ირაკლი გოგავა _ საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, პოლიტოლოგი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე. გაიარა სტაჟირება საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ირლანდიისა და შვედეთის პარლამენტებში. ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა საერთაშორისო საკომუნიკაციო კორპორაციებთან. ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და უკრაინულ ენებს.
საქართველოს საზოგადოებრიობაში მორიგი გაურკვევლობაა, როგორი სოციალურ–ეკონომიკური ვითარება ჩამოყალიბდა ქვეყანაში? განვითარების ზუსტი ორიენტირები ლოზუნგებმა შეცვალა, საპროტესტო აქციებმა _ საზოგადოებრივი შემოქმედებითი აქტივობა, კეთილდღეობის სუფევა ჰორიზონტის მიუღწევლობასავით გვცილდება. მკითხველი კომპეტენტურ შეფასებას ითხოვს, განათლებული ავტორების დასკვნებს ელოდება. ჩვენც გთავაზობთ. გაზეთის სტუმარია ბატონი ირაკლი გოგავა.
_ საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ: იმედიანი მომავალი თუ არმაგედონის მოლოდინი?
_ წლებია, ვაკვირდებით საქართველოში ხელოვნურად შექმნილ ვირტუალურ პოლიტიკურ სისტემას. მდიდარი და რეიტინგული ტელევიზიების მეშვეობით ხელოვნურად ხდება “საჭირო” პოლიტიკური ფიგურებისა და “საჭირო” თემების საზოგადოებისთვის თავს მოხვევა. ამ ტექნოლოგიით, როცა თემატიკა და რესპონდენტები ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე კი არ შეირჩევა, არამედ ფულიანი ლიდერების გარშემო შეკრებილი ადამიანების დაკვეთით, ბუნებრივი, საზოგადოებრივი კანონზომიერებებით ახალი ძალების წარმოშობა იბლოკება. მედიაში გამოჩენის სიხშირით რეგულირდება ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის რეიტინგი. ინტერნეტგამოცემები, პრესა, სოციალური ქსელები შედარებით თავისუფალია, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიით იღებს. ტელევიზიებს კი პარტიები ფლობენ. მსჯელობა არ მიდის ქვეყნის უაქტუალურეს პრობლემებზე, არ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, სიღარიბის დაძლევაზე, განათლების დონის ამაღლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მთავარი თემა თურმე ის ყოფილა, როგორი წესით შევლენ პარლამენტში პოლიტიკოსები. შედეგად პოლიტიკური პარტიები სულ უფრო ნაკლებ ნდობას იმსახურებენ ხალხისგან და ეს სურათი კვლევებშიც არის ასახული.
2020 წელს “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ამის მცდელობა თვითონვე დაადასტურეს 20 ივნისის მოვლენების დროს, რადგან არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსი აღარ დარჩათ. თვით “ენ-დი-აი”-ს ივლისის კვლევითაც კი მათი რეიტინგი 9 პროცენტია. ხალხს ვერ უყრიან თავს. თუ ხელისუფლებამ განგებ არ დაუთმო, რევანშის შანსი, პრაქტიკულად, არ აქვთ. უკვე გაშიფრული ძალაა. ხალხს კატეგორიულად არ სურს დიქტატურასა და ტერორში დაბრუნება.
_ პოლიტოლოგები გვარწმუნებენ, რომ საზოგადოებას აღარ სჯერა პოლიტიკური დაჯგუფებების. ასეა?
_ ხალხში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა. ამ ფონზე კი ჯიუტად ითხოვენ პროპორციულ, მხოლოდ პარტიულ არჩევნებს. პარტიული სიებით ვინც აირჩევა, მათგან 90 პროცენტს სამართლიანი მაჟორიტარული არჩევნების პირობებში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შანსი არ აქვთ. ნახეთ პარლამენტის ვებგვერდზე დეპუტატების სიები და დარწმუნდებით, რომ მართალს ვამბობ. რატომ ხდება ასე? ვფიქრობ, იმიტომ, რომ ხელოვნურად შექმნილ ვირტუალურ და მკაცრად იზოლირებულ პოლიტიკურ ველში გვაცხოვრებენ, რის გამოც ბუნებრივი საზოგადოებრივი პროცესები და პოლიტიკური კანონზომიერებების მიხედვით ახალი, ხალხის ინტერესებისთვის მოღვაწე პოლიტიკური ჯგუფების აღმოცენება იბლოკება. ეს გამიზნულად კეთდება, რათა პროცესებზე გავლენა არ დაკარგონ. შედეგად ვიღებთ არა სახელმწიფოსა და ხალხისთვის მოღვაწე პოლიტიკოსებს, არამედ ხელოვნური, ვირტუალური პოლიტიკუმის ყალბ მონაწილეებს, რომელთა მთავარი მიზანი არ არის საზოგადოებრივი ინტერესი, რადგან საზოგადოება არ წყვეტს მის ამგვარ პოლიტიკუმში ყოფნა-არყოფნის საკითხს.
ანალოგიური მდგომარეობაა სამოქალაქო სექტორშიც, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ თვისობრივად აღარ ვითარდება. 7-8 “დანიშნული” და გულუხვად დაფინანსებული ორგანიზაციის გარდა, არავის ეძლევა შანსი, საზოგადოებრივი ინტერესების მსახური გახდეს. ასეთი რეალობა ბარიერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. სიყალბისა და გამრუდებული რეალობის მიღება ჩვენს განვითარებას არ წაადგება.
_ ვის დავეყრდნოთ? ძალაში რჩება დებულება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მართავს ის, ვინც ფლობს ტელევიზიას? თუ სისტემური კრიზისის ეტაპზე ვიმყოფებით?
_ დღევანდელი სიტუაცია ავლენს იმ ხელოვნური სისტემის კრიზისს, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა. ხდება ლუსტრაცია პოლიტიკური მოთამაშეების, რომელთა დიდი ნაწილი ძიძგილაობს ე.წ. “კარმუშკამდე” მისასვლელად და იქ უკეთესი ადგილის დასაკავებლად. ქვეყნის ინტერესები განზეა გაწეული და თავის გამოჩენას ცდილობენ რადიკალური განცხადებებით. ზოგიერთი მოითხოვს, რომ ამერიკული სამხედრო ბაზა გახსნან საქართველოში, ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველო სექსუალური უმცირესობების ქვეყანაა და ა.შ. ასეთი და მსგავსი განცხადებები ემსახურება იმას, რომ შეამჩნიონ ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში და რამე ხეირი მიიღონ სანაცვლოდ. ეს არ არის სისტემური კრიზისი, ეს არის საქართველოს კვაზიპოლიტიკური სისტემის კრიზისი, განსაკუთრებით, ოპოზიციურ ნაწილში. ოპოზიცია კი უმეტესწილად დაჭაობებულია, რამდენიმე, შედარებით ახალი სუბიექტის გარდა. ეს ჭაობი უნდა გაიწმინდოს. ათწლეულებია, ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ ამ წრეში. ახალი სისხლია საჭირო. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ამათ უკვე თავიანთი ოჯახის წევრებიც კი წარმოაჩინეს და ლამის საოჯახო ბიზნესად აქციეს ოპოზიციონერობა და პოლიტიკა.
მსოფლიოში ლიბერალური რადიკალიზმი დაღმასვლაზეა, ძლიერდება პატრიოტული პლატფორმა. ქართულ საზოგადოებაშიც არის ამის ნიშნები, მხოლოდ ჭკვიანური ორგანიზებაა საჭირო. ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ახალი ძალების ჩამოყალიბებას საზოგადოების წიაღში, რადგან საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ამ საზოგადოების გარდა სიმართლის მხარეს, შესაძლოა, არავინ არ დადგეს. ნებისმიერ ქვეყანაში ჯერ ოპოზიცია ირყვნება და შემდეგ _ ხელისუფლება.
_ პიროვნების როლმა დღევანდელობის ჭრილში განიცადა ტრანსფორმაცია? მაჟორიტარ–პროპორციულობანას თამაშმა ხომ არ დააბნია ჩვენი საზოგადოება?
_ პარლამენტის არჩევის წესი საინტერესო საკითხია, თუმცა ქვეყნის მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის. 2015 წელს სოროსის ფონდის სემინარიდან დაიწყო პროპორციული არჩევნების თემის რეკლამირება საქართველოში. ეს თემა უცხოეთიდან მოვიდა. მიზანი კი ის არის, რომ უფრო მეტი ისეთი ადამიანი შეუშვან პარლამენტში, რომლებიც მათთვის მისაღებ იდეოლოგიას იზიარებენ და ამავე დროს შანსი არ აქვთ მაჟორიტარულ არჩევნებში. ასიათასობით დოლარი დაიხარჯა პროპორციული არჩევის წესის პროპაგანდასა და მაჟორიტარული წესის დემონიზაციაზე. ათეულობით სიუჟეტი გადასცეს ბოლო წლებში ლოზუნგით “მაჟორიტარი ფეოდალია”. სინამდვილეში კი მაჟორიტარების საერთო ხარისხი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე პარტიული სიით გასულების. ეს ყველას შეუძლია ნახოს პარლამენტის ვებგვერდზე სიებში და ეს ეხება თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტს. დღეს ამომრჩეველს ორი ხმა აქვს: ერთს აძლევს პარტიას, მეორეს _ პიროვნებას. ამ ძალებს კი სურთ, რომ ერთი ხმა წაგვართვან და ჩვენს ნაცვლად პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში. ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ჰყავს ისეთი სახეები, რომლებიც მოიგებენ მაჟორიტარულ არჩევენებს. ამერიკაში ყველა დონის არჩევენები 100 პროცენტით მაჟორიტარულია: პოლიციის უფროსი, პროკურორი, გუბერნატორი, კონგრესმენი, სენატორი, პრეზიდენტი _ ყველას მაჟორიტარული წესით ირჩევენ. დიდად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მაჟორიტარული წესი, მომავალში კი საერთოდ გადავიდეთ ამერიკულ მოდელზე, ანუ სრულად მაჟორიტარულ არჩევნებზე. არჩეული ადამიანი პიროვნულად უნდა იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული ამომრჩევლის წინაშე. ნახეთ ნაციონალების ძირითადი სახეები და შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, მათგან ვის აქვს შანსი, მოიგოს რომელიმე მაჟორიტარული ოლქი და მიხვდებით, რატომ ატეხეს ერთი ამბავი ამ საკითხზე.
_ ილია ჭავჭავაძის მეტაფორა ბაზალეთის ტბის ძირას დავანებულ ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმის შესახებ ლეგენდად რჩება?
_ ბუნებრივი პროცესები თუ არ შეიზღუდება, საზოგადოება თვითონ იპოვის ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმას. ეს კანონზომიერებაა, რომელიც ადრე თუ გვიან დადგება. ჩვენი მდგომარეობა უკვე ძალიან კრიტიკულია, ჩვენი თანამემამულეების 50 პროცენტს სამუშაო არ აქვს და მოსახლეობა ქვეყნიდან გაედინება ამის გამო. გაერომ გადაშენების გზაზე მდგომ ერად გამოგვაცხადა, ჩვენ კი მოთმინებით ვუსმენთ ყალბ ლიბერალურ დოქტრინებს და ვემსახურებით ყველას ინტერესებს, გარდა საკუთარისა. ასეთია დღევანდელი დაჭაობებული პოლიტიკუმი საქართველოში, სამწუხაროდ.
იმედი მაქვს, რომ საზოგადოების განათლებული ნაწილი უფრო გააქტიურდება: საუნივერსიტეტო წრეებს, მეცნიერებათა აკადემიას, კვლევით ინსტიტუტებს, შემოქმედებით ხალხს, ექიმებს, საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს უნდა დაეთმოს ტრიბუნა და მათ უნდა მოვუსმინოთ. ამ ხალხისგან უნდა დაკომპლექტდეს ქართული პოლიტიკუმი. ემიგრაციაშიც არის ბევრი ღირსეული ადამიანი.
_ არის საქართველოში ღირსეული პოლიტიკური ელიტა?
_ საქართველოში არიან მოაზროვნე ადამიანები, თუმცა ისინი ჩრდილში იმყოფებიან. რადგან, რასაც პოლიტიკოსები კადრულობენ, იმას ისინი ვერ იკადრებენ. მათ არც აჩენს “წამყვანი” მედია. ტელევიზიებს “მოლაპარაკე თავების” საკუთარი სიები აქვთ და ეს სიები თითქმის ერთნაირია ყველა ტელევიზიაში, განსხვავება მხოლოდ კონკრეტული პირების გამოჩენის სიხშირეშია. 2004 წლიდან ტელეეთერში აკადემიკოსის, მეცნიერის, პროფესორის, სწავლულის გამოჩენა იშვიათობაა, მათ არავინ არ ეკითხება აზრს. ზერელე განათლებისა და ერთწლიანი უცხოური კურსებგავლილნი “კომპეტენტური” სახით გვიყვებიან, როგორ უნდა ვიცხოვროთ ლიბერალურ საზოგადოებაში. ავადმყოფურია ეს ყველაფერი და დამანგრეველი. პოლიტიკუმი ნეპოტიზმით არის შეკოწიწებული. მე მას ელიტას ვერ ვუწოდებ, რადგან ელიტა უნდა ფიქრობდეს ქვეყნის, სახელმწიფოს, ერის განვითარებაზე.
_ სად ვეძებოთ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის ორიენტირები?
_ მოსახლეობის კეთილდღეობას სამი ძირითადი კომპონენტი აქვს: უსაფრთხოება, სოციალურ–ეკონომიკური ყოფა და მორალურ–ზნეობრივი წესები. ჩვენ თავს მოგვახვიეს ყალბი ორიენტირები და ყალბი მიზნები სამივე მიმართულებით. ჩვენი სუვერენიტეტიც შეზღუდულია. აუცილებელია პატრიოტი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლა, რომლებიც დაიწყებენ “ქართული პროექტის” განხორციელებას.
ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა. ვალდებულნი ვართ, მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას დიდ მოთამაშეებთან, რომ ყველას ინტერესი იყოს დაბალანსებული, დაცული, უპირველესად კი _ საკუთარი. საქართველოს ტერიტორიიდან საფრთხე არავის არ უნდა შეექმნას და ამ კონტექსტში დავითანხმოთ ზესახელმწიფოები საქართველოს განვითარების ჩვენეულ მოდელზე. მთავარია უსაფრთხოება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მაქსიმალური გარანტიების მიღება. ამისთვის სამი პროექტია განსახორციელებელი:
1.ჩვენთან უნდა გაიაროს მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო მაგისტრალებმა და არა მხოლოდ აღმოსავლეთ–დასავლეთის მარშრუტით, არამედ ჩრდილოეთ–სამხრეთისაც. მაგალითისთვის: აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებას წელიწადში 200 მილიონ დოლარამდე შეუძლია მოგვიტანოს. საზღვაო ნაოსნობა, რკინიგზა, მილსადენები, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები ის სფეროებია, რომლებიც დიდ შემოსავალსაც მოგვცემს და უსაფრთხოების გარანტიებსაც. ყველა, ვისი ტვირთიც ჩვენთან გაივლის, დაინტერესებული იქნება საქართველოში სტაბილურობითა და მშვიდობით.
2.უნდა მოვახერხოთ და საქართველო გადავაქციოთ საერთაშორისო მნიშვნელობის ფინანსურ ცენტრად. დღეს ჰონგკონგის 3,9-ტრილიონიანი საფონდო ბირჟა ნელ-ნელა იშლება. ჰონგკონგიდან ყოველდღიურად 1,5 მილიარდი დოლარი გადის. ეს ბრიტანული, ამერიკული, ჰონგკონგური და ჩინური კაპიტალია, რომელიც ეძებს ალტერნატიულ ჰაბს. მათ შევთავაზებდი “ფინანსურ სამოთხეს”, მაგალითად, აჭარაში, და მოვიწვევდი კაპიტალის ჩვენთან განსათავსებლად ყოველგვარი გადასახადის გარეშე. იქნებოდა მხოლოდ ერთი ვალდებულება, რომ ჩადებული კაპიტალის 2 პროცენტიან სესხად გაიცეს საქართველოს რეზიდენტებზე ყოველწლიურად “ლიბორის” პროცენტით ან, თუნდაც, “ლიბორს+1 პროცენტით”. სავსებით რეალისტურია 100-200 მლრდი დოლარის მოზიდვა ამ გზით, რომელსაც რეგიონის ქვეყნების კაპიტალიც შეიძლება დაემატოს. აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა და არის საშუალება იქ განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი და კანონმდებლობა მოქმედებდეს. წლების განმავლობაში ასეთი ფინანსური ცენტრი გამსხვილდება, ათასობით ადამიანი დასაქმდება პირდაპირ თუ ირიბად და იქიდან აღებული იაფი სესხები კი ქვეყანაში ეკონომიკურ ბუმს გამოიწვევს. ვისაც აქ ფული ექნება განთავსებული, ჩვენზე არანაკლებად მოინდომებს, რომ აქ სიმშვიდე და სტაბილურობა სუფევდეს.
3.რთულია, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველო გახდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ოფისების მასპინძელი ქვეყანა. ცენტრი სამშვიდობო მოლაპარაკებების, კონფერენციების, გამოფენების. ეს უსაფრთხოების დამატებით ხარისხს მოგვანიჭებდა.
ჩამოთვლილი სამი კომპონენტის ერთობლიობა უსაფრთხოების უმაღლეს გარანტიებს მოგვცემს, პარალელურად კი მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნად გადაგვაქცევს.
_ ეკონომიკური განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?
_ 1990-იან წლებში ჩვენი უგნურებით 260 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციის ინდუსტრია ჯართში ჩავაბარეთ. ერთეული საწარმოები შემორჩა მხოლოდ. ეს გამოუსწორებელი დანაშაული იყო. მთელი დარგები გავაჩერეთ ან გაგვაჩერებინეს. ვინც რას უნდა გვირჩევდეს, მრეწველობის განვითარება არის ეკონომიკის ხერხემალი. დღეს გეგმა არ არსებობს, მხოლოდ ფრაგმენტული ხედვებია. არადა, გვჭირდება დეტალურად გაწერილი ეკონომიკის განვითარების გეგმა. საქართველოში 3600 სოფელი და 50 ქალაქია. საჭიროა თითოეული სოფლის, ქალაქის დეტალური გეგმის გაწერა, რომელშიც მითითებული იქნება, სად რა საწარმო უნდა აშენდეს, რა ნედლეულზე იმუშავებს, რამდენი ადამიანი დასაქმდება, რამდენი ექნებათ ხელფასი, სად გაიყიდება პროდუქცია და ა.შ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნახევრად დანგრეული გერმანია როგორ “ამოქაჩეს” გერმანელებმა?! ლუდვიგ ერჰარდმა გერმანიის საუკეთესო სპეციალისტები ქალაქგარეთ, ერთ შენობაში ჩაკეტა, აუკრძალა გარე სამყაროსთან კონტაქტი, და იმათაც შეიმუშავეს გერმანიის ეკონომიკური აღორძინების დეტალური პროგრამა, გაწერილი დროისა და რეგიონების მიხედვით, დეტალური კალკულაციით. ამ პროგრამამ დააყენა ფეხზე გერმანია და არა “მარშალის გეგმამ”, რომლის ეფექტი გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ.
ჩვენ გვჭირდება უახლოეს 4-5 წელიწადში 1600 საწარმოს ამუშავება და გადაიჭრება უმუშევრობის პრობლემა, ამასთან ერთად ქვეყნის ხალხისგან დაცლაც.
ეკონომიკას აქვს თავისი კანონები: მრეწველობაში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი ირიბად ქმნის 3-4 სამუშაო ადგილს მომიჯნავე სფეროებში. არ გვჭირდება გიგანტი ქარხნები. აქცენტი რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით უნდა გაკეთდეს. უნდა ავიღოთ იმპორტის საქონლის სია და დავიწყოთ იმპორტის პროდუქტის პირველი ასეულის წარმოება პირველ წელს, შემდეგ მეორე ასეული მეორე წელს და ა.შ. გასაგებია, რომ ყველაფერს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ უამრავი პროდუქტის წარმოება შეგვიძლია. თითო ტურისტი საქართველოში საშუალოდ 700 დოლარს ხარჯავს და ამ თანხის, სულ ცოტა, 70 პროცენტი ისევ საზღვარგარეთ მიდის იმ პროდუქტების შემოსატანად, რომლებსაც ტურისტი აქ იყენებს: პირსახოცით დაწყებული, გაყინული ხორცით დამთავრებული.
ჩემი გათვლებით, მართებული ინდუსტრიული და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, სავსებით რეალურია 5-6 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება. ხსენებული საშუალო ზომის 1600 საწარმოს ამუშავებას 8-10 მილიარდი სჭირდება და დაფინანსების წყაროებიც მოფიქრებული მაქვს. ეკონომიკის გაორმაგება კი ნიშნავს ხელფასების, პენსიების გაორმაგებას; მეცნიერებაზე, განათლებაზე, მედიცინაზე, არმიაზე, კულტურაზე დაფინანსების გაორმაგებას. ეს უნდა გახდეს “საქართველოს ეროვნული პროექტი”.
უმთავარესი: ჩვენი საზოგადოების მორალურ-ზნეობრივი დონის ამაღლება უკიდურესი სიღარიბისა და მასობრივი ემიგრაციის პირობებში სიზიფეს შრომაა და წარმოუდგენლად რთულია. ასევე რთულია ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში აფხაზებისა და ოსებისთვის რაიმე რეალურის შეთავაზება. დიდი სამუშაო გვაქვს წინ.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნახევრად დანგრეული გერმანია როგორ “ამოქაჩეს” გერმანელებმა?! ლუდვიგ ერჰარდმა გერმანიის საუკეთესო სპეციალისტები ქალაქგარეთ, ერთ შენობაში ჩაკეტა, აუკრძალა გარე სამყაროსთან კონტაქტი…
ამას ქვია ისტორიის უცოდინრობა!
ისე კი ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს!!
“1990-იან წლებში ჩვენი უგნურებით 260 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციის ინდუსტრია ჯართში ჩავაბარეთ.”
უნდა იყოს_”1990-იან წლებში ჩვენი უგნურებით 260 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციის ინდუსტრია ჯართში ჩაგვაბარებინეს ჩვენმა “სტრატეგიულმა პარტნიორებმა”!!!
ფაქტობრივად, ბატონმა ირაკლიმ დაგვიდო საქართველოს განვითარების ეროვნული პროექტის ხერხემალი და მას მშვენივრად შეუძლია შეასრულოს ლუდვიგ ერჰარდის როლი საქართველოსთვის, საქმეში ჩართოს შემოქმედებითად მოაზროვნე წამყვანი სპეციალისტები, როგორებიც არიან ნოდარ ჭითანავა, დემურ გიორხელიძე, პაატა კოღუაშვილი, ლადო პაპავა, პაატა გიორგაძე, დავით იაკობიძე და სხვები, მოსთხოვოს ქვეყნისათვის გულანთებულ ყველა მამულიშვილს გამოუგზავნონ ეკონომიკის განვითარების ეფექტიაბი წინადადებები და რეკომენდაციები, ხოლო სამუშაოების კოორდინაცია და საერთო ხელმძღვანელობა ეთხოვოს ეკონომიკის მინისტრს ქალბატონ ნათია თურნავას, ღმერთი იყოს ჩვენსკენ!
ფანტასტიური ინტერვიუა! ბრავო! ფაქტიურად გვაჩვენებს გზას!
ამ კაცის ინტერვიუებს რეგულარულად ვკითხულობ და მაოცებს თავისი განსწავლულობით და ეროვნული ხედვით. აქ რამდენიმე აბზაცით ქვეყნის განვიტარების სტრატეგია ჩამოაყალიბა, რომელიც აბსოლიტურად სწორია! ბრავო!
ბატონ ირაკლი გოგავას მხოლოდ არ ვეთანხმები ერთში.ერთხელ “ობიქტივში” სტუმრობისას მან განაცხადა,რომ :თუ გვინდა ძლიერი სოფლის მეურნეობა გვქონდეს, სოფლების მაგივრათ პატარა დაბაქალაქები უნდა იყვეს და სოფლების მიწები უნდა გაერთიანდეს და ასე უფრო მომგებიანია სოფლის მეურნეობაში.
რაშიც არ ვეთანხმები.ამ მხრივ უფრო ნდობას ვუცხადებ პროფესორ პაატა კოღუაშვილს.ღმერთმა დაგვიფაროს საქართველო ქართული სოფლების გარეშე.
ჩააბარეთ ამ კაცს ქვეყანა, ხედვა აქვს იდეალური, განათლება უდიდესი – რასაც აღწერს ეგ არისნჩვენი ხსნის გზა.