თუ სხვის იმედსა და დახმარებაზე ქვეყნის მომავლის დამყარება მხოლოდ ფუჭი ოცნება და იმედების გაცრუებაა, რაც არა ერთხელ იწვნია ჩვენმა ქვეყანამ, ამის საუკეთესო მაგალითია სულხან–საბას მოგზაურობა ევროპაში. მეცნიერ–ისტორიკოსმა ილია ტაბაღუამ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ–ევროპულ ურთიერთობათა კვლევის საქმეში.
ის წლების განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის არქივებში, სადაც მოიპოვა მეტად ძვირფასი ცნობები ქართველ მეფე–მთავართა მიმოწერების შესახებ. მის მრავალრიცხოვან ნაშრომთა შორის აღსანიშნავია “ევროპაში სულხან–საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის შედეგები”. მასში მოთხრობილია დიდი ქართველი მამულიშვილის მღელვარე ევროპული ოდისეა. ნაშრომი შეიცავს ძალზე საყურადღებო ინფორმაციებს XVIII საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ მცირე შემოკლებით.
…არის სხვა ცნობაც სულხან-საბას რომში ჩასვლისა და იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც მას იქ მოუწყვეს. ცნობაში, რომელიც გამოქვეყნებულია იმ დროის პრესაში, ნათქვამია: “საქართველოს თავადი, რომელიც ატარებს ბერძნული ეკლესიის ერთ-ერთი ორდენის _ წმიდა ბასილის _ ტანისამოსს, ეს-ეს არის საფრანგეთიდან დაბრუნებული ჩამოვიდა რომში გასული თვის შუა რიცხვებში. პაპმა მის შესახვედრად გაგზავნა ორი ეტლი, რომელთაც მისდევდა კარდინალ ალბანის კარეტები. კარდინალმა ალბანიმ ის მოათავსა მამა მისიონერებთან მონტე-ჩიტორიოში, სადაც მისთვის მომზადებული ჰქონდა ბინა. ამ ბინაში სულხან-საბა ღებულობდა კარდინალებს”.
5 ივლისს სულხან-საბა მიიღო პაპმა კლიმენტ XI-მ; მანამდე ისინი ენრთმანეთს მხოლოდ წერილებით იცნობდნენ… მიიღო რა სულხან-საბა, _ ვკითხულობთ ერთ ადგილას, _ პაპმა “საფრანგეთის მეფის მსგავსად წარუდგინა მას დიდი რაოდენობით მისიონერები და მათ შორის ორი იეზუიტი, რომლებიც ნამყოფი იყვნენ სპარსეთში”.
ასე დამთავრდა სულხან-საბა ორბელიანის პირველი შეხვედრა კლიმენტ XI-სთან… აი, კიდევ ერთი ცნობა, რომელიც ეხება სულხან-საბას პაპთან შეხვედრას: “საქართველოს მეფის ბიძა სულხან-საბა, _ წერს ჟან ბონე, _ ჩამოვიდა რომში. მას ჰქონდა აუდიენცია ჩვენს წმიდა მამასთან, პაპი კლიმენტი XI-სთან, რომელსაც მან დაუდასტურა მეგრელების სურვილი და განწყობა, რათა მიიღონ ევროპელი მისიონერები და მათი შემწეობით დაუბრუნდნენ ეკლესიის ერთიანობას”.
…ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ერთი საბუთი, რომელიც ეხება სულხან-საბას მისიას პარიზსა და რომში. ამ საბუთში, რომელსაც აწერია “1714 წლის ივნისი”, ვკითხულობთ: “ბატონმა სულხან-საბამ, ქართველმა თავადმა, წმიდა ბასილის ორდენის ბერმა, საფრანგეთში ჩამოსვლისას, მეფეს სთხოვა ორი წყალობა: პირველი, აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს მეფეს, მის დისშვილს, რათა იგი თავისუფლად დაბრუნდეს თავის სამფლობელოებში; მეორე, კეთილი ინებოს, გაგზავნოს 12 მისიონერი სამეგრელოსა და აბხაზეთში, რომლებიც მეზობლები არიან”.
საფრანგეთის მეფემ “მისთვის გამართული ორი აუდიენციის დროს უბოძა ორივე წყალობა; უთხრა, რომ საჭიროა მხოლოდ, რათა მან ყოველივე ამის შესახებ აცნობოს მის უწმიდესობას, რომლის მითითებასაც ის სიამოვნებით შეასრულებს”.
სულხან-საბა ორბელიანმა, “გაემგზავრა რა რომში, უდიდესი მადლიერების გამოვლინებით მოახსენა მის უწმიდესობას მეფის ნათქვამი”.
პაპმა კლიმენტ XI-მ “დაინახა ამაში ორი, სრულიად განსხვავებული რამ; მანაც, როგორც წმიდა კონგრეგაციამ, გადაწყვიტა, რომ, რამდენადაც საქართველოს მეფის, ვახტანგის, განთავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია სეფიანებზე, მის უდიდებულესობას შეუძლია, ვაჭრობის საშუალებით ბევრი რამის გაკეთება მის (ვახტანგის _ ი.ტ.) სასარგებლოდ, და რომ სპარსეთის ელჩის ჩამოსვლაც კი დიდად სასარგებლო იქნებოდა”.
“მაგრამ, _ ნათქვამია შემდეგ ამ საბუთში, _ რაც შეეხება მისიონს და 12 მისიონერის რჩევას, ერთმაც და მეორემაც ჩათვალეს, რომ ამას არ ჰქონდა არავითარი კავშირი არც სპარსეთის ელჩთან, არც საქართველოს მეფის განთავისუფლებასთან: ჯერ _ ერთი, სამეგრელოს, რომელსაც ჰყავს თავისი ცალკე მთავარი და რომელიც დამოკიდებულია სულთანზე, არავითარი კავშირი არა აქვს ქართლთან; მეორე, სამეგრელოს პატრიარქს, რომელმაც ითხოვა ეს მისიონერები, თვითონ სურს, მხარი დაუჭიროს მათ, დაკავშირებულია რა ამ მხარის მთავართან და დიდებულებთან. ამრიგად, საჭიროა, განხილულ იქნეს ეს საქმე, როგორც სრულიად განსაკუთრებული და განსხვავებული სეფიანების ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ყველა საკითხისაგან. ამის აუცილებლობას გვატყობინებს ბატონი დეზალორი კონსტანტინოპოლიდან”.
…მაგრამ “ეს ღირსეული მოხუცი, _ ნათქვამია ამ საბუთში, _ დიდად დამწუხრდება, როცა შეიტყობს, რომ მას არათუ უგზავნიან მისიონერებს, არამედ სულაც არ გაუგზავნიან, თუ მათი გაგზავნა აღმოჩნდა ელჩის ჩამოსვლასა და მისი ელჩობის წარმატებაზე დამოკიდებული”.
“ვიცნობ რა ქართველების ნიჭიერებას, _ წერს საბუთის ავტორი, _ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნებოდა სარწმუნოებისათვის, რომ მას (სულხან-საბას _ ი.ტ.) არ აღვუთქვათ ის, რასაც ვერ შევასრულებთ. ყოველ შემთხვევაში, სულხან-საბას რომ არ ეთქვა და არ მიეწერა ყველგან, როგორი გულკეთილობით მიიღო ის მისმა უდიდებულესობამ და აღუთქვა ყოველი თხოვნის შესრულება. მე ვთქვი, რომ ვერ შევასრულებთ დაპირებას, რადგანაც, თუ მისიონერების გასაგზავნად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის ელოდებიან სპარსეთის ელჩს, მათ ან სრულიად არ გაგზავნიან, ან გაგზავნიან მეტად გვიან”.
…სულხან-საბა ორბელიანის პაპთან უკანასკნელ შეხვედრასა და რომიდან მისი გამგზავრების შესახებ ჩვენ მოგვეპოვება ზოგიერთი საინტერესო საარქივო მასალა, განსხვავებული იმისაგან, რაც მოცემულია სულხან-საბას “მოგზაურობაში”.
“მისმა უწმიდესობამ ინება, მოეწვიათ თავადი (სულხან-საბა _ ი.ტ.) გასულ შაბათს, ამა თვის (აგვისტოს _ ი.ტ.) 11-ში, რათა გაემართა მისთვის გამოსამშვიდობებელი აუდიენცია. ამ აუდიენციის დროს პაპმა სულხან-საბას აჩუქა აქატის კრიალოსანი ლამაზი ოქროს მედლითა და ბროლის ჯვრით, რომელშიც იყო ნამდვილი ჯვრის ნაწილი. პაპმა აღუთქვა სულხან-საბას, გაუგზავნოს მას სავსე ჭურჭელი აგნუს დეი, რომელიმე წმინდანის რელიკვიებით. პაპს უნდა, რომ სულხან-საბა აქედან გაემგზავროს ყველა შესაძლებელი კმაყოფილებით და მან უბრძანა ცარდინალს, მისცეს სულხან-საბას ყოველივე ის, რაც მისთვის აუცილებელი იქნებოდა მისი მოგზაურობისათვის…”.
სულხან-საბა რომიდან გაემგზავრა ფლორენციაში, იქიდან _ ლივორნოში და ბოლოს _ კუნძულ მალტაზე, რათა იქიდან გამგზავრებულიყო კონსტანტინოპოლში.
საფრანგეთსა და იტალიაში სულხან-საბა ორბელიანის მოლაპარაკების დამთავრების შემდეგაც გრძელდებოდა მიწერ-მოწერა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და ვერსალსა და ვატიკანს შორის.
“მე მივიღე პაკეტი ბატონი კარდინალი დე ლა ტრემუაისაგან, _ სწერს ჟან რიშარი თავის მინისტრს 1715 წლის 27 აგვისტოს მარსელიდან, _ რომელიც მატყობინებს, რომ მან გაუგზავნა თქვენს დიდებულებას წმიდა კონგრეგაციის გადაწყვეტილებები, როგორც სამეგრელოსთან ახალი მისიების გამოყოფის შესახებ, საქართველოს მეფის ვახტანგის განთავისუფლების შესახებ და იმაზე, რაც შეეხება სომეხთა პატრიარქს სპარსეთში”.
წმიდა კონგრეგაცია აღფრთოვანებული იყო, რომ მას საშუალება ეძლეოდა, ფართოდ გაევრცელებინა კათოლიკური სარწმუნოება. პირველ რიგში ამ დადებით მხარეს ხედავდა იგი სულხან-საბას მისიაში. “ეს არის სამეგრელო, რომელიც მდებარეობს შავი, ანუ პონტო-ევქსინის ზღვის სანაპიროზე; კარგი ქვეყანა, მოსავლიანი და ოდესღაც განთქმული, ცნობილი იასონის, არგონავტების ბელადის ექსპედიციის შემწეობით, რომლებიც გაემგზავრნენ ოქროს ვერძის დასაპყრობად. ეს მეტად ზომიერი კლიმატის ქვეყანაა. მაცხოვრებლები აქ გულკეთილნი არიან…”
* * *
ჟან რიშარის ხელით დაწერილ ერთ-ერთ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის წერილები და საბუთები, რომლებითაც აღჭურვილი იყო საქართველოსა და ირანში გასამგზავრებლად მომზადებული ჟან რიშარი:
- საფრანგეთის მეფის _ ლუი XIV-ის წერილი ვახტანგისთვის;
- სხვა წერილები ირანის შაჰის კარისთვის;
- საქართველოსა და მის მეზობელ მხარეებში ჟან რიშარის კონსულობის რწმუნების სიგელი, “ინსტრუქციები და განკარგულებები, რომელთა შესრულება მე მომიხდება”;
- სარეკომენდაციო წერილი ელჩი დეზალორისთვის.
დასასრულ, ჟან რიშარი დასძენს: “…რამდენადაც მე უკვე მიცნობენ საქართველოში, როგორც ადამიანს, რომელიც სარგებლობს ზოგიერთის პატივისცემით სპარსეთის კარზე, მექნება შესაძლებლობა, დავეხმარო ჩვენს სოვდაგრებს, იმავე დროს ვიმუშაო 5 ან 6 მისიონერთან. მოგვიანებით შეუძლიათ შემომიერთდნენ (სხვა მისიონერები) კერპთაყვანისმცემელთა მოქცევაში, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნის (საქართველოს _ ი.ტ.) ჩრდილოეთით”.
…მაგრამ აქ გაიგეს ორი არასასიამოვნო ახალი ამბავი, რომელთა შედეგად გაქარწყლდა ამ მისიის ყველა შესანიშნავი იმედი. პირველი, საფრანგეთის ელჩმა კონსტანტინოპოლში _ ბატონმა მარკიზ დე ბონაკმა (რომელმაც შეცვალა გრაფი დეზალორი _ ი.ტ.) გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ სულთანი არ გაატარებდა ევროპიდან მომავალ მისიონერებს და, მეორე, კიდევ უფრო სამწუხარო, მეფე ლუი XIV-ის გარდაცვალება 1715 წლის 1 სექტემბერს. თანხა, რომელიც მან გამოყო, გაუქმებულ იქნა: სახსრების უქონლობის გამო შეუძლებელი გახდა ამ მგზავრობის განხორციელება. ბატონი ბონე წერდა 1716 წლის 1 იანვარს: “მეფის სიკვდილმა გადადო ან სულ მოსპო სამეგრელოს მისიის პროექტი”.
საფრანგეთის მეფის _ ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა საფრანგეთის სამეფო კარის გეგმები. ყოველი შემთხვევისათვის, საქართველოსთან დაკავშირებული გეგმების განხორციელებაზე ახლა ნაკლებად ფიქრობდნენ. ლუი XIV-ის გარდაცვალებასთან ერთად, ხელისუფლებას ჩამოშორდნენ სხვა ხელმძღვანელი პირებიც; საფრანგეთის ელჩებსა და წარმომადგენლებს უცხოეთში გაეგზავნათ ახალი ინსტრუქციები და მითითებები.
ყოველივე ამის შემდეგ სულხან–საბა ორბელიანის ლოდინს კონსტანტინოპოლში აზრი არ ჰქონდა. “ჩვიდმეტი თვე კონსტანტინეპოლს დავყავ და მაისის ცამეტს წამოვედით”, _ წერს სულხან-საბა. მას თან ახლდა დავით მეგრელი. საფრანგეთის ელჩს კონსტანტინოპოლში _ დე ბონაკს, თავის თავზე აუღია სულხან-საბასა და დავით მეგრელის საქართველომდე მგზავრობის ხარჯები და სპეციალურად კაციც გამოუყოლებია მათთვის, რომლისათვისაც დაუვალებია: “ესენი ქობულეთს, გურიას გაიყვანეო და გურიელს მიაბარეო. და ამათი წიგნი მოგვიტანეო მშვიდობით მისვლისა”.
სულხან-საბასთან ერთად მოდიოდა ოთხი მისიონერი: სამი პატრი კაპუჩინი თბილისისთვის და ერთი პატრი იეზუიტი შირვანისთვის.
სულხან-საბამ დიდი ტანჯვა-წამება გამოიარა საქართველოში ჩამოსვლამდე. მას გზაში ყველაფერი წაართვეს თურქებმა, ხოლო საკუთარ სამშობლოში მტრულად შეხვდნენ: დევნა დაუწყეს კათოლიკობის მიღებისა და ევროპაში წასვლის გამო. მის მოწინააღმდეგეთა შორის იყო ვახტანგის ძმა იესე, რომელიც იმ დროს ქართლს განაგებდა.
ასე ჩაიშალა დასავლეთ ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია. დასავლეთ ევროპის ორიენტაციის საქართველოს პოლიტიკოსებმა ვერ მიიღეს საფრანგეთისაგან ის დახმარება, რომელსაც მოელოდნენ და რისთვისაც გაემგზავრა სულხან-საბა ევროპაში.
ყველა ავტორი, რომელიც კი დღემდე შეხებია სულხან–საბა ორბელიანის მისიას დასავლეთ ევროპაში, თითქმის ერთი და იმავე დასკვნამდე მიდის: საფრანგეთს არ ჰქონდა შორეული საქართველოს დახმარების თავი; საქართველოსათვის საფრანგეთი არ გაართულებდა ურთიერთობას თურქეთთან და ირანთან; ეკონომიურად და პოლიტიკურად დასუსტებულმა საფრანგეთის მონარქმა მხოლოდ ცარიელი დაპირებებით გამოისტუმრა ვახტანგის ელჩი; საფრანგეთს არ შეეძლო დაეთმო თავისი სავაჭრო და პოლიტიკური ინტერესები ირანში საქართველოს გამო; ყოველივე ამის შედეგად შეუძლებელი იყო რეალური დახმარების მიღება საფრანგეთიდან…
დასასრული
შემდეგ ნომერში
გამარჯობა.
შემდეგი ნომრის ლინკი დადეთ თუ არის შესაძლებელი 🙂