Home რუბრიკები საზოგადოება კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება საქართველოში _ ერი გაქრობის ზღვარზე

კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება საქართველოში _ ერი გაქრობის ზღვარზე

14703
დემოგრაფია

თუ ასე გაგრძელდა და საგანგებო ღონისძიებები არ განვახორციელეთ, 25 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა შეიძლება განახევრდეს

ქართველი დემოგრაფები, სპეციალისტები, კარგა ხანია, განგაშის ზარებს არისხებენ ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების გამო. მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად იმატებს, საქართველოში კი, ვითარების გაუმჯობესების მცდელობის მიუხედავად, დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია. ამას მოწმობს 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემები, რომელთა მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 1992-2014 წლებში 5,4 მლნდან 3,7 მლნმდე შემცირდა. საქართველოში შექმნილ მწვავე დემოგრაფიულ ვითარებას ეძღვნება ცნობილი ქართველი დემოგრაფის, პროფესორ ანზორ თოთაძის ნაშრომირად არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება, ანუ თანამედროვე დემოგრაფიული ვითარება ეროვნული კატასტროფის ტოლფასია”, რომელიც მან 2017 წელს წიგნად გამოსცა. წინამდებარე წერილს სწორედ ამ წიგნიდან მოყვანილი მონაცემები დაედო საფუძვლად.

როდის იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო XIII საუკუნის შუა წლებში _ 1254 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 8 მლნ კაცს აღწევდა; 1770 წელს კი, გამუდმებული შემოსევების შედეგად, 761 ათასამდე შემცირდა; ხოლო 1800 წელს _ 675 ათასამდე. ამ პერიოდში (1811-1813 წლები) შავი ჭირის გავრცელების შედეგად საქართველოს მოსახლეობა თითქმის განახევრდა. ბაგრატ ბატონიშვილის (1776-1841) ცნობით, შავმა ჭირმა “მოსრნა მრავალნი სულნი ქართლს, კახეთს და იმერეთს, ვიდრე ნახევარ ხალხადმდე”. მისივე ცნობით, იმერეთში შავი ჭირი სამ წელიწადს მძვინვარებდა. ანალოგიური ცნობები სხვა წერილობით წყაროებშიც მოიპოვება. ამ სენმა 1811 წელს იმერეთში 32 750 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იმერეთიდან შავი ჭირი გავრცელდა სამეგრელოსა და გურიაში. ამის უშუალო მომსწრე ნიკო დადიანი წერს: “წელსა ამას, 1811, გაჩნდა იმერეთსა შინა, ოდიშსა და გურიასა საშინელი მომსვრელი სენი (ე.ი., ჟამი)… ქვეყანანი მრავალნი და სოფელნნი დაშთენ ოხრად”…

1814 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან 31 წლის თავზე, საქართველოში დაახლოებით 400 ათასი კაცი ცხოვრობდა. ასეთი მცირე რაოდენობის მოსახლეობა საქართველოში მისი არსებობის განმავლობაში არასოდეს ყოფილა. 1897 წელს კი, რუსეთის იმპერიის მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ იმდროინდელ საზღვრებში 2 მილიონ 109 ათასი კაცი შეადგინა, ანუ 83 წლის განმავლობაში 5-ჯერ მოიმატა.

ცხრილი #1
ცხრილი #1

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა XIII-XXI საუკუნეებში

ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო 1992 წელს _ 5 467 000 კაცი. ცნობილი მიზეზების გამო, 1990-იანი წლებიდან საქართველოში მოსახლეობა განუხრელად მცირდებოდა და, 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, 3 713 804 კაცი შეადგინა.

შობადობა და დემოგრაფიული კრიზისი

მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობას, ძირითადად, მიეკუთვნება ისეთი ბუნებრივი პროცესები, როგორიც არის შობადობა და მოკვდაობა, აგრეთვე, ქორწინება და განქორწინება. ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1961 წელს დაიბადა _ 104 ათასი. 1960-1990 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 93 ათასი ბავშვი იბადებოდა, ხოლო 1991-2010 წლებში _ 55 ათასი. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო და 2005 წელს საქართველოში მხოლოდ 46 ათასი ბავშვი დაიბადა, ანუ შობადობა, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ შემცირდა.

ცხრილი #2
ცხრილი #2

(იხ. ცხრილი #2)

ამის შედეგია ის, რომ ბოლო წლებში ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ბუნებრივი მატებაც. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი, კერძოდ, 1941-1945 წლებში, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება 135 ათას კაცს შეადგენდა.

საქართველოში შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა. 2000-2009 წლებში საქართველოში 502 296 ბავშვი დაიბადა, მაშინ, როდესაც 1960-1969 წლებში ეს მაჩვენებელი 850 908-ს უდრიდა (1993 წლამდე დემოგრაფიულ მონაცემებს ყველგან გამოკლებულია აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესაბამისი მაჩვენებლები). ამ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობამ 276 034-დან 448 712 კაცამდე მოიმატა. შესაბამისად, შემცირდა ბუნებრივი მატება. 2000-2009 წლებში საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 53 584 კაცი შეადგინა და 10,7-ჯერ შემცირდა 1960-1969 წლებთან შედარებით.

შეფარდებითი მონაცემებიც ნათლად გვიჩვენებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს. მაგალითად, 1960-1969 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება მოსახლეობის ყოველ ათას კაცზე 14,8 კაცი იყო, ხოლო 2000-2009 წლებში _ 1,2 კაცი. დემოგრაფების პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სამომავლოდ მნიშვნელოვნად შემცირდება.

კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი საქართველოს ხარჯზე დაირღვა

კავკასიაში ისტორიულად ჩამოყალიბებული დემოგრაფიული ბალანსი საგრძნობლად დაირღვა, განსაკუთრებით _ ბოლო წლებში. კავკასიის მოსახლეობის რაოდენობამ XX საუკუნეში, მიუხედავად ცალკეულ პერიოდებში უმძიმესი პირობებისა (კავკასიელ ხალხთა დეპორტაციამ და ეთნოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა კავკასიის ხალხთა ბუნებრივი დემოგრაფიული განვითარება), საგრძნობლად მოიმატა, კერძოდ, 1926-2016 წლებში 7 6 მლნ-დან 24,0 მლნ-მდე და ზრდის ტემპმა 315,5 პროცენტი შეადგინა. მოსახლეობამ ჩრდილოეთ კავკასიაში _ 1,7 მლნ-დან 7,3 მლნ-მდე მოიმატა; სამხრეთ კავკასიაში _ 5,8 მლნ-დან 16,6 მლნ-მდე.

კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი, ძირითადად, დაირღვა საქართველოს ხარჯზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ 1926-2016 წლებში 2, 6 მლნდან მხოლოდ 3,7 მლნმდე მოიმატა და ზრდის ტემპი კავკასიაში ყველაზე ნაკლები იყო. თუ წინათ სამხრეთ და, საერთოდ, კავკასიაში ქართველები და საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, შემდეგ ვითარება არსებითად შეიცვალა.

1926 წელს კავკასიის მოსახლეობის 35,1 პროცენტი, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. 2016 წელს კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 15,5 პროცენტი შეადგინა, სამაგიეროდ, 1926-2916 წლებში აზერბაიჯანის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 30,4-დან 41,3 პროცენტამდე მოიმატა. 1926-2916 წლებში სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებით შემცირდა საქართველოს მოსახლეობის წილი _ 45,5-დან 22,3 პროცენტამდე, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის ანალოგიურმა მაჩვენებელმა აღნიშნულ პერიოდში 39,4-დან 59,7 პროცენტამდე მოიმატა.

ცხრილი # 3
ცხრილი # 3

(იხ. ცხრილი #3)

საქართველო, დემოგრაფიული ვითარების მხრივ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორისაც აუტსაიდერია

საქართველოში შექმნილ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებას ისიც ადასტურებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა. სსრკის არსებობის ბოლო პერიოდში _ 1989 წელს, საქართველოში 5401000 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად კი ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია, 3 720 000 კაცი ცხოვრობს, ანუ საქართველოს მოსახლეობა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში 1 681 000 კაცით შემცირდა _ 31,1 პროცენტით. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაც რომ მივათვალოთ, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, საქართველოს მოსახლეობა პროცენტულად მაინც ყველაზე მეტადაა შემცირებული. საქართველოს შემდეგ მოსახლეობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე მეტად შემცირდა ლატვიაში _ 26,2 პროცენტით.

1989-2016 წლებში პოტსაბჭოთა სახელმწიფოების მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ადამიანების უმრავლესობა მაჰმადიანურ სარწმუნოებას აღიარებს, მოსახლეობის რაოდენობა არნახულად გაიზარდა, სამაგიეროდ, ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში მოსახლეობა შემცირდა. 1989-2016 წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ცხრა ქრისტიანულ ქვეყანაში მოსახლეობა 14,3 მლნ-ით შემცირდა, ხოლო მაჰმადიანური აღმსარებლობის 6 ქვეყანაში 23 მლნ-ით მოიმატა. მაგალითად, უბზეკეთში მოსახლეობის რაოდენობამ 11,7 მლნ-ით მოიმატა, ტაჯიკეთში _ 3,4 მლნ-ით, აზერბაიჯანში _ 2, 9 მლნ-ით და ა.შ.

ცხრილი # 4
ცხრილი # 4

(იხ. ცხრილი #4)

მოსახლეობის მოძრაობის ბუნებრივი მაჩვენებლები წლების განმავლობაში უაღრესად არახელსაყრელია რუსეთის ფედერაციაში, განსაკუთრებით _ უმეტესად რუსებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის ბუნებრივი კლება მოსახლეობის 1000 სულზე 12-15 კაცს უდრიდა. საკმარისია, აღინიშნოს, რომ 14 წლის განმავლობაში, 1992-2005 წლებში, რუსეთში 11237 ათასი კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მიუხედავად ამისა, 147-მილიონიანი რუსეთის მოსახლეობა 1989-2016 წლებში უმნიშვნელოდ, 477 ათასი კაცით, შემცირდა, რაც რუსეთში მეტად ინტენსიურმა იმიგრაციულმა პროცესებმა განაპირობა. კერძოდ, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში 1989 წელს 2,5 მლნ რუსი ცხოვრობდა, ამჟამად მოკავშირე რესპუბლიკებში მცხოვრები რუსების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ შემცირდა. ისინი ისტორიულ სამშობლოში გადასახლდნენ. ამასთანავე, მიგრაციული ნაკადები ყოფილი რესპუბლიკებიდან, ძირითადად, მიმართული იყო რუსეთისკენ, რასაც ხელს უწყობდა ძველი კავშირების არსებობა, რუსული ენის ცოდნა, ამ ქვეყანაში ახლობლებისა და ნათესავების ცხოვრება და ახლო მდებარეობა. აღსანიშნავია, რომ რუსეთში მეტად აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შედეგად ახლახან, ბოლო 25 წელიწადში პირველად, აღირიცხა მოსახლეობის ბუნებრივი მატება _ დაბადებულების რაოდენობამ გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობას.

საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ უშუალოდ მის მეზობელ ქვეყნებში გაცილებით უკეთესი დემოგრაფიული ვითარებაა. მოსახლეობის ბუნებრივი მაჩვენებლები შეუდარებლად უკეთესია აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთშიც კი, ვიდრე საქართველოში.

ცხრილი # 5
ცხრილი # 5

დემოგრაფიული ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

(იხ. ცხრილი #4)

ამ ცხრილის მონაცემები უკომენტაროდაც მეტყველებს საქართველოში უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაზე. 2000-2009 წლებში საქართველოში მცირე ბუნებრივი მატებაც კი (53 584 კაცი) არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე მოხდა. მაინც აღვნიშნავთ: 2000-2009 წლებში მოსახლეობის აბსოლუტური ბუნებრივი მატების მაჩვენებელი თურქეთში 165-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საქართველოში; აზერბაიჯანში _ 15-ჯერ; ხოლო სომხეთში _ 2-ჯერ მეტი.

2000-2009 წლებში, 1980-1989 წლებთან შედარებით, საქართველოში შობადობის ზოგადი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო მეზობელ ქვეყნებში, სომხეთის გარდა, მაღალი დარჩა. მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდა თურქეთში, აგრეთვე, აზერბაიჯანში, ხოლო საქართველოსა და სომხეთში გაიზარდა. საბოლოოდ, თურქეთის მოსახლეობის ბუნებრივი მატების ზოგადი კოეფიციენტი 11-ჯერ მეტია საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე, აზერბაიჯანისა _ 8-ჯერ, ხოლო სომხეთისა _ 3-ჯერ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

3 COMMENTS

  1. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ კვირაში სამმა ქართველმა გოგომ თავი მოიკლა, ორი თვითმკვლელობას გადაარჩინეს, სამი გოგო გაუპატიურების გამო ცალკე დამწყვდეული ყავდათ და დღესაც კიდევ ქმრის ბიძამ 25 წლის გოგო დაჭრა, ეტყობა, მარილი დააკლდა სუფრაზე. მხოლოდ ერთ კვირაში, ათამდე მოზარდი და მშობელი გაუბედურდა ამ გამრავლების, ცოლობის და ოჯახის ძახილით. უბრალოდ, შემეცოდა მკითხველი და დღეს გაგებული ორი უბედურებაც აღარ დავპოსტე. ამის შემდეგ, ვინმეს აინტერესებს ღორების დემოგრაფია გინდა მუქარითა, გინდა ღმერთის და ღვთისმშობლის ძახილით? ღორი ღორია, გინდა ღვთისმშობელს უყუროს და გინდა ღმერთი თავისნაირი ბანდიტი ეგონოს. მგონი, აღარავის აინტერესებს, რომ სადისტი ოღონდ ქართველი იყოს. ამ ქალებს რატომ უნდა აინტერესებდეთ მათი გამრავლება, ვინც საკუთარი ასოს და საკუთარი ზოოლოგიის მიღმა, ვერც ქვეყანას ამჩნევს და ვერც ადამიანებს, სამყაროსაც არაფერი ემატება ამით. ნაკლები ქურდი და მოძალადე თუ გაჩნდება, თუნდაც ქართველი, დღევანდელი ბავშვებიც ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრებენ. ქართველმა მამებმა 35 000 გოგოს დაბადებაზე თქვეს უარი იმიტომ, რომ ქალი იქნებოდა და ქალები ეზიზღებოდათ. ხოდა, რაც დათესეს, იმას მოიმკიან. ქართველის გარდა, ყველა ქვეყანაში იციან, რომ ერის გამრავლება თუ გინდა, ქალები არ უნდა ტანჯო, არ უნდა დაამშიო, მათხოვრებად არ უნდა დასვა და არ უნდა დახოცო, განვითარებაზე და ჭკუაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყანაში ეს ესმით.

  2. ხალხზე იფიქრეთ და დემოგრაფიის პრობლემაც გადაწყდება, რამდენი ახალგაზრდა ნატრობს სამ და ოთხ შვილზე მაგრამ არა აქვთ საშუალება…დღეს არაფრის გასაქანი არა აქვთ ახალგაზრდა ოჯახებს ერთი შვილიც კი უჭირთ შეინახონ ,ბევრი თავსაც იკავებს შვილის ყოლაზე…მიხედეთ ხალხს, მიეცით საშუალება ცხოვრების და გამრავლების….

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Ala Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here