Home რუბრიკები ისტორია ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

დედაენის ძეგლი

სათაურს შემთხვევით არ დავესესხეთ დიდ ილიას, რადგან ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, მკითხველო, უთუოდ იკითხავთ: ვიცინოთ თუ ვიტიროთ? იცოცხლე, დღეს იმდენ რამეს მოისმენ და წაიკითხავ, რომ მართლა გულიანად გაგეცინება.… გაგეცინება, რადგან სასაცილოასასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!

თავის დროზე ბევრი ვიცინეთ, სოფლის მეურნეობის მინისტრი “მამალ ძროხებზე” რომ საუბრობდა, მაგრამ განა სატირალი არ იყო, რომ დაქცეული ქართული სოფლების ასაყვავებად იმ კაცის იმედად ვიყავით, რომელსაც ხარიც ძროხა ჰგონია თუ პირიქით, ღმერთმა უწყის?! უამრავია მსგავსი მაგალითი, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ხალხს მხიარულ გუნებაზე აყენებდა, მაგრამ მცირე ხნით, რადგან სატირალიც იყო…

ამჯერად კი ქართული ენის იმ “გულშემატკივრებზე” შეგვიძლია ვიცინოთ, რომლებიც ენაში “რეფორმების გატარებას” აპირებენ, რადგან, შეცდომაზე თუ მიუთითებ, “შეურაწყოფილნი” აიქოჩრებიან, წესებს ხალხი ადგენს, ვინ ოხერია აკაკი შანიძეო:

“ბოლო დროს ხშირად წააწყდებით მოწოდებებს ქართული ენის თვითგამოცხადებული დამცველებისგან: წერეთ სწორად, ესა და ეს სიტყვა ასე იწერება და არა ისე… არადა, ენაში სწორი ფორმის გაგება ძალიან პირობითია, რადგან ენა ცოცოხალი ორგანიზმია, ის მუდმივად იცვლება, ვითარდება და რაც დღეს შეცდომად მიიჩნევა, შეიძლება 50 წლის შემდეგ ნორმა გახდეს ან რაც 50 წლის წინ შეცდომა იყო, დღეს უკვე ნორმაა.

მაგრამ ამას ჯიუტად არ აღიარებენ ე.წ. ენის მცოდნეები. ეს ის ხალხია, ვისაც ენა ქართულის რეპეტიტორთან აქვთ ნასწავლი და წესები კარგად დაზუთხული, თორემ არცერთი ის ადამიანი, ვისაც ენა მეცნიერულ დონეზე უსწავლია ასეთი კატეგორიული არ იქნება. არცერთი ენათმეცნიერი არ გეტყვის, გინდა თუ არა, ასეა და არა ისეო. რა თქმა უნდა, ენაში არსებობს წესები, მაგრამ მათ ადგენს არა გრამატიკის სპეციალისტი, არამედ ის ხალხი, ვინც ამ ენაზე მეტყველებს.

ენის სპეციალისტის საქმეა ამ წესების აღმოჩენა, მათი სისტემატიზირება და ენაში მიმდინარე ცვლილებების აღწერა…

აი, ეს უნდა იყოს ლინგვისტების საქმე და არა აკაკი შანიძის მიერ 100 წლის წინ დადგენილი წესების დაზუთხვა და მერე ენის ამ წესებში ჩაკეტვა, ენის მარწუხებში მოქცევა, ენისთვის ბორკილების დადება.

…არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება “შეურაწყოფა” იყოს შეცდომა. ეს არის ენის განვითარების გზაზე მოხმდარი ცვლილება, როგორიც უამრავი მოხმდარა ქართული ენის არსებობის განმავლობაში. სწორედ ამ ცვლილებების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ენა ასეთია, როგორიც არის. ასეთი ცვლილებები რომ არ ხდებოდეს, დღეს ისე ვილაპარაკებდით, როგორც მე-5 საუკუნის ქართველი ლაპარაკობდა”.

ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

დიახ, ქართული ენისთვის განვითარების ყველა საფეხურზე დამახასიათებელი იყო და არის ხალხურობა, სწორედ ამიტომ ძველი ქართული ლიტერატურის თექვსმეტსაუკუნოვანი ძეგლებიც თითქმის გასაგებია თანამედროვე მკითხველისთვის.

რა თქმა უნდა, ქართულმა ენამ გაიარა განვითარების ბუნებრივი პროცესი და ამ პროცესში სამ ეტაპს გამოყოფენ: ძველს, საშუალოს და ახალს.

ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება XVII საუკუნის ბოლოს იწყება, თუმცა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ანტონ კათალიკოსის სკოლამ შეცვალა ბევრი რამ ენის სტრუქტურაში: უპირველესად, მან დააშორა ენა ხალხურ მეტყველებას; დააკანონა რთული ორთოგრაფია, გადმოიტანა ხუცურიდან მხედრულ ანბანში ზედმეტი ასოები.

ახალი ქართული ენის ბუნებრივ განვითარებას განსაკუთრებით საფრთხე შეექმნა XIX საუკუნეში _ მეტყველებაში ფეხი მოიკიდა არაქართულმა სიტყვებმა და სტილმა.

ილია ჭავჭავაძემ და 60-იანელებმა დაიკისრეს უდიდესი პასუხისმგებლობა _ მოეხდინათ ქართული ენის რეფორმა. ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე გაიშალა პოლემიკა ენის საკითხებზე. განსაკუთრებით თავგამოდებით იბრძოდა ილია ჭავჭავაძე. ის თავის წერილებში მოწინააღმდეგეებს მოთმინებით და ლოგიკურად უხსნიდა მართებულობას იმ ნაბიჯებისა, რომლებიც მან გადადგა ენის განვითარების გზაზე. მისი აზრით, ნაწარმოების ენა უნდა ყოფილიყო მარტივი და ყველასთვის გასაგები, რათა მასში ჩადებული აზრი მკითხველამდე მისულიყო. დიახ, მარტივი და არა ღარიბი!

ილიამ უარი თქვა ძველ ასოებზე იმ მოტივით, რომ ცოცხალ მეტყველებაში აღარ მოიპოვებოდა მათი შესატყვისი ბგერები.

“ხშირად იქნება, რომ კანონები, ერთ დროს საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე; ამიტომაც ახალი ენა ძველს ენას არა ჰგავს, როგორც ახალი კაცი ძველს კაცსა… იქნება მართლა-და “¢”-ს და “ვ”-ს შორის უწინ რაიმე განსხვავება ყოფილა გამოთქმაში, მაგრამ ეხლა, ჩემის ფიქრით, არ არის განსხვავება”, _ წერდა ილია.

ენის ხალხურობისთვის ბრძოლაში ილია ტრაქტატებს კი არ წერდა, არამედ ხალხის გონებრივი მოქნილობის ნაყოფი, მათი სხარტი გამოთქმები პირდაპირ გადმოჰქონდა თავის შემოქმედებაში და შემდეგ პოლემიკაში იცავდა მათი არსებობის უფლებას.

რაც შეეხება სიტყვა “შეურაცხყოფა”-ს, რომლის ახალ ვარიანტს ვინმე ბლოგერი გვთავაზობს “ახლებურად” (აღარაფერს ვამბობთ მის მიერ დაშვებულ უამრავ გრამატიკულ შეცდომაზე _ რედ.) _ “შეურაწყოფა” წერეთ და თქვითო, მაშინ “შეურაცხის” ნაცვლად უნდა ვთქვათ და ვწეროთ “შეურაწი”, “შეურაცხაობის” ნაცვლად _ “შეურაწაობა”?

გეცინებათ თუ გეტირებათ?

მართალია, ილიამ ბევრი ახალი სიტყვა შესძინა ქართულ ლიტერატურას, მაგრამ ამ სიტყვებს ქართული ბუნებიდან იღებდა. ილიას დამკვიდრებულია სიტყვები: “ნაკვესი”, “დამაკვირდი”, “სრა-სასახლე”, “მიმართულება”, “შინაარსი”, “ლიანდაგი”, “უღელტეხილი” და სხვ.

ილია ამბობდა: ენა თვითონ წარმოქმნის სიტყვებს და, რასაც ვერ მიიღებს, თავადვე მოიკვეთსო.

აგაშენა ღმერთმა! თორემ ეს ბლოგერი ისე “მონდომებულია”, “გადატრიალება” მოახდინოს ენათმეცნიერებაში, როგორც ერთი ცნობილი ქართული კინოკომედიის (“უდიპლომო სასიძო”) გმირი ვეტერინარი თავისი ექსპერიმენტებით ცდილობს მეცხოველეობაში გადატრიალების მოხდენას.

“ორი სხვადასხვა სიტყვა შეერთდა; “შეურაცხ” და “ყოფა”, _ არ ცხრება ბლოგერი, _ ამას წინათ ერთი ენის სპეციალისტი მეკამათებოდა: როგორ შეიძლება “შეურაწყოფა” გახდეს სწორი ფორმა, როცა ეს სიტყვა ორი სიტყვისგან შედგება და ასეთი სიტყვა “შეურაწ” ქართულში არ არსებობსო”.

და რა მერე, რომ არ არსებობს? ასეთი საკითხები ენას არ ადარდებს”. ?!

ჰოო, აღარ გეცინებათ უკვე? ბარემ ჩავიკითხოთ ბოლომდე:

“ენა სავსეა ცვლილებებით, რომელსაც ახასიათებს ერთი მთავარი ტენდენცია: სვლა სიმარტივისკენ”.

ახლა თითსაც დაგვიქნევს:

“კეთილი ინებეთ, შეცდომა და ენის განვითარების ტენდენცია ერთმანეთისგან გაარჩიეთ, ამიტომ სულაც არ არის შეცდომა “სათაო” და “სადაო”. ამ სიტყვებში “ვ” დაიკარგა და შეეგუეთ ამას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ იტყვით “სათავო”, ეს იქნება შეცდომა ან “შეურაცხყოფა” არის არასწორი. არა, დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ამ სიტყვების ცვლილება ხდება და ორივე ფორმა დასაშვებია. წლების შემდეგ ჩვენი მომდევნო თაობები გადაწყვეტენ, რომელი დარჩეს და რომელი ამოვარდეს ხმარებიდან”.

ნამდვილ “აჯაფსანდალს” გვთავაზობს _ რაც გინდათ ის თქვით, ყველაფერი სწორიაო.

 როლშიღრმად შესულბლოგერს ერთმა ღვთისნიერმა ქართველმა ასეთი კომენტარი დაუტოვა:

“აკაკი წერეთელმა ერთხელ ქუთაისში, ქუჩის შეკრებაზე გამომსვლელ ერთ პარიზმოვლილ პიჟონს, რომელიც აცხადებდა, რომ ევროპულ ენებში არ არის ისეთი ასო-ბგერები, როგორებიცაა: ძ, ღ, ყ, ჭ და ასე შემდეგ და ამიტომაც უნდა ამოვიღოთ ქართულიდანო, ასე მიმართა: “ვირფასო სიმონ!”. აკაკის მიმართვის შემდეგ ამ პიჟონს წამსვე დაეკარგა სურვილი თავისი “ბრწყინვალე” იდეის განხორციელებისა. თქვენც ისეთსავე საჩოთირო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, პატივცემულო, ფრთხილად იყავით!”

მეორეც:

“ეს რა ენის დამდგენი გამოტყვრა. ვინ ეკითხება, რა კომპეტენცია აძლევს უფლებას, ამაზე ელაპარაკოს ხალხს? გაუნათლებლობის მიჩქმალვაა ეს და უწიგნურობის. განათლებულობა ყველას თუ არ მოეთხოვება, ეს ნიშნავს, უწიგნურებზე უნდა გადავეწყოთ?!”

მოდი, ჩვენც აქ დავსვათ წერტილი და სამოციანელთა მიერ ენის რეფორმის საკითხს დავუბრუნდეთ.

ილია ებრძოდა ენაში გაუმართლებლად შემოჭრილ უცხო სიტყვებს, მაგრამ, ამასთანავე, ხმალამოღებული იცავდა ზოგიერთ ისეთ ნეოლოგიზმს, რომლებიც დრომ მოიტანა და ხმარებაში უნდა შემოსულიყო. ასეთები იყო, მაგალითად: “კრიტიკა”, “ორიგინალი”, “სენტიმენტალური” და სხვ.

“ეგ, მართალია, ქართული სიტყვები არ არის, მაგრამ მთელი კაცობრიობა კი ხმარობს. ყოველ ხალხსა, ცოტაოდენ განვითარებულს და ფეხშედგმულს ევროპის განათლებაში, შემოუტანია და მიუღია ეგ სიტყვები… მაშასადამე, არც ჩვენთვის არის დასაძრახი, რომ ჩვენც ვიხმაროთ”.

ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს “გაუმართლებლად შემოჭრილმა უცხო სიტყვებმა” ლამის წალეკოს ქართული ენა. არადა, მათი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ შესატყვისი ქართულში არ მოიძებნება.

მაგალითად, რად ვამბობთ სიტყვას ამბიცია, როცა ქართულში მისი შესატყვისია პატივმოყვარეობა?! ან რატომ უნდა მოვიტეხოთ ენა სიტყვა არაორდინალურით, როცა გვაქვს მისი შესატყვისი სიტყვა არაჩვეულებრივი?! ან რით სჯობია სპონტანური თვითნებურს?! დალოცვილო, ოდიოზურის ნაცვლად ქართულად რომ თქვა საძულველი ან არასასურველი, დაშავდება რამე?! ან ეს ნონსესი რა უბედურებაა, ლამის ენა მოიტეხოს კაცმა, თქვი უაზრობა ანდა სისულელე.

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ორიოდე სიტყვა არასწორ სიტყვათშეხამებასა და წინადადებათა გაუმართაობაზეც ვთქვათ.

ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ:

* “მთავრობა თავის სურვილს ღიად გამოთქვამს”! “ღიად” კი არა, _ თავის სურვილს საჯაროდ გვამცნობს”.

* “აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე”, სწორია: “აირჩიეს პრეზიდენტად”.

* “გაგიწევენ უმაღლესი კლასის მომსახურებას”, უნდა ითქვას: “საუკეთესოდ მოგემსახურებიან”.

* “ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამება”, სწორია: “ეს ამბავი ნამდვილია”.

* “გარიგება შედგა” რას ნიშნავს? _ იმას, რომ გარიგება შეჩერდა, ანუ წინ მიდიოდა და შეჩერდა? ამას თუ გულისხმობს ეს წინადადება, ყველაფერი ქართული და გასაგებია, სწორი და მართებულია, მაგრამ, იმას თუ გულისხმობს, გარიგებას მივაღწიეთო, მაშინ კალკია, ნარუსულარი, უაზრო-უშინაარსო გამოთქმა.

უნდა ვთქვათ და ვწეროთ: “გარიგებას მივაღწიეთ”, “გარიგება მოხდა”.

* “საუბარი შედგა”!

“ცხენი შედგა” _ მართებული გამოთქმაა; “კაცი შედგა”-ც მართებულია, მაგრამ “საუბარი”, რაგინდ “თხოვნა-ხვეწნა” დაუწყო, ვერ “შედგება”(!).

უნდა ვთქვათ და ვწეროთ: “საუბარი მოხერხდა”, “საუბარი შეძლეს”, “ისაუბრეს”.

* “ტელეფონზე” კი არა, “ტელეფონთან გთხოვენ”! აბა, “ტელეფონზე “ შესკუპებას რომელი ჭკვათამყოფელი გთხოვს?!

* “გადმომირეკე” კი არა, “დამირეკე”! ტელეფონს თუ გულისხმობთ, მაგრამ საქონლის ან ცხვარ-თხის გადმოდენას თუ მოითხოვთ, მართალი ხართ და რას გერჩით.

* “არაფერში მე არა ვარ დამნაშავე” _ არ დაწეროთ, თქვით და წერეთ: “არაფერი დამიშავებია”.

* “რაშია საქმე?” _ გაშანშალებული კალკია, ქართულის უცოდინართა მიერ რუსულიდან გადმოჯახირებული უაზრო კითხვითი წინადადება.

საქმე არაფერში არ არის, იგი არაფერში არ არის ჩადებული.

თუ გინდათ, პატივი სცეთ მშობლიურ ქართულს, თქვით და წერეთ: “რა ხდება?”, “რა ამბავია?”.

* “მიიღეთ სესხები ლარში, დოლარში და ევროში!” _ რა გამოდის? სესხებისთვის ბანკში კი არა “ლარში, დოლარში, ევროში” უნდა მივიდეთ?

ბანკს, უეჭველად, უნდოდა, ეთქვა, სესხად მოგცემთ ლარსაც, დოლარსაც და ევროსაცო…

ისე, არ გეწყინოთ და, როცა წერთ ან ლაპარაკობთ, კი უნდა იცოდეთ, რას გულისხმობთ.

კაცმა რომ თქვას, თუ გეწყინებათ, უკეთესია: იქნებ ამან მაინც აგიხილოთ თვალი და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

მშობლიურ ენას ნუ ანაგვიანებთ და ნუ აბუნდოვანებთ, “ხმათა ხავერდებისა და ღმერთების ენას”, მოჩიქორთულეებო!

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here