Home რუბრიკები ისტორია “კაცმა ახალი ტალახი ძველ ვარდს არ უნდა ამჯობინოს მარტო იმიტომ, რომ ტალახი...

“კაცმა ახალი ტალახი ძველ ვარდს არ უნდა ამჯობინოს მარტო იმიტომ, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი _ ძველი”

სკოლა

ილიას გზით მივდივართოილიამ კი _ “არა საქმეში უზნეობა არ გაურიოთო”, დაგავიწყდათ? დაგავიწყდათ, რომადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება”? რომქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი”? რომღობეყორეს მოდება ღალატია საქმისა”?

მაშ, რატომ ვხუჭავთ თვალს უზნეობის დაკანონებაზე? რატომ წინ არ აღვუდგებით უფლისგან დადგენილი ჭეშმარიტების შეცვლის მცდელობას, მოზარდების ფსიქიკის დამახინჯებას, რომლის სავალალო შედეგების მომკა უკვე დავიწყეთ? ნუთუ კიდევ ბევრი ოჯახი უნდა გამწარდეს, რომ გამოვფხიზლდეთ?

აი დღევანდელობის წყევლაკრულვიანი საკითხავი.

კაცობრიობამ XXI საუკუნეში არაერთი პროგრესულად მნიშვნელოვანი მონაპოვრით შეაბიჯა, ისეთით, ადრე ზღაპრულად რომ ეჩვენებოდა. თანდათან ბევრი ძველი ახალმა და უკეთესმა ჩაანაცვლა, მაგრამ ადამიანებს, ცალკეულ ხალხებსა და ერებს წინაპრებისგან მემკვიდრეობად ერგოთ ისეთი ფასეულობები, რომელთა მიმართ პატივისცემასა და მოწიწებას ყველა ნორმალურ ერში თაობები არასდროს წყვეტენ. აბა, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ჩვენს წინაპრებს რომ ეფიქრათ, _ ძველია, აღარ გვჭირდებაო, და მთელი ის ეროვნული საგანძური, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში მიმოფანტულ მუზეუმებშია სათუთად შენახული, გაენიავებინათ, გაეყიდათ ან სულაც გაეჩუქებინათ; ხოლო “შუშანიკის წამება” ან თუნდაც “ვეფხისტყაოსანი” ცეცხლისთვის შეეკეთებინათ, საუკუნეების შემდეგ რა დროს სარწმუნოებისთვის მარტვილობაა ან ტყე-ღრეში ხეტიალი და ვეფხვის გატყავებაო… საუბედუროდ, დღეს ჩვენ შორის მომრავლდნენ ადამიანები, რომელთათვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს სკოლაში ჩვენი შვილებისთვის თუნდაც “ვეფხისტყაოსნის” სტროფების ან ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშების ზეპირად დასწავლა. განათლების მინისტრიც კი გვყავდა ასე მოფიქრალი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სკოლა აღარ არის ზოგადსაგანმანათლებლო, მისი ფუნქცია არ არის ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით განათლებული თაობის აღზრდა, არადა, ადამიანს, ბუნებრივია, ჯერ თავისი უნდა უყვარდეს და მერე სხვას სცემდეს პატივს. წმინდა ილია მართალიც ამას აღნიშნავს, _ ადამიანის გული ფიცარი არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დაწეროო: რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამაშვილური, დედაშვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!”

ვერც ერთმა ურჯულომ საუკუნეების განმავლობაში ვერ ამოჰკვეთა ქართველთა გულიდან სამშობლოს, ყოველივე ქართულის სიყვარული და აქამდე ასე მოვედით. დღევანდელი მტერი კი გაცილებით ვერაგია _ ცდილობს, ტრადიციული, ძველი ფასეულობების სანაცვლოდ “მაცდუნებლად შეფუთული” ისეთი რამ შემოგვთავაზოს, რაც ერს გადააგვარებს. ნათქვამია: “მტერი, მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესიაო”, ამიტომ ყური ვუგდოთ ერის მამის შეგონებას: არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი _ ძველი”.

“ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოსო”, გესმის, მკითხველო? ჰაი, ჰაი, რომ ყველგან და ყველაფერში ტალახი იმდენი დაგვიგროვდა, ლამისაა ყელამდე ჩავეფლოთ. ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი ადამიანთა დასაქმების, სიდუხჭირის აღმოფხვრის, მიგრაციის შემცირებისა და უდედოდ გაზრდილი შვილების, კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის, სახალხო მეურნეობის განვითარების კუთხით, აქცენტი კეთდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწონებაზე, გეიაღლუმების ჩატარებაზე, ლგბტ-თა უფლებების დაცვაზე, მარიხუანისა და საერთოდ, ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზების მხარდაჭერაზე…

ასე და ამგვარად “ფეხი ავუწყვეთ” ახალ ცხოვრებას, ევროპულს თუ ამერიკულს, რაც ასე მოდურია დღევანდელ დღეს…

ნუთუ ავისა და კარგის გარჩევის უნარი დავკარგეთ?

საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონდაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით”.

დიახ, ვერცხლს დახარბებულ ადამიანებს თვალზე ლიბრი აქვთ გადაკრული და გონება დაბინდული, ისე, რომ ავი და კარგი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ და ფქვავენ “მინდმოკიდებული წისქვილივით”, ფქვავენ იმას, რასაც “პატრონები” უბრძანებენ, რათა ამის სანაცვლოდ აიწყონ ცხოვრება: დააგროვონ სიმდიდრე და ფუფუნებითა და განცხრომით ისიამოვნონ.

მაგრამ რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეამე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, _ ამბობს ერის მამა, _ მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან”.

რა თავში იხლი ისეთ სიმდიდრეს, რომელსაც შენი მომავალი თაობის გადაგვარების ხარჯზე დააგროვებ?!

რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულისშვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა”.

და კიდევ: “თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!”

სამი ძვირფასი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოებაო, _ ბრძანებდა დიდი ილია და ამ საუნჯის გაფრთხილება და დაცვა განსაკუთრებით აქტუალურად მიაჩნდა. ესაა ილიას გზა, ბატონო ხელისუფალნო, ეროვნული, ზნეობრივი და მართალი გზა. “ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა”.

ვედრებად გაისმის დღესაც დიდი ილიას მოწოდება, რომლითაც არა მხოლოდ დედებს (განსაკუთრებით იმათ, რომელთაც შვილის ჯანმრთელობაზე უფრო ის ადარდებთ, ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში არ ჩაუსვან თავიანთი “ნებიერა”), არამედ ოჯახს, სკოლას, თითოეულ პედაგოგს მივმართავთ და შევახსენებთ, რომ მისი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალია” :

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას.

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს

მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,

და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული”.

მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი ჩვენს ხალხს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here