Home რუბრიკები საზოგადოება ივანიშვილის გურჯისტანს ჩინელები ეპატრონებიან

ივანიშვილის გურჯისტანს ჩინელები ეპატრონებიან

საქართველოს ჩინეთიზაცია გადამწყვეტ ფაზაში შედის

1404
კვირიკაშვილი

საქართველოში დღეს მოდურია რუსულ პროპაგანდასა და რუსეთზე, როგორც უდიდეს საფრთხეზე, საუბარი. ამ მხრივ განსაკუთრებითნაციონალური მოძრაობადა მისი სატელიტი პარტიები გამოირჩევიან, აგრეთვე, .. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უცხო ქვეყნები აფინანსებენ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწევიან პროპაგანდას, რომ საქართველოს ხსნა .. დასავლური ფასეულობების დამკვიდრებაშია, რომ ევროკავშირში შესვლით საქართველოს ეკონომიკა აყვავდება, ხოლო ნატოს წევრობის შემდეგ ჩვენს უსაფრთხოებაზე ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იზრუნებს, მაგრამ ხალხს ამ ტყუილების, კარგა ხანია, აღარ სჯერა.

თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე ჩინეთისგან ემუქრება. ამას მოწმობს კარნეგის მოსკოვური ცენტრის* მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური წერილი, რომელშიც სხვა, ჩვენთვის არცთუ სასიამოვნო ინფორმაციასა და მონაცემთან ერთად წერია: საქართველომ თავისი პროდუქტები ევროპის ბაზარზე რომ გაიტანოს, 25 ათასი(!) სტანდარტი უნდა შეცვალოს და ევროპულს შეუსაბამოს. ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, როგორი მასშტაბითა და გამალებით მიმდინარეობს ჩინეთის ექსპანსია საქართველოში.

გთავაზობთ ამონარიდებს კარნეგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან:

საქართველო

მშპ ქვეყნისა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 3,7 მლნ-ს და ესაზღვრება რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, 35 მლრდ-ზე მეტია, მაგრამ საგარეო ვაჭრობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს: 2015 წელს ამ ქვეყნის ექსპორტმა ძლივს მიაღწია 2,2 მლრდ-ს, რაც 37%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელზე. იმპორტის მაჩვენებელი კი გაცილებით დიდია და 7,7 მლრდ დოლარს შეადგენს.

საქართველოში ძალიან მაღალია ეკონომიკური დიფერენციაციის დონე. უმუშევრობა 13%- აღწევს, ეკონომიკის დიდი ნაწილი ჩრდილოვანია. თანახმად ევროპის პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ანგარიშისა, რომელიც მოამზადეს მაიკლ ემერსონმა და თამარ კოვზირიძემ, უმუშევართა დიდი რაოდენობის მინიმალურ შემოსავალსა და ეკონომიკურ დაცვას სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა უმრავლესობა ინდივიდუალური ფერმერია, რომლებსაც არც უნარი აქვთ და არც რესურსი პროდუქტიულობის ახალ დონეზე გასასვლელად. საქართველოში 642 ათასი ფერმერული მეურნეობაა _ ძირითადად, პატარა, ფრაგმენტული საოჯახო ფერმები. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაღალი დონის (რომლებიც, ძირითადად, კერძო საკუთრებაა) ფრაგმენტაცია ართულებს ინვესტიციებს, რადგან ინვესტორებს უწევთ მიწის გამოსყიდვა მესაკუთრეებისგან.

ამასთანავე, საქართველოს სოფლის მეურნეობას არ ჰყოფნის კვალიფიციური კადრები, კაპიტალი; მათთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის სამსახურები. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მაჩვენებელი ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მაჩვენებლის მესამედზე ნაკლებია. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია, მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტების იმპორტი შემცირდა, ის მაინც მაღალია _ 12%.

იმპორტზე ასეთი დამოკიდებულება იწვევს მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტს (ქვეყნის მიმდინარე ოპერაციების ანგარიშების დეფიციტი უცვლელად მაღალია, 2015 წელს მან მაქსიმუმს მიაღწია და მშპ-ს 12% შეადგინა), რაც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ბოლო ხანს იმპორტზე დამოკიდებულება კომპენსირდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით, უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეების გადმორიცხვებით, ლარის გაუფასურებით და, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ვალის მატებით.

პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ანგარიშში ნათქვამია: ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2017_2019 წლებში სახელმწიფოს ვალი უფრო მოიმატებს, ვიდრე ამაზე ბიუჯეტის დეფიციტის მიხედვით შეიძლება მსჯელობა, და მიაღწევს მშპ 3,5%-. მიუხედავად ამისა, ვალისა და მშპ შეფარდების დინამიკა კვლავ საიმედოა და, მოსალოდნელია, რომ ვალის წილი ეკონომიკაში შემცირდება 2018 წელს, პიკის შემდეგ.

ასეთ ვითარებაში გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშპ-ს რეალური ან ნომინალური ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება. ბოლო წლებში საქართველოს ექსპორტი შემცირდა, ისევე, როგორც მოქალაქეთა გადმორიცხვები, განსაკუთრებით _ რუსეთიდან, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა სავაჭრო ბალანსის დეფიციტის აღმოსაფხვრელად. 2013_2015 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფარავდა საქართველოს მიმდინარე ოპერაციების ანგარიშების დეფიციტის 4/5-ს. ეს ინვესტიციები მიმართული იყო ენერგეტიკული სექტორისკენ, მათ შორის, სამხრეთი კავკასიის გაზსადენის გაფართოებაზე.

ექსპერტთა შეფასებით, მხოლოდ ამ პროექტიდან შემოდიოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40%. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ქვეყნის მიმდინარე ოპერაციების ანგარიშებში ახლაც დიდია და, თუ უცხოელი ინვესტორები ქვეყნიდან წასვლას გადაწყვეტენ ბიზნესგარემოს გაუარესების ან სხვა მიზეზის გამო, ეს საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს…

დიდია რუსეთის ინტერესი ამ რეგიონის მიმართ, რომელშიც კომპანია “იტერამ” ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შეისყიდა ბუნებრივი აირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე, გადამმუშავებელი საწარმოები და ბუნებრივ აირს აწვდიდა ქვეყანას. ევროკავშირის ქვეყნები კი არ ჩქარობდნენ საქართველოსთან დაახლოებას. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოს დაჰპირდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას, ქვეყანამ ამ ორგანიზაციაში შესვლის სასურველი გეგმა ვერ მიიღო. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმიც, დაპირებების მიუხედავად, რომელიც ჩადებული იყო ასოცირების ხელშეკრულებაში 2014 წელს, მხოლოდ 2017 წელს მისცეს.

თუმცა საქართველოში გამოჩნდა ახალი მოთამაშე, რომელიც ისე გაბედულად მოქმედებს, რომ რუსეთმაც კი შეანელა აქტიური მოქმედება.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, 4766-კილომეტრიანი ნაწილი სატრანსპორტო დერეფნისა ჩინეთი-თურქეთი-ევროპა (TRACEKA) _ ეს არის ჩინური პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ჩინეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი და უკრაინა. ეს მარშრუტი დანახარჯების შემცირების მხრივ ეფექტიანია ჩინეთისთვის. ახალქალაქიდან თურქეთის ყარსამდე სარკინიგზო მაგისტრალის საფინალო ეტაპის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა და სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო კვანძი იქნება ჩინეთიდან _ საქონლის, კავკასიიდან და შუა აზიიდან _ ნახშირწყალბადების, შუა აზიიდან სურსათის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში.

ჩინეთისთვის, როგორც ჩანს, თავისი ექსპანსიის გასაფართოებლად და ევროკავშირთან ვაჭრობის გასამარტივებლად უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველო და ამისთვის მზად არის, თანხა არ დაიშუროს რეგიონის გასავითარებლად.

ჩინეთი უკვე ჩართულია საქართველოს ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის პროექტებში, ავლენს ინტერესს სამთომომპოვებელი დარგის პროექტების მიმართ, იზრდება საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიების რაოდენობა, მნიშვნელოვნად მოიმატა ჩინურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა. ჩინური ენერგეტიკული კომპანია CEFC China დაინტერესდა საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. კორპორაცია Dongfang Electric-მა ვალდებულება დაიკისრა, 200 მლნ ჩადოს ტყიბულის თბოელექტროსადგურის მშენებლობაში. ჩინეთმა ოფიციალურად განაცხადა თავისი ტვირთების ტრანსპორტირებაზე ფოთის პორტის გავლით. ჯგუფი Hualing-ი მუშაობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაზე ქუთაისში, რომელიც ახლოსაა ღრმაწყლიან პორტ ანაკლიასთან და პროექტის ფაზაში მყოფი პორტი, რომლიდანაც 40 მლნ ტონა ტვირთი უნდა გადაიზიდოს, ჩინელი ექსპერტების თქმით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელში, როგორც სატრანსპორტო კვანძი ჩინური საქონლის გასატანად ევროპაში. იმავე ჯგუფმა ჩადო ინვესტიცია საფინანსო სექტორში _ გააერთიანა “ბანკი რესპუბლიკა” და “ბაზისბანკი”, მიიღო აქციების საკონტროლო პაკეტი და ახალი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა აქვს.

2014 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოცულობამ თითქმის მილიარდ დოლარს მიაღწია, პირდაპირმა ინვესტიციებმა კი _ 0,53 მილიარდს. შედეგად, ჩინეთი ვაჭრობის მოცულობის მხრივ საქართველოსთვის რიგით მეოთხე პარტნიორად იქცა, ინვესტიციების მხრივ კი _ მესამედ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ახლა ჩინეთთან კარგ ურთიერთობას რეგიონში რუსეთის დომინირების საპირწონედ მიიჩნევს _ ჩინეთს განიხილავს, როგორც უხმო მცველს პროევროპული პოლიტიკის რეალიზების პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში განუხრელად იზრდება ჩინეთის გავლენა, ეს გავლენა მაინც შეზღუდულია.

2012 წლიდან ოფიციალურმა თბილისმა განაახლა არაფორმალური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები მოსკოვთან და აწარმოებს მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაფართოებაზე ყველა სფეროში. ქართველი მაღალჩინოსნები მსჯელობენ მტკივნეულ საკითხებზეც, მათ შორის, საბაჟო კავშირში შესვლაზეც… რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ნელ-ნელა სუსტდება, რუსეთის ტრადიციული მიდგომა საქართველოსადმი კი ეფექტიანად ვეღარ მუშაობს _ სავარაუდოდ, იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ქვეყანა ჩინეთისგან იღებს. ამ ევოლუციას ნათლად წარმოაჩენს ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების გარშემო შექმნილი ვითარება. რუსეთი კვლავაც #1 მომხმარებელია საქართველოსთვის. ძირითადად, იმიტომ, რომ ქართული ღვინოების დიდი ნაწილი ევროპელთათვის უცნობი ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, ხოლო ქართული მეღვინეების მარკეტინგი ევროპაში გამართული არ არის. დიდ როლს თამაშობს ფასიც: საქართველოს ზვრებში 1 ჰექტარზე მოსავლიანობა ნაკლებია დასავლეთ ევროპელ კონკურენტებთან შედარებით. ეს აისახება ფასზეც _ მაგალითად, ბრიტანეთში ქართული “საფერავი” საშუალოდ 15,3 დოლარი ღირს, განთქმული ფრანგული კაბერნე-სავინიონი კი _ 9 დოლარი. ამის მიუხედავად, ქართულ ღვინოებს აღმოსავლეთში გასაგზავნად ამზადებენ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის ზაფხულში უნდა ამოქმედდეს. ქართულ ღვინოებს ბაჟის 48,5% გაუუქმდება და ეს გამოიწვევს ექსპორტის მომატებას ჩინურ ბაზარზე.

მეორე მხრივ, ევროკავშირთან საქართველოს მზარდი ურთიერთობის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ვერ გაუმჯობესდა. DCFTA- (თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შექმნაზე შეთანხმება) ამოქმედების შემდეგ (2014 .) არც ერთი ქართული პროდუქტი, კივის გარდა, ევროპის ბაზარზე არ გასულა. მიზეზი: ევროპელთა აზრით, ქართული პროდუქტები ვერ აკმაყოფილებს ევროპის სტანდარტების მოთხოვნებს კვების პროდუქტების უვნებლობაზე.

ევროკავშირი ითხოვს პროდუქტების უვნებლობის შესახებ 201 წესის, 84 ვეტერინარული სტანდარტისა და მცენარეთა დაცვის 84 სტანდარტის შეცვლას, რაც წარმოუდგენელია საქართველოს დაქუცმაცებული სოფლის მეურნეობის ფონზე.

DCFTA ითხოვს, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტანდარტები და საკანონმდებლო პრინციპები 5 წლის განმავლობაში _ შეთანხმების მიხედვით, ეს არის 25 ათასი ევროპული სტანდარტი, საქართველომ, აგრეთვე, უნდა გააუქმოს თავისი სტანდარტები, რაც გამოიწვევს ბევრი პროდუქტის წარმოების შეჩერებას და უზარმაზარი ინვესტიციის საჭიროებას. ევროკავშირი კი არც მიანიშნებს, რომ აპირებს ამ ცვლილებებისთვის საჭირო თანხის გამოყოფსა საქართველოსთვის.

როგორც ჩანს, ჩინეთის ჩართულობა საქართველოს ეკონომიკურ პროცესებში ნელ-ნელა ცვლის ძალების განლაგებას კავკასიის რეგიონში და არ არის გამორიცხული, ჩინეთის გავლენა მეზობელ სახელმწიფოებზეც გავრცელდეს, რომლებშიც დაინახავს თავის ეკონომიკურ ინტერესებს. ჩინეთის მხრიდან ასეთ ქვეყნებთან ურთიერთობის პოლიტიკა ემყარება ევროპულ რბილ ძალასა და ადგილობრივი თავისებურებებისა და სტანდარტების გათვალისწინების რუსულ სტილს. ჩინეთის უნარი, დაიცვას თავისი მოკავშირეები, არავის შეუმოწმებია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთის მმართველი ელიტა ჩინეთის მხრიდან ძალოვანი დახმარების ალბათობას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე ევროკავშირის მხრიდან.

ყოველ შემთხვევაში, საკმაოდაა მაგალითი იმისა, როგორ თქვა უარი ევროკავშირმა თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და მოკავშირეები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ცეცხლის ქვეშ დატოვა”.

* * *

ბევრ რამეს, რაც კარნეგის ცენტრის მასალაშია მოყვანილი, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ყოველდღიურად ვხედავთ: რომ თბილისი, ბათუმი და სხვა ქალაქები გადავსებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებით, რომლებიც ცენტრალურ უბნებში ხსნიან რესტორნებსა და საროსკიპოებს; რომ მნიშვნელოვნად მოიმატა საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიების რაოდენობამ, ინვესტიციებმა; რომ ჩინელები საქართველოში აშენებენ მიკრორაიონებს, ჰიდროელექტროსადგურებს, გოლფის მოედნებს, სათბურებს, სარკინიგზო გვირაბებს, ქუთაისში _ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, თვალი დაადგეს ანაკლიის პორტს; როგორც მონებს, ისე ეპყრობიან ადგილობრივებს, რომლებიც სამუშაოების შესასრულებლად ჰყავთ დაქირავებული (გაიხსენეთ, ზვარეს ინციდენტი) და მიზერულ თანხას უხდიან და ა.შ. რა თქმა უნდა, ინვეტიციების ჩადებისა და მშენებლობის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მკვიდრი მოსახლეობის იგნორირების ხარჯზე. არადა, საქართველოში ეს ხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის უმუშევრობის, გაღატაკებისა და ქვეყნის დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე. ახლა ამას დაემატება ე.წ. ვიზალიბერალიზაცია და უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნად გადახვეწილ უამრავ ქართველს, კიდევ ასიათასობით თანამემამულე შეუერთდება. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ იყიდება მიწა უცხოელებზე, ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ საქართველოში მალე ქართველი აღარ დარჩება.

ნიკა კორინთელი

* კარნეგის მოსკოვური ცენტრი _ ეს არის ანალიტიკური ცენტრი, რომელიც იკვლევს რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, აგრეთვე, საზოგადოების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პრობლემებს. ეს არის ფილიალი ენდრიუ კარნეგის სახელობის ფონდისა საერთაშორისო მშვიდობისთვის _ მსოფლიოში პირველი გლობალური სამეცნიეროკვლევითი ორგანიზაციისა, რომელიც დაარსდა 1910 წელს.

ცნობისთვის: ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისშიკავკაზუს პრესიიუწყებოდა, რომ, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის მაღალი რანგის თანამშრომლის ცნობით, საქართველოში 50 000-დან 60 000-მდე ჩინელი ცხოვრობს. 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, მაგრამ 2014 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 22 362 არარეზიდენტ პირს მიენიჭა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი მუშაობდეს. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ უცხო ქვეყანაში მიდიან.

სხვათა შორის: ჩინელებმა ანგოლის დედაქალაქ ლუანდიდან 30 კმის დაშორებით 2012 წელს ააშენეს ქალაქი ნოვა სიდად დე კილამბა, რომელიც 500 ათას მცხოვრებზეა გათვლილი. მშენებლობა 3,5 მლრდ დოლარი დაჯდა, მაგრამ ქალაქში ანგოლელები თითქმის არ ცხოვრობენ, რადგან ბინების ფასი ძალიან მაღალია _ 120-დან 200 ათას დოლარამდე. ამდენი ფული კი ანგოლელების უმრავლესობას, რომელთა ყოველდღიური შემოსავალი 2 დოლარია, არ აქვს.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: otiko Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here