ამერიკის შეერთებული შტატების საკაბელო ტელეარხ შჰოწტიმე–ს ეთერში შედგა პრემიერა ოთხსერიანი დოკუმენტური ფილმისა “ინტერვიუ პუტინთან”, რომელიც სახელგანთქმულმა ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა გადაიღო.
პოსტერების მთავარი სლოგანი ხაზს უსვამდა ამ ფილმის მიზანს: “გაიცანით თქვენი მოწინააღმდეგე!”. “ნიუ-იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა დააკონკრეტა, რომ ეს ფილმი შეიქმნა იმისთვის, რომ აშშ-მა გაიგონოს და გაიგოს განსხვავებული თვალსაზრისი და თავიდან აიცილოს რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი გაუარესება.
ხაზგასასმელია, რომ ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კინორეჟისორთან უფრო გულახდილი და გახსნილი იყო, ვიდრე რუსულ მედიასთან.
ფილმის დემონსტრაციას, ცხადია, ერთგვარი უარყოფითი შეფასებებიც მოჰყვა. მაყურებლებისა და ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ რეჟისორი პოლიტიკოსის ხიბლის გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა არც სტოუნს დაუმალავს, რომ პუტინმა მასზე გავლენა იმით მოახდინა, “თუ როგორ იცავს იგი რუსეთის ინტერესებს, როგორ მუშაობს; ასევე, დისციპლინითა და ამტანობით, რომლითაც ვერ დაიტრაბახებს ვერც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი”.
სტოუნი (რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი) პუტინისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუებში თავს არ არიდებს მწვავე შეკითხვებს: გინდათ, მეფე რომ იყოთ? რატომ დააჰაკერეთ ჩვენი არჩევნები? ხომ არ შეცდით, ყირიმი რომ დაიბრუნეთ? და ა.შ. “თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ბოლომდე არ “მივაწექი”, თვინიერად მოვექეცი, მაგრამ არა. ბრძოლაში გამოვიწვიე, სულ უფრო და უფრო გავთამამდი”, _ აღნიშნა სტოუნმა.
რეცენზენტები მიიჩნევენ, რომ პუტინთან საუბრები, უწინარეს ყოვლისა, უჩვეულო სიახლითაა საინტერესო. რეჟისორი შეეხო პირად თემებს და ფრიად განსხვავდებოდა NBC-სა და ფრანგული “ლე ფიგაროს” ჟურნალისტების მიერ ჩამორთმეული ინტერვიუებისგან.
მაგალითად, ასეთი შეკითხვა: მშვიდად თუ სძინავს რუსეთის პრეზიდენტს? რეჟისორმა აღიარა, რომ ამგვარი მუშაობის პირობებში მას, პირადად, უძილობა დასჩემდებოდა. პასუხად მიიღო, რომ პუტინს სძინავს მშვიდად, კოშმარები არ ესიზმრება.
ან:
ხომ არ ეშინია, რომ მოკლავენ? პასუხი: “მე ვენდობი ჩემს დაცვას. რუსები ამბობენ: ვისაც ჩამოხრჩობა უწერია, ის არ დაიხრჩობაო. სიკვდილი ყველას გვეწვევა. მთავარია ის, რასაც შექმნი ცხოვრებაში და იყავი თუ არა ბედნიერი”.
და სანამ სასაფლაოზე მიგვასვენებენ, იმედი ყოველთვი არის. მათ შორის, აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისაც.
პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის მთავარ კატასტროფად შეაფასა: საბჭოთა მოქალაქეები ერთიან ქვეყანაში ცხოვრობდნენ, იყვნენ თანასწორნი, მაგრამ ერთ წამში ყველაფერი შეიცვალა. “ქვეყანაში თავდაპირველად გამოჩნდა ნიშნები, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი დაიწყო… დაინგრა სოციალური დაცვის სისტემა, მუშაობა შეწყვიტა ეკონომიკის მნიშვნელოვანმა დარგებმა, ფაქტობრივად, მოიშალა ჯანდაცვა, უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდა არმია, მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა”.
პრეზიდენტმა თავი შეიკავა წინამორბედთა კრიტიკისგან, რადგან მიიჩნია, რომ “არ აქვს უფლება, სერიოზულად შეაფასოს არც გორბაჩოვის მოღვაწეობა, არც ელცინის პიროვნება”, თუმცა ამ უკანასკნელს, რა დასამალია, ხელს უშლიდა ალკოჰოლის გამო წარმოქმნილი პრობლემები. ესეც ინტერვიუში აქვს ნათქვამი.
თავდაპირველად პუტინს სურდა აშშ-თან მაქსიმალური დაახლოება. ის კი არა, ბილ კლინტონთან განიხილავდა კიდეც ნატოში რუსეთის შესვლის საკითხს, მაგრამ ამან “ამერიკის დელეგაციის განერვიულება გამოიწვია”. პარტნიორები შეშფოთებულან იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში “რუსეთს ყოველთვის ექნებოდა საკუთარი ხმა” და არ დაუშვებდა მისით მანიპულირებას, “მაგრამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამის გაფიქრებაც არ სურდათ”, _ აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები ჩეჩნეთში “ბოევიკებს” ეხმარებოდნენ და არაფრად აგდებდნენ რუსეთის პროტესტს.
პუტინმა გაიხსენა პრეზიდენტ ბუშის რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ კავკასიაში მუშაობენ ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც ეხმარებიან “ბოევიკებს”: “მან (ბუშმა) თქვა, რომ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ და აუცილებლად გაერკვევა”. შემდეგ მოსკოვში მიიღეს აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ამერიკელებს “აქვთ უფლება, მხარი დაუჭირონ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რასაც კვლავაც განაგრძობენ”. პუტინისთვის აშკარა იყო, რომ წერილის ავტორები ტერორისტულ დაჯგუფებებს გულისხმობდნენ და მათ ოპოზიციად ასაღებდნენ.
რუსეთის პრეზიდენტი სტოუნს დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაუზიარებს თავის თვალსაზრისს რუსეთის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე, “მაგრამ მხოლოდ მას შედეგ, რაც პენსიაზე გავა”.
ასეთია საერთაშორისო პრესის შთაბეჭდილებები, რომლებიც სახელდახელოდ მიმოვიხილეთ.
მოამზადა არმაზ სანებლიძემ