Home ახალი ამბები მსოფლიო ვის ხარჯზე ყვავის დასავლური სამყარო?

ვის ხარჯზე ყვავის დასავლური სამყარო?

დასავლეთის კეთილდღეობის საიდუმლო

1248
ვის ხარჯზე ყვავის დასავლური სამყარო?

ენერგიის მუდმივობის ლომონოსოვლავუაზიეს კანონიდან ცნობილია, რომ ფიზიკურ სამყაროში არაფერი იკარგება და არსად ქრება. შესაბამისად, თუ ბრიტანელები ან, ვთქვათ, ამერიკელები სხვებზე უკეთესად ცხოვრობენ, ამ ცხოვრების საფასურს ვიღაც აუცილებლად იხდის. თუ აშშ ყოველწლიურად მოიხმარს მსოფლიოში გამოყენებული მინერალური ნედლეულის 25%-, ურანისა და ალუმინის დაახლოებით 50%-, მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის, აგრეთვე, სპილენძისა და რკინის მეოთხედს, სანაცვლოდ კი შესაბამისად არ გასცემს და ამ ეკვივალენტისას არ აწარმოებს, რესურსები მიედინება მხოლოდ ერთი მიმართულებით, დაბეჭდილი დოლარის ქაღალდი _ მეორე მიმართულებით.

კაპიტალიზმის თეორიის მიხედვით, დიდი ხანია, ცნობილია, რომ ასეთ სისტემაში ეკონომიკური განვითარების შედეგი ყოველთვის ერთია _ თუ ერთ პოლუსზე ხდება სიმდიდრის დაგროვება, მაშინ მეორე პოლუსზე ჩნდება სიღარიბე და სიდუხჭირე.

თუ ათწლეულების განმავლობაში აშშ-ში შედის იმაზე მეტი საქონელი, რამდენიც გადის საექსპორტოდ, ამ სხვაობას ვიღაც ფარავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნები ყოველწლიურად ღარიბდებიან იმ რაოდენობის თანხით, რამდენითაც ამერიკელები მდიდრდებიან.

მაგალითად, ამერიკა მოიხმარს მსოფლიოში მოხმარებული ნავთობის 20-25%-ს, ამასთანავე, მსოფლიოში მთავარი მწარმოებელი ის კი არ არის, არამედ ჩინეთი. სახელდობრ, ჩინეთს სჭირდება ენერგია რეალური წარმოების ბაზრისთვის, მაგრამ მოიხმარს ნავთობპროდუქტების მხოლოდ 13%-ს, ამერიკელები კი _ 25%-ს. ამასთანავე, აშშ-ის მოსახლეობა, რომელიც წვავს ამ კოლოსალური რაოდენობის ნავთობპროდუქტებს, პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 4,3%-ს შეადგენს.

The Los Angeles Times-ში 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად ნაგავში იყრება ნაყიდი საკვების თითქმის ნახევარი, ანუ ამერიკელები ნაგავში ყრიან 165 მლრდ დოლარის სურსათ-სანოვაგეს. საერთოდ კი, მოხმარებასა და შექმნას შორის შეუსაბამობა გამოიხატება იმაშიც, რომ ამერიკელი საშუალოდ 4-ჯერ მეტ, ასე ვთქვათ, კეთილდღეობას მოიხმარს, ვიდრე საშუალოდ პლანეტის ერთი მცხოვრები, 5-ჯერ მეტს ლათინური ამერიკის მცხოვრებზე, 10-ჯერ მეტს ჩინელზე და 30-ჯერ მეტს ინდოელზე, ამასთანავე, ყრის 2-ჯერ მეტ ნაგავს და სვამს 3-ჯერ მეტ წყალს.

შვედ მეცნიერს, ეკოლოგ როლფ ედბერგს კიდევ უფრო კონკრეტული ციფრები მოჰყავს. მისი თქმით, ამერიკელი, შვედი ან, მაგალითად, შვეიცარიელი მოიხმარს დედამიწის 40-ჯერ მეტ რესურსს, ვიდრე სომალელი; ჭამს 75-ჯერ მეტ ხორცს, ვიდრე ინდოელი და ხარჯავს 150-ჯერ მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე ნიგერიელი. ამ სტატისტიკას შეიძლება დავუმატოთ ასეთი მონაცემიც: ინგლისში 1 კატა საშუალოდ 2-ჯერ მეტ ცილებს მოიხმარს, ვიდრე აფრიკის რიგითი მცხოვრები.

ამერიკელებს ძალიან უყვართ, ასწავლონ სხვებს, რომ დასავლეთის კეთილდღეობა დასავლელების შრომისა და “უნიკალური” წყობის დამსახურებული შედეგია, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს კაპიტალიზმის ამ ჩარჩოებში ცხოვრება შეუძლია იქამდე, სანამ სხვებზე პარაზიტობენ.

ევროპა და ამერიკა, რომელთა მოსახლეობა დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტია, დედამიწაზე წარმოებული პროდუქციის 60%-ს მოიხმარენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “მსოფლიოს საზოგადოებრიობა” გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცდილობს, რუსეთის წიაღისეული სიმდიდრეები “საერთო” საკუთრებად გამოაცხადოს.

თუკი ყველა ასე იცხოვრებს, მაშინ ვისღა უნდა გაუწიონ ექსპლუატაცია? ამიტომ ამ შემთხვევაში უპრიანი იქნება, დაისვას კითხვა _ რამდენი პლანეტა დედამიწაა საჭირო იმისთვის, რომ ყველამ ამერიკელებივით იცხოვროს? პასუხი ამ კითხვაზე, დიდი ხანია, არსებობს _ 4,1.

ანალიტიკურ ცენტრ Global Footprint Network-ის მიერ ჩატარებული ე.წ. ეკოლოგიური ანაბეჭდის კვლევის (ამ კვლევაში გამოითვლება რამდენი ბუნებრივი რესურსი, იხარჯება ენერგიის გამოსამუშავებლად, კვების პროდუქტებისა და სხვადასხვა საქონლის საწარმოებლად საშუალოდ ერთ ადამიანზე და ერთ ქვეყანაში) მიხედვით, გაირკვა, რომ, თუ 7 მლრდ ადამიანი მოიხმარდა იმდენს, რამდენსაც მოიხმარენ ამჟამად ამერიკელები, კაცობრიობას 4 პლანეტაზე მეტი დასჭირდებოდა.

ეს ნათლად აჩვენებს, რომ დასავლური ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ სხვების ექსპლუატაციით, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ტერმინზე კარგა ხანს იცინოდნენ, როგორც “წითელი” პროპაგანდის გადმონაშთზე.

ფასეულობები და “უნიკალური” წყობილება კი არ არის დასავლეთის აყვავების მიზეზი, არამედ შულერობა, რომელიც შენიღბულია ეკონომიკური სასწაულის “რეცეპტით”. ევროპა, რომელსაც არ აქვს თავისი რესურსები, მათ საჭირო რაოდენობით და დაბალ ფასებში იღებს იქამდე, სანამ მისი კორპორაციები წყნარად და შეუმჩნევლად ამყოფებენ აფრიკას სიღატაკეში.

ამ კონტინენტის რესურსები მინავლებული კონფლიქტების, რევოლუციებისა და ანარქიული წყობილების მხარდაჭერით გროშებად გაედინება ევროპაში. ანალოგიურად იქცევა ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც ბევრი ტექნოლოგიის შემქმნელია. მას ჯერჯერობით აქვს ექსკლუზიური უფლება არაუზრუნველყოფილი საშუალებების ემისიისა, ამით 1970-იანი წლებიდან ფლობს ტვინების, ტალანტებისა და მოწინავე ტექნოლოგიების შესყიდვის კოლოსალურ ფინანსურ შესაძლებლობებს.

თუ განვიხილავთ დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც დღეს მშპ-ს მიხედვით მსოფლიოს ლიდერთა შორის არიან, დავინახავთ შემდეგ სურათს _ ამ სახელმწიფოებში წარმოების წილი გაცილებით ნაკლებია მოხმარების მასშტაბებზე. აშშ-ში, ექსპერტთა შეფასებით, ეს სხვაობა მერყეობს 20-დან 40-ის ფარგლებში, ანუ მსოფლიოს წარმოებაში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) აშშ-ის 20%-იანი წილით ამ ქვეყანაში მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით 40%-ს აღწევს.

კაპიტალიზმმა იმისთვის, რომ განვითარდეს ან ცხოვრების ამჟამინდელი დონე მაინც შეინარჩუნოს, ყოველთვის უნდა ამოიგოს, აინაზღაუროს დანახარჯი. ამ მხრივ კაპიტალისტური ქვეყანა არაფრით განსხვავდება ასეთივე კერძო კორპორაციისგან. კაპიტალისტურ სამყაროში წამყვანი კომპანიების მხრიდან დანახარჯების ანაზღაურება დაყვანილია ბაზრების მიტაცებაზე, კონკურენტების დაჩაგვრაზე, წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნების სახელმწიფო აპარატების ხელში ჩაგდებაზე (პირდაპირ თუ ირიბად), ეკონომიკების შთანთქმასა და ამ ქვეყნების განვითარების შეფერხებაზე. სანამ ეს პროცესი შესაძლებელია, კაპიტალიზმი ვითარდება, ხოლო, როცა გასაძარცვი აღარავინ არის, კონკურენტები კი ძლიერდებიან, დასავლეთს ეწყება კლასიკური პრობლემები. ამ პრობლემების პიკის მომენტში ატომურ ეპოქამდე, ჩვეულებრივ, იწყებოდა მსოფლიო ომები, კონკურენტული ბაზრები განულდებოდა ხოლმე, ადრე დახურული ეკონომიკები კი კვლავ იღებოდა კერძო კაპიტალისთვის, XX საუკუნის შუა წლებიდან ვითარება შეიცვალა, მაგრამ კაპიტალიზმს სსრკ-ის დაშლა დაეხმარა.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 10 წლის განმავლობაში ამერიკელთა კეთილდღეობა განუხრელად იზრდებოდა, ამასთანავე, იზრდებოდა ისეთივე სისწრაფით, როგორითაც მიმდინარეობდა ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ძარცვა და მათი ბაზრების მიტაცება. ბილ კლინტონის პოსტიდან წასვლის მომენტში ყოფილ სოციალისტურ ბლოკზე პარაზიტობამ საბოლოოდ ამოწურა თავი, ტემპები შემცირდა, ხოლო ამერიკელთა კეთილდღეობის დონის გრაფიკი გასაოცრად დაემთხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ძარცვის ტემპის დაცემას. 2000-იანი წლების დასაწყისიდან შემთხვევით არ გავრცელებულა თვალსაზრისი, რომ მილენიუმიდან მოყოლებული ამერიკელთა ყოველი ახალი თაობა მშობლებზე უფრო ცუდად იცხოვრებდა.

ამა თუ იმ რეგიონის ხელოვნურად “გადატვირთვითა და ბაზრების განულებით” დასავლეთი ახანგრძლივებდა ჩვეული ცხოვრების დადებით დინამიკას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წინ აღუდგა ასეთ პოლიტიკას აზიასა და აფრიკაში, ხოლო რუსეთი _ ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიაში, ცენტრალურ ამერიკასა და ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში, პარაზიტობა სულ უფრო რთული ხდებოდა და “განვითარებული ეკონომიკების” დანახარჯების ამოგება, მიუხედავად ლაპარაკისა შეძლებულად ცხოვრებაზე, შემცირდა.

ადრე ომებით, რევოლუციებით, გადატრიალებებითა და ეკონომიკების ინფიცირებით ფინანსური ვირუსებით (საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ა.შ. მეშვეობით) ხდებოდა კაპიტალის გადაქაჩვა დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქების ხაზინებში. ვიდრე დასავლეთი დემოკრატიას ამყარებდა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, თავისი პრობლემები არაფრად უღირდა. ლიბიისა და ერაყის, ჰაიტისა და ავღანეთის, სომალის, იემენისა და ა.შ. ხარჯზე ხდებოდა ნატოს არმიის შენახვა და დასავლური ცხოვრებაც სათანადო დონეზე იყო მხარდაჭერილი, მაგრამ, როგორც კი დაიწყო შეფერხება მოგებაში, ბევრი რამის საფასურის გადახდა თვითონ მოუწიათ. აი აქ გაირკვა, რამდენად არ შეესაბამებოდა დასავლეთის შესაძლებლობები მის მადას.

მნიშვნელობა არ აქვს, რით არის მხარდაჭერილი დასავლეთის მიერ ამა თუ იმ ქვეყნის ექსპლუატაცია _ ომის მუქარით, როგორც გერმანიისა და იაპონიის შემთხვევაში, თუ კრედიტებით დახრჩობით, როგორც უკრაინისა და საბერძნეთის შემთხვევაში. მთავარია, რომ ამჟამინდელ კაპიტალისტურ პარადიგმაში დასავლეთის კეთილდღეობის დონის შენარჩუნება სხვების გამუდმებული ძარცვის გარეშე შეუძლებელია.

საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. ახალი ბოლშევიკური აბდაუბდა. რუსეთი და ჩინეთი ყოფილა მსოფლიოს გადამრჩენი საზიზღარი კაპიტალისტებისაგან

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მალხაზ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here