კაცობრიობის ისტორიაში ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ საიდუმლო ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული ენის გამოგონებას: კოდების, შიფრებისა და საიდუმლო ენების, მაგრამ ბევრი საიდუმლო ბოლოს მაინც გამჟღავნდებოდა ხოლმე.
შელოცვების ეგვიპტური წიგნი
ქვებზე ამოკვეთილი უამრავი მანუსკრიპტის შინაარსი დღესაც არ არის გამოცნობილი: არქეოლოგებმა და ლინგვისტებმა დღემდე ვერ შეძლეს ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა.
2014 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც შეცვალა თვალსაზრისი ეგვიპტის ისტორიაზე. ავსტრალიის მაკუორის უნივერსიტეტში გაშიფრეს დოკუმენტი, რომელიც 720 წლით თარიღდება. ამ აღმოჩენას შეიძლება ეწოდოს რიტუალური პრაქტიკის სახელმძღვანელო. ძველი წიგნის ფურცლებზე დაწვრილებითაა აღწერილი ავი სულების განდევნის პროცესი; ყვითელასგან, ბაქტერიული ინფექციებისგან განკურნების მეთოდები და სიყვარულის “მოსაპოვებელი” შელოცვები. ეს ყველაფერი 20 გვერდზე დაწერილია კოპტურ ენაზე. ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით, წიგნი პროფესიონალი ეგვიპტელი ექიმების დაწერილია. საოცარია, რომ VIII საუკუნეში დაწერილ ხელნაწერში წყაროდ მითითებულია ქრისტიანული რელიგია: შელოცვების ნაწილში მოხსენებულია იესო. ზუსტად ცნობილი არ არის, სახელდობრ, სად დაიწერა წიგნი, მაგრამ, ექსპერტთა ნაწილის აზრით, შელოცვების კოდექსი, წერის სტილის მიხედვით, ეგვიპტის ჩრდილოეთში შეიქმნა, იმპერიის უძველეს ქალაქ ჰერმოპოლისთან.
გლიფი T514
გლიფები (გლიფი _ სიმბოლო ან ფიგურა, რომელიც წარმოადგენს გრავიურებში ან ნახატებში განსახიერებულ კონცეფციას) მაიას ტომის შექმნილია და ისტორიკოსებმა მათი ნაწილის წაკითხვა შეძლეს. გაშიფრული გლიფების სიიდან ერთ-ერთია T514. ეს ლითოგრაფია ძალიან ძველია _ დაახლოებით 1700 წლისწინანდელი. წარმოიდგინეთ: მხოლოდ იაგუარის კბილის გასაშიფრად სპეციალისტებს 60 წელი დასჭირდათ.
საბოლოოდ, მექსიკაში ნაპოვნი გლიფის გაშიფვრის შედეგად გაირკვა, რომ ეს იყო სამხედრო შინაარსის უძველესი გზავნილი.
T514 ისტორიკოსებს დაეხმარა, დაედგინათ, მაიას ტომები რა სიხშირით ებრძოდნენ სხვა ტომებს VII-VIII საუკუნეებში.
წიგნი Copiale Cipher
მსოფლიო ისტორიაში ბევრ სხვადასხვა საიდუმლო საზოგადოებაზეა ინფორმაცია, მაგრამ ბევრს, ალბათ, არაფერი სმენია ოკულისტების ორდენის შესახებ. წიგნი, რომელმაც მე-18 საუკუნიდან ჩვენამდე მოაღწია, ისეთი რთული აღმოჩნდა გასაგებად, რომ მის გაშიფვრას თითქმის 200 წელი დასჭირდა.
105-გვერდიანი წიგნი დაწერილია ხელით. ნაწერებში ბერძნული და რომაული ასოები ერთმანეთშია არეული, რაც შემთხვევითობა არ ყოფილა. ავტორებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ვერავინ მიმხვდარიყო დოკუმენტის შინაარსს.
ბოლოს, სპეციალისტებმა მაინც მიაკვლიეს ფაქტობრივ მონაცემებს. წიგნი ბერლინში იპოვეს. პირველ გვერდზე დაწერილი იყო სახელი ფილიპი. სავარაუდოდ, წიგნი დაწერილია გერმანელი ექიმების მიერ, რადგან გვერდებზე ხშირად შეხვდებით მისტიკურ ნიშანს, რომელსაც ხშირად იყენებენ მასონური საზოგადოებები. ხელნაწერები მოგვითხრობს საიდუმლო პოლიტიკაზე, მსოფლიო მოწყობაზე, რწმენის საკითხებსა და სხვადასხვა რელიგიურ რიტუალზე.
კეისრის შიფრი
კეისრის შიფრი ჩვენს ერამდე 100 წელს გაჩნდა. დაშიფვრის მეთოდი თვითონ გაიუს იულიუს კეისარმა გამოიგონა. შიფრის პრინციპი საკმაოდ მარტივი იყო _ თითოეული ასო უნდა გადაადგილებულიყო ასოების გარკვეული რაოდენობით მარჯვნივ. ადრესატს კი უნდა სცოდნოდა მხოლოდ ციფრი _ დაშიფვრის კოდი. თვითონ კეისარი შიფრის გასაღებად ხშირად იყენებდა ციფრ 3-ს.
ალბერტის დისკო
ალბერტოს დისკო 1466 წელს შეიქმნა, ხოლო ლეონ ბატისტ ალბერტი პირველი მეცნიერია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორმაგ დაშიფვრას. თითქოს მარტივი დისკოს პრინციპი საკმაოდ რთული იყო. პირველი ასოს წასაკითხად არანაირი ბარიერი არ არსებობდა _ პირველი ასო იოლად იკითხებოდა ქვედა რიგის ასოებით, შემდეგისთვის კი საჭირო იყო ახალი შიფრ-ალფაბეტი და როცხვი-კოდი, რომელთა მეშვეობითაც დისკო ამოძრავდებოდა.
კრიპტოსი
კრიპტოსი _ ეს არის სკულპტურა დაშიფრული ტექსტით. ეს ხელოვნების ნაწარმოები ჯეიმს სანლბორნმა შექმნა, აშშ-ის მთავრობამ სკულპტურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფისთან ლენგლიში (ვირჯინია) დადგა 1920 წელს. კრიპტოსის დადგმიდან 31 წელი გავიდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ პირველი სამი სექციაა გაშიფრული. 97 სიმბოლო დღემდე გაუშიფრავია. უნდა ითქვას, რომ სკულპტურა მოფიქრებულია და შექმნილია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მონაწილეობით, ამიტომ ბევრი ვარაუდობს, რომ ტექსტი გაშიფრულია, ოღონდ ამჯობინებენ, რომ რიგით მოქალაქეებს არ გააცნონ.
მორზეს ანბანი
მორზეს ანბანი _ ეს არის ასოების კოდირება ალფაბეტით, ციფრებითა და სასვენი ნიშნებით სიგნალების თანამიმდევრობისა და ხანგრძლივობის მიხედვით: გრძელი ტირეებისა და მოკლე წერტილების მეშვეობით. დაშიფვრის ამ მეთოდს სახელი უწოდეს ამერიკელი გამომგონებლისა და მხატვრის, სემუელ მორზეს, პატივსაცემად, მორზეს ანბანით პირველი ცნობა გადაიცა 1944 წელს. ვაშინგტონში უზენაესი სასამართლოს შენობიდან ბალტიმორში გაიგზავნა ტელეგრამა ერთადერთი ფრაზით: What Hath God Wrought_ “აი რას ქმნის ღმერთი”.
მოამზადა ნიკა კორინთელმა
სემუელ მორზემ პირველი ცნობა თავის ანბანით 1944 წელს კიარგადასცა როგორც ეს ტექსტშია არამედ 1844წელს, მასშემდეგ რაც მან ამერიკის მთავრობის დახმარებით ააგო 60კილომეტრიანი ხაზი ვაშინგტონსა და ბალტიმოროს შორისს.