ქალთა ფიგურული ციგურაობა ზამთრის სპორტის პრესტიჟული სახეობაა და ამ სახეობიდან ბევრი სახელგანმთქმული სპორტსმენი ქალი ახსოვს მსოფლიოს: ნორვეგიელი სონია ჰენი და პეგი ფლემანგი, ავსტრიელი ბეატრის შუბა და სხვები, მაგრამ მათგან გამორჩეულია გერმანელი კატარინა ვიტი _ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.
კატარინა ვიტი დაიბადა 1965 წლის 3 დეკემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ დასავლეთ შტააკენში. ფიგურულ ციგურაობაში მეცადინეობა დაიწყო ქალაქ კარლმარქს-შტადში, იმ სკოლაში, რომელშიც მუშაობდა ცნობილი მწვრთნელი იუტა მიულერი.
კატარინა ვიტმა მწვრთნელ იუტა მიულერის ხელმძღვანელობით 8-ჯერ მოიპოვა გდრ–ის ჩემპიონობა, 6-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, 4-ჯერ _ მსოფლიო და 2-ჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი.
გერმანელი მოციგურავე იხსენებს: “მე დამეხმარა ის, რომ გდრ-ში ვცხოვრობდი, არაფერი იყო ისეთი, რაც ყურადღებას გადამატანინებდა ჩემი მთავარი ამოცანისგან, ჩემთვის სპორტის გარდა არაფერი არსებობდა. ქვეყანაში ყველაფერი კეთდებოდა სპორტის მხარდასაჭერად; შემეძლო, ამერჩია დრო წვრთნისა და სკოლაში მეცადინეობისთვის, ყველაფერი ემორჩილებოდა სპორტს, რათა მიმეღწია შედეგისთვის”.
“სოციალიზმის მშვენიერი სახე”
ეს ეპითეტი, რომელიც კატარინა ვიტის სავიზიტო ბარათად იქცა, პირველად გაჩნდა 1988 წელს ამერიკულ ჟურნალ Time-ს რეპორტაჟში. თავდაპირველად ფრაზა ასეთი იყო: “თუ კატარინა ვიტი წარმოადგენს სოციალიზმის ნამდვილ სახეს, მაშინ ამერიკა სიამოვნებით გახდებოდა სოციალისტური”.
კატარინა ვიტის უზარმაზარი პოპულარობა აშშ-ში განპირობებული იყო არა მხოლოდ მისი წარმატებით 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, არამედ იმითაც, რომ ის ძალიან ჰგავდა იმ პერიოდის პოპულარულ ამერიკულ მოდელსა და მსახიობს _ ბრუკ შილდსს.
ბედის უცნაურობები
ფრაუ მიულერის ჯგუფში, აგრეთვე, ვარჯიშობდა ანეტ პეტჩი, რომელიც კატარინასთვის მუდმივი გამაღიზიანებელი იყო. ანეტმა 1977-1980 წლებში ოთხჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში, ორჯერ _ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა და ერთხელ _ 1980 წელს მოიგო ოლიმპიადის ოქროს მედალი, კატარინასთვის ანეტთან მეტოქეობა მოტივაცია იყო ოსტატობის დასახვეწად: “მე, უბრალოდ, მსურდა, ვყოფილიყავი საუკეთესო მოციგურავე, მიზნები თანდათან მატულობდა, მე ანეტ პეტჩთან ერთად ვვარჯიშობდი. იმხანად უკვე ვიყავი ოლიმპიური ჩემპიონი და უცებ ანეტი ჩემს ძმას გაჰყვა ცოლად! გავიფიქრე, მაშინ მე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები-მეთქი. მინდოდა, მისთვის გადამესწრო”. ანეტის კარიერის დასრულების შემდეგ მეტოქეობა შეწყდა. ანეტი და კატარინა არა მხოლოდ ახლო ნათესავები გახდნენ, არამედ ახლო მეგობრებიც.
“კარმენი ყინულზე”
1990 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა კატარინა ვიტმა და ბრაიან ბოიტანომ, აგრეთვე, ოლიმპიადის პრიზიორმა ბრაიან ორსერმა შეასრულეს მთავარი როლები ფილმში “კარმენი ყინულზე”. ბიზეს მუსიკაზე მერიმეს დრამის ასეთი წარმოდგენა სენსაციად იქცა და მას პრემია “ემი” მიანიჭეს. ეს წარმოდგენა დღესაც აღფრთოვანებას იწვევს.
“კატარინას წესი”
კატარინა ვიტთან დაკავშირებულია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ სკანდალიც 1988 წლის ოლიმპიადაზე. მოკლე პროგრამის შესასრულებლად ყინულზე მოციგურავე ბიკინის მსგავს კოსტიუმში გამოვიდა. გერმანელი სპორტსმენი ქალი ყოველთვის გამომწვევი ჩაცმულობით გამოირჩეოდა, მაგრამ კალგარიში გამართულ ოლიმპიადაზე ბევრმა ჩათვალა, რომ კატარინა ვიტის კოსტიუმი მეტისმეტად ექსტრავაგანტული იყო. ახლა ის კოსტიუმი ასეთ აურზაურს არ გამოიწვევდა, მაგრამ 34 წლის წინათ ფიგურული ციგურაობის სამყარო ფრიად აღელდა. თვითონ მოციგურავის მიმართ რამე სანქცია არ დაუწესებიათ, მაგრამ შეჯიბრებების წესებში დაამატეს მოთხოვნა, რომ ყინულზე გამოსულ მოციგურავეს კაბა აუცილებლად უნდა უფარავდეს დუნდულებს, ხოლო კოსტიუმი სხეულის ნახევარს უნდა ფარავდეს. ეს წესი, რომელსაც “კატარინას წესი” უწოდეს, მხოლოდ 2004 წელს შეცვალეს, როცა მოციგურავე ქალებს ნება დართეს, უფრო თავისუფალი კოსტიუმებით ეასპარეზათ.
“ფლეიბოი”
კატარინა ვიტი დიდი ხნის განმავლობაში იყო ფიგურული სრიალის სექსსიმბოლო. კარიერის დასრულებიდან 10 წლის შემდეგაც კი ის კაშკაშა ვარსკვლავად რჩებოდა. ჟურნალი “ფლეიბოი” ჯიუტად ცდილობდა, მოციგურავე ფოტოსესიაზე დაეთანხმებინა. ბოლოს და ბოლოს, გერმანელი დათანხმდა გადაღებებზე და 1998 წელს ჟურნალის ნომერი მისი ფოტოებით გამოვიდა. “ფლეიბოის” ასეთი წარმატება მერილინ მონროს ფოტოების დაბეჭდვის შემდეგ არ ჰქონია. თავისი არსებობის ისტორიის განმავლობაში ჟურნალის მხოლოდ ორი ნომერი გაიყიდა სრულად _ მერილინ მონროსი და კატარინა ვიტის ფოტოსურათებით.
კატარინა ვიტი პირველი სპორტსმენი აღმოჩნდა, რომელმაც შიშველმა გადაიღო ფოტოები “ფლეიბოისთვის”.
იუბილე
2015 წელს 50 წლის იუბილის წინ გამოჩენილმა გერმანელმა სპორტსმენმა გამოუშვა ფოტოალბომი თავისი კარიერის შესახებ, რომლითაც საზოგადოებას პირადი არქივიდან უცნობი ფოტოები კომენტარებით წარუდგინა. ალბომის წარდგენისას კატარინამ თქვა: “რამდენიმე ძველი ფოტო და გაზეთიდან ამონაჭერი მოვიძიე და მინდა, გავაცნო ადამიანებს. რას წარმოადგენს ფიგურული ციგურაობა, ხომ ბევრმა არ იცის _ მას სპორტის გლამურულ სახეობად მიიჩნევენ… ხედავენ ბედნიერ სახეებს. შოუ და გლამური მართლაც აუცილებელია. მაშინაც კი, როცა ყველაფერი გტკივა, ისე უნდა მოიქცე, თითქოს ფეხების ნაცვლად ფრთები გაქვს… მეც ხშირად ვიცინი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ბევრი შრომაა. ეს სპორტული ცხოვრების ნაწილია”.
პირადი ცხოვრება
კატარინას მუდამ გარს ეხვია თაყვანისმცემლები, მაგრამ გათხოვილი არ არის. არ ჰყავს შვილები. მისი პირველი მეგობარი მამაკაცი იყო მუსიკოსი ინგო პოლიტცი, ვრცელდებოდა ხმები, რომ ქალს ურთიერთობა ჰქონდა გდრ-ის სოციალისტური ერთიანი პარტიის ლიდერ ერიხ ჰონეკენთან, ცნობილ ჩოგბურთელ ბორის ბეკერთან, მსახიობ რიჩარდ დინ ანდერსენთან.
კატერინა ამჟამად ბერლინში ცხოვრობს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰქონდა რამდენიმე ბედნიერი რომანი მამაკაცებთან, მაგრამ ოჯახის შეგრძნება საყვარელ საქმეზე მაღლა ვერ დააყენა. კატარინა ბევრს მოგზაურობს, თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ამჟამად
კარიერის დასრულების შემდეგ კატარინა ყინულის შოუში მონაწილეობდა. 2006 წლიდან ბევრ დროს უთმობს თავის საქველმოქმედო ფონდ Katarina Witt Stiffung-ს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დასახმარებლად შექმნა. 2008 წელს მოციგურავემ ციგურები ლურსმანზე ჩამოკიდა და მას შემდეგ ყინულის შოუს პროდიუსერია, იღებენ ფილმებში, მუშაობს კომენტატორად და ექსპერტად რადიოსა და ტელევიზიაში.
კატარინა დღესაც მშვენივრად გამოიყურება, ამბობს, რომ ჰარმონიაში ცხოვრობს და თავისი ცხოვრების დეტალებს სოცქსელების მომხმარებლებს უზიარებს.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა