Home რუბრიკები საზოგადოება ის, რაც ვერ გააკეთა შაჰ აბასმა…

ის, რაც ვერ გააკეთა შაჰ აბასმა…

2538
ჰიპი

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც საქართველოს აქვს, სოფლების მოსახლეობისგან დაცლაა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პრაქტიკულად ყველა რაიონში გაჩერდა საწარმოები, რომლებშიც სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იყო დასაქმებული. შედეგად, გლეხი დარჩა მხოლოდ ერთი მტკაველი მიწისა და ორმეტრიანი თოხის იმედად. ბუნებრივია, გაუჭირდა ოჯახის რჩენა და გეზი ან დედაქალაქისკენ აიღო, ან სხვა ქვეყნისკენ. მივიღეთ ის, რომ სოფლები ნასოფლარებს დაემსგავსა და ეს განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებზე ითქმის, როგორიცაა რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, ფშავხევსურეთიდღეს ამ მხარეებში არის სოფლები, რომლებშიც 1-2 კომლი ცხოვრობს ან საერთოდ არავინ.

სხვათა შორის, როცა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდა, ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობაში მილიარდიანი ინვესტიციის ჩადება დააანონსა და განაცხადა: გლეხს სოფელში დავაბრუნებთო. სხვა დაპირებების დარად, ეს დაპირებაც ჰაერში გამოკიდებული დარჩა: მას შემდეგ სოფლებში ხალხი კი არ დაბრუნებულა, პირიქით _ სოფელი კიდევ უფრო დაიცალა. ამ ფონზე არაადეკვატურია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (“ჯი-აი-ჯი”) გენერალური დირექტორის მრჩევლის _ ლევან ვეფხვაძის ეს განცხადება:

“საქართველოს ეკონომიკას ინდუსტრიული წარმოების განვითარება აკლია. ამ კუთხით საკმაოდ დიდი წყვეტა არსებობს ქვეყანაში, რადგან საბჭოთა კავშირის დროსაც საქართველო აგრარული ქვეყანა იყო და ვერავინ იტყვის, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული წარმატება გვქონდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მიმართულება უნდა იყოს ტექნოლოგიების შემოტანა, ინვესტიციების შემოტანა და ამ კუთხით ინდუსტრიული წარმოების განვითარება, იმიტომ, რომ დღეს სოფლებში არის ჭარბი მოსახლეობა და მათი გაწოვა სწორედ ინდუსტრიულ ცენტრებში უნდა მოხდეს”.

ცნობისთვის: “ჯი-აი-ჯი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფია. მისი შვილობილი კომპანიაა “საქნახშირი”. მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ “საქნახშირის” მიერ ტყიბულში განხორციელებულმა სამუშაოებმა რამდენი ადამიანი შეიწირა, ალბათ, საკმარისი არ იქნება, რადგან დღემდე ბჭობენ იმაზე, რომ ტყიბულის მაღაროებში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, თუმცა ისევ ვეფხვაძის განცხადებას დავუბრუნდეთ, რომელიც სხვათა შორის, ყოფილი პარლამენტარია, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში სოფლის მიმართულებით მას განცხადებები არ გაუკეთებია.

ახლა _ რაც შეეხება ინდუსტრიულ ცენტრებს: ისიც გვახსოვს, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ უნდა აშენებულიყო ჭაობის ადგილას, მაგრამ იქ ახლაც ჭაობია. 6 წლის განმავლობაში ქვა ქვაზე არ დადებულა და იმ ადგილიდან, საიდანაც, წესით, სტუდენტების ჟრიამული უნდა ისმოდეს, ბაყაყების ყიყინი ისმის კვლავ. და, ბატონი ლევანი რომ ამბობს, ინდუსტრიული ცენტრები უნდა შევქმნათო, უმარტივეს კითხვას დავუსვამთ: საიდან მოგაქვთ ამ ცენტრების შესაქმნელი ფული? ინვესტორები საქართველოში სანთლით საძებარია, რეალურად ხელისუფლებას უჭირს _ არასტაბილური ბიზნესის გარემოსა და წილების გაუთავებელი გადანაწილების გამო, უცხოელები ინვესტირებას ერიდებიან. სამაგიეროდ, სწორედ სასოფლო-სამეურნეო მიწებით არიან დაინტერესებულნი ირანელები, ინდოელები, ჩინელები და ვეფხვაძის მტკიცება “საბჭოთა კავშირის დროსაც საქართველო აგრარული ქვეყანა იყო და ვერავინ იტყვის, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული წარმატება გვქონდა”, ჩანასახშივე ქარწყლდება. ანუ, რესურსი იმისა, რომ სოფელი აღორძინდეს და სხვა თუ არაფერი, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ნატურალური პროდუქტი მივირთვათ, არსებობს, მაგრამ ამის დანახვა არ გვინდა. მარტივ მაგალითს გეტყვით: საბავშვო პროდუქტების მწარმოებელი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Hipp საქართველოში წლების წინათ შემოვიდა, ვაშლის გადამუშავება და მისგან საბავშვო ხილფაფების დამზადება დაიწყო. ამაში საოცარი ის არის, რომ ქართული პროდუქცია იმპორტზე გადიოდა, ხოლო უცხოეთში ნაწარმოები იგივე პროდუქცია ჩვენთან შემოდიოდა. როცა ვკითხეთ კომპანიის წარმომადგენელს, რატომ იქცეოდა ასე, საინტერესო პასუხი გაგვცა: თქვენთან ნატურალურ პროდუქციას ვამზადებთ, რომლის შესყიდვის უნარიც მოსახლეობას არ აქვს, რადგან ძვირია, უცხოეთიდან კი პროდუქცია მინარევებით შემოდის, რასაც ქართული მოსახლეობა სიიაფის გამო ყიდულობს!”

უცხოელი გეუბნება: კარგი მიწა გაქვთ, საოცარი პროდუქტი მოდის, ყველა სტანდარტს აკმაყოფილებსო, მაგრამ ეს თქვენთვის “ძვირი სიამოვნებაა” და ჩვენ შევჭამთო… როგორია?! და ლევან ვეფხვაძე კი გვეუბნება: ამ მიმართულებით წარმატებები არასდროს გვქონია და არც გვექნებაო. შეგნებული კაცი თავის სიმდიდრეს ასე უდიერად არ უნდა ეპყრობოდეს. მაშინ, როდესაც ჩვენს მიწაზე უცხოელები ესახლებიან, ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეებით სარგებლობენ, ჩვენ კი გვირჩევნია, ჩვენს მიწაზე მოსავალი სხვამ მოიყვანოს, თავის ქვეყანაში წაიღოს და იქ მოწეული აქ შემოგვასაღოს. ამას სამშობლოს, საკუთარი ერის არაპირდაპირი, მაგრამ მაინც ღალატი ჰქვია. ახლა შოვინიზმსა და ნაციონალიზმში დამდებთ ბრალს, მაგრამ…

აგერ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასული ხორვატია 4-მილიონიანი ქვეყანაა, საქართველოს მასშტაბისა და გაბარიტების. მოსახლეობის 90%-ზე მეტი ხორვატია და იცით, რატომ? უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბიზნესის წარმოებაზე, მიწის შესყიდვაზე, გადასახადებზე კაბალური პირობები აქვთ დაწესებული. შესაბამისად, ქვეყანაში ყველაფერს ხორვატები აკეთებენ და რატომ გიკვირთ, თუ მსოფლიოში ყველაზე პატრიოტ ერად ითვლებიან?! ეს ჩვენთანაა პატრიოტიზმი შოვინიზმთან და ნაციზმთან გაიგივებული, თორემ ევროპაცა და ამერიკაც უკვე პატრიოტულ მოტივებზე გადავიდა, თვითგადარჩენის ინსტიქტი მუშაობს ყველგანსაქართველოს გარდა. ჩვენთან მთავარია, სხვები გადარჩნენ და სხვები იყვნენ კარგად, თორემ ჩვენი სოფლები წყალსაც წაუღია… მიაქვს კიდეც…

მეორე მხრიდანაც შევხედოთ _ დავუჯერეთ ვეფხვაძეს; დავივიწყეთ, რომ ღვინო, ჩაი, ციტრუსები, აბრეშუმი და კიდევ ბევრი რამ გვქონდა, რითაც გლეხი ცოცხლობდა და გადავედით ინდუსტრიული ცენტრების მშენებლობაზე და “გამოვწოვეთ” სოფლებიდან მოსახლეობა, ანუ ისედაც დაცარიელებული სოფლები სულ უკაცრიელი გავხადეთ. საიდან მოგვაქვს ინვესტიცია? კომერციული ბანკი იაფ კრედიტსა და “უფასო ფულს” რომ არ მოგვცემს, ცხადია. ეროვნული ბანკი გასცემს ვითომ რამეს და ამით ავშენდებით? საეჭვოა. ან ინვესტორი რომ გამოჩნდეს, საქართველოში ნაწარმოები პროდუქციისთვის ბაზარი სად უნდა მოვნახოთ? ევროპა ქართულ ღვინოს ეჭვის თვალით უყურებს, ქართულ თაფლს იმხელა რეგულაციები დაუწესეს, ათეული წელიწადი გვინდა, სტანდარტზე რომ დავსვათ და აქ ნაწარმოებტექნოლოგიურ შედევრსდახლზე არ გააჩერებს. რუსეთში? და რუსეთი ხომ მტერია?! მტერია, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს ინახავს; ეს მილიონი მოქალაქე მეორე მილიონს საქართველოში არჩენს; აქედან გასულ ხილს, ღვინოს, მინერალურ წყალს ყიდულობს და სუნთქვის საშუალებას გვაძლევს, ანუ ხელისუფლება ვერ იტყვის: გათვლას რუსეთის ბაზარზე ვაკეთებო. აქეთ ამერიკა აყვირდება, იქეთ _ ევროპა, ჩვენ კიდევ მაგათ უნდა დავუჯეროთ. გამოვა ისე, რომ “ავი ძაღლი” არც თავის ბაზარზე შეგვიშვებს, რუსეთის ბაზარზე შესვლასაც აგვიკრძალავს და დავრჩებით ამ ჩვენი პროდუქციით ხელში. არა, კი შეიძლება ეს პროდუქცია ბავშვებს “შევტენოთ”, ზუსტად ისე, პირველკლასელებს რომ ურიგებენ “ნოუთბუქებს” და ერთ თვეში რომ ფუჭდება, მაგრამ რამდენს აიტანს მშობელი?!

რა გამოდის? რეალურად არაფრის გამკეთებელი არ ვართ და, თუ ვართ, ვერ გავყიდით? ანუ ვეფხვაძემ თქვა და ქარავანი მიდის?! რეალურად ხომ ათეული წლებია, ამ ინდუსტრიული ცენტრების შექმნაზე მსჯელობენ და წინ ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. სამაგიეროდ, ვინც კი სოფელში მიწა დაამუშავა, ფერმა ააშენა, ხეხილი ჩაყარა, ყველამ შემოსავალი ნახა, თავადაც იხეირა და ჩვენც სარგებელი მოგვიტანა, რადგან, ბოლომდე ნატურალურს თუ არა, ნატურალურთან ძალიან მიახლოებულ პროდუქტებს გეახლებით.

სხვათა შორის, როცა შაჰ აბასი საქართველოს იპყრობდა, სოფლებიდან ასახლებდა ადგილობრივებს და მათ ნაცვლად სპარსელები ჩამოჰყავდა. ამით ის, სოფლის დასუსტების გარდა, მთელი ქვეყნის გაქრობას ფიქრობდა. შესაბამისად, ის, რაც ვერ გააკეთა შაჰ აბასმა, ახლა ვცდილობთ, ჩვენ გავაკეთოთ: სოფლებიდან მოსახლეობაგამოვწოვოთდა ეს ადგილები სწორედ შაჰ აბასის შთამომავლებს გადავულოცოთ, თანაც ისე, რომ არც გავიბრძოლოთ. ჰოდა, იქნებ ჯობდეს, სოფლების დაცარიელებაზე მეტად იმაზე ვიფიქროთ, რომ როგორმე გლეხს მხარში ამოვუდგეთ, საარსებო პირობები შევუქმნათ, რათა სოფელი ისევ სოფელს დავამსგავსოთ, იმ სოფელს, რომელშიც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მიდიოდა დასასვენებლად და საკუთარ კარმიდამოს ავად თუ კარგად უვლიდა; იქ მოკრეფილ ხილსა და ბოსტნეულს კი სხვა გემო ჰქონდა _ სოფლის გემო, ნატურალური გემო.

ასე რომ, ინდუსტრიული ცენტრები რაიონულ ცენტრებში ააშენეთ, ბატონებო, გლეხებმა რომ იმუშაონ და მხოლოდ მიწასა და ოროყიან თოხზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: 777 Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here