“საქართველო და მსოფლიო” განაგრძობს საუბარს გენერალ–მაიორ ვახტანგ გვარამიასთან საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე. დღევანდელი თემა მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც დღის წესრიგში აქტიურად დადგა საკითხი აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე ნატოში შესვლაზე. როგორ იკარგებოდა აფხაზეთი და ვისი ბრალი იყო ეს? _ სწორედ ამ მნიშვნელოვან დეტალებზე გვესაუბრება ბატონი ვახტანგი:
_ 1993 წელი იყო. აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, გაგრა და მისი მიმდებარე ტერიტორიები ახალი დაკარგული გვქონდა, იქიდან გამოყარეს ქართველები, საქართველოს ტელევიზიები გადმოსცემდნენ შემზარავ კადრებს, თუ როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს ჩრდილოკავკასიელები ქართველების მოჭრილი თავებით. ქართული შეიარაღებული ჯარების დამარცხებით დათრგუნული იყო მთელი საქართველო. ყველა ეძებდა გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. ამასობაში კი, ფრონტის ხაზმა სოხუმის მისადგომებისკენ გადაინაცვლა.
იმხანად, საქართველის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ვიყავი. ერთ დღეს ტელეფონზე გურჯაანის პროკურორმა ვოვა ახალკაცმა დამირეკა და მითხრა: მე და რაიონის გამგებელ ზაურ მანეჟაშვილს თქვენი ნახვა გვინდა, მოგვყავს რუსი პოლკოვნიკი, სამხედრო ნაწილის უფროსი და აფხაზეთის საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ, საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაძლოა, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა იყოს საჭირო, თუ, რა თქმა უნდა, შეძლებთ, რომ შეგვახვედროთო. ვუთხარი, მზად ვარ, მოგისმინოთ და საჭიროების შემთხვევაში, შევარდნაძესაც შეგახვედროთ-მეთქი.
არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ზაურ მანეჟაშვილი, წარმოსადეგი ვაჟკაცი და, რაც მთავარია, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. ასეთივე არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ ვოვა ახალკაცი, დღესაც ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს!..
ანზორი, ვოვა და რუსი პოლკოვნიკი იმ დღესვე ჩამოვიდნენ თბილისში და მოვიდნენ ჩემთან. რუსი პოლკოვნიკი ლაგოდეხში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანაყოფის, ე.წ. სპეცნაზის მეთაური გენადი ანდრიას ძე ვიტოჩკინი აღმოჩნდა, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ზაურთანაც და ვოვასთანაც, სხვა შემთხვევაში, ის ამ წინადადებით საქართველოს ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ მოვიდოდა.
ზაურმა და ვოვამ მითხრეს, რომ ვიტოჩკინი თვითონ მეტყოდა, რისთვის იყვნენ ჩამოსულები და მანაც დაიწყო მოყოლა: “ჩვენ ავღანეთში ვიბრძოდით, ვართ “გრუ”-ს სპეცრაზმი, ავღანეთიდან ჩვენი ჯარების გამოყვანის შემდეგ წამოგვიყვანეს ლაგოდეხში, ჩვენ არ გვყავს რიგითი ჯარისკაცები, ყველანი ოფიცრები ვართ, გაგვაჩნია სპეციალური შეიარაღება საერთო შეიარაღებასთან ერთად. ალბათ, მოგეხსენებათ, რას წარმოადგენს სპეცდანიშნულების რაზმი, ჩვენი ერთი ჯარისკაცი ჩვეულებრივ 10 ჯარისკაცს უდრის საბრძოლო ვითარებაში. უძლიერესი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბედის ანაბარად დავრჩით. მოსკოვიდან მივიღეთ წინადადება, რომ ჩვენი ნაწილი გადავიდეს ურალს იქით, ოჯახებთან ერთად. მეუღლეები ამ წინადადების წინააღმდეგ წავიდნენ, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც წავიდა იქ, სადაც ჩვენი დისლოკაციის ადგილი უნდა ყოფილიყო. რომ ჩავიდნენ, დახვდათ უკაცრიელი ადგილი, კარვები და კოღოები. შეშფოთებული ქალები უკან დაბრუნდნენ და ჩვენც კატეგორიული უარი განვაცხადეთ იქ წასვლაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოვჩნდით საქართველოში და გადავწყვიტეთ, ვთხოვოთ საქართველოს მთავრობას, მიგვიღოს საქართველოს მოქალაქეებად, მაგრამ, თუ ეს შეუძლებელია, 10 წლით მაინც მოგვცეს აქ ბინადრობის უფლება, ამასთანავე, მიგვიღონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეებად. სანაცვლოდ, ვითხოვთ გამოგვიყენონ აფხაზეთის ომში და გაძლევთ გარანტიას, დავიბრუნებთ აფხაზეთის იმ ნაწილს, რომელიც დაკარგულია. ფსოუდან სოხუმამდე გავწმენდთ ტერიტორიას სეპარატისტებისგან, მაგრამ, რადგან ბევრნი არ ვართ, ჩვენ მიერ გათავისუფლებული ტერიტორიები დაიცვას საქართველოს შეიარაღებულმა ნაწილებმა. ჩვენთვის ამ დაკარგული ტერიტორიების აღება პრობლემა არ არის, ჩვენი ხუთასი ოფიცერი ამას შეძლებს, თანაც თქვენი შეიარაღება არ გვჭირდება”, _ დეტალურად ამიხსნა ვითარება ვიტოჩკინმა.
წინადადება მართლაც სახარბიელო იყო, მაგრამ, ბუნებრივია, ვიკითხე, ანაზღაურებას თუ ითხოვდნენ. მიპასუხეს: _ თუ ოფიცერი დაგვეღუპება, თითო დაღუპულზე მოგვეცით 100 000 მანეთი და ხელფასი თითოეულ ოფიცერს 3 ათასი მანეთი გადაგვიხადეთო. ზაურ მანეჟაშვილმა და ვოვა ახალკაცმა ამ მოთხოვნაზე იმ წუთში თქვეს, რომ ამ თანხებს გურჯაანი საკუთარი ბიუჯეტიდან გადაუხდიდა და საქართველოს მთავრობას არ დაავალდებულებდა. ეს იმხანად, დიდი ფული არ იყო.
საუბრის დასრულებისთანავე, სამთავრობო ტელეფონით დავუკავშირდი ედუარდ შევარდნაძეს და ვუთხარი, რომ ჩემთან გურჯაანის გამგებელი სტუმრობს და აფხაზეთზე საინტერესო წინადადება აქვს. მითხრა, სასწრაფოდ მივსულიყავით.
მივედით შევარდნაძესთან მე და მანეჟაშვილი. ახალკაცი და რუსი სამხედრო გარეთ დავტოვეთ. ზაურმა სახელმწიფოს მეთაურს ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა. შევარდნაძემ ჰკითხა, _ ხომ არ გვიღალატებენო. მანეჟაშვილს გაეცინა, _ რას ბრძანებთ, როგორ გვიღალატებენ, ისინი აქ ცოლ-შვილს ტოვებენ, ფაქტობრივად, მძევლად გვიტოვებენ ოჯახებს, თანაც მოქალაქეობას ითხოვენ ან 10 წლით ბინადრობის უფლებასო. შევარდნაძე დაფიქრდა, ცოტა ხნის შემდეგ გვითხრა, რომ ამ წინადადებას ვერ მიიღებდა. ჩვენ შეკითხვა არ დაგვისვამს, მან გვითხრა, რუსისთვის გვეთქვა, რომ პასუხს მოგვიანებით ეტყოდა.
გულდაწყვეტილები წავიდნენ ახალკაცი და მანეჟაშვილი. მოგვიანებით, რუსეთის სამხედრო ნაწილის ამბავი ვიკითხე. ისინი ურალისკენ არ წავიდნენ, უბრალოდ, დაიშალნენ და ყველა თავის საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდა.
_ როგორი ჯარი ჰყავდა იმხანად საქართველოს?
_ სად ჰყავდა ჯარი საქართველოს, სახალხო ლაშქარსაც ვერ დაარქმევდი. ყველაზე ორგანიზებული შეიარაღებული ძალა კვანტალიანმა წაიყვანა, მილიციის კურსანტები, რომლებიც იქ ჩაიხოცნენ, რადგან საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდათ.
_ თუ ჯარიც არ გვყავდა, შევარდნაძემ დახმარებაზე უარი რატომ თქვა, არ ენდო მათ თუ, უბრალოდ, ტერიტორიების დაბრუნება არ სურდა?
_ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ შევარდნაძე ის შევარდნაძე აღარ იყო, სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა. გარდა ამისა, შესაძლოა, ისიც ვიფიქროთ, რომ ეროვნული ძალები რუსის ხსენებისას აგრესიას ავლენდნენ, თუ გახსოვთ, პავლე გრაჩოვმა, რუსეთის თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა, შევარდნაძეს შესთავაზა გუმისთის გასწვრივ ერთი დივიზიის ჩაყენება, აფხაზები სოხუმში რომ არ შემოსულიყვნენ, და შევარდნაძემ უარი განუცხადა, რადგან ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ამ ინფორმაციას აგრესიით შეხვდა, მათ რუსის დახმარება არ სურდათ. ეს ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია, მაგრამ რეალური მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ შევარდნაძეს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება აღარ შეეძლო.
_ ხშირად მსმენია, რომ აფხაზეთი მიზანმიმართულად დავკარგეთ. აფხაზეთის ომის მონაწილეები ყვებიან, ავიღებდით ტერიტორიას და მეორე დღეს უკან დახევის ბრძანება მოგვდიოდაო…
_ გიყვებით ფაქტებს, ერთ სიტყვას არ ვამატებ, მკითხველმა დასკვნა თვითონ გამოიტანოს.
ჩანაწერები არსებობს, ახალს ვერაფერს ვიტყვი. შევარდნაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა: “ხალხო, მე დავკარგე აფხაზეთი, დავკარგე და მომკალით ამის გულისთვის”…
რაც სახელმწიფოში ხდება, ყველაფერზე პასუხს აგებს პირველი პირი. აფხაზეთის ომის გაჩაღებაში და მის დაკარგვაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი კიტოვანსაც და იმ ბანდფორმირებებსაც, რომლებიც იქ დარბოდნენ.
1992 წლის თებერვალში საქართველოს ჯარი აფხაზეთში პირველად შევიდა, მაშინ აფხაზებმა გაგვიშვეს და ფსოუმდე გავედით, ოღონდ გაურკვეველი მიზეზით უკან დაბრუნდნენ. შემდეგ მეორედ დააპირეს შესვლა და მხოლოდ შევარდნაძის დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან იქ შეცვივდნენ, ფაქტობრივად, ძარცვა-გლეჯვით. ამაში “მხედრიონი” და გვარდია ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. ვითომ რკინიგზას უნდა გაჰყოლოდნენ, მაგრამ ცენტრალურ გზას გაჰყვნენ, აიღეს გალი, ოჩამჩირე და, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. დამნაშავეა ყველა, მაგრამ პირველ პირს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება.
ხშირად მეკითხებიან: რა სხვაობაა სააკაშვილსა და შევარდნაძეს შორისო? შევარდნაძე ვაჟკაცი იყო, მაგრამ ბოლო ხანს აღარ ჰქონდა პოლიტიკური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. სააკაშვილი მშიშარაა, მაგრამ ავანტიურისტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გაბედულად იღებდა…
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
შევარდნაძე იყო კარიერისტი ის ყოველთვის მოსკოვს უსმენდა ამიტომ მას მოსკოვის გარეშე პუკის გაკეთებაც არ შეეძლო მან ჩაუყარა საფუძველი პირველმა ცხინვალის დაკარგვას რისი დამტკიცებაც დოკუმენტალურად შემიძლიამაგრამ არავის აინტერესებს თუ დაინტერესებულა ვინმე როგორ გახდა
პეზიდენტად სააკაშვილი ერთ სატელევიზიო გადაცემაში წამოცდა მე მინდოდა სწავლა უცხოეთში მაგრამ საქართველოდან მე ვინ გამიშვებდა მე წავედი ერევნიდანო ამერიკაში ის მუშაობდა საადვოკატო კანტორაში რომელიც სომხებს ეიკუთნოდა ერთი მათგანი კი პარტია დაშნაკ ცუცუნის პირწავარდნილი იდეოლოგია ამ პარტიის პროგრამა ისაა რაც სააკაშვილმა გააკეტა ვინმე თუ დაინტერესდა რატომ იყვნენ ცსკოში პოლიციაში არმიაში წამყვან პოსტებზე მხოლოდ შურტვაცები ანუ სომხები