საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 12 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლება იმ ცხრა პროდუქტის სუბსიდირებას აპირებს, რომლებიც მოსახლეობის კვების რაციონში უმთავრესია. ბატონმა პრემიერმა ისიც განაცხადა, ეს მთლიანობაში თვეში დაახლოებით ორი მილიონი ლარი დაგვიჯდება და მთავრობა ამისთვის მზად არისო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ხელისუფლება საკუთარ ხალხზე ზრუნავს და კრიზისის პერიოდში ფასების მატებას არ აგრძნობინებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ საუბარი შემდეგ ცხრა პროდუქტზე იყო: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი. ორიოდე კვირის წინათ ამ პროდუქტებს პურის ფქვილი (უკვე ტომრით) დაემატა, ანუ ხელისუფლებამ გამოაცხადა, ფქვილის 50-კილოგრამიანი ტომარა 51 ლარი უნდა ღირდეს, ფასნამატს კი სახელმწიფო დაფარავსო.
“სამ ლარზე იქნება დაფიქსირებული კურსი და იმ კონკრეტულ დღეს, როცა იმპორტიორის მიერ პროდუქტის შეძენა მოხდება, სამ ლარზე მეტი თუ იქნება დოლარის ფასი, მაგალითად, 3,15 ლარი, ამ 15-თეთრიან ფასნამატს ჩვენ გავუსწორებთ, მას შემდეგ, რაც პროდუქტს შემოიტანენ და მისი განბაჟება მოხდება, ანუ ყველა საბუთი იქნება მიკვლევადი. პირობა იქნება ასეთი, რომ პროდუქცია, რა თქმა უნდა, არ უნდა გააძვირონ, არსებული ფასი ბაზარზე უნდა შეინარჩუნონ და ამ პირობით შევალთ სუბსიდიით. დღეს ან ხვალ ეს ყველაფერი გაფორმდება, ჩართული იქნება სამი მხარე _ მთავრობა, იმპორტიორები და ბანკები და ეს ყველაფერი პრაქტიკაში ორშაბათიდან ამუშავდება” (სტილი დაცულია), _ განაცხადა 15 მარტს, კვირა დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.
ამ განცხადების შემდეგ მერვე ორშაბათმა დაიწყო ათვლა, ანუ დაახლოებით ორი თვე გავიდა, მაგრამ იპოვეთ თუნდაც ერთი მოქალაქე, ერთადერთი, რომელმაც ზემოაღნიშნული სუბსიდირება გამოსცადა. ამას გარდა, აღნიშნული ლოგიკით, ერთსა და იმავე პროდუქციაზე ყველა მაღაზიაში ერთი ფასი უნდა იყოს. ანუ, თუ კონკრეტულმა ფირმამ შემოიტანა წიწიბურა, მთავრობის სუბსიდირების შემდეგ ეს წიწიბურა დაუჯდა კილოგრამი, მაგალითად, ორი ლარი, მაღაზიებს ჩააბარა სამ ლარად და ისინი ყიდიან ოთხ ლარად, ფასი უნდა იყოს ყველგან ოთხი ლარი, ხომ? რა თქმა უნდა, ეს ციფრები პირობითია, მაგრამ პირობითი არ არის ის, რომ წიწიბურას ფასი, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქსელში სხვადასხვაა, ყველა პატარა მაღაზიაშიც _ სხვადასხვა და, საზოგადოდ, ერთიანი ფასის ცნება საქართველოში არ არსებობს. სანამ ვიღაც ექსპერტი გამოვა და დამაჯერებელი ტონით დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ კონკრეტული მაღაზია მოგების მარჟას თვითონ აწესებს და ფასის სხვაობა ამიტომ არის, არანაკლებ დამაჯერებელი ტონით ვუპასუხებთ, რომ, როცა სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტულ პროდუქტს და შემომტანს ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან უხდის თანხას, ვალდებულია, ისიც გააკონტროლოს, რომ აბსოლუტურად ყველა მაღაზიამ ეს კონკრეტული პროდუქტი გაყიდოს ერთსა და იმავე ფასში, შეთანხმდნენ მოგების ერთიან მარჟაზე და დაადონ ერთნაირი ფასი. სხვაგვარად რა გამოდის _ სახელმწიფო ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან ცალკე იხდის სუბსიდიას და მაღაზიაც ცალკე გვახევს ფულს საკუთარი მარჟის დასაკმაყოფილებლად?! და სად არის ჩემი, როგორც მომხმარებლის, უფლებები დაცული? ჩვენ, რიგითი ადამიანები, ხომ ორმაგად ვზარალდებით, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ ფულის, პრაქტიკულად, უაზროდ განიავებით და მეორე მხრივ, ჩვენ მიერ ძვირად ნაყიდი პროდუქტის გამო?!
ანალოგიურის თქმა შეიძლება 51-ლარიან ტომარა ფქვილზე. ბატონებო, გაიკეთეთ პირბადეები და ფარები, ასე ვერ გიცნობენ და შემოიარეთ მაღაზიები, განსაკუთრებით რეგიონებში, ნახეთ, რა ღირს თქვენ მიერ სუბსიდირებული პროდუქტი და მიხვდებით, რომ ფულს წყალში ყრით. ეს ჩვენი გადმოსახედიდან, თორემ შესაძლოა, თქვენი გადმოსახედიდან სხვაგვარად იყოს _ ეს ფული წყალში კი არ იყრება, კონკრეტული ადამიანების ჯიბეში მიდის მშვიდად და ნარნარად. კანონის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ფურცელზე იყოს რაღაც დაწერილი, კანონს აღსრულება სჭირდება და კონტროლი. სხვაგვარად ყველაფერი იმ მამალს ემსგავსება, დილით რომ იყივლებს და ფიქრობს: გინდ გათენდეს, გინდა არა, მე ხომ ვიყივლეო.
ამ ყველაფერს ცუდი სუნი, იცით, რატომ უდის? რეგიონებში მილიონობით ლარის ღირებულების პროდუქტი დარიგდა. ადგილობრივი თვითმმართველობების პირველმა პირებმა ბიუჯეტში გამონახეს სახსრები და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შშმ პირებსა და, საზოგადოდ, გაჭირვებულ ადამიანებს ერთი კვირის თუ ათი დღის სამყოფი პროდუქტი დაურიგეს. ჰოდა, კულუარებში ამბობენ, ეს პროდუქტები ერთი იმპორტიორისგან შეიძინეს, რადგან ზემოდან იყო ასეთი მითითებაო.
ჰო, სანამ კანონის ძალით დაგველაპარაკებით და აგვიხსნით, რომ პროდუტების შესყდვა ისე ვერ მოხდებოდა, თუ მუნიციპალიტეტებს არ ექნებოდათ, სულ ცოტა, სამი კომპანიის ფასები და იქიდან უნდა აერჩიათ ყველაზე იაფი, გეტყვით, რომ ეს “კანონი” ყველა მუნიციპალიტეტმა დაიცვა, სამ-სამი “ინვოისი” ყველამ იშოვა, მაგრამ ზოგან წიწიბურა ღირდა ძვირი, ზოგან ფქვილი იყო იაფი და საბოლოოდ, მუნიციპალიტეტების 90-მა პროცენტმა ერთი და იგივე არჩევანი გააკეთა. დასავლეთში ერთი კომპანია იყო, აღმოსავლეთში _ მეორე და ასე მშვიდად წავიდა ბიუჯეტის ფული კონკრეტული შემომტანების ჯიბეში ბითუმად. მთავარი კი ის არის, რომ მოქალაქეებმა, ათასობით და ათიათასობით ოჯახმა მართლა მიიღეს პროდუქტი, თანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტი კითხვების გარეშე, უფრო ლამაზად რომ გაკეთებულიყო, არ იქნებოდა ურიგო. ისიც ვთქვათ, რომ ჯიბეზე ხელი დეპუტატებმაც გაიკრეს და პროდუქტები მათაც დაარიგეს. თანაც, დეპუტატებს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ, ფასები ვინმესთან შეედარებინათ ან შეეთანხმებინათ, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, მათმა უმრავლესობამაც არჩევანი სწორედ იმ ყბადაღებულ კომპანიებზე გააკეთა. რა თქმა უნდა, შემთხვევით მოხდებოდა ეს, თორემ შეთქმულების თეორიის დაჯერება და იმის თქმა, რომ ვიღაცამ ასეთი მითითება გასცა, როგორ შეიძლება?!
ისევ იმ ცხრა პროდუქტს დავუბრუნდეთ, რომლებზეც ხელისუფლებამ ფასების შენარჩუნების პირობა დადო. იცით თუ არა, ბატონებო, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის 9 პროდუქტი გაძვირდა, თორემ, მაგალითად, ხორცი გაიაფდა. თან გაყინული და შემოტანილი ხორცი კი არა, ადგილობრივი წარმოების, ჩვენი, ეროვნული ხორცი. გაიაფდა მწვანილი (სეზონიაო, იტყვით), გაიაფდა თევზეული, ანუ გაიაფდა თითქმის ყველაფერი, რაშიც სახელმწიფო ფულს არ იხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად მოსახლეობა არ აჰყვა პანიკას და მშვიდად განაგრძო ცხოვრება. პანიკას არც იმპორტიორები აჰყვნენ, მათ, უბრალოდ, იფიქრეს, რომ ჩვენი და სახელმწიფოს ხარჯზე “დიდი მაყუთის” გაკეთება შეიძლებოდა და აკეთებენ კიდეც. სახელმწიფო კიდევ ამ ყველაფერს რომ არ აკონტროლებს, ეგ იწვევს ეჭვის საფუძველს, თორემ საღამოს ბაზარზე ერთ კონა მწვანილს 10 თეთრად რომ გეხვეწებიან, მაგას სახელმწიფოს კონტროლი და სუბსიდია არ სჭირდება.
მოკლედ, ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე განულებული ავტორიტეტი მაქსიმუმამდე ასწია, შემდეგ კი, თავისივე დაწესებული რეგულაციები რომ ვერ გააკონტროლა, მიღებული კანონები რომ ვერ აღასრულა, ვერ უზრუნველყო, კანონი ყველასთვის კანონი ყოფილიყო, კვლავ შეერყა რეპუტაცია და ნელ–ნელა იმავე ნიშნულს უბრუნდება, რომელზეც საქართველოში ყველა ხელისუფლება არის ხოლმე. არადა, ერთი შეხედვით გამოსავალია მარტივია, ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კანონის აღსრულებას, კანონმორჩილი მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია და ხელისუფლებას აქვს შანსი, წესრიგი ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს, მაგრამ არა _ კანონებსა და, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობას ვიწრო ინტერესები გადასძალავს ხოლმე და რამდენიმე ადამიანის კეთილდღეობას ხშირად ვაყოლებთ იმას, რასაც დიდი შრომის ფასად მივაღწევთ ხოლმე. ასეა ამჯერადაც _ ქაღალდზე დაწერილი კანონი სულ უფრო ემსგავსება იმ დეფიციტურ ტუალეტის ქაღალდს, რომელიც ჩვენთან მაინც იშოვება. როგორც ტუალეტის ქაღალდზე დაწერილს, ისე უყურებს ადამიანთა გარკვეული კატეგორია კანონებს და დანიშნულებისამებრ იყენებს. ჩვენ კი, რიგითი მოკვდავები, მაქსიმალურად ვცდილობთ, წესები დავიცვათ და…
ჩვენი გადახდილი გადასახადებით ორმაგად ხეირობენ ისინი, ვინც კულისებს მიღმა დგას და ძაფებს ძალუმად ექაჩება.
ბესო ბარბაქაძე