Home რუბრიკები ისტორია ერთად აღმოსავლეთის ომებში

ერთად აღმოსავლეთის ომებში

ალექსანდრე ჭავჭავაძე

მეცხრამეტე საუკუნეში დიდი სახელმწიფოების ინტერესები ახალი ძალით დაუპირისპირდა ერთმანეთს. ამ დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ავსტრია, ირანთურქეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც თავიანთი მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალი გზების ძიებას შეუდგნენ.

ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი იყო 1826 წელს გაჩაღებული რუსეთირანის ომი, მაგრამ ისტორიული ქართული ტერიტორიების შემოერთების პროცესი უშუალოდ უკავშირდება რუსეთსა და თურქეთს შორის 1806-1812 და 1828-1829 წლებში წარმოებულ საომარ ოპერაციებს. საქართველომ, მართლმადიდებელი რუსეთით ზურგგამაგრებულმა, ოსმალოს, თურქსა თუ სპარსს მწარედ აზღვევინა საუკუნეების განმავლობაში მიყენებული ზიანისთვის. აღმოსავლეთის ომებში რუსებმა და ქართველებმა ერთად არა ერთხელ დააჩოქეს მართლმადიდებლური სამყაროს დაუძინებელი მტრები.

წერილი II

თურქეთთან ომში

უმძიმესი ოსმალური უღელი სამასი წელიწადი ედგა სამცხე-ჯავახეთს, სრულიად მესხეთს, აჭარას. და იყო მარადიული ფიქრი, წუხილი და ოცნება გათიშულ ღვიძლი ძმების ხელახალი გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის.

1806-1812 წლებში თურქეთთან ომში უშედეგოდ დასრულდა სადავო, თურქთა მიერ “ახალციხის საფაშოს” სახელით მონათლული ართული მიწების შემოერთების მცდელობა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 1828 წლის 14 აპრილს ახალი ომი დაიწყო რუსეთსა და თურქეთს შორის. მაისში ბალკანეთის მიმართულებით შეუტიეს რუსებმა; ივნისში ამიერკავკასიაში, სამხრეთ საქართველოში გაიხსნა ფრონტი.

ყარსის ციხისკენ მიეშურებოდნენ რუსული ლეგიონები. მოწინავეთა რიგებში კვლავ ქართველი მხედრები იყვნენ. სამდღიანი მძაფრი იერიშების შემდეგ, 1828 წლის 23 ივნისს, რუსებმა და ქართველებმა ყარსი აიღეს. გამარჯვებულებმა ციხე-ქალაქის დამცველი ემინ-ფაშა, თავისი შტაბით, ტყვედ აიყვანეს.

15 ივლისს რუსებმა და ქართველებმა აიღეს ფოთი. ქართველთა და რუსთა ჯარებმა 24 ივლისს დაიკავეს ახალქალაქი და ახალციხისკენ გაემართნენ, სადაც უმაღლეს მეჩეთზე ნახევარმთვარე იყო აღმართული _ ქრისტიანთათვის ოსმალური წყვდიადის სიმბოლო. მას 40 000-იანი თურქული გარნიზონი იცავდა. მოიერიშე რუსთა და ქართველთა მოთხოვნაზე, დაეცალათ ციხე-ქალაქი, თურქული ციხიონის მეთაურმა საპასუხოდ გადმოსძახა: “ჯერ ციდან მთვარე ჩამოხსენით და მერე _ ახალციხის მეჩეთიდან ნახევარმთვარეო”.

რუსებმა და ქართველებმა იერიში მიიტანეს ახალციხეზე და 16 აგვისტოს აიღეს, ნახევარმთვარეც ჩამოაგდეს და, მის სანაცვლოდ, გამარჯვებულმა ქრისტიანებმა ჯვარიც აღმართეს. იყო ზეიმი და სიხარული, განსაკუთრებით ქართველთა გულში

ახალციხის შემდეგ გამარჯვებულებმა ზედიზედ გაათავისუფლეს არტაანი და აწყური.

28 აგვისტოს ალექსანდრე ჭავჭავაძემ აიღო ბაიაზეთი და ბაიაზეთის მთელი საფაშო.

ჯარების რჩენა მთელი სიმძიმით ქართველ ხალხს დააწვა მხრებზე. “თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ხალხმა, _ წერდა რუსი პოეტი ალექსანდრე გრიბოედოვი, _ 1826 წლიდან დღემდე (1828 წლის სექტემბრამდე) იმდენი პური, საქონელი და ა.შ. დახარჯა თავისი ქონებიდან, რაც თავისუფლად შეეძლო ერთ რუსეთის ყველაზე აყვავებულ ოლქს, რამდენადაც მოსახლეობითა და ტერიტორიის სიდიდით რუსეთის გუბერნიებიდან საქართველო მხოლოდ სამი მაზრის ტოლია”.

თეირანში გრიბოედოვის მკვლელობამ და რუსეთ-სპარსეთის ურთიერთობათა გართულებამ ოსმალეთს იმედი ჩაუნერგა და გაათამამა. ხონთქარმა 1829 წლის თებერვალში ახალი ჯარები დასძრა ახალციხისა და ქობულეთისკენ. მაშინ ქართველებმა საკუთარი ენთუზიაზმით ახალი ლაშქარი შეკრიბეს და მტერს გაეგებნენ. ორგან: ქობულეთის ახლოს _ ლიმანთან და კინტრიშთან გურულებმა გმირობის სასწაულები აჩვენეს. ლიმანთან, 5 მარტს, 12 000 რუსის გვერდით 1300 ქართველი იბრძოდა. მათ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

1829 წლის 27 ივნისს, თვით პასკევიჩის სარდლობით, რუსებმა და ქართველებმა აიღეს მცირე აზიის აღმოსავლეთი კარიბჭე _ დიდი და ძველი ციხექალაქი არზრუმი. არზრუმს მოჰყვა დაცემა ბაიბურთისა, გიუმიშხანესი და უკვე ტრაპიზონისკენ სალაშქრო გზაზე შემდგარიყვნენ გამარჯვებულნი. 1829 წლის აგვისტოში ქართულმა ჯარებმა მწარე მარცხი აგემეს თურქებს მუხაესტატესა და კინტრიშთან. მუხაესტატესთან ქართველებმა და რუსებმა სრულად გაანადგურეს თურქთა მხედრობა. ახალციხისკენ წამოსული 20000-იანი თურქული არმიაც განადგურდა.

ამასობაში გენერალმა გესემ გაილაშქრა ბათუმსა და აჭარაში ჩარჩენილ თურქთა წინააღმდეგ, მაგრამ მისი ეს “დამოუკიდებელი წიაღსვლა” უშედეგოდ დამთავრდა და აჭარა კვლავ ოსმალეთის ხელში ჩარჩა. გესეს ისიც ვერ შეეტყო, რომ ზავი უკვე შეკრული იყო და 15 სექტემბერს ციხისძირთან გამართულ ბრძოლაში 650 მებრძოლი ტყუილუბრალოდ შეაკლა მტერს.

ზავი კი რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას (თურქეთი) შორის 1829 წლის 14 სექტემბერს ქალაქ ადრიანოპოლში დაიდო, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომი.

ადრიანოპოლის ხელშეკრულება ადასტურებდა თურქეთის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ქვეშევრდომთათვის თავისუფალი ვაჭრობის უფლებას, რუსეთის ქვეშევრდომები თურქეთის ტერიტორიაზე სარგებლობდნენ სასამართლო იმუნიტეტით. ასევე, თურქეთი უზრუნველყოფდა რუსეთისა და უცხოური სავაჭრო გემების თავისუფალ გასვლას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. თურქეთმა 18 თვის განმავლობაში კონტრიბუციის ვალდებულება აიღო (1,5 მილიონი ჰოლანდიური მანეთი).

1829 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით რუსეთმა თურქეთს წაართვა უძველესი ქართული ქალაქები ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი, ასევე ათი რაიონი სამცხესაათაბაგოში: ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, აწყურის, ხერთვისის, ქვაბლიანის, აბასთუმნის, ჩაჩარანის, ფოცხოვის და ჩალდირის.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ უზარმაზარი ქართული ტერიტორიისა, რომელიც თურქეთმა მიითვისა XVI საუკუნეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here