ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ გაიმართოს, გამოკითხულთა 27% მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა. 24%-მა განაცხადა, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 15%-მა _ არ იცის (გამოდის, რომ არც ამ 15 %-ს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია პოლიტიკური სპექტრისადმი, არ ჰყავს ფავორიტი პოლიტიკური ძალა და, შესაბამისად, ეს 15%, ძირითადად, პასიური ამომრჩეველია), 13%-მა კი უარი განაცხადა, ეპასუხა.
როგორც ხედავთ, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ გაიმართოს, პოლიტიკურ ავანსცენაზე მყოფ არც ერთ ძალას გამოკითხულთა 24 % ხმას არ მისცემს, ის 15%-იც, რომელმაც არ იცის, ვის მისცეს ხმა, მივა კი საერთოდ საარჩევნო ყუთთან? და, თუ მივიდა არჩევნებზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი არც ეს 15% არ არის. არც ის 13%-ია, სავარაუდოდ, არც ერთი პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი, რომელსაც დასმულ შეკითხვაზე, პასუხად უარი ჰქონდა. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ციფრებს დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ ენ-დი-აი-ს მიერ გამოკითხულთა 52% (რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია) დღეს ქვეყანაში მოქმედ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ენდობა და, შესაბამისად, არც რომელიმე მათგანის ამომრჩეველია. ეს მოცემულობა კი ქმნის აუცილებლობას, ქვეყანაში გამოჩნდეს ახლი პოლიტიკური ძალა. ფაქტია: სახეები, რომლებსაც პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ (ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის თუ ხელისუფლებასთან კოაბიტაციაში მყოფი ოპოზიციის) საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. მიზეზი მრავალი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველ რიგში, უკვე საქილიკო თემად ქცეული კოაბიტაციაა. საზოგადოების ნიჰილიზმისა და უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დიქტატორული მმართველობის მსხვერპლთათვის ვერა და ვერ აღდგა სამართლიანობა. უნდობლობის კიდევ ერთი მიზეზი მნიშვნელოვნად გაუარესებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობაცაა. ამომრჩეველი უკეთესი ცხოვრების იმედით “ქართული ოცნების” გამარჯვებაზე და საოცნებო მეოთხე წელიწადზე ოცნებობდა, ხოლო მიიღო მომატებული ტარიფები, გაუფასურებული ლარი, მომატებული ფასები და მილიარდერი მოქალაქის კიდევ რამდენიმე ასეული მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი. საზოგადოების იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალიც შეიძლება იყოს, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სრულიად გაუგებარი და უსახური წარმართვაც. მოკლედ, ფაქტია, რომ ჩამოთვლა იმ მიზეზებისა, რომლებმაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნდობა დააკარგვინა, შორს წაგვიყვანს. ისიც აშკარაა, რომ ენ–დი–აი–ს მიერ გამოკითხულთა 52% პოტენციური ამომრჩეველი შეიძლება იყოს ახალი პოლიტიკური ძალისა, თუკი ასეთი გამოჩნდება ქართულ პოლიტიკაში. თვით ის ფაქტი, რომ ენ-დი-აი-მაც ვერ გაბედა ამ კონკრეტულ მოცემულობაში გამოკითხულთა განწყობის შელამაზება, გამოკითხვის შედეგებსა და ამ თვალსაზრისით ქვეყანაში უნდობლობით გამოწვეულ კრიზისს კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის. ამ საგანგაშო ვითარებამ, პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა უნდა დააფიქროს. კვლევის ეს შედეგები მნიშვნელოვანი გზავნილია პარტიებისადმი.
ენ-დი-აი-ს კვლევაში კითხვა საქართველოს ევროკავშირში შესვლასაც შეეხებოდა. რესპონდენტებს შეკითხვები რამდენიმე მიმართულებით დაუსვეს და, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სულ უფრო იკლებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. ამასთანავე, იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანება სურთ. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ერთ მესამედს ისევ რუსეთთან ერთად უნდა ყოფნა. ენ-დი-აი-ს მიერ ჩატარებული კვლევის აღნიშნულ შედეგებს პროდასავლური ორიენტაციის მქონე არასამთავრობოების წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები რუსულ პროპაგანდას მიაწერენ, თუმცა ცხადია, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ პროდასავლური თუ პროამერიკული პროპაგანდისთვის საქართველოში დასავლეთი მილიონებს რიცხავს (როგორც კვლევები ადასტურებს, არცთუ გამართლებულად) და, რაც მთავარია, უცნობია პასუხი კითხვაზე _ ვის დაუჭერს მხარს გამოკითხულთა 52 პროცენტი, რომელსაც სადღეისოდ არ ჰყავს ფავორიტი პოლიტიკური ძალა, ანუ რომლისთვისაც ერთნაირად მიუღებელია როგორც ხელისუფლებაში მოკალათებული, ძირითადად, “ნაცმოძრაობის” გადმონაშთებისგან დაკომპლექტებული “ქართული ოცნებაც” და “ნაცმოძრაობის” ნამსხვრევებისა და 3-პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე, უპერპექტივო, მედასავლეთე პარტიებისგან შეკოწიწებული ოპოზიციაც?
არადა, დღის წესრიგის მთავარი საკითხი სწორედ ეს არის _ ენ-დი-აი-ს კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოება ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. მეტიც ამ ციფრებზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას _ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამოჩენა საზოგადოების შეკვეთაა და მას სოლიდური ელექტორატი ელოდება.
გიორგი გელაშვილი