Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი!

ირაკლი!

3676
ირაკლი თოდუა

ვერ ვიჯერებ, რომ არ ხარ. სულ უნდა ყოფილიყავი, მეგონა. მე უნდა წავსულიყავი და შენ დარჩენილიყავი. შენ უნდა დაგეწერა გამოსათხოვარი. პირიქითაა და ეს მზარავს, თუმცა მე რა მეთქმის, როცა დედაშენი მოესწრო ამ დღეს.

როდესაც კეთილი და დიდბუნებოვანი ადამიანი მიდის ამ სოფლიდან, დედამიწაზე სიკეთის კიდევ ერთი წყარო შრება. თითქოს უდაბნო დატოვე შენ გარშემო, ძალიან ხალხმრავალი უდაბნო. ყველას თავისი მოსაგონარი აქვს, ყველა სიკეთეს იხსენებს, ყველა შეძრულია. ცხოვრებაში პირველად ჩაიდინე ის, რასაც ღალატი ჰქვია. ჩუმად წახვედი და ეს არ იყო ღალატი შენი ნებით. ყველას ამხნევებდი, ტკივილს უმსუბუქებდი, საკუთარს კი არავის აგებინებდი. ტკენით ხომ არავისთვის გიტკენია _ დღემდე, როცა შენს სათაყვანებელ მეუღლეს ენით აუწერელი ტკივილი მიაყენე. პატარებმა ჯერ არ იციან. მათ ეს ტკივილი წინ აქვთ, ტკივილი და სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი შეავსებს.

სიცარიელე სუფთა ფურცელს ნიშნავს. იმ ფურცლებს, რომლებსაც ვეღარასოდეს შეავსებ შენი ნაწერით. საქართველო და მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც შენს სიცოცხლეში იყო. არა, ბრჭყალები არ გამომრჩენია. აღარც გაზეთი იქნება ისეთი, თუმცა ამას რომ ვწერ, ალბათ, გულს გტკენ. რა ვქნა, ასე ვგრძნობ ახლა. თუმცა… ლაშა ნადარეიშვილმა თქვა დღეს საუბარში, რომ გაზეთს მხოლოდ შენი მაია, ერთგული მეუღლე და მეგობარი, შენი მესაიდუმლე და ხვაშიადის შემნახავი, გადაარჩენს. არ მიკითხავს ნებართვა, როცა მისი ეს აზრი საჯაროდ გავამხილე. ლაშას ესმის, რას ამბობს. შენ და მაიამ ხომ “ასავალ-დასავალში” გაიცანით ერთმანეთი. ორივე, რასაც ამბობენ, “მწერალი” ჟურნალისტები ხართ. დღეს ესეც იშვიათობაა. მაიამ ყველაზე კარგად იცის, რას აკეთებდი და როგორ, რა მიზნებს ისახავდი და როგორ აღწევდი მათ. შენი შვილების გარდა, მას შენი კიდევ ერთი პირმშო ეყოლება მისახედი, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს მასაც გააძლიერებს და დამატებით მოტივაციას შესძენს, ჩვენ კი, ყველანი, მხარში ამოვუდგებით. იმდენად გაუსაძლისია უშენობის წარმოდგენა, რომ მაიამ უნდა შეგვიმსუბუქოს თავისი ყოფნით, განა მხოლოდ ყოფნით, შენი საქმის გაგრძელებით.

უსასრულოდ შემიძლია წერა შენს სიკეთეზე, კეთილშობილებაზე, თანაგრძნობის უნარზე, ბრძოლაში შეხიდებაზე, თუმცა ამ ყველაფერს სხვებიც იტყვიან. ეჭვს, შურისგებას, სხვის სიბოროტეს გულთან ახლოს არ იკარებდი. უფრო სწორად, ასე გვეგონა. არასოდეს იმჩნევდი, მაგრამ გულში ატარებდი. ვეღარ გაუძლო.

სხვა რომ მეგობარს მტრად აქცევდა, შენ პირიქით იქცეოდი. სიმართლეს არავის დაუკარგავდი, ავკარგიანობის გარჩევის საოცარი ნიჭი გქონდა. მშვიდი და ღიმილიანი, არასოდეს თმობდი პოზიციას. ამ უპოზიციო ეპოქაში (პოზიციის მქონე პიროვნებებთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეპოქის სენია) ეს ასმაგად დასაფასებელია.

შენს მეგობრებში ბევრი სხვადასხვა აზრის ადამიანი არის. დღეს ყველა ერთ აზრზეა: ძნელია უშენოდ დარჩენა, ძნელია შენი იმედის დაკარგვა, თუმცა, სხვისი არ ვიცი და, მე იქაც მეიმედები, სადაც წახვედი.

ყველანი მოვალთ, აქაურობას არავინ გამოვეკერებით. მთავარია, უშენობა არც ოჯახს ვაგრძნობინოთ და არც გაზეთს. ძნელია ეს, მაგრამ უნდა ვეცადოთ.

ნანა დევდარიანი,
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი

 ირაკლი თოდუა დავკარგეთ

სამი ათეული წელიწადი დეკადანსის პირობებში ვცხოვრობთ _ ქართული ხელოვნება, მწერლობა, კინო, თეატრი გაირყვნა, გადაგვარდა; არნახულ დაცემადაკნინებას განიცდის ქართული ჟურნალისტიკა

ბოლომდე მაინც ვერ გვიგრძვნია და გაგვისიგრძეგანებია დაცემის ეფექტი, რომელიც სულ მალე გაცილებით მტკივნეული იქნება, რადგან კულტურის ყველა სფეროდან წავა, მართალია, უკვე სანთლით საძებნი, მაგრამ ჯერ კიდევ, ასე თუ ისე, შემორჩენილი თითო-ოროლა ჭეშმარიტი ოსტატი თავისი საქმისა.

თავზარდამცემია ირაკლი თოდუას ასე მოულოდნელი, ასე დაუჯერებელი, ასე წარმოუდგენელი, ასე უდროო წასვლა ამა სოფლიდან.

ქართულმა პუბლიცისტიკამ დაკარგა მაღალი კლასის პროფესიონალი და გაზეთის ჩინებული რედაქტორი, რომლისთვისაც ჟურნალისტიკა, პოლიტიკურ კონიუნქტურასთან პირადი ცხოვრების მორგების საშუალება კი არა, ერისა და ქვეყნის სამსახურში დგომის სარბიელი, ჭეშმარიტების ძიებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის ასპარეზი იყო.

ცნობილმა მწერალმა, ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ლევან სანიკიძემ ერთხელ დაიჩივლა: ჩვენი დღევანდელი პრესა იმდენად ცრუპენტელაა, რომ მომავლის ისტორიკოსები ამ ეპოქის შესასწავლად მას არათუ დაეყრდნობიან, მისკენ არც გაიხედავენო.

ირაკლი თოდუას გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ცრუპენტელობითა და სიყვითლით კი არ იზიდავს მკითხველს, არამედ მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ხიბლავს მას. ბ-ნ ლევან სანიკიძის ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, მომავლის ისტორიკოსებიდან გვერდს ვერავინ აუვლის “საქართველო და მსოფლიოს”, ვინაიდან ირაკლი თოდუა ამ მისი პირმშო გაზეთით, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა მხოლოდ ყოველდღიურ, არამედ ისტორიულ სიმართლეს ემსახურა.

ირაკლი თოდუა, მისი გულწრფელი, კაცური და ღიმილიანი ურთიერთობებით, მისი კოლეგიალური პატიოსნებითა და, სრულიად ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მისი მამულიშვილური ვალმოხდილობით მუდმივად შემორჩება თანამედროვეთა მეხსიერებას, როგორც ოჯახისშვილობისა და ქართულად აღზრდილობის თვალსაჩინო მაგალითი.

და კიდევ ბევრი რამის მაგალითი, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, დავკარგეთ…

გულწრფელი მწუხარებით,
ვალერი კვარაცხელია,
ჟურნალისტი

ირაკლი თოდუა პატრიოტი, ვაჟკაცი კაცი იყო, კაცი, რომელიც დღეს ჩემს ქვეყანას ისე ძალიან სჭირდება, როგორც არასდროს

დიდი დანაკლისი განიცადა ახალგაზრდა თაობამ, ჟურნალისტურმა საზოგადოებამ. მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცი ირაკლი თოდუა.

ირაკლი თოდუა პატრიოტი, ვაჟკაცი კაცი იყო, კაცი, რომელიც დღეს ჩემს ქვეყანას ისე ძალიან სჭირდება, როგორც არასდროს. სიმართლისათვის მებრძოლი, მართალი, მეგობრებისათვის, ახლობლებისათვის, უცნობებისათვისაც კი თავდადებული ადამიანი. შეეძლო საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება…

ირაკლი თოდუა რამდენიმე წლის წინათ გავიცანი ჯერ კიდევ “ასავალ-დასავალში” მისი მოღვაწეობისას. ჩემთვის ხშირად ჩამოურთმევია ინტერვიუ, მიქვეყნებდა მასალებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო ჩემი მისდამი პატივისცემის მიზეზი, მხიბლავდა მისი ნებისმიერი ნაწერი ნებისმიერ საკითხზე.

ირაკლისა და ჩემი ახლობლობა გამოიხატებოდა მის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში საქმისადმი. ის არასოდეს იტყოდა ზედმეტ სიტყვას ურთიერთობისას, არც სხვას აკადრებდა რამეს და საკუთარ თავსაც ღირსეულად წარმოაჩენდა.

ირაკლი თოდუა იყო ძალიან კარგი მცოდნე ქართული ენისა, ბრწყინვალედ იცოდა ლიტერატურა, გახლდათ უაღრესად განათლებული ახალგაზრდა კაცი. თბილი იყო. საუბარში ჩანდა, რომ ადამიანებისადმი ნდობა ჰქონდა, ახასიათებდა გამოკითხვა, მაგრამ თავდაჭერილი და, რაც მთავარია, ნებისმიერი საუბრიდან ყოველთვის სწორი აზრი გამოჰქონდა.

ირაკლისთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამიღრმავდა, როდესაც მან დამოუკიდებლად დაიწყო გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” გამოცემა. იქ უკვე შეიკრა გუნდი და ირაკლი სათავეში ჩაუდგა იმ კეთილ საქმეს, რომელიც საქართველოსთვის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვაში გამოიხატებოდა.

ირაკლი იყო დიდებული ოჯახის შვილი, მრავალშვილიანი მამა, არაჩვეულებრივი მეუღლე… დიდი ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ახალგაზრდა კაცი მიდის ამქვეყნიდან და ეს არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ტრაგედია. ირაკლი თოდუას გარდაცვალება ჩემი ოჯახისთვისაც დიდი დარტყმა იყო და მჯერა, რომ ჩემნაირი მრავალი ოჯახია მის გარშემო.

სურვილი ვერ ამისრულა, ისე წავიდა… მინდოდა, ჩემთან, წეროვანში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ჩამოსულიყო. მოვიპატიჟე და დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო…

ირაკლი თოდუასთან მეგობრობით ბედნიერი ვიყავი; ვამაყობდი, რომ მისი სახით ჩემს ქვეყანას ჰყავდა შესანიშნავი მოქალაქე, პიროვნება, პატრიოტი, წესიერი და პატიოსანი კაცი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

ჯუმბერ პატიაშვილი,
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი

ქართველებო, ირაკლი თოდუა აღარ არის!..

დიახ, ქართველებო, რადგან, ჩემი აზრით (და იმედია, არა მხოლოდ ჩემი), თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ირაკლი თოდუა, უწინარესად, საქართველოს, ქართველ ერს მოუკვდა, მხოლოდ შემდეგ _ ცოლ-შვილს, დედას, სანათესაოს, სამეგობროს…

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ზუგდიდიდან თბილისს მარტოდმარტო ჩამოვიდა ახალგაზრდა ირაკლი თოდუა და, მიუხედავად “მარტოდმარტოობისა” მაშინდელ არეულ-დარეულ დედაქალაქში არ ჩაიკარგა, მრუდე გზას არ დაადგა კოლხი ქართველი და მხოლოდ საკუთარი ნიჭით გაიარა რიგითი კორესპონდენტიდან დაწყებული ყველა საფეხური ქართულ ჟურნალისტიკაში, რაც ბოლოს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” დაფუძნება-დაარსებით დაგვირგვინდა.

მოკლე ხანში კი ყველასათვის უცნობი გაზეთი ქართულ ჭრელ მედიასივრცეში ერთ-ერთ წამყვან, სოლიდურ და, რაც მთავარია, ეროვნული, მართლმადიდებლური სულისკვეთების გამოცემად იქცა. სულისკვეთებისა, რომლისთვისაც სააკაშვილის სისხლიანი ტერორის ჟამსაც კი არ უღალატია გაზეთის რედაქტორსა და მის გუნდს.

“საქართველო და მსოფლიო” ის გაზეთია, რომელიც ტოტალური ნეოლიბერალური მედიადიქტატურის არცთუ უსაფრთხო პირობებში, მხოლოდ ქართულ, ეროვნულ, მართლმადიდებლურ ღირებულებებს ქადაგებს…

ყველა საფლავის ქვას, როგორც წესი, გვარ-სახელთან ერთად, დაბადება-გარდაცვალების თარიღიც აწერია. ამ თარიღებს შორის პატარა, ოდნავ შესამჩნევი ტირეა ამოტვიფრული, რაც გარდაცვლილის ამქვეყნად, წუთისოფელში ყოფნის ვადას ნიშნავს. ზოგისთვის მართლაც წუთია ეს სოფელი, ზოგისთვის _ ოდნავ მეტი, მაგრამ ამაქვეყნად ყოფნის ვადაზე მეტად განვლილი ცხოვრების შინაარსია მნიშვნელოვანი…

რაც შეეხება შინაარსს, 42 წლის განმავლობაში ირაკლი თოდუამ იმდენის თქმა მოასწრო, რომ ამაყად შეაბიჯებს იმ სასუფეველში, რომელშიც მხოლოდ მართალნი და სამშობლოს ერთგული მამულიშვილები განისვენებენ!

მსუბუქი ყოფილიყოს, ჩემო ჯიმა, შენს გულზე დაყრილი ქართული მიწა!..

დავით მხეიძე,
პუბლიცისტი

მკითხველი საზოგადოება პატივს მიაგებს ამ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცის ხსოვნას

ირაკლი თოდუამ ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა და ყოველთვის წარმატებული გახლდათ. მისი დიდი დამსახურებაა, რომ გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ერთ-ერთი მოწინავე გაზეთია საქართველოში. მკითხველი საზოგადოება, ხაზს ვუსვამ, მკითხველი საზოგადოება, პატივს მიაგებს ამ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცის ხსოვნას.

ცოტა ხნის წინათ რამდენიმე ადამიანი ვისხედით და სწორედ “საქართველო და მსოფლიოზე” ვსაუბრობდით. აღვნიშნეთ, რომ ეს გაზეთი გამორჩეულია ქვეყნისთვის სიკეთის კეთების სურვილით და გამოხატავს ობიექტურ აზრს. იქვე დავძინეთ, რომ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, რითაც ეს გაზეთი მკითხველს ხიბლავდა, მისი რედაქტორი ირაკლი თოდუა იყო, კაცი, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი. მსიამოვნებდა, რომ არსებობს ასეთი კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაზეთი უმაღლეს რანგში აიყვანოს, თანაც ძალიან მოკლე პერიოდში, რაც იშვიათი მოვლენაა. მას არასოდეს გადაუხვევია ჭეშმარიტების გზიდან, ხალხსა და ქვეყანას ემსახურებოდა.

მიჭირს ასე ახალგაზრდა კაცზე მსგავსი სიტყვების თქმა, მაგრამ… ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული, მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა, ის მიწა, რომელსაც თავად ასე ეთაყვანებოდა!..

ელიზბარ ჯაველიძე,
აკადემიკოსი

ირაკლი

22 წლის წინათ შემოაღე “ასავალ-დასავალის” კარი… მოიტანე ახალი სუნთქვა, უსაზღვრო ნიჭი და დიდი გული, რომელმაც ასე ადრიანად გიმტყუნა… შენს სტატიებს განსაკუთრებული ინტერესით კითხულობდნენ, ელოდნენ, ეფერებოდნენ… “ასავალ-დასავალში” გაიცანი შენი მშვენიერი მეუღლე, ჟურნალისტი მაია მარგველანი, რომელმაც დღეს უამრავი ცხარე ცრემლი დაგადინა… ჩვენც აგვატირე, მაგრამ შენთან დამშვიდობებას ვერ ვახერხებთ _ განა შეიძლება, დაკარგო ის, რაც ძალიან შენია!

ნეტავი კვლავ 1996 წელი იყოს!

მეგობრები

რედაქტორო, დაატრიალე შენიჯიჰადის მახვილი”!

ირაკლი თოდუა გარდაიცვალა” _ წავიკითხე მესიჯი და ვიგრძენი, როგორ დამიარა ცხელმა ტალღამ სხეულში; ვიგრძენი, როგორ მომაწვა ყელში ბურთი და როგორ გამიჭირდა სუნთქვა.

დაიძინა და აღარ გაიღვიძაო.

დამენანა, ლოგინში სიკვდილისთვის დამენანა.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი გამოსათხოვარი წერილის დაწერა მომიწევდა. ანდა როგორ უნდა წარმოიდგინო _ ჩვენ ხომ ამაზე არასოდეს ვფიქრობთ; გვგონია, რომ მეგობრები სულ გვერდით გვეყოლებიან… მაშინაც კი, თუკი თვე ისე გავა, არც შევეხმიანებით…

ამას წინათ ჩემს არქივს ვათვალიერებდი და რამდენი წერილი ვნახე, შლეიფად რომ გასდევს ერთი სიტყვა _ “დაწერე!”

ავტორის წერილს რომ გამომიგზავნიდა დასამუშავებლად, თან მოაყოლებდა _ დაატრიალე “ჯიჰადის მახვილი”, რაც მკაცრ გასწორებას გულისხმობდა. ახლაც ბოლო წუთამდე მივიყვანე, ჩემო ძმაო!

დავწერ, მაგრამ შენ, შენ წაიკითხავ?! შენ დაატრიალებ “ჯიჰადის მახვილს”?!

მთელი დღე ვფიქრობდი, საიდან დამეწყო, კინოქრონიკასავით გარბის კადრები და სამშაბათზე ჩერდება. განსაკუთრებული დღე იყო სამშაბათი, როცა ირაკლი თოდუას ნიჭიერების ფეიერვერკი იწყებოდა _ პირველი გვერდი!

ყველამ ვიცოდით მისი “სისუსტე” _ პირველი გვერდი აუცილებლად გამორჩეული უნდა ყოფილიყო. და ამ დროს განსაკუთრებით იჩენდა თავს ირაკლი თოდუას პროფესიონალიზმი და “გაზეტჩიკის” ალღო.

რას არ იგონებდა!..

ძალიან მაღალი თამასა ჰქონდა. თითოეული ნომერი უფრო და უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყო. პროფესიონალიზმი სძენდა სითამამეს _ ბრწყინვალე ჟურნალისტი და არაჩვეულებრივი რედაქტორი გახლდათ…

შესანიშნავი მეუღლე და საოცარი მამა იყო. როცა ტელეფონზე ურეკავდნენ და უცბად ხმა დაუთბებოდა, ვხვდებოდით, რომ მაიას ელაპარაკებოდა. “ლომი ხარ!” _ პირველად რომ ვუთხარი, მკითხა, რატომო. და მეც ვუპასუხე: “იმიტომ, რომ მეფე ხარ და მეუღლედ დედოფალი გყავს”.

გაეცინა. მართა, მათე და ლაზარე _ სამი ულამაზესი შვილი აჩუქა მაია მარგველანმა ირაკლი თოდუას.

უფროს ვაჟთან _ რეზიკოსთან მისი დამოკიდებულება თვალნათლივ გვიჩვენებდა მამა-შვილის მჭიდრო კავშირს, რომელიც დიდ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნებოდა. არ მახსოვს, ხმამაღლა დალაპარაკებოდა _ თითქოს უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს.

კარგი მეგობარი იყო ირაკლი თოდუა _ ერთგული და ყურადღებიანი. მან იმ დროს გამომიწოდა ხელი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, როგორც ადამიანს და როგორც პროფესიონალს. სამოცდაოთხი თვე ვიმუშავეთ ერთად.

ჯერ თავს ვერ ვუყრიდი სიტყვებს და ახლა კალამი გამექცა. არადა, კიდევ რამდენი დამრჩა სათქმელი ირაკლი თოდუას სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, სამშობლოს მიმართ მის დიდ სიყვარულზე, მის დიდ კაცობაზე…

ამის დროც მოვა…

ეს რა დამაწერინე, რედაქტორო?!

ახლა მიდი და დაატრიალე შენი “ჯიჰადის მახვილი”, დაგვაბრუნე ძველ რეალობაში _ გაზეთის პირველი გვერდია გასაკეთებელი!

ბონდო მძინარაშვილი,
მედიაკავშირობიექტივისმთავარი რედაქტორი

ირაკლი თოდუა ვაჟკაცობის, მეგობრობის, კაცთმოყვარეობის სიმბოლო იყო

თავზარდამცემია ირაკლი თოდუას მოულოდნელი გარდაცვალება.

ქართულმა ჟურნალისტიკამ, სრულიად საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა.

ჩვენ გვერდით აღარ არის შესანიშნავი პიროვნება, ნიჭიერი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, მაღალი დონის პროფესიონალი ირაკლი თოდუა _ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვაჟკაცობის, მეგობრობის, კაცთმოყვარეობის სიმბოლო იყო, მის მიერ შექმნილი გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” კი პირუთვნელად ემსახურებოდა სიმართლეს.

ამ ქვეყნიდან წავიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი მამულიშვილობით, პატრიოტიზმით, ოჯახისა და მეგობრების სიყვარულით მუდამ ემახსოვრება ყველას, ვინც მას იცნობდა.

უფალმა გაანათლოს მისი სული!

გრიგოლ ონიანი,
საერთაშორისო საზოგადოებასტალინისთავმჯდომარე

ულმობელია საწუთრო, მან ამჯერად ირაკლი არ დაინდო…”

ძალიან მიჭირს ბატონ ირაკლი თოდუაზე, როგორც გარდაცვლილზე, რაიმე ვთქვა… ამ ახალგაზრდა კაცის მოულოდნელი გარდაცვალება შოკისმომგვრელია არა მხოლოდ მისი ოჯახის წევრების, ახლობელ-მეგობრების, არამედ თითოეული ადამიანისთვის; მათთვის, ვინც იცნობდა ამ უნიჭიერეს და უწესიერეს პიროვნებას.

ბატონმა ირაკლი თოდუამ ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როცა სრულიად ახალგაზრდა გაზეთ “ასავალ-დასავალში” მუშაობდა. გულწრფელად მიხაროდა, რომ ჩემი კუთხის შვილის სახით ქართულ ჟურნალისტიკაში გამოჩნდა უაღრესად განათლებული, პროფესიონალი და ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული ჟურნალისტი. მისი ინტელექტი, პროფესიონალიზმი და მორალური თვისებები განსაკუთრებით გამოვლინდა გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში”. დიდებული თვისებებით შემკობილი ამ ადამიანის დამსახურებაა ის, რომ მისი რედაქტორობით გამომავალმა “საქართველო და მსოფლიომ” ქართული ჟურნალისტიკის ამაზრზენ და სულისშემხუთავ სივრცეში მაინც მოახერხა დეზინფორმირებული საზოგადოებისთვის მართალი ინფორმაციის მიწოდება. ამისთვის მადლიერნი უნდა ვიყოთ, როგორც პირადად მისი, ასევე, ზემოხსენებული გაზეთის შემოქმედებითი კოლექტივის თითოეული წევრის.

ულმობელია საწუთრო და მან ამჯერად ირაკლი თოდუა არ დაინდო… ძნელია, ანუგეშო ჭირისუფალი… მაგრამ მაინც მინდა, მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებს და ვუსურვო მოთმინება და გამძლეობა.

ასევე ვუსამძიმრებ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” შემოქმედებით კოლექტივს და ვუსურვებ, კვლავაც ისე ღირსეულად განაგრძოს

საქმიანობა, როგორც ამას ეწეოდა ბატონი ირაკლის რედაქტორობის პერიოდში.

ბატონო ირაკლი, მშვიდობით, უფალმა გაანათლოს თქვენი სული!

ზურაბ კვარაცხელია,
სახალხო მოძრაობასამეგრელოსწევრი

ირაკლი თოდუა უდავოდ დააკლდება ქვეყანას, რომელსაც ირაკლისნაირი შვილები, სამწუხაროდ, ცოტა ჰყავს

ირაკლი თოდუა მკითხველს შინაარსიან, საფუძვლიან, დღევანდელი ცხოვრებისთვის საჭირო სტატიებს, გამოთქმებს სთავაზობდა თავის ყოველკვირეულ გაზეთში “საქართველო და მსოფლიო”.

იშვიათად მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ისე კარგად შეაფასებდა შექმნილ ვითარებას და არა მხოლოდ შეაფასებდა, სამომავლო პერსპექტივასაც დაუსახავდა ნებისმიერს, როგორც ირაკლი თოდუა. ვინც ამ გაზეთს წაიკითხავდა, სიმართლესაც შეიტყობდა და მომავლის იმედიც ჩაესახებოდა. ირაკლი თოდუა დააკლდება ქართულ პრესას, საზოგადოებას, დააკლდება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მედია უყვარს, საღი აზრის მოსმენა სურს. ირაკლი თოდუა უდავოდ დააკლდება ქვეყანას, რომელსაც ირაკლისნაირი შვილები, სამწუხაროდ, ცოტა ჰყავს.

ირაკლი თოდუა იყო ადამიანი, რომელიც აანალიზებდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას დეტალებამდე. იყო პირდაპირი, სიმართლეს ამბობდა ყოველგვარი მორიდების გარეშე, მას არ სჩვეოდა ლაქუცი, რაც გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ლეიტმოტივად გასდევდა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ირაკლი თოდუა იყო არა მხოლოდ ჭკვიანი და გონებამახვილი ჟურნალისტი, არამედ უშიშარი ადამიანი, რადგან დღევანდელ ცხოვრებაში გულღიაობა და პირდაპირობა გულზე არავის ეხატება, პირველ რიგში, ხელისუფლებას…

სამწუხაროა, ასეთი ახალგაზრდა კაცის ამ ქვეყნიდან ასე უდროოდ წასვლა. ნათელში იყოს მისი ვაჟკაცური სული!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი

მემახსოვრება, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ჟურნალისტი

ირაკლი თოდუა დამამახსოვრდება, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ჟურნალისტი, რომელიც უშუალოდ ეცნობოდა თითოეულ მასალას, აწონ-დაწონიდა, შეაფასებდა და ისე ბეჭდავდა. იყო უაღრესად შრომისმოყვარე ადამიანი და პატივს სცემდა, როგორც საკუთარ თავს, ისე საზოგადოებას. ირაკლისთან საქმიანი კამათი ხშირად მქონია, მაგრამ ის ყოველთვის აგნებდა გამოსავალს, რითაც საუკეთესო შედეგამდე მივდიოდით.

თავზარი დამეცა, როდესაც დამირეკეს და ირაკლის გარდაცვალება შემატყობინეს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის მეგობრებს, კოლექტივს, ახლობლებს… არ მოიძებნება სიტყვები, რომლებითაც შევძლებ გადმოცემას იმ მწუხარებისა, რომელიც ირაკლის უეცარმა გარდაცვალებამ გამოიწვია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

გულბაათ რცხილაძე,
ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი

1 COMMENT

  1. ღმერთმა სამარადისო ნათელში ამყოფოს ირაკლის მართალი სული!

    …იარე! გქონდეს სინდისი მშვიდი!
    მერმისის ფრთების ნუ გერიდება!
    … შენ,- ვერ გაგხადა ვერავინ ფლიდი!
    … შენ,- უნაღდესი გშვენის დიდება!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: იოსებ მაჭარაშვილი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here