გერმანული გაზეთი Neue Osnabrьcker Zeitung-ი ახლახან იუწყებოდა, რომ ვერმახტის უსიტყვო კაპიტულაციის დღეს გერმანელმა მემარცხენეებმა მოითხოვეს, პატივი მიეგოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა მოქალაქეებისა და მეომრებისთვის და ასევე დამსახურებისამებრ შეეფასებინათ სსრ კავშირის როლი ნაციონალ–სოციალიზმთან ბრძოლაში. “დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ ბერლინი, ამერიკელებმა კი არა, სწორედ რუსებმა გაათავისუფლეს”, _ განაცხადა გამოცემასთან ინტერვიუში მემარცხენეთა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იან კორტემ.
იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე იყო “უპრეცედენტოდ სისხლისმღვრელი”, “ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ რუსეთთან მშვიდობიან თანაარსებობაზე”, _ განაცხადა მემარცხენეთა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იან კორტემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტში. კორტემ ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალ-სოციალისტების მიერ არც ერთი ქვეყანა ისე არ დაზარალებულა, როგორც საბჭოთა კავშირი. “მეორე მსოფლიო ომის წლებში 27 მლნ საბჭოთა ადამიანი დაიღუპა. ერთი ოჯახიც არ დარჩენილა, ვინმე რომ არ დაღუპვოდა ბრძოლის ველზე. მილიონობით რუს ჯარისკაცს შიმშილითა და წამებით აღმოხდა სული გერმანელთა ტყვეობაში”, _ შეახსენა პარლამენტს კორტემ. მისი აზრით, გერმანელმა პოლიტიკოსებმა ეს ფაქტები არა მხოლოდ უნდა აღიარონ, არამედ უნდა გაემიჯნონ მათ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის აწყობისას, რადგან გერმანიას ეკისრება “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა”; “დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ ბერლინი, ამერიკელებმა კი არა, სწორედ რუსებმა გაათავისუფლეს, გარდამტეხ მომენტად იქცა სტალინგრადი _ აქ მოხდა პირველი დიდი მარცხი ნაცისტებისა. მოკავშირთა ჯარები კი მხოლოდ წელიწად–ნახევრის შემდეგ გამოჩნდნენ”. საბჭოთა კავშირის ხალხებმა, მშვიდობიანმა მოქალაქეებმა და ჯარისკაცებმა, “ნაცისტურ რეჟიმს განსაკუთრებით ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს”, _ აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა. იან კორტემ მხარი დაუჭირა მოთხოვნას “აღმოსავლეთში ადოლფ ჰიტლერის სამხედრო ლაშქრობის მილიონობით მსხვერპლის” ძეგლის აღმართვის თაობაზე. “წმინდა წყლის სიცრუეა, როცა ამტკიცებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ომი იყო და მასში მონაწილეობდნენ გერმანიის საუკეთესო სამხედრო ძალები”, _ ხაზი გაუსვა კორტემ. მან ისიც აღნიშნა, რომ ისტორიაში არავის ისე არ დაურღვევია ომის წესები, როგორც ეს ნაცისტურმა გერმანიამ გააკეთა სამხედრო ლაშქრობისას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
გერმანელი პოლიტიკოსების მიერ ისტორიული სიმართლის აღიარება და ჰიტლერელთა ნამოქმედარის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, წესით, პოზიტიურად უნდა აისახოს რუსეთისა და გერმანიის სახელმწიფოების პოლიტიკურ ურთიერთობაზე, რაც ასევე, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზეც, თორემ ისტორიული სიმართლე ნიურნბერგის პროცესზეც გამოაშკარავდა. მან მსოფლიოს დაანახვა ფაშიზმის ადამიანთმოძულეობა, განსაკუთრებით _ რასიზმის არსი, რომელიც იდეურ საფუძველს წარმოადგენდა აგრესიული ომებისა და ადამიანთა მასობრივი ხოცვის მოსამზადებლად და საწარმოებლად. ნიურნბერგის პროცესის მეშვეობით ფაშიზმი გამოჩნდა ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო _ ბანდიტთა შეთქმულება თავისუფლებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 1946 წლის 8 თებერვალს ნიურნბერგში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ფაშიზმის ციტადელს, გაიმართა მთავარ სამხედრო დამნაშავეთა პირველი სასამართლო პროცესი _ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი სსრ კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სახელმწიფოების წარმომადგენელთა შემადგენლობით.
ამონარიდი სსრ კავშირიდან მთავარი ბრალმდებლის _ რ. ა. რუდენკოს შესავალი სიტყვიდან:
“ჰიტლერელთა არნახულ ბოროტებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სლავი და ევროპელი ხალხებისადმი მათ სისხლიან ანგარიშსწორებას. ჰიტლერი რაუშნინგს ეუბნებოდა:
“საუკუნეთა განმავლობაში ღარიბთა და ჩაგრულთა დაცვაზე წუწუნის შემდეგ დადგა დრო, რომ ჩვენ დავიცვათ ძლიერნი. ეს იქნება მთავარი ამოცანა გერმანელი სახელმწიფო მოღვაწეებისა მთელი საქმიანობის განმავლობაში, რათა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით აღვკვეთოთ სლავური რასის შემდგომი გამრავლება. არა მხოლოდ უნდა დავამარცხოთ ჩვენი მტერი, არამედ _ უნდა გავანადგუროთ.
გამარჯვებულის პრეროგატივა ყოველთვის იყო მთელი ერების განადგურება”.
საბჭოთა ბრალმდებლის კითხვებზე მოწმემ განაცხადა: “ჰიმლერის სიტყვაში მოხსენიებული იყო, რომ უნდა შემცირდეს სლავთა რაოდენობა 30 მილიონი ადამიანით”. აი, რა გასაოცარ მასშტაბებს მიაღწია ჰიტლერელთა დანაშაულებრივმა ჩანაფიქრმა. განსაკუთრებით სასტიკად გაუსწორდნენ ჰიტლერელები საბჭოთა ინტელიგენციას.
რუდენკოს მომზადებული ჰქონდა რვა მოხსენება: “მშვიდობის საწინააღმდეგო დანაშაული” (აგრესია ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთისა და იუგოსლავიის მიმართ), “აგრესია სსრ კავშირის მიმართ”, “ომის წესებისა და სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის ტრადიციების უგულებელყოფის დანაშაული”, “სსრკ-ის, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთისა და იუგოსლავიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები”, სახელმწიფო და კერძო საკუთრების დატაცება და განადგურება”, “კულტურული ფასეულობების ძარცვა და განადგურება; ქალაქებისა და სოფლების დანგრევა და გაქრობა”, “იძულებითი შრომა და ძალადობრივი იძულება გერმანელთა მონობისკენ”, “დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”.
1933 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ სტატიაში გერინგი თავის დამსახურებულად თვლიდა გესტაპოში გარდაქმნის განხორციელებას, უშუალოდ დაიქვემდებარა რა საიდუმლო პოლიცია და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები.
“ამგვარად, _ ამბობდა გერინგი, _ წარმოიშვა საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებშიც ჩვენ უნდა გამოგვემწყვდია კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული პარტიების აპარატის ათასობით მუშაკი”.
საბჭოთა ბრალდებამ ტრიბუნალს წარუდგინა მარტინ ბორმანის “შენიშვნები” 1940 წლის 2 ოქტომბერს ჰიტლერთან გამართული თათბირის თაობაზე, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებში აღმოაჩინეს, როცა საბჭოთა ჯარებმა ბერლინი აიღეს. ეს დოკუმენტი ოკუპირებულ პოლონეთს შეეხება.
“პოლონეთის ინტელიგენციის ყველა წარმომადგენელი უნდა განადგურდეს! _ ეს სასტიკად ჟღერს, მაგრამ ასეთია ცხოვრების კანონი…”; “მღვდლებს დავინდობთ. სამაგიეროდ მათ ჩვენი მითითებები უნდა შეასრულონ. თუკი მოიძებნება მღვდელი, რომელიც სხვაგვარად მოიქცევა, მასთან მოკლე საუბარი გვექნება. მღვდლის მოვალეობაა, იზრუნოს პოლონელთა სიმშვიდეზე, მათ დაჩლუნგებასა და დაბრიყვებაზე. ეს ყველაფერი ჩვენს ინტერესებშია”; “უკანასკნელი გერმანელი მუშა და უკანასკნელი გერმანელი გლეხი ეკონომიური თვალსაზრისით ყოველთვის ნებისმიერ პოლონელზე მაღლა უნდა იდგეს” (ამონარიდები მარტინ ბორმანის “შენიშვნებიდან”).
დირექტივაში მითითებული იყო, რომ მსგავსი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო, ასევე, უკრაინელთა, ბელორუსთა, აზერბაიჯანელთა, სომეხთა, ქართველთა, თურქთა და სხვათა მიმართ.
რუდენკომ, საბჭოთა კავშირის სახელით, ბრალი დასდო ფაშისტებს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდების მე-6 მუხლის ყველა პუნქტით:
“აშშ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავარ ბრალმდებლებთან ერთად, მე ბრალს ვდებ ბრალდებულებს, რომ მათ მოამზადეს და განახორციელეს ვერაგული თავდასხმა ჩემი ქვეყნისა და მშვიდობისმოყვარე ხალხებზე;
მე ბრალს ვდებ მათ, რომ გააჩაღეს რა მსოფლიო ომი საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმებისა და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებების დარღვევით, გადააქციეს ომი მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ჟლეტის, ძარცვისა და ძალადობის იარაღად;
გამოაცხადეს რა თავი ღვთის რჩეულ რასად, ყველგან, სადამდეც კი წვდებოდა მათი ძალაუფლება, ქმნიდნენ ტირანიის რეჟიმს, დაფუძნებულს ადამიანთა უფლებების გათელვაზე.
…ფაშისტური ტერორის მილიონობით უცოდველი მსხვერპლის წმინდა ხსოვნის სახელით, მსოფლიოში მშვიდობის განსამტკიცებლად, მომავალში ხალხთა უსაფრთხოებისთვის ჩვენ გვინდა ბრალდებულებთან სრული და სამართლიანი ანგარიშსწორება. ეს იქნება კაცობრიობის ანგარიშსწორება, ნების აღსრულება მშვიდობისმოყვარე ხალხებისა. დაე, აღსრულდეს სამართლიანობა!”
საბჭოთა ბრალდებამ საბრალდებო აქტის ყველა პუნქტის მიხედვით მტკიცებულებები წარმოადგინა. ეს იყო გერმანიის ხელისუფლების განკარგულებები, ბრძანებები და სამხედრო სარდლობის გეგმები, დღიურები; დოკუმენტები ფაშისტური პარტიის ზოგიერთი ხელმძღვანელისა და გერმანიის ხელისუფალთა პირადი არქივებიდან. სხვა დოკუმენტები სამხედრო დანაშაულებსა და დანაშაულებზე კაცობრიობის წინაშე.
1942 წლის 2 ნოემბერს, სსრ კავშირის უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანებით, გერმანელ ფაშისტთა ბოროტმოქმედებების დასადგენად და გამოსაძიებლად ჩამოყალიბდა სახელმწიფო კომისია, ადგილებზე კი შეიქმნა რესპუბლიკური, საოლქო, სამხარეო და საქალაქო კომისიები. ეს კომისია აგროვებდა და ამოწმებდა მონაცემებს და ადგენდა აქტებს გერმანელ დამპყრობთა მხეცობებზე, საბჭოთა კავშირსა და მისი მოქალაქეებისთვის მიყენებულ ზიანზე. მხოლოდ სსრ კავშირის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ბოროტების თაობაზე შედგა 54 784 აქტი. საგანგებო სახელმწიფო კომისიის ეს აქტები ძალაშია საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდების 21-ე მუხლის მიხედვით და წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას. ყველა ამ აქტიდან საბჭოთა ბრალდებამ ტრიბუნალს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი წარუდგინა; ასევე, მის ხელთ არსებული ფოტოდოკუმენტები, რამდენიმე დოკუმენტური კინოფილმი, რომლებიც აღწერდა იმ მხეცობასა და ნგრევას, რომლებიც გერმანელმა დამპყრობლებმა სსრ კავშირის ტერიტორიის ოკუპაციისას განახორციელეს; ფოტოსურათები და კინოფილმი, რომლებიც გერმანელებს წაართვეს.
ტრიბუნალმა გერინგს, რიბენტროპს, კაიტელს, კალტენბრუნერს, როზენბერგს, ფრანკს, ფრიკს, შტრეიხერს, ზაუკელს, იოდლს, ზეის–ინკვარტს, ასევე, ბორმანს (დაუსწრებლად) ჩამოხრჩობა მიუსაჯა; ჰესს, ფუნკსა და რედერს _ სამუდამო პატიმრობა; შირახსა და შპეერს _ 20-წლიანი პატიმრობა; ნეირატს _ 15 წელი, დ?ნიცს _ 10 წელი; ფრიჩი, პაპენი და შახტი გამართლდნენ.
განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1946 წლის 16 ოქტომბერს, ღამით.
ნიურნბერგის პროცესი ისტორიაში შევიდა, როგორც ანტიფაშისტური პროცესი.
კაცობრიობას ეს უნდა ახსოვდეს!
მოამზადა
დარეჯან ანდრიაძემ