ. გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ მეფის რუსეთმა გააუქმა ჯერ მცხეთის საკათალიკოსო და შემდეგ _ აფხაზეთის საკათალიკოსოც. 1943 წელს კი, სტალინის ჩარევით, რუსეთის იმჟამინდელმა პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს გადასცა გუჯარები დამოუკიდებლობის შესახებ, რომლითაც მოხდა მცხეთისა და აფხაზეთის საკათალიკოსოების გაერთიანება. სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე ჩავიდა პატრიარქი ილია II კონსტანტინოპოლში და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს უკვე სხვა ადგილობრივმა ეკლესიებმაც.

პოროშენკო-ბართლომეოსი

რატომ მოვიყვანე ეს ისტორიული ექსკურსი: თუ ბართოლომეოსს უკრაინის ეკლესიისდამოუკიდებლობაგაუვიდა და მოგეხსენებათ, ის ამბობს, რომ ამით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მაშინ, იმავე ლოგიკით, რუსეთის საპატრიარქოსაც შეუძლია თქვას, რომ შეცდომა დაუშვა, როცა აფხაზეთის საკათალიკოსო გააუქმა, და ისევ აღადგინოს. ღმერთმა ნუ ქნას, თორემ ეს იქნება ჩვენთვის არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით კატასტროფული შედეგების მომტანი დავუბრუნდეთ უკრაინის საკითხს, ზოგს გულწრფელად სჯერა, რომ ისტორიული ფაქტი მოხდა და უკრაინამ საეკლესიო დამოუკიდებლობა მიიღო, მაგრამ საქმე ის არის, რომ უკრაინელ მართლმადიდებელთა ყველაზე დიდი ნაწილი კვლავაც მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება. გამოდის, რომ სტამბოლმა არა სრულიად უკრაინის დამოუკიდებლობა, არამედ მხოლოდ იქ მოქმედი სქიზმატურანათემირებული დაჯგუფება აღიარა, რაც არის საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და რის გამოც ბართოლომეოსის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

_ მსოფლიო პატრიარქის მიმართ ხშირად ისმის ეკლესიის გახლეჩის ბრალდებები. კონკრეტულად რა არგუმენტები ამყარებს ამ ბრალდებებს?

_ ეს ბრალდებები არ არის. ეს ფაქტებია, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. წარმოიდგინეთ, ორი მოძმე ერი, რომლებიც ისტორიულად ერთად ყალიბდებოდნენ, ერთმანეთს სამკვდროდ გადაჰკიდეს, ახლა კი ბერძნულენოვანი და სლავურენოვანი ეკლესიები დაუპირისპირეს ერთმანეთს ისე, რომ მათ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტეს. უკვე ბელარუსშიც დაიწყეს სქიზმატური მოძრაობები და დამოუკიდებლობაზე საუბარი. ანუ, უკრაინა არავის ადარდებს, აქ არის ინტერესები რამდენიმე მიმართულებით: ერთი ის, რომ რუსეთის დასუსტების მიზნით მიაქვთ იერიშები მის ეკლესიაზე და ასევე დიდი ფინანსური ნაკადის, უკრაინის საეკლესიო შემოსავლის, ხელში ჩაგდება სურთ, რომელიც ამიერიდან პრაქტიკულად წავა სტამბოლისა და მისი მოკავშირეების მიმართულებით. მაგრამ ამ პოლიტიკურ-ფინანსურ ჭიდილში არავის ახსოვს მილიონობით მორწმუნე და ყველაზე სამწუხარო ეს არის. ყველაფერი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფა-დანაწევრებისკენ არის მიმართული. საბერძნეთში ეკლესიის მტრებმა ეს მოახერხეს და იქ უკვე 7 ე.წ. სინოდია, უკრაინაში უკვე რამდენიმე დიდი სქიზმაა, მათ შორის განაწყენებული ე.წ. უკრაინის პატრიარქი ფილარეტის სქიზმაც, რომელიც აცხადებს, რომ ბართოლომეოსმა უკრაინის საჭეთმპყრობელის სტატუსი კი მიანიჭა ეპიფანეს, მაგრამ მე მაინც პატრიარქად ვრჩებიო. ეს არის ნამდვილი მარაზმი და რეალურად უკრაინამ, საეკლესიო დამოუკიდებლობა კი არა, საეკლესიო ქაოსი და განხეთქილების გაღრმავება მიიღო

რაც შეეხება დამოუკიდებლობის ხარისხს, ეკლესია მაშინ არის ავტოკეფალიური, როდესაც თვითონ ირჩევს პატრიარქს, ადგილზე ხარშავს მირონს და დამოუკიდებლად შეუძლია გახსნას საკუთარი ეპარქიები უცხოეთში, რაც სტამბულის “ტომოსში” არ წერია… ანუ ტომოსის მიხედვით ყველაფერი ეს უკრაინამ სტამბულის ნებართვითა და მასთან შეთანხმებით უნდა გააკეთოს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: მაშ, სად არის დამოუკიდებლობა, სად არის ავტოკეფალია? ეს, დამოუკიდებლობა კი არა, კიევის პირდაპირი დაქვემდებარებაა სტამბოლისადმი. არავითარი უკრაინის ავტოკეფალია არ არსებობს, ეს არის დიდი პოლიტიკური ტყუილი და აფერა.

_ თქვით, რომ საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვეტილება მხოლოდ სჯულის კანონზე დაყრდნობით უნდა მიიღოს. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესიის პოზიცია ვერ იქნება სტამბოლისთვის (როგორც თქვენ აღნიშნავთ) მისაღები. რა საპასუხო ქმედებებს შეიძლება ველოდოთ ამ შემთხვევაში მსოფლიო საპატრიარქოსგან და მათ შორის ჩვენი ეკლესიის წიაღში არსებული იმ ძალებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ბართოლომესეულავტოკეფალიას”?

_ კიდევ ვიმეორებ: ვინც მხარს უჭერს კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას, ის მხარს უჭერს არა უკრაინის ავტოკეფალიას, არამედ რამდენიმე სქიზმატური დაჯგუფების ბართოლომეოსისთვის დაქვემდებარებას. რაც შეეხება საპასუხო ქმედებებს, იმაზე უარეს სიბინძურეს, როგორიც ნაცსექტის ზეობის პერიოდში ხდებოდა და დღესაც მიმდინარეობს ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, რაღას უნდა ველოდოთ?! ყოველ შემთხვევაში, სანამ ეკლესიას თავის წიაღში ჰყავს რამდენიმე მღვდელმთავარი, რომლებიც ეკუმენისტების ინტერესების გამტარებლები არიან, პროვოკაციები გამორიცხული არ არის, თუმცა ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: რა გავლენაც უნდა ჰქონეთ ამ ძალებს ეკლესიაში და რომც მიიღოს სინოდმა მათთვის სასურველი დაგაწყვეტილება, ამას მართლმადიდებელი ერი არ მიიღებს. მრევლი არასოდეს აღიარებს კანონიკურ ეკლესიად იმ სქიზმატურ დაჯგუფებას, რომელმაც ხელდასხმა მიიღო ანათემიზებული ცრუ ეპისკოპოსებისგან.

აქვე მინდა გამოვეხმაურო “ლიბერალური მედიის” მიერ აგორებულ ბოლოდროინდელ კამპანიას, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაელოდოს ეკლესიის გადაწყვეტილებას და უკრაინას მიულოცოს ავტოკეფალია. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან უნდა ამ საკითხის გადატანა ღია პოლიტიკურ ჭრილში. ერთი რამ მაინტერესებს: დაავიწყდათ, რამეგობრული დამოკიდებულებაგამოავლინა უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავის დროზე საქართველოს მართლმსაჯულებისადმი, როცა აქედან გაქცეული პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური დამნაშავეები სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე გაამწესა? დაავიწყდათ, კბილებით როგორ იცავდა ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილ კრიმინალ ნაციონალებს უკრაინის სქიზმატი პოლიტელიტა? ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ამ დაპირისპირების ავანგარდში და რატომ უნდა გამოვიდოთ თავი ნაადრევი განცხადებებით? ეს ერთი.

და მეორე _ ვინმე აცნობიერებს, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას გაუცნობიერებელმა პოლიტიკურმა განცხადებებმა? ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიის დღევანდელი პოზიცია არის მართებული და, ადრე თუ გვიან, როცა აუცილებელი იქნება პოზიციის გამოხატვა, უფალმა მიმადლოს ჩვენს იერარქიას ძალა, რომ მხოლოდ სჯულის კანონზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება… ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას მრავალი ერესიარქი და მდევნელი იმპერატორი თუ ლიბერალი ხელისუფლება ახსოვს, მაგრამ დღემდე უძლეველად დგას და ასეთივე შეაბიჯებს მარადისობაში, რამეთუ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას!”

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

5 COMMENTS

  1. ბატონი ლევანის ძალიან (მათემატიკურად) ზუსტი და ლაკონური ახსნა! რადგან ერთმა სახელმაც გაიჟღერა, ერთს დავამატებ – მიმდინარეობს მე-2 მსოფლიო ომის შედეგად მიღებული წყობის სრული შეცვლა, რამაც საეკლესიო სივრცეში გადაინაცვლა. ბართოლომეოსის ქმედებას მოვლენათა ცუდი განვითარების შემთხვევაში შეიძლება რუსეთის მიერ 1943-ში საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლის აღიარების უკან წაღება მოჰყვეს – რაზეც პირდაპირ წერენ, ვისაც აინტერესებს. ანუ ისტორია სრულიად არაპროგნოზირებადი და ტრაგიკული გზით შეიძლება წავიდეს. თუ 74 წლის წინ ომის ბოლო აკორდებში, ნაგასაკსა და ჰიროსიმაში რომ გაიჟღერა, მომავალი მსოფლიო კატაკლიზმის უვერტიურა ისმინება, დიდი ალბათობით იქაც საქართველოს ამბავი იყო – საბჭოთა კავშირს თურქეთისთვის რომ არ დაერტყა, რასაც, ვინი იცის, იქნებ ისტორიული მიწების დაბრუნება მოჰყოლოდა, იაპონელები სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ. მაგრამ კაცი ბჭობდაო… ერთი ვინმეს ხელწერაა ბოროტების სასიკეთოდ შემოტრიალება და “გლობალურ მზრახველთა” ისტორიულ სანაგვეზე მოსროლა.

    • შიშში ტყუილი, ტყვილია და ეს ცოდვაა. ეკლესია უმთავრესად ქრისტეს ემსახურება და შემდეგ ქვეყანას.

      • ვინც უკრაინის ახალი “ეკლესიის” აღიარებისთვის იბრძვის ის საქართველოს მტერიცაა და ეკლესიისაც – ანუ ქრისტესი. თუ რატომ ამ სტატიაში კარგდაა ახსნილი. დანარჩენს ყველაფერს ისტორია გაარკვევს, ან თუ გარდაიცვალა ადამიანი – უფლის სამსჯავროზე.

  2. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი არ ცნობს პატრიარქ ბართლომესის მიერ აღიარებული ე.წ. უკრაინის ეკლესიას!
    ამერიკის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ეპიფანე სქიზმატად მოიხსენია…

    სრულად აქ: http://orthochristian.com/118963.html?fbclid=IwAR2DyaxzRkbSspipeChMqEbQEYlmzfbQNdSMGV_cwPbDe81tezbIj-RUA94

  3. ათონის მთის უარი ბართლომეოსს!!!

    ათონის წმინდა მთის კინოტმა (ადმინისტრაციული ორგანო, სადაც ყველა მონასტრიდან არიან მივლენილი წარმომადგენლები) 2019 წლის 29 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე უარი უთხრა საკუთარ პატრიარქ ბართლომესს გაეგზავნათ წარმომადგენლები უკრაინის ე.წ. ავტოკეფალური ეკლესიის ახლადარჩეული პატრიარქის ეპიფანეს ინტრონიზაციაზე დასასწრებად.
    კინოტში შემავალი 20 მონასტრიდან 13 წინააღმდეგი წავიდა.
    http://spzh.news/en/news/59662-afonskije-monastyri-sobirajutsya-zakryty-svoi-vorota-pered-glavoj-pcu

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სან-ფრანცისკოდან Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here