Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპული განათლების სისტემა ღრმა კრიზისშია, ჩვენ კი ამ სისტემას უაპელაციოდ ვნერგავთ

ევროპული განათლების სისტემა ღრმა კრიზისშია, ჩვენ კი ამ სისტემას უაპელაციოდ ვნერგავთ

ევროპული განათლების სისტემა ღრმა კრიზისშია, ჩვენ კი ამ სისტემას უაპელაციოდ ვნერგავთ

გერმანია ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან, რომელშიც აღმოჩნდა მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო პროგრამით (Programme for International, Student Assessment, PISA) გათვალისწინებული პირველი ტესტის შედეგების გამო. ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მოსწავლეთა განათლების დონე საშუალოზე დაბალია, მაგალითად, 15 წლის მოსწავლეები დაწყებითი კლასების მოსწავლეების დონეზე კითხულობენ ტექსტს და ვერ იგებენ წაკითხულის შინაარსს. აღსანიშნავია, რომ გერმანულ სკოლებში არ ტარდება ლიტერატურის გაკვეთილები. გიმნაზიებშიც კი ბავშვები მხოლოდ ორ თხელ წიგნს კითხულობენ წელიწადში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მოსწავლეებს არ აქვთ კითხვის გამოცდილება და ტექსტების გაანალიზების უნარი.

ტესტის სამწუხარო შედეგები გამოიწვია ორგანიზაცია OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის) რეკომენდაციით განხორციელებულმა რამდენიმე რეფორმამ, რომელთა არსი განათლების მიღების სისტემიდან კომპეტენციის მიღების სისტემაზე გადასვლაა. საკითხმა იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს განათლება, გერმანელი საზოგადოება ორ ბანაკად გაყო.

კომპეტენციის შესწავლის ერთ-ერთი მომხრე, განათლების სამინისტროსთან ერთად, არის ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი რიხარდ დევიდ პრეხტი. ის ამტკიცებს, რომ ბავშვი სკოლაში ნასწავლი მასალის ნახევარზე მეტს ივიწყებს, ამიტომ ასეთი მასალა არ უნდა ისწავლებოდეს. ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ სკოლებში საგანმანათლებლო მიზნით გოოგლე-ს საძიებო სისტემის გამოსაყენებლად აუცილებელია საბაზისო ცოდნა, სხვაგვარად ადამიანი, უბრალოდ, დაიკარგება ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში.

პრეხტს, აგრეთვე, მიაჩნია, რომ სკოლაში მასწავლებლის როლი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. პედაგოგმა მასალა ისე არ იცის, როგორც იციან მეცნიერებმა და უნივერსიტეტის მასწავლებლებმა, ამიტომ მათი მოსმენა არ ღირს. გაცილებით სასარგებლო იქნება საჭირო თემაზე ვიდეოს ნახვა Youtube-ში. ასეთ პოზიციაში აშკარად ჩანს დიდი IT-კონცერნების იდეოლოგიის გავლენა.

კონრად ლისმანი

კონრად ლისმანი _ ავსტრიელი ფილოსოფოსი, პროფესორი, ფილოსოფიისა და ეთიკის მასწავლებელი ვენის უნივერსიტეტში, განათლების სისტემის ახალი რეფორმების გააფთრებული კრიტიკოსია გერმანულენოვან ქვეყნებში: გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. მისი აზრით, ახალი რეფორმებით შეიძლება კომპეტენციის მიღება, მასწავლებლის როლი კი დეგრადირებულია პედაგოგის თავდაპირველ განსაზღვრებამდე ძველ საბერძნეთში, სადაც პედაგოგს უწოდებდნენ მონას, რომელსაც უნდა ეზრუნა 7 წლის ბიჭებზე _ წაეყვანა ისინი სკოლაში და დაეცვა, გზაზე რამე რომ არ შემთხვეოდათ. არადა, მასწავლებელი, ლისმანის აზრით, თამაშობს უზარმაზარ როლს საგანმანათლებლო და აღმზრდელობით პროცესში.

სკოლაში მიღებული საბაზისო ცოდნა აფართოებს თვალსაწიერს და ადამიანი შეჰყავს სხვა სამყაროში. როგორც ცნობილი გერმანელი მოაზროვნე ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი მიიჩნევდა, ადამიანს, რომელმაც მიიღო კარგი განათლება და ისწავლა ფიქრი, შეუძლია სწრაფად აითვისოს ახალი პროფესია.

Youtube-ში შეიძლება მოიძებნოს ბევრი საინტერესო ლექცია, მაგრამ ეს ცალმხრივი აღქმაა, ასეთი სწავლებისას სრულიად გამორიცხულია დისკუსია და აზრის გაცვლა-გამოცვლა. შეიძლება მოისმინო უამრავი ლექცია ამა თუ იმ თემაზე და მათი აზრი ვერ გაიგო. მასწავლებელს კი შეუძლია, მოსწავლეს უკარნახოს, რომელ ლექციას მოუსმინოს და რომელი წიგნი წაიკითხოს. ცნობილი ფაქტია, რომ Youtube პლატფორმას მომხმარებელი ჰყავს .. საინფორმაციო ბუშტში, როცა მას სთავაზობს ვიდეოებს მსგავს თემებზე და ხშირად ერთი და იმავე თვალსაზრისით.

კომპეტენციის განსაზღვრება საკმაოდ აბსტრაქტულია. თუ ერთი ადამიანი თავს სხვაზე კომპეტენტურად მიიჩნევს, ეს მსჯელობა საკმაოდ სუბიექტურია. მაგალითად, შვეიცარიის დაწყებითი კლასების სასწავლო გეგმის თანახმად, 6-დან 12 წლამდე მოსწავლეებმა 4500 კომპეტენცია უნდა აითვისონ. სასწავლო საათების გაანგარიშებით გამოდის, რომ თითოეული კომპეტენციის ასათვისებლად მოსწავლეს აქვს მხოლოდ 2 წუთი, რა შეიძლება აითვისოს მოსწავლემ 2 წუთში?

“ასე შეიძლება ნებისმიერი მოქმედება დავიყვანოთ კომპეტენციამდე. მაგალითად, ბავშვმა დროის რაღაც მონაკვეთში შეიძლება ყურადღება გაამახვილოს მასწავლებელზე, როცა ის ლაპარაკობს. უნარი მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი, რომ მას კომპეტენცია ვუწოდოთ”, _ ამბობს ლისმანი. წიგნში “უვიცობის თეორია: საზოგადოების შეცდომები ცოდნაში” ის წერს, რომ ინფორმაცია არ უნდა ავურიოთ ცოდნაში. ინტერნეტში გამოქვეყნებული ზოგიერთი სტატიის ზედაპირული წაკითხვით შეუძლებელია საგნის ღრმად გაგება. შეუძლებელია, საბაზისო ცოდნის მიღების გარეშე განისაზღვროს, სტატია სერიოზულია თუ ის არის ფეიკი და ჩვეულებრივი პროპაგანდა. აქედან გამომდინარე, თანამედროვე საზოგადოება არ არის განათლებული, ის არის ინფორმაციისა და მონაცემების საზოგადოება.

განათლების დაყვანა მხოლოდ კომპეტენციების დაუფლებაზე კლავს ძირითად მიზანს _ განვითარებას პიროვნებისა, რომელიც მზად იქნება, არა მხოლოდ თავისი წვლილის შესატანად მეცნიერების, ხელოვნების და, საერთოდ, ცივილიზაციის განვითარებაში, არამედ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად თავის საქციელზე კაცობრიობის წინაშე, ამიტომ სკოლის მოსწავლეებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის, არამედ ლიტერატურის, ისტორიის, ფილოსოფიის, მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილები.

გაუაზრებელი რეფორმები

გერმანული განათლების სისტემის საკითხებში ყველაზე გამაღიზიანებელია ორი იტალიური სიტყვა _ ეს არის ბოლონია (ბოლონიის დეკლარაცია 1999 წლის) და უკვე ხსენებული PISA (Programme for International, Student Assessment). ეს აბრევიატურა თანახმიანია სახელწოდების იტალიური ქალაქისა პიზა. 1999 წელს ბოლონიის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ დიდი გავლენა იქონია გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში გატარებულ რეფორმაზე. რეფორმის მიზანია ევროპაში უმაღლესი განათლების სისტემის სტანდარტიზაცია, რათა სტუდენტებს შეეძლოთ ერთი ქვეყნის უნივერსიტეტიდან მეორეში თავისუფლად გადასვლა, აგრეთვე, აღიარებული იყოს მათი დიპლომები და კვალიფიკაცია.

შედეგად, გერმანიაში შემოიღეს ბაკალავრიატისა (სამწლიანი სწავლება) და მაგისტრატურის (ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ 2-წლიანი სწავლება) სისტემა. ამის გამო უმაღლესი განათლების სისტემის დონე, გერმანელი პროფესორების აზრით, მკვეთრად დაეცა, სტუდენტების რაოდენობამ კი, რომლებმაც სწავლა მიატოვეს, მკვეთრად მოიმატა.

უნივერსიტეტმა უნდა მოამზადოს მეცნიერები და ჩაატაროს კვლევები, რეფორმების შედეგად კი უნივერსიტეტი უმწიფარი სპეციალისტების მომზადების კონვეიერად გადაიქცა. არასაკმარისი დაფინანსების გამო მაგისტრატურაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ სტუდენტების დიდი ნაწილი ბაკალავრის დიპლომით კმაყოფილია. ლაპარაკი არ არის სწავლის გაგრძელების სურვილზე _ მხოლოდ 10% განაგრძობს სწავლას ევროპის სხვა ქვეყნების სასწავლებლებში.

სკოლებში განხორციელებული მრავალრიცხოვანი რეფორმებიდან ერთერთი იყო გიმნაზიებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება 1 წლით. ადრე სწავლობდნენ 9 წლის განმავლობაში, ახლა _ 8 წელი, მაგრამ გაკვეთილებისთვის განკუთვნილი საათების რაოდენობა არ შეცვლილა. შედეგად ბავშვები სკოლაში უფრო დიდხანს არიან, ვიდრე მათი მშობლები სამსახურებში. გაკვეთილებზე უფრო მეტი დრო ეთმობა პრეზენტაციებს PowerPointში (პრეზენტაციის მომზადების პროგრამა), ვიდრე წიგნის კითხვას და ცოდნის მიღებას. სკოლებში, აგრეთვე, დაიწყეს მრავალრიცხოვანი ტესტების ჩატარება, თითქოს სასკოლო განათლების მიზანი ამ ტესტების კითხვებზე პასუხების გაცემა იყოს.

აღსანიშნავია, რომ ტესტების მომზადება და ჩატარება გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ფინანსდება. მსოფლიოში სკოლის მოსწავლეთა ტესტირების აუცილებლობა, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა აზრით, ძალიან საეჭვოა. გლობალიზაცია და სტანდარტიზაცია არ იწვევს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ის მხოლოდ ამდიდრებს ტესტების მომზადებისა და ჩატარების ინდუსტრიას.

ციფრული ტექნოლოგიები სკოლებში

2019 წლის დასაწყისში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში ციფრული ტექნოლოგიების დასანერგავად 5 მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე. ეს ფული უნდა დახარჯულიყო სწავლებისთვის განკუთვნილი ციფრული საშუალებების შესაძენად. გერმანელი ნეირობიოლოგები შიშობენ, რომ სკოლების ე.წ. გაციფრულებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვის ტვინზე. მაგალითად, ნეირობიოლოგი, პროფესორი გერტრაუდ ტოიშერნუდტი ამტკიცებს, რომ 14 წლამდე ბავშვების მიერ სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს კავშირი (სისტემა 1 და სისტემა 2 _ კინემანის მიხედვითიფიქრე ნელა, გადაწყვიტე სწრაფად”) აზროვნების სწრაფ ინტუიციურ და ნელ რაციონალურ სისტემებს შორის.

წახალისების სისტემის წყალობით, რომელიც გამოიყენება ციფრული მოწყობილობებით მუშაობისას (ე.წ. სმაილიკები და სხვა წამახალისებელი სიმბოლოები), აგრეთვე, სურათებისა და ინფორმაციის სწრაფი ცვლილების შედეგად, ბავშვის ტვინში ირღვევა ბიოქიმია და დროისა და სივრცის აღქმა. ბავშვი კარგავს აზროვნებას და ერთ საქმეზე დიდხანს კონცენტრირების უნარს, მაგალითად, გრძელი ტექსტების კითხვის. ნეირობიოლოგ ტოიშერ-ნუდტის აზრით, რაღაც მომენტში სწრაფ ინტუიციურ და ნელ რაციონალურ აზროვნებებს შორის კარი სამუდამოდ დაიხურება და მივიღებთ იდიოტების თაობას.

ასეთი შინაარსის განცხადებები სრულიად არ აღელვებს განათლების სამინისტროს. საგანმანათლებლო რეფორმის ჩატარებისას არასოდეს ითვალისწინებენ იმ მასწავლებლებისა და აღმზრდელების აზრს, რომლებიც ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდას ცდილობენ. იმ კორპორაციების აზრისგან განსხვავებით, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში (როდესაც ბევრი ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება შეუძლია მანქანებს) დაინტერესებულნი არიან ისეთი მომხმარებლების აღზრდით, რომლებსაც ყველაზე მეტი, რაც შეეძლებათ, არის ის, რომ წაიკითხონ რომელიმე საგნის ექსპლუატაციის ინსტრუქცია.

ონლაინგაზეთ Deutschlandfunk-ში ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში იყო ცნობა იმის შესახებ, რომ 30-დან 20 გერმანული DAX-კორპორაცია ((Deutsher Altienindex _ გერმანიის უმნიშვნელოვანესი საფონდო ინდექსი) სპონსორია სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებისა და სასკოლო სახელმძღვანელოებისა, რომელთა შინაარსსაც არავინ ამოწმებს.

ცნობილი 4კ: კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, კომუნიკაცია და კოოპერაცია.

ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია მტკიცება იმისა, რომ სწრაფად ცვალებადი მსოფლიოსთვის აუცილებელია განსაკუთრებული განათლება. ორგანიზაცია OECD-I, დიდი კომპანიების ზეგავლენით, ამერიკული განათლების პროპაგანდას ეწევა ევროპაში. გერმანული განათლების სისტემის ამერიკანიზაციის ერთ-ერთი ინიციატორია ჰამბურგელი მათემატიკოსი ანდრეას შლიაიხერი. სწორედ ის იყო გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სკოლებში ტესტ PISA-ს შემოღების ინიციატორი. მის მტკიცებას, რომ მომავალში ბავშვებს აღარ დასჭირდებათ ცოდნა, რომელსაც ბოლო 50 წლის განმავლობაში იღებდნენ სკოლაში, ხოლო საკვანძო კომპეტენციები იქნება კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, კომუნიკაცია და კოოპერაცია, აკრიტიკებს ზემოხსენებული კონრად ლისმანი: “უწინარესად, ზუსტად არავინ იცის, რა გველის მომავალში. ეს ადამიანებმა არც ადრე იცოდნენ. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ის, რაც ვიცით თვითონ, ეს კი არის ისტორია, ლიტერატურა, ფილოსოფია, მათემატიკა და .. მცდელობა, ასწავლო ბავშვებს ის, რაც თვითონ არ იცი _ ეს მოტყუებაა”.

4 კომპეტენციის წარმოჩენა რაღაც განსაკუთრებულ სიახლედ, ლისმანის აზრით, არაეთიკურია, ეს არის შეცდომა. ეს ჰგავს იმას, რომ ამტკიცო: ადამიანებს ადრე არ ჰქონდათ კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, არ იყვნენ კრეატიულები და არ ცდილობდნენ კოოპერაციას. ეს რომ არ ყოფილიყო, კაცობრიობა ვერ განვითარდებოდა. კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიულობისთვის აუცილებელია ცოდნა, გრძელი ტექსტების კითხვის უნარი, კონცენტრაცია და სხვადასხვა მოვლენას შორის ურთიერთკავშირის პოვნა.

ციფრული რევოლუციის ეპოქაში, როგორც ეს იყო ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, განათლება პირველ ადგილზეა, მაგრამ თავისი სპეციფიკით. დიდი კორპორაციები მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დაკარგვის შიშმა აიძულა, რადიკალური ცვლილებებისთვის შეეწყო ხელი განათლების სისტემაში. მსოფლიო პოლიტიკაზე უზარმაზარი გავლენის მქონე მსხვილი კორპორაციების წარმომადგენელთა აზრით, განათლების ძირითადი მიზანი არ უნდა იყოს ჰარმონიული პიროვნების აღზრდა, რომელსაც შეეძლება კრიტიკული აზროვნება და თავისი ინტერესების დაცვა, არამედ სწავლება და აღზრდა homo economicus-ისა, რაციონალური ადამიანის, რომელიც არის სამუშაო ძალის პროდუქტიული ნაწილი, ამართლებს ინვესტიციებს და რომლის მანიპულაცია ადვილად შეიძლება.

ედვარდ ბერნეისი, ერთ-ერთი წამყვანი პიარსპეციალისტი, 1928 წელს დაწერილ წიგნში “პროპაგანდა” ამტკიცებდა: რაც შეეხება ეთიკას, პროპაგანდის მიმართ ვითარება განათლებაში ისეთივეა, როგორც ბიზნესში ან პოლიტიკაში. მას იყენებენ ბოროტი განზრახვით. შეუძლიათ, რეკლამა გაუწიონ ამა თუ იმ სასწავლო დაწესებულებას და საზოგადოებას შთააგონონ, რომ ხელოვნურად შექმნილი ფასეულობები ნამდვილი ფასეულობებია. იმის გარანტია, რომ ასე არ მოხდება, არ არსებობს”.

vestitinance.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here