Home რუბრიკები საზოგადოება იგორ კვესელავა: არ გვაქვს სკოლა, არ გვაქვს ცოდნა. განათლების სისტემა საქართველოში მკვდარია

იგორ კვესელავა: არ გვაქვს სკოლა, არ გვაქვს ცოდნა. განათლების სისტემა საქართველოში მკვდარია

დაუსრულებელი რეფორმები განათლებაში

იგორ კვესელავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამოცდების ახალი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციისას ითქვა, ახალი მოდელის დანერგვას რამდენიმე მიზანი აქვს: სკოლის როლის გაძლიერება; ორიენტირება შედეგზე და არა გამოცდაზე, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდა და მშობელთა დანახარჯის შემცირება.

რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება: წელს რეფორმის მოსამზადებელი ეტაპი იქნება, 2020 წლიდან კი რეფორმა დაინერგება. სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება. “ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით  2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორ მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს”, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში განათლების სისტემის მიზანმიმართულად ნგრევაზე რამდენიმე წლის წინათ წერდა აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:

“ჩვენ გვაინტერესებს, რატომ აირჩია მდიდარი პედაგოგიური ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მაინცდამაინც ამერიკული განათლების მოდელი, რომელიც დიდი ორიგინალობით, ვერც პერსპექტიულობით ვერ გამოირჩევა და, რაც მთავარია, თავისი დაბალი დონით თავად ამერიკელების აღშფოთებას იწვევს. საქმე ის არის, რომ სოროსის ძუძუთი გამოკვებილ და მის ჭიპლარს ჯერაც მოუწყვეტელ ხელისუფლებას როდი აქვს არჩევანის უფლება! მან ყველა სფეროში ის უნდა განახორციელოს, რაც ოკეანის გაღმა “თავისუფლებისა და დემოკრატიის” კუნძულზე იწერება და იგეგმება, ხოლო იმ მისიას, რომელიც კაცობრიობის “ხსნისთვის” იკისრა “მსოფლიოს ნომერ პირველმა” სახელმწიფომ, სწორედ ისეთი “განათლების მოდელი” მიესადაგება, როგორსაც დღეს ნერგავენ ე.წ. რეფორმის ფორმით ე.წ. განათლების სამინისტრო და მისი ყოვლადგაუნათლებელი, ქართველთმოძულე მინისტრები, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ სამინისტროს ხელმძღვანელობდნენ და რომლებიც საქართველოს რომელ უჯრედსაც შეეხებიან, ბილწავენ. სამწუხაროდ, განათლების სისტემის ნგრევა არ არის მხოლოდ შედეგი ამ უსახური პიროვნებების დოლარისადმი უსაზღვრო ტრფიალისა და სოროსისადმი მონა-მორჩილების. ის არის ასევე ნაყოფი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ასე ჰაიჰარად ატარებს დღეს, უფრო მართებულად _ ასე თვინიერად რომ ასრულებს აშშ-ის ხელისუფლების ყველა გზავნილსა და შეტყობინებას.

სავსებით ბუნებრივია, რომ სახელმწიფო, რომელიც გააზრებულად ანგრევს საკუთარი განათლების სისტემას, არად მიიჩნევს ახალგაზრდობის განათლების ხარისხსა და სულიერებას და ამ სფეროში მხოლოდ ეგოისტურ პრაგმატიზმსა და ამორალურ თავაშვებულობას სახავს ორიენტირად, სხვა ქვეყნებს სიკეთეს არ დამართებს. პირიქით, თუ აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს საკუთარ, ე.წ. ელიტურ ახალგაზრდობას მაინც სათანადო განათლება მისცეს, სხვა სახელმწიფოებში ამ დიფერენციაციას არ უშვებს და ერთგვარი კონვეირული სისტემით დაშტამპულ ერთსახოვან ახალგაზრდობას აყალიბებს, სავსებით რომ არის დაცლილი კაცთმოყვარეობისა და სათნოებისაგან, სულიერებისა და ზნეობისაგან, ესთეტიკური განცდისა და ჭეშმარიტი განათლებისაგან, ერისა და მამულის სიყვარულისგან. მეტიც, განვითარებად ქვეყნებში, და ასეთად საქართველოც არის მიჩნეული, სავსებით არ არის აუცილებელი, ახალგაზრდობამ უმაღლესი განათლება მიიღოს და მაღალ მატერიებსა და ტექნოლოგიაზე იფიქროს თუ იოცნებოს, არამედ მათთვის საკმარისია წერაკითხვის ცოდნა და გარკვეული უნარჩვევების ათვისება, რაც სავსებით ესადაგება მომსახურე პერსონალის სტატუსს, წინდაწინვე რომ განუსაზღვრეს მას ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორებმა.

პირველი _ უნდა გაუქმდეს მდიდარი ტრადიციების მქონე განათლებისა და სწავლების მეთოდი და მის ნაცვლად დამკვიდრდეს ამერიკული, რომელიც ვერც ორიგინალობით და ვერც პრობლემის სიღრმისეული გააზრებით ვერ გამოირჩევა;

მეორე _ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა განათლების მასშტაბურობასა და სიღმეს, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ცხოველთათვის უფრო ნიშანდობლივია, ვიდრე მოაზროვნე ადამიანისთვის;

მესამე _ პრაგმატიზმითა და ეგოისტური პრინციპებით უნდა აღიზარდოს ახალგაზრდა და არა ქველმოქმედებისა და სათნოების საძირკველმორღვეული იდეებით;

მეოთხე _ ახალგაზრდას გამოუმუშავდეს მიზანსწრაფვა და საკუთარი მიზნის მისაღწევად ნებისმიერი გზის გამოყენების სურვილი, რადგანაც ნებისმიერი დანაშაული გამოისყიდება, თუკი მიზანს, უფრო მართებულად, გამარჯვებას მიაღწევს;

მეხუთე _ ყოველგვარი ეროვნული ტრადიციების, ისტორიული წარსულის ნაციონალურ ფასეულობათა უგულებელყოფა;

მეექვსე _ ეროვნული ღირსების, ეროვნული თავმოყვარეობისა და ნაციონალური გრძნობის ნებისმიერი გამოვლენის ჩაკვლა და აღკვეთა;

მეშვიდე _ რელიგიური რწმენის, მორალურ-ზნეობრივი ორიენტირების აღრევა და ძველის ნაცვლად ახლის დამკვიდრება, უფრო სწორად, ცხოველურ-სექსუალური საწყისების წინ წამოწევა;

მერვე _ კოსმოპოლიტური აზროვნების გაფეტიშება და დაგმობა ერისა და მამულის სიყვარულისა, ანუ პატრიოტიზმისა. ზოგადსაკაცობრიო იდეების, კონკრეტულად, ამერიკის მიერ წინ წამოწეულ ფასეულობათა _ თავისუფალი ბაზარი, დემოკრატია, ადამიანის უფლებათა _ დანერგვა მოზარდთა ფსიქიკაში;

მეცხრე _ ახალგაზრდის გარდაქმნა ამერიკული ცხოვრების წესისა და აზროვნების მიხედვით, როცა ყველაფერი, რაც ამერიკულია, მის აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო, რაც მშობლიურია, ჩამორჩენილობისა და პროვინციალიზმის გამო ზიზღს გვრის;

მეათე _ მოწაფის უფლებების გაზრდა და მასწავლებლის უფლებების შეზღუდვა, რაც დემოკრატიისა და თავისუფლების გამოვლენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმად მიიჩნევა.

ნათელია, რომ ქართველი ახალგაზრდის პერსპექტივა ამ განათლების სისტემის მიხედვით არის, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული საძირკვლის დანგრევა და ფსიქიკურად, ბუნებახასიათითა და აზროვნებითაც გაამერიკელება; და მეორეც, სულიერებისგან დაცლა, მორალურესთეტიკური კრედოს დაკარგვა, აზროვნების დაჩლუნგება და მექანიკურად მოქმედ რობოტოიდად გადაქცევა.

…ჩვენი დიდი წინაპრის მსოფლმხედველობრივი ქვეკუთხედის ძირითადი პრინციპები _ მამული, ენა, სარწმუნოება, რომლებიც ქართული ეროვნული იდეოლოგიის კვინტესენციას და, რაც მთავარია, ერის თავისთავადობის გადარჩენის საყრდენს წარმოადგენს, არის ამ რეფორმის განქიქებისა და შეტევის უმთავრესი მიზანი. და ეს გაცხადებულია არა მხოლოდ ვერბალურად, არამედ საქმით. ერთი სიტყვით, ამ რეფორმის მთავარი ამოცანა არის, მოარებით თუ პირდაპირ, ამოშანთოს მოსწავლის ცნობიერებაში ქართველთათვის ყველაზე ღირებული ფასეულობანი. მოკლედ, განათლების ეს პროგრამა ილიას სახელით ებრძვის ილიას მრწამსს!”

რა ხდება დღეს და რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბატონი ელიზბარის ზემოთ მოყვანილი წერილი დაიწერა? რა ვითარებაა განათლების სისტემაში და არის თუ არა იმედი, რომ რამე სასიკეთოდ შეიცვალოს? გვესაუბრება საქართველოს მეცნიერექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი იგორ კვესელავა:

_ თქვენს გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს განათლების სისტემა 25 ჩამორჩენილ ქვეყანას შორის არის. ეს საშინელებაა! სკოლებში უმძიმესი ვითარებაა, რაც შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებზე აისახება. საქართველომ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გადმოიღო სხვა ქვეყნების განათლების სისტემის ფორმები. ბოლონიის პროცესი გაუაზრებლად მივიღეთ. ეს პროცესი ჩვენგან არ ითხოვდა, რომ ბრმად მიგვეღო ყველაფერი. ბოლონიის განათლების სისტემა 1088 წელს შეიქმნა და დღეს ჩამორჩენილია. წამყვან უნივერსიტეტებს ვერ უტოლდება. ბოლონიის პროცესის დანერგვა ამერიკელების ნება იყო. მათ სურდათ, სწავლების ეს მეთოდი გამოყენებული ყოფილიყო ევროპის ქვეყნებში, რათა დიპლომები გათანაბრებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომები თითქოს თანაბრდება, ქართველი ახალგაზრდები საზღვარგარეთ სამსახურს მაინც ვერ შოულობენ.

ამერიკა დაინტერესებულია ევროპის ცხოვრების დაპატრონებით და არა მხოლოდ ევროპის… განათლების სისტემის ნგრევით ერების დამორჩილება შეიძლება.

ამერიკელები სიღრმისეულად არ სწავლობენ, სივრცით სწავლობენ, რაც საკმარისია სამსახურის საშოვნელად. ამერიკის განათლების სისტემა არ არის მყარი და მდგრადი, რომელსაც თვითონაც აღიარებენ. ამერიკელ ახალგაზრდებს აქვთ ინფორმაცია, მაგრამ არ აქვთ ცოდნა.

საქართველოში დანერგილმა ბოლონიის მეთოდმა მოგვცა ის, რომ სკოლებში, განსაკუთრებით მე-11, მე-12 კლასებში, სწავლა არ არის. სკოლაშიც არ დადიან. რეპეტიტორის იმედად არიან, რომ ეროვნული გამოცდები ჩააბარონ და ეს გამოცდებიც ცოდნაზე არ არის დაფუძნებული, გამართლებაზეა დამოკიდებული. უმაღლესში მოდიან ბავშვები და აბსოლუტურად არაფერი არ იციან. აუცილებელია გაძლიერდეს სკოლა. ჩვენ გვახსოვს, რა მოხდა შარშან, შარშანწინ… 11 ათასზე მეტმა ბავშვმა გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა. ყოველ წელს უარესი ვითარებაა.

აუცილებელი არ არის, ყველამ ისწავლოს. ასე იყო წინათ. ერთი კლასიდან შეიძლება 10 ბავშვს ჩაებარებინა უმაღლესში. ე.წ. ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ კი ყველა სტუდენტი ხდება, ყველა, ვისაც ატესტატი აქვს.

სკოლაში ათწლიანი სწავლება უნდა დაბრუნდეს და ცოდნის მიღებას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

_ მასწავლებელს უფლება არ აქვს, მოსწავლეს რაიმე დააძალოს, მოსთხოვოს, მასწავლებლის უფლება შეზღუდულია. როგორ წარმოგიდგენიათ სწავლის პროცესის გამკაცრება?

_ პირველ რიგში, სასწავლო სახელმძღვანელოები უნდა შეიცვალოს. ეროვნულ იდეოლოგიაზე მდგარ სახელმწიფოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სწავლის პროცესს, სახელმძღვანელოებს, ქვეყნის ისტორიას, წარსულსა და აწმყოს. თვითონ მასწავლებლების კვალიფიკაციაა დაბალი. პედაგოგიური სასწავლებლები აღარ არსებობს, არც ერთ პედაგოგს დიპლომში არ უწერია _ პედაგოგი. ხელფასიც დაბალია.

განათლების სისტემის ნგრევა აქ არ არის მოგონილი, “ვიღაცამ” ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე ხდება… ჩვენი განათლების სისტემა დავიდა იქამდე, რომ სტუდენტს სჭირდება, მოხაზოს ციფრები და საკმარისია. ბავშვის აზროვნება არავის არ აინტერესებს.

უცხოური მეთოდი ჩვენთან არ გამოდგა ან, როგორც ყველაფერი, განათლების სისტემაც დამახიჯებულად შემოვიდა. არ გვაქვს განათლება, არ გვაქვს ცოდნა, არ გვაქვს სკოლა. განათლების სისტემა საქართველოში მკვდარია.

არ შეიძლება განათლების მინისტრი იყოს პროკურორი, ციხის უფროსი, ექიმი… განათლების მინიტრს განათლებასთან შეხება უნდა ჰქონდეს. ბუღალტერი ვერ იქნება ამხელა სისტემის მინისტრი, არადა, ხომ გვყავდა?! ვნახოთ, რას იზამს ბატიაშვილი. საინტერესო იქნებოდა, მასთან ჩაგეწერათ ინტერვიუ…

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here