Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშეც

ვალერი კვარაცხელია: საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშეც

ვალერი კვარაცხელია

ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს წევრმა დენიელ ფრიდმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველომ უფრო მეტად აგრესიული პოლიტიკა უნდა გაატაროს ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მისი თქმით, პოლიტიკური კურსი, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აიღო და რომლის უმთავრესი ამოცანაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, სწორია. ამიტომ საქართველომ ამ მიმართულებით სვლა უცვლელად უნდა განაგრძოს. ფრიდის განმარტებით, ამ გზაზე დამაბრკოლებელ ფაქტორად არ უნდა იქცეს ის, რომ აღნიშნული კურსი ოფიციალური მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს. საუბრის ბოლოს დიპლომატი წინა ხელისუფლების პერიოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო სააკაშვილის რეფორმები, განსაკუთრებით _ კორუფციისა და კრიმინალის დამარცხების კუთხით.

როგორც ხედავთ, ამერიკის შეერთებული შტატები, საკმაოდ მძიმეწონიანი სახელმწიფო მოხელის პირით, დაუფარავად მოუწოდებს საქართველოს, რომ განუხრელად განაგრძოს პოლიტიკური კურსი, რომელმაც ქვეყანა 2008 წლის აგვისტოში კატასტროფამდე მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მოვლენებამდე დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადებებს აკეთებდა კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა, ხოლო იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის _ კონდოლიზა რაისის ვიზიტს თბილისში ერთი თვის შემდეგ საომარი მოქმედებები მოჰყვა

რა მინიშნებებს შეიცავს ფრიდის რჩევა კურსის უცვლელობაზე, მომგებიანია კი ეს საქართველოსთვის და რეალურად რა ცვლილებებია საჭირო საგარეო პოლიტიკაში? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ექსპერტი ვალერი კვარაცხელია.

_ ბატონო ვალერი, ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი თვლის, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელად უნდა განაგრძოს. როგორ ფიქრობთ, ლოგიკურია ეს განცხადება და არის კი ეს ჭეშმარიტად კეთილისმსურველი მეგობრისა თუ პარტნიორის რჩევადარიგება?

_ საზოგადოდ, მსგავსი შინაარსის მოწოდებები ძველი ტექსტების გადამღერებაა. იმის გასააზრებლად, არის თუ არა ეს ქართველი ერის ინტერესებში, უნდა გავაანალიზოთ, რა მოგვცა ამ გზაზე სიარულმა ბოლო 25 წლის განმავლობაში. რა გვქონდა და რა გვაქვს? ფაქტია: უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც საქართველომ ვითომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ რეალურად აირჩია არა დამოუკიდებლობის, არამედ დასავლეთთან ინტეგრირების, ამერიკის შეერთებულ შტატებთანსტრატეგიული პარტნიორობისადა ნატოს წევრობის გზა. ეს რომ ასეა, მოწმე თვითონ ვარ, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას მელაპარაკებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, ანუ ეს გზა არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ, ეს დაიწყო მაშინ, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველომ ვითომ მოიპოვა ნანატრი დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება შედეგს, რა მივიღეთ ამ 25 წლის განმავლობაში, რაში მივაღწიეთ რეალურად წინსვლასა და წარმატებას, ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს? _ არ გვაქვს, საქართველო დაშლილია სამ ნაწილად. ეკონომიკური აღმავლობააღორძინება გვაქვს? _ არა. აშკარაა ეკონომიკური ნგრევა, კოლაფსი და ქაოსი. იქნებ, სულიერი თვალსაზრისით გვაქვს წინსვლა? _ არანაირი, ერი დეგრადირებულია და გადაგვარების გზაზეა. დემოგრაფიულად რამე დადებითი ტენდენცია შეინიშნება? _ პირიქით, ამ თვალსაზრისით სრული კატასტროფაა. აი, ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ და, ამ რეალობიდან გამომდინარე, უნდა გამოვიტანოთ დასკვნა: სწორია თუ არა გზა, რომელიც ავირჩიეთ. ყველაფერ ამას სწორად თუ გავაანალიზებთ, უნდა დავასკვნათ, რომ ჩვენ მივდივართ აბსოლუტურად არასწორი გზით; ეს გზა და პოლიტიკა დასავლეთის მიერ თავსმოხვეულია იმისთვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, გამოიყენოს რუსეთის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად, ხოლო, რას მოგვიტანს ეს _ აგვაშენებს თუ გაგვანადგურებს, დასავლეთს არ აინტერესებს.

_ ცხადია, ასეთ რჩევებსა თუ მოწოდებებს ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ვინ უნდა გასცეს პასუხი _ დღევანდელმა ხელისუფლებამ?

_ რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, მაგრამ ეს ხელისუფლება არ არის საქართველოს ხელისუფლება. ისევე, როგორც წინამორბედი ხელისუფლებები, ესეც გარედან თავსმოხვეული ძალაა, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ ერთი პრინციპით: რაც შეიძლება უკეთ შეასრულოს ამერიკის დირექტივები. ამიტომ ქართველი ხალხი უნდა შეეცადოს, მალე სხვა ხელისუფლება ჰყავდეს. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ჩემი აზრით, არჩევნების გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ბურჟუაზიული არჩევნები ყოველთვის ერთი შედეგით მთავრდება _ ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმარჯვებს კაპიტალის მფლობელი კლასის ინტერესები, ანუ ის აურზაური და გაწევ-გამოწევა, რომელიც ატეხილია არჩევნების წინ _ ეს ავირჩიოთ თუ ის, სრული უაზრობაა, ვინაიდან ამით თვისებრივად არაფერი შეიცვლება, ვინც უნდა მოვიდეს, შედეგი იქნება ის, რომ ერთ იდიოტურ სიფათს შეცვლის მეორე, მაგრამ უსამართლობის პრინციპზე აგებული სისტემა ხელუხლებელი დარჩება.

_ საფრთხეებზეც ვისაუბროთ. ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებებმა, რომ საქართველო პრინციპული უნდა ყოფილიყო ევროატლანტიკურ არჩევანში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიგვიყვანა. დღესაც, ფაქტობრივად, ანალოგიურ რიტორიკას ვისმენთ. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი შეიძლება ისევ რუსეთსაქართველოს შორის ღია კონფრონტაციაზე იყოს გათვლილი და თუ არსებობს დღეს ამ დაპირისპირების დაწყების საფრთხე?

_ 2008 წლის აგვისტომდე ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ რუსეთთან საომარ დაპირისპირებაში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ ეს მოხდა. ამასთანავე, ბევრი რამ მოხდა ისეთი, რასაც ვერავინ იფიქრებდა და ეს ყველაფერი, ჯამში, ერთი დასკვნის საფუძველს გვაძლევს: იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, სრულიად ადვილი წარმოსადგენია, რომ საქართველო აღმოჩნდეს სხვა ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშეც და ამისთვის ჩაგვითრიონ რომელიმე საომარ მოქმედებაში. საერთოდ, ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ, არა თუ სხვის შეცდომებზე, საკუთარზეც ვერაფერს ვსწავლობთ. ამან მიგვიყვანა 2008-ში საომარ მოქმედებამდე და მომავალშიც გამორიცხული არაფერია. მით უფრო, რომ კონფრონტაცია რუსეთ-ამერიკას შორის დღითიდღე იზრდება და, იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეიძლებოდა დამთბარიყო ამ ქვეყნების ურთიერთობა, ყველაფერი პირიქით ხდება.

_ თქვით, რომ 25-წლიანმა პროდასავლურმა პოლიტიკამ საქართველოს კატასტროფა მოუტანა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული თუ სხვა თვალსაზრისით. ეს ყველაფერი აისახება საზოგადოების განწყობაზე? დღეს რეფერენდუმი რომ ჩავატაროთ, გვინდა თუ არა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, საზოგადოების რა ნაწილი იქნება მომხრე ან მოწინააღმდეგე?

_ რეფერენდუმი უკვე ჩატარდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მაგრამ, ვფიქრობ, ამ რეფერენდუმს რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. იმიტომ, რომ არჩევნების მსგავსად ეს რეფერენდუმიც გააყალბეს, და კიდევ იმიტომ, რომ იმ გაშმაგებული პროდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ფონზე, რომელიც საზოგადოების დაბრმავებას ემსახურება, როგორ უნდა გამოიტანოს ხალხმა სწორი დასკვნა? სად არნახული ზეწოლისა და წნეხის პირობებში გაკეთებული დასკვნა და სად მართლა თავისუფალ გარემოში გაკეთებული? ამას ორმაგი გაყალბება ჰქვია. პროპაგანდის დონეზე წინასწარი გაყალბება და უშუალოდ არჩევნების (რეფერენდუმის, პლებისციტის) გაყალბება.

სანამ რეფერენდუმს ან პლებისციტს ჩავატარებთ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, ჯერ ეს საკითხი უნდა დამუშავდეს, ანუ კომპეტენტური პირები უნდა განიხილავდნენ და მედიით უნდა მიდიოდეს საზოგადოების გაცნობიერება. საკითხის პლუსებსა და მინუსებს, მოსალოდნელ დადებით და უარყოფით შედეგებს პროფესიონალი სპეციალისტები საჯაროდ უნდა განიხილავდნენ, რათა ფართო საზოგადოებას საქმის არსში წვდომის საშუალება მიეცეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს აზრი არჩევნებსაც და რეფერენდუმსაც, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვექნება საზოგადოების ნების ჭეშმარიტი გამოვლინება. სამწუხაროდ, ჩვენთან პირიქით ხდება _ ჯერ აბრმავებენ საზოგადოებას, თვალში ნაცარს აყრიან, დეზინფორმაციით კვებავენ და მხოლოდ ამის შემდეგ უსვამენ შეკითხვას, _ ეს გინდა თუ ისო. ასეთ შემთხვევაში არჩევნების თუ რეფერენდუმის პროცესი და შედეგი რომც არ გაყალბდეს, ის მაინც ყალბი გამოდის, თუმცა ერთი რამ მაინც უნდა ითქვას: იმ გაშმაგებული პროდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის, მე ვიტყოდი, ფსიქიკასა და ცნობიერებაზე ვერაგული ძალადობის ფონზე, რომელსაც ჩვენი მედია, ძირითადად, ტელევიზიები ახორციელებს, თვით ენდიაის გამოკითხვითაც კი მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყნის ერთადერთი ხსნა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაა. ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში გაცილებით მეტი ფიქრობს ასე, გაცილებით მეტ ადამიანს მიაჩნია გამოსავლად ჩრდილოელ მეზობელთან პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ არჩევნების შედეგებზე ეს არ აისახება. რატომაც არ აისახება, გასაგებია…

_ ანტიდასავლური განწყობების მატებას თქვენ მიერ ნახსენები მედია კრემლის პროპაგანდით ხსნის. როგორ ფიქრობთ, არის კი დღეს საქართევლოში რუსული პროპაგანდა?

_ მე და თქვენ ხომ ვართ ჟურნალისტები? ჩვენ მხოლოდ ფასადის მხრიდან ხომ არ ვიცნობთ მედიას? მოდი, ერთმანეთს შევეკითხოთ: სად ხედავთ ამ რუსულ პროპაგანდას? მე ან თქვენ თუ რუსულქართული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, რუსეთის პროპაგანდისტები ვართ? თვითონ 24 საათის განმავლობაში აშშზე, ნატოსა და ევროკავშირზე ლაპარაკობენ და პროპაგანდისტები არ არიან? არანაირი რუსული პროპაგანდა დღეს საქართველოში არ არსებობს და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მე ვხედავ მხოლოდ აღვირახსნილ, უსინდისო და უკიდეგანო ამერიკულდასავლურ პროპაგანდას, რომელმაც ეს ქვეყანა დაშალა და სრულ კატასტროფამდე მიიყვანა. ამის ფონზე კიდევ რუსეთის აგენტებსა და პროპაგანდისტებზე რომ ლაპარაკობენ, ეს არის ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება, მაგრამ მათ მონოპოლიზებული აქვთ საინფორმაციო და პროპაგანდისტული ველი და, ფაქტობრივად, არც ეშინიათ, რომ ვინმე ამხელს. აი, რას ნიშნავს, როცა მთელი ძალაუფლება გადასულია ერთი ჯგუფის ხელში და ამ ჯგუფს ყველაფერი გასდის. აი, რას ნიშნავს, როცა ქვეყანა ხელში ჩაგდებული აქვთ გარედან მართულ პოლიტიკურ ყაჩაღებს, რომელთა უპირველეს საზრუნავსაც პირადი კეთილდღეობა წარმოადგენს ხალხისა და სახელმწიფოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ხარჯზე.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here