ამა წლის 20 მარტს გამოჩენილ ქართველ ალპინისტ მიხეილ ხერგიანს, მეტსახელად “კლდის ვეფხვს” 88 წელი შეუსრულდებოდა. მისი გზა აღმავლობისას შეწყდა. მიუხედავად უამრავი წარმატებისა, უფრო ბევრს მოასწრებდა, რომ არა უბედური შემთხვევა დოლომიტებში (ალპებში) 1969 წელს. მიხეილ ხეირგიანმა სულ 37 წელი იცხოვრა და ამ წლებში მან თითქოს რამდენიმე სიცოცხლე ჩადო.
სახელგანთქმული ალპინისტი, სსრკ-ის 7-გზის ჩემპიონი, მრავალგზის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში მიხეილ ხერგიანი 1932 წელს მესტიაში დაიბადა.
ხერგიანი ამბობდა: “სამი სახელი მაქვს, ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი, ნათლობისას ეს სახელი შორეული წინაპრის პატივსაცემად დამარქვეს. ჩემი მეორე სახელია მინანი _ ასე მეძახიან მამა, ძმები, დები, ახლო ნათესავები. ჩემი მესამე სახელია მიხეილი _ ასე მომნათლეს ალპინიზმის ინსტრუქტორების სკოლაში _ ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ.
მიხეილ ხერგიანი ბავშვობიდან მთების სიყვარულით იზრდებოდა. მისი მამა _ ბესარიონ ხერგიანი იყო ალპინისტი, რომელმაც 1937 წელს უშბა დალაშქრა. ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილიც.
მიხეილი ბავშვობიდანვე მიიწევდა მთებისკენ – ცოცავდა კლდეებზე და დაკავებული იყო სამთო-სათხილამურო სპორტით. ჰქონდა რელიეფის გავლის უნიკალური ტექნიკა. როცა ადამიანები უყურებდნენ მიხეილ ხერგიანის ასვლას კლდეზე, ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ძალიან ადვილია.
ჩრდილოეთ უელსის მთების დალაშქვრისას მიხეილ ხერგიანს “კლდის ვეფხვი” შეარქვეს (შეგახსენებთ: ევერესტის პირველ დამპყრობ ედმუნდ ჰილარისთან ერთად, ტენცინგ ნორგეის “თოვლის ჯიქი” შეარქვეს, ნეპალელი ნორგეი მეგობრობდა მიხეილ ხერგიანთან, ისინი იალბუზზე ერთად უნდა ასულიყვნენ, მაგრამ იმ დღეს გაავდრდა და ნეპალელმა უარი თქვა. მიხეილ ხერგიანი კი ავიდა მწვერვალზე და საღებავით დააწერა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება, ტენცინგ!” ნეპალელი იალბუზზე მეორე დღეს ავიდა და, წარწერა რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა. ეს იყო ჯონ ჰანტის კომპლიმენტი მიხეილ ხერგიანისადმი, როდესაც მან ჯო ბრაუნთან ერთად ურთულესი კლდე დაძლია და ეს იყო დამსახურებული წოდება. ხერგიანმა კლდეზე ინდივიდუალურად ცოცვაში 1960-1967 წლებში ყველა საკავშირო შეჯიბრება მოიგო. კლდეზე ცოცვის მაღალი ოსტატობა დაეხმარა მას კავკასიონის ქედზე, ბულგარეთის მთებსა და ალპებში (შამონიში გრან-კაპუცინის კედელი, პტი-დრიე და გრან-უორჰარი ხერგიანმა ვიაჩესლავ ონიშენკოსთან (მოსკოვი) ერთად რამდენიმე საათში გაიარა) ბევრი მწვერვალი დაეპყრო, ამიტომ კომენტატორები და სპეციალისტები მიხეილ ხერგიანზე ლაპარაკისას ყოველთვის იხსენებენ მის ტიტულსაც _ “კლდის ვეფხვს”.
და კიდევ ის იყო მაღალი კლასის მაშველი. გამოირჩეოდა არა მხოლოდ ტექნიკით, არამედ თავგანწირვითაც. თვითონ მიხეილი ამბობდა: “მე ბევრი მედალი მაქვს, მაგრამ გაცილებით მიხარია, როდესაც ვიხსენებ, რამდენი ადამიანი მყავს გადარჩენილი”.
სუ–ალტო
1969 წელს იტალიაში რამდენიმე მწვერვალის წარმატებით დალაშქვრის შემდეგ მიხეილ ხერგიანი სუ-ალტოთი დაინტერესდა. ამ მწვერვალის მარშრუტის დაძლევა ბევრი ცნობილი ალპინისტის ოცნება იყო, მაგრამ ქვების ცვენის გამო მას ბევრი უფრთხოდა. მიხეილ ხერგიანმა გადაწყვიტა, ეს რთული მარშრუტი ცალფა თოკით დაეძლია. ხერგიანის გადაწყვეტილებამ მთამსვლელები გააოგნა, რადგან ყველა ცდილობდა, ასეთი სირთულის მწვერვალი მხოლოდ ორფა თოკით ორმაგი დაცვით (აღსანიშნავია, რომ მთამსვლელი, რომელიც მწვერვალზე პირველი ადის, ჯერ ერთ თოკს ამაგრებს, შემდეგ მეორეს. ეს არა მხოლოდ ასვლაში ეხმარება ალპინისტებს, არამედ ერთგვარი უსაფრთხოების ფუნქციის მქონეც არის ეს თოკები სხვადასხვა ადგილას მაგრდება და ქვის ცვენის შემთხვევაში, თუ ერთი თოკი გაწყდება, მეორე მთელი რჩება) დაეპყრო. ხერგიანი ფიქრობდა, რომ სუ-ალტოს რეკორდულად მცირე დროში დალაშქრავდა.
1969 წლის 4 ივლისს მიხეილ ხერგიანი და მისი მეწყვილე ვიაჩესლავ ონიშენკო სუ-ალტოზე ასვლას შეუდგნენ. 600 მეტრზე ასვლის შემდეგ, როცა მიხეილ ხერგიანი კლდის კუთხეში იმყოფებოდა, ქვის ცვენა დაიწყო, თოკი ქვამ გადაჭრა და მიხეილ ხერგიანი მთას მოსწყდა…
“კლდის ვეფხვი” ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს მესტიაში.
ხსოვნა
* 1969 წლის 8 აგვისტოს ნოვოსიბირსკის მთამსვლელთა კლუბის წევრებმა თურქესტანის ქედზე მდებარე 4960 მ სიმაღლის მწვერვალს მიხეილ ხერგიანის სახელი უწოდეს.
* 1971 წლიდან თამაშდება ხერგიანის სახელობის პრიზი კლდეზე ცოცვაში.
* ხეგიანის პატივსაცემად მემორიალური დაფები გაკრულია ალპინისტურ ბანაკ “შხელდასა” და მწვერვალ სუ–ალტოზე.
* ვლადიმერ ვისოცკიმ მას მიუძღვნა სიმღერა “მწვერვალზე”, ხოლო ევგენი ევტუშენკომ _ ლექსი “ხერგიანის თოკი”.
* 1978 წელს აშშ–ის სმიტსონის ობსერვატორიის მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას (#3234, რომელიც მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მოძრაობს) საბჭოთა ასტრონომის _ ნ. ჩერნიხის წინადადებით, მიხეილ ხერგიანის სახელი დაარქვეს.
* მესტიაში გახსნილია მიხეილ ხერგიანის მემორიალური მუზეუმი.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა