Home რუბრიკები სპორტი “ის არ მომკვდარა, მაგრამ ურთიერთობა არ შეუძლია”

“ის არ მომკვდარა, მაგრამ ურთიერთობა არ შეუძლია”

ახალი დეტალები მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

კომპანიაფერარისვიცეპრეზიდენტი წინააღმდეგია, საზოგადოებამ წარსულ დროში ილაპარაკოსფორმულა-1”-ის 7-გზის ჩემპიონზე, მიუხედავად იმისა, რომ მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა.

“ფორმულა-1”-ის ლეგენდარულ პილოტ მიხაელ შუმახერზე ახლახან გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მისი ვაჟი მიკ შუმახერი, რომელიც ამჟამად გუნდ “ჰაასის” წევრია, ამბობს, რომ ბევრ რამეს დათმობდა, ოღონდ მამას დალაპარაკებოდა ავტოსპორტზე.

“წითელი ბარონი” (ასე შეარქვეს თავის დროზე მიხაელ შუმახერს), უკვე თითქმის 8 წელიწადია, საწოლს არის მიჯაჭვული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. ასე სურს მიხაელის ცოლს _ კორინა შუმახერს, რომელმაც დოკუმენტურ ფილმშიც კი არ მოჰფინა ნათელი ქმრის დიაგნოზს და მკურნალობის პერსპექტივას. შედეგად საზოგადოებისთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

იტალიური საავტომობილო კომპანია “ფერარის” ვიცეპრეზიდენტმა პიერო ფერარიმ (კომპანიის დამფუძნებლის _ ენცო ფერარის ვაჟმა) რამდენიმე დღის წინათ ილაპარაკა “ფორმულა-1”-ის ლეგენდარულ გერმანელ პილოტზე.

ცხოვრებაში შეიძლება ნებისმიერს არ გაუმართლოს

_ მენატრება მიხაელი, _ მოჰყავს 76 წლის ბიზნესმენის სიტყვები Gazzetta Delo Sport-ს. _ წარსულში ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ჩემს სახლში და ვსვამდით წითელ ღვინოს. ის ტკბებოდა ასეთი მომენტებით. მიხაელი კარგი ადამიანია. მე არ მომწონს მასზე წარსულ დროში ლაპარაკი, თითქოს გარდაცვლილია. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ ჩვენთან არის, ოღონდ ურთიერთობა არ შეუძლია.

რომში გამართულ ერთ-ერთ ცერემონიაზე პიერო ფერარის გამოსვლიდან ჩანს, რომ, ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, მიხაელს არ აღუდგა მეტყველება, ხოლო შუმახერის ოჯახის ახლო მეგობრის, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჟან ტოდტის მონაყოლი, როგორ უყურებდა ის ტელეეკრანზე ავტორბოლას მიხაელ შუმახერთან ერთად, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ უნდა აღვიქვათ.

კორინა შუმახერი დოკუმენტურ ფილმში ამბობს ფრაზას: “ადრე მიხაელი გვიცავდა ჩვენ, ახლა ჩვენ ვიცავთ მიხაელს”. ლეგენდარული პილოტის მეუღლის თქმით, “მიხაელი ცხოვრობს ოჯახთან ერთად ერთ სახლში და მასზე ახლობლები ზრუნავენ: მიხაელი ყოველდღე მაჩვენებს, რა ძლიერია ის”. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიხაელმა თავი უკეთესად იგრძნოს და კომფორტულად იყოს. მიხაელი შეიცვალა. უკვე სხვა გახდა, მაგრამ ჩვენთან არის და ეს ძალას გვმატებს. არასოდეს მისაყვედურებია უფლისთვის იმის გამო, რაც მოხდა. ეს უიღბლობაა. ნებისმიერს შეიძლება არ გაუმართლოს ცხოვრებაში”, _ ამბობს კორინა Nettlix-ის მიერ გადაღებულ ფილმში.

 წელიწადში სამი მილიონი მკურნალობისთვის

შარშანდლამდე მიხაელ შუმახერი “გრან-პრის” 91-ჯერ მოგებით ყველაზე წარმატებული პილოტი იყო “ფორმულა-1”-ის ისტორიაში, მაგრამ 2020-ში ეს მაჩვენებელი ლუის ჰემილტონმა გააუმჯობესა. თავისი პირველი ორი საჩემპიონო ტიტული მიხაელმა “ბენეტონთან” ერთად მოიპოვა 1994 და 1995 წლებში, 2000-2004 წლებში კი “ფერარისთან” ერთად ზედიზედ 5-ჯერ გაიმარჯვა.

2013 წლის 29 დეკემბერს მიხაელ შუმახერი თავის ვაჟსა და მის მეგობრებთან ერთად კურორტ მერიბელის (საფრანგეთი) სამთო-სათხილამურო ტრასაზე სრიალისას მოსახვევში ტრასიდან გადავარდა, თოვლით დაფარულ ქვას შეეჯახა და თავი მძიმედ დაიზიანა. ის ქალაქ გრენობლის საავადმყოფოში გადაყვანისას კომაში ჩავარდა. 2014 წლიდან კი მისი ტვინი აქტიურ მდგომარეობაშია. არაოფიციალური მონაცემებით, შუმახერი აცნობიერებს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, ცნობს ახლობლებსა და მეგობრებს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ემსახურება და გარშემო მყოფებს ვერ ელაპარაკება. შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამუდმებით თვალყურს ადევნებს ფიზიოთერაპევტთა ბრიგადა, რომელიც მის უმწეო სხეულს სხვადასხვა პროცედურას უტარებს, ეს სამედიცინო მომსახურება ოჯახს ყოველწლიურად 3 მლნ უჯდება.

2019 წელს შუმახერს პარიზის ჟორჟ პომპიდუს სახელობის კლინიკაში ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, რომელ ორგანიზმზე უმკურნალეს _ თავის ტვინზე თუ გულზე _ და გამოიღო თუ არა ოპერაციამ დადებითი ეფექტი.

შუმახერი დიდი ხნის განმავლობაში შვეიცარიაში (ქალაქ გლანში) ჟენევის ტბის ნაპირზე თავის მამულში ცხოვრობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინათ ის ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე ოჯახის კუთვნილ სახლში გადაიყვანეს, გლანის ვილა კი გასაყიდი უძრავი ქონების სიაში შეიტანეს. მანამდე კორინამ გაყიდა უძრავი ქონება ოსლოსა და დუბაიში, აგრეთვე, მიხაელის პირადი თვითმფრინავი და ავტომობილი. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული სპორტსმენის მეუღლე არაერთხელ გაუკრიტიკებიათ მეტისმეტი ჩაკეტილობისა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის ნიუანსების საჯაროდ ლაპარაკზე უარის თქმის გამო, რადგან მისი გამოცდილება შეიძლება დახმარებოდა მსგავსი ტრავმის მქონე ადამიანებს. მაგალითად, შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის მცდელობებს, როგორმე მოინახულოს ძველი მეგობარი. “კორინამ მომკვეთა თავისი ცხოვრებიდან. არადა, მე მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, როგორ მიდის მიხაელის საქმეები, ხელი ჩამომერთმია მისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას კორინა ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, ეშინია, რომ მე შევიტყობ, რაც ხდება სინამდვილეში და ადამიანებს სიმართლეს მოვუყვები”, _ აღნიშნა ვებერმა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here