მეორე მსოფლიო ომი (1939 წლის 1 სექტემბერი _ 1945 წლის 2 სექტემბერი) კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომია, რომელიც გააჩაღა ფაშისტურმა გერმანიამ იტალიასა და მილიტარისტულ იაპონიასთან ერთად და რომელშიც ჩართული იყო 62 სახელმწიფო (დაახლოებით 1,7 მლრდ ადამიანი) იმხანად არსებული 73-დან. საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ევროპის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიებზე და ყველა ოკეანის წყლებში. ეს არის ერთადერთი ომი, რომელშიც გამოიყენეს ატომური იარაღი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების მთავარი მიზეზი იყო ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების სურვილი _ ძალის გამოყენებით გადაენაწილებინათ მსოფლიო. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია შეიჭრა პოლონეთში, 2 დღის შემდეგ, 3 სექტემბერს, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს. 1940 წლის აპრილ-ივნისში გერმანიამ დაიპყრო დანია და ნორვეგია, 10 მაისს შეიჭრა ბელგიაში (ამ ქვეყანამ კაპიტულაცია გამოაცხადა 28 მაისს), ნიდერლანდებსა (კაპიტულაცია გამოცხადდა 14 მაისს) და ლუქსემბურგში, შემდეგ კი ამ ქვეყნების ტერიტორიებიდან შეიჭრა საფრანგეთში (კაპიტულაცია გამოცხადდა 22 ივნისს), 1940 წლის 10 ივნისს გერმანიას მხარი დაუჭირა იტალიამ. 1941 წლის აპრილში კი ჰიტლერმა დაიპყრო საბერძნეთი და იუგოსლავია. ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის პირველი პერიოდის ბოლოს დასავლეთი და ცენტრალური ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა გერმანიისა და იტალიის მიერ იყო ოკუპირებული.
მეორე მსოფლიო ომის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი ნაწილია 1941-45 წლების დიდი სამამულო ომი (1941 წლის 22 ივნისი _ 1945 წლის 9 მაისი) ეს იყო სისხლისმღვრელი ბრძოლა საბჭოთა კავშირსა და მის ტერიტორიაზე მუხანათურად შეჭრილ გერმანიასა და მის ევროპელ მოკავშირეებს (უნგრეთი, იტალია, ხორვატია) შორის, რომელშიც საბჭოთა კავშირმა 26 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაკარგა დაღუპულების, ტყვედ ჩავარდნილების, დაავადებებისგან გარდაცვლილებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახით, მათ შორის, 12 მლნ-მდე სამხედრო მოსამსახურე.
სულ კი მეორე მსოფლიო ომმა 71,1 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბჭოთა კავშირის ფინანსურ-ეკონომიკურმა დანაკარგმა შეადგინა 610 მლრდ დოლარი.
კავკასიისა და სტალინგრადის დასაცავად გამართული გმირული ბრძოლების, ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისა და კურსკის რკალზე გერმანელი ფაშისტების განადგურების შემდეგ (ამ ბრძოლაში 6 ათასი ტანკი, 19 ათასამდე საარტილერიო დანადგარი, 4 ათასზე მეტი თვითმფრინავი და მილიონამდე ჯარისკაცი მონაწილეობდა) უპირატესობა მოიპოვეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებმაც ჯერ ქვეყანა აღადგინეს კანონიერ საზღვრებში, შემდეგ გაათავისუფლეს პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, 1945 წლის გაზაფხულზე კი, გერმანელი ფაშისტების გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ბერლინში შეიჭრნენ. 1945 წლის 1 მაისს, დაახლოებით 3 საათზე, საბჭოთა არმიის მეომრებმა: მიხეილ ეგოროვმა და მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშა ააფრიალეს. ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს ჯერ 7 მაისს მოაწერეს ხელი რეიმსში (საფრანგეთი), შემდეგ კი, როდესაც სტალინს არ მოეწონა არც ხელმომწერთა რანგი და არც ხელმოწერის ადგილი, 8 მაისს _ ბერლინის გარეუბან კარლსჰორსტში. კაპიტულაცია ძალაში შევიდა 8 მაისს, 23 საათსა და 1 წუთზე ცენტრალური ევროპის დროით, როცა საბჭოთა კავშირში (მოსკოვში) უკვე 1-ელი საათი და 1 წუთი იყო. შესაბამისად, სსრკ-ში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში _ 8 მაისს.
ყოველ 9 მაისს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ომგამოვლილი ვეტერანები, უკვე თითზე ჩამოსათვლელნი, ზეიმობენ დიდ სამამულო ომში გამარჯვებას და პატივს მიაგებენ დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას. ისტორიის დასავლელი ფალსიფიკატორები კი, რომლებიც საკმაოდ არიან დასავლეთშიც და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც, ამ თარიღის აღნიშვნის წინ ხშირად ჩნდებიან ტელეეკრანებსა თუ ბეჭდურ მედიაში, რათა “შეაფასონ” მეორე მსოფლიო ომის შედეგები. მათ ინტერვიუებსა და სტატიებს რეფრენად გასდევს მართლაც საჭირო ლოზუნგი: “მეორე მსოფლიო ომის ისტორია ტყუილისა და ცილისწამებისგან, ანუ ფალსიფიკაციისგან უნდა გაიწმინდოს!”. ამისკენ ზოგიერთი ავტორიტეტული ისტორიკოსი გულწრფელად, კეთილშობილური მიზნით მოუწოდებს, მაგრამ არცთუ ცოტაა ისეთი, ვისაც მერკანტილური ინტერესი ამოძრავებს _ ცდილობენ, მეორე მსოფლიო ომში სსრკ–ის როლის დაკნინებასა და ბრიტანელთა და ამერიკელთა წვლილის შთამბეჭდავად წარმოჩენას, საბჭოთა არმიისთვის აგრესორის იარლიყის მიწებებას. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფაშისტებისგან გათავისუფლებას საბჭოთა ოკუპაციას უწოდებენ; უკრაინელებმა კი, რომლებმაც ფაშისტების ოკუპაციის დამანგრეველი შედეგები საკუთარ თავზე იწვნიეს, გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს დაიწყეს(?!). ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე დასავლეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვინ დაამარცხა ფაშიზმი და თვლის, რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ ეხმარებოდა აშშ-ს ჰიტლერელთა განადგურებაში, მეტიც _ ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეები დარწმუნებული არიან, რომ “საბჭოთა კავშირი დაესხა თავს გერმანიას” და არა პირიქით; რომ პირველი კოსმონავტი ამერიკელი იყო; რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგო არა საბჭოთა კავშირმა, არამედ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა და, საერთოდ, აშშ რომ არ ყოფილიყო, ჰიტლერი სსრკ-ს პირისაგან მიწისა აღგვიდა. გასაოცარია, სადამდე მიიყვანა ამ ანტისაბჭოთა და შემდეგ ანტირუსულმა პროპაგანდამ ამერიკელები. აი მაგალითი: ამერიკელები ყოველი მაისის ბოლო ორშაბათს აღნიშნავენ ხსენების დღეს, გადიან სასაფლაოებზე, მემორიალურ ადგილებზე და ოჯახებით პატივს მიაგებენ ბრძოლის ველზე დაღუპულ ჯარისკაცებს, ნათესავებს. 2017 წლის მაისის ბოლო ორშაბათს ტელეარხ Fox-ის ჟურნალისტმა ჯესი უოტერსმა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცოდა, ვის ეომებოდა მეორე მსოფლიო ომში ამერიკა. ზოგიერთის აზრით, ამერიკა ებრძოდა ჩინეთსა და საფრანგეთს, “ცივ ომს” კი ასე იმიტომ ეწოდა, რომ რუსეთში ცივი კლიმატია, ხოლო მაისის ბოლო ორშაბათი _ ეს არის “მხიარულების დღე”…
ფაქტების დამახინჯებისა და, საერთოდ, მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ფალსიფიკაციასთან ერთად, დასავლელი ისტორიკოსების ძალისხმევით შეიცვალა ტერმინებიც. მაგალითად, “ფაშისტური გერმანია” _ “მესამე რაიხით”, “ფაშისტური ბლოკი, ფაშისტების სატელიტები” _ “ღერძის” ქვეყნებად, გერმანიის მოკავშირეებად”, “ფაშისტების ხელშემწყობები” _ “კოლაბორაციონისტებად” და ა.შ. ამას გარდა, კომუნიზმსა და ფაშიზმს ერთ საფეხურზე აყენებენ.
ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება დასავლეთის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ძალისხმევით, რომლებიც ყველანაირ ხერხს იყენებდნენ საბჭოთა კავშირის დასანგრევად 1917 წლიდან, ანუ შექმნის მომენტიდანვე, ახლა კი რუსეთს უპირისპირდებიან ამ უზარმაზარი ქვეყნის სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად.
დიდ სამამულო ომზე ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული და სამხედრო ისტორიული ლიტერატურა ასეულობით წიგნსა და ათასობით სტატიას ითვლის. ამ წიგნებისა და სტატიების ძირითადი ნაწილი, რომლებიც შორსაა ჭეშმარიტებისგან, მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებლებისა და ახალი მსოფლიო ომის მოსურნეთა შეკვეთით დაიწერა და მიზნად ისახავს ამ ომში სსრკ-ის როლის დაკნინებას, ქვეყნისა, რომელმაც ჰიტლერელთა წინააღმდეგ ბრძოლის მთელი სიმძიმე საკუთარი მხრებით ზიდა. დასავლელ ისტორიკოსებს სურთ, წარმოაჩინონ, რომ თითქოს აშშ და დიდი ბრიტანეთი იყო მთავარი ძალა, რომელმაც ფაშიზმი გაანადგურა. სწორედ ასე ასწავლიან აშშ-ისა და ბრიტანეთის სკოლებში. ჰიტლერელებთან დაპირისპირების ეპიზოდებს შორის, რომელთა ფალსიფიცირებისკენ არის მიმართული ამერიკელი და ინგლისელი ისტორიკოსების, ჟურნალისტებისა და მემუარისტების ძალისხმევა, ერთ-ერთია გერმანელთა შეტევის პერიპეტიები დასავლეთის ფრონტზე _ არდენზე (ბელგიის სამხრეთი დასავლეთი) 1944 წლის დეკემბერში.
ამ მოვლენის მონაწილე დუაიტ ეზენჰაუერი (აშშ-ის არმიის გენერალი, მოგვიანებით _ 34-ე პრეზიდენტი) თავის წიგნში “ჯვაროსნული ლაშქრობა ევროპაზე” ქება-დიდებას არ იშურებს ინგლისელი და ამერიკელი ჯარისკაცებისა და გენერლების მიმართ, მაგრამ არაფერს ამბობს საბჭოთა მეომრებზე. ეიზენჰაუერის დაწყებული საქმე განაგრძეს ბრიტანეთისა და აშშ-ის არმიების ყოფილმა ხელმძღვანელებმა და რანგით დაბალმა სამხედროებმაც, მათ მხარი აუბეს ინგლისელმა და ამერიკელმა ისტორიკოსებმა _ ჯონ ფულერმა, შუგმა და რალფ ინგერსოლმა. ისინი თავიანთ “ნაშრომებში” დაწვრილებით აღწერენ არდენის ბრძოლას და ერთი სიტყვითაც არ მოიხსენიებენ 1945 წლის იანვარში საბჭოთა არმიის შეტევას, რომელმაც ინგლისელები და ამერიკელები კატასტროფას გადაარჩინა. ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად საბჭოთა არმიამ მწყობრიდან გამოიყვანა გერმანიის მოკავშირეები _ რუმინეთი და ბულგარეთი, შემდეგ _ უნგრეთი.
დასავლელი ე. წ. ისტორიკოსები სტალინს მიაწერენ ციტატას: “თუ ამერიკის დამხობა გსურთ, უნდა გაანადგუროთ სამი რამ: მისი სული, მისი პატრიოტიზმი და მისი მორალი”, მაგრამ ეს ხომ დემაგოგიაა, ეს ხომ სწორედ რუსეთზე თქვა ალენ დალესმა. ამ ციტატას, ოღონდ რუსეთზე, ხელს მოაწერდნენ სსრკ-ისა და მართლმადიდებლობის მოძულე ზბიგნევ ბჟეზინსკი ან მადლენ ოლბრაიტი.
აი მხოლოდ რამდენიმე “შეფასება”, რომელთა “ჩაბეჭდვასაც” ცდილობენ თანამედროვე ადამიანების გონებაში ისტორიის ფალსიფიკატორები:
* ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება მოიპოვეს მოკავშირეებმა და ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს.
სსრკ–ისთვის დასავლელი მოკავშირეების _ აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის _ დახმარება დიდი სამამულო ომის წლებში გადამწყვეტი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის ხალხებს თავიანთი ძალებითაც შეეძლოთ ფაშისტების დამარცხება. ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მეორე ფრონტი მხოლოდ მაშინ გახსნეს, როცა დაინახეს, რომ წითელი არმია უკვე ბერლინს უახლოვდებოდა და გამორიცხული არ იყო, სტალინს გამარჯვების აღსანიშნავ სუფრასთან დასავლელი მოკავშირეები აღარ მიეწვია.
* ბევრი დასავლელი “ისტორიკოსი” ცდილობს, მიჩქმალოს ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ და მის საწყის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა აგებული იყო იმაზე, რომ ჰიტლერის ფაშისტურ გერმანიას გაელაშქრა საბჭოთა კავშირზე.
* ბევრს წერენ ლიუფტვაფეს (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები) მიერ ინგლისის ქალაქების დაბომბვაზე, ქალაქ კოვენტრის დანგრევაზე, მაგრამ თითქმის არაფერს _ გერმანიის ქალაქებზე ბრიტანეთის ავიაციის ბარბაროსული თავდასხმების შესახებ, რომელიც დაიწყო 1942 წელს ქალაქ კელნისა და მისი მოსახლეობის განადგურებით. საერთოდ კი, ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების სტრატეგია, ე.წ. ლინდემანის დოქტრინა, უწინარესად, მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობის განადგურებას ისახავდა მიზნად.
* დასავლელი ისტორიკოსები წერდნენ და წერენ ბრიტანელი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციების მნიშვნელობაზე სსრკ-გერმანიის ფრონტზე განვითარებულ მოვლენებში, ოპერაციაზე ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიაში და ა.შ., ანუ ყველანაირად ცდილობდნენ “ნისლიანი ალბიონის” წარმოჩენას ნათელ ფერებში, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ 1939-1945 წლებში დიდ ბრიტანეთს არა მხოლოდ არაერთხელ მოუმზადებია, არამედ განუხორციელებია კიდეც თავისი აგრესიული გეგმები ევროპის სახელმწიფოებისა და სსრკ-ის წინააღმდეგ.
მაგალითად, 1940 წლის აპრილში მხოლოდ შემთხვევამ შეუშალა ხელი დიდ ბრიტანეთს, გერმანელებზე ადრე განეხორციელებინა სკანდინავიის ქვეყნების ოკუპაცია: ნორვეგიის სანაპიროს დანაღმვა და ნორვეგიაში დესანტის გადასხმა, რომელიც დაგეგმილი იყო 5 აპრილს, ტექნიკური მიზეზებისა და ტრანსპორტის გაუმართაობის გამო გადაიდო 8 აპრილისთვის. გერმანელებმა კი შეძლეს დაესწროთ ინგლისელებისთვის _ ისინი 9 აპრილს შევიდნენ ნორვეგიაში. საინტერესოა, რომ ნორვეგიაში შეჭრის შემდეგ ინგლისელები ფინელებთან ერთად აპირებდნენ სსრკ-ზე თავდასხმას. საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის პერიოდში (1939-1940) და მისი დასრულების შემდეგაც ბრიტანელი სამხედროები ფრანგ კოლეგებთან ერთად ადგენდნენ საბჭოთა კავშირთან ომის გეგმებს. 1940 წელს სწორედ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის შტაბების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაებომბათ სსრკ-ის ნავთობით მდიდარი რაიონები _ ბაქო, გროზნო, მაიკოპი. ოპერაცია უნდა დაწყებულიყო 1940 წლის ივლისში. ამ ოპერაციას დასავლეთ ფრონტზე გერმანიის გააქტიურებამ შეუშალა ხელი.
* აღსანიშნავია ბრიტანელთა აგრესია თვით ფრანგი მოკავშირეების მიმართ: 1940 წლის 3 ივლისს ბრიტანეთის ფლოტი თავს დაესხა ორანსა (ალჟირი) და დაკარში (სენეგალი) განლაგებულ საფრანგეთის ფლოტს და გაანადგურა გემები იმ საბაბით, რომ გერმანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში. 1944 წელს კი ბრიტანეთმა სამხედრო გზით მოახერხა ოკუპაცია საბერძნეთისა, რომელიც უკვე დატოვებული ჰქონდათ ჰიტლერელებს. ამ ოკუპაციის მიზანი იყო ის, რომ საბერძნეთში მემარცხენე ძალებს არ გაემარჯვათ.
* 1998 წელს, არქივების გახსნის შემდეგ, მსოფლიოს საზოგადოებრიობისთვის ცნობილი შეიქნა იმ გეგმის შესახებ, რომლის განხორციელებასაც უინსტონ ჩერჩილი აპირებდა 1945 წელს, უკვე გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ _ 1945 წლის 1 ივლისს ბრიტანელთა დახმარებით გერმანელი ჯარისკაცები თავს უნდა დასხმოდნენ ევროპაში განლაგებულ საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებს. ამ გეგმის განხორციელებას საბჭოთა დაზვერვის მიერ ინფორმირებულმა სტალინმა შეუშალა ხელი. საერთოდ, კი ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ჰიტლერმა სსრკ-ზე თავდასხმის გეგმის განხორციელება Drang nach osten (“შეტევა აღმოსავლეთზე”) მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მიიღო გარანტია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ომში არ ჩაერეოდა.
* ბრიტანელთა მხრიდან ფაშისტებისთვის მიცემული გარანტიების შესახებ ოფიციალური დოკუმენტები არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთი, სსრკ-სა და აშშ-თან შეთანხმების მიუხედავად, 1944 წლის ზაფხულამდე(!) თავს იკავებდა მეორე ფრონტის გახსნისგან დასავლეთ ევროპაში.
სსრკ-ის მოკავშირეებმა _ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა _ მეორე ფრონტი გახსნეს (ოპერაცია “ოვერლორდი”) 1944 წლის 6 ივნისს, როდესაც დესანტი გადასხეს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში _ ნორმანდიაში. ამ ოპერაციას მოკავშირეების მხრიდან 280 ათასი კაცის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა _ 153 ათასი.
რომელმა ქვეყანამ რა წვლილი შეიტანა და რა დანაკარგები განიცადა მეორე მსოფლიო ომში, ამაზე ციფრებიც მეტყველებს: საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში დაკარგა დაახლოებით 26 მლნ ადამიანი, მათ შორის, 17 მლნ მშვიდობიანი მოქალაქე; გერმანიამ _ 7,4 მლნ ადამიანი, დიდმა ბრიტანეთმა _ 300 ათასი ჯარისკაცი და 92 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე; ამერიკის შეერთებულმა შტატებმა _ 405 ათასი ჯარისკაცი.
აღსანიშნავია, რომ დიდ სამამულო ომში 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა, მათგან რამდენიმე ასეულმა ათასმა ფაშიზმთან ბრძოლას შესწირა სიცოცხლე, დაახლოებით იმდენმა, რამდენმა ბრიტანელმაც, აგრეთვე, ამერიკელმა.
დღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანები მივიწყებული არიან ხელისუფლებისგან, ხოლო დასავლეთისგან დაფინანსებული და წაქეზებული ე.წ. ლიბერალები ეწევიან პროპაგანდას, რომ ჩვენი თანამემამულეები, ქართველები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხებთან ერთად გმირულად იბრძოდნენ სამშობლოს გასათავისუფლებლად ფაშისტთა ურდოებისგან, თურმე “სხვის ომში” იბრძოდნენ, მაგრამ არავინ ლაპარაკობს, დღეს ვის ომში იბრძვიან ქართველი ბიჭები, რომლებიც ნატოს ე.წ. სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ ავღანეთში, ერაყში, ცენტრალურ აფრიკაში. ვის ინტერესებს ეწირებიან ქართველები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად იყენებენ?
საბჭოთა საქართველოს, ქართველების მიერ შეტანილი წვლილი ნაციზმის დამარცხებაში საამაყოა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებმაც ვალი მოიხადეს სამშობლოს წინაშე, სისხლისმღვრელი ბრძოლებით გაათავისუფლეს ევროპა ფაშისტებისგან და ბერლინში, საკუთარ ბუნაგში, მოახრჩვეს ჰიტლერელთა ურდოები.
გიორგი გაჩეჩილაძე
ცნობისთვის: 9 მაისი გამარჯვების დღედ ოფიციალურად არის გამოცხადებული აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, სერბეთში, ბოსნია–ჰერცეგოვინაში.