საქართველოში 31 ოქტომბერს სამი ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება. დღეს არსებული ნულოვანი ბარიერის პირობებში საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად თითო უბანზე ოთხი ხმის მოპოვებაც კი საკმარისია _ თუ თითოეულ უბანზე რომელიმე პარტია, სულ ცოტა, ოთხ ხმას აიღებს, პარლამენტში ერთ კაცს გაიყვანს. ამის მიუხედავად, პარტიები ერთიანდებიან ბლოკებში, კოალიციებში, ადგენენ გეგმებს, ეთმობათ საეთეროდ უფასო დრო და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიების უმრავლესობას არ აქვს იმის იმედი, რომ უბანზე ასე საჭირო 4 ხმას მოიპოვებს.
მაღალმთიან სოფლებში ამომრჩეველთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ უბნების უმრავლესობაში 1400-1500 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ე.ი., ხმების ერთი პროცენტიც კი არ არის საჭირო იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდე. მარტივი გათვლებით, 0,66 პროცენტიც რომ აიღოს პარტიამ, პარლამენტში ერთი კაცი შეჰყავს. რაც მთავარია, ამის შემდეგ ის კვალიფიციური სუბიექტი ხდება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში… სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებს, რათა რეგიონული ოფისები ამუშაოს, მაგრამ რომელ ოფისებსა და მხარდამჭერებზეა ლაპარაკი, როცა იმის იმედიც არ გაქვს, რომ უბანზე 1400 კაციდან გამოჩნდება 4 ადამიანი, რომლებიც მხარს დაგიჭერენ, და ამიტომ იძლებული ხარ, სხვასთან გაერთიანდე?
ამ გაერთიანებასაც აქვს თავისი მიზეზი: თითო წარმომადგენელი უბანზე ყველა პარტიას ეყოლება; ორის გაერთიანების შემთხვევაში ეს გარანტირებული ორი ხმაა, დაუმატეთ მას კიდევ ორი გზააბნეული ამომრჩევლის ხმა და ერთი კაცი პარლამენტშია. მერე იმ ფულს, რომელსაც სახელმწიფო 4 წლის განმავლობაში ჩვენი გადასახადებიდან მათ მისცემს, ძმურად გაიყოფენ და წავიდა 4 წელი ხალხის ხარჯზე გრიალი. არ გეგონოთ, მცირე თანხებზე ვსაუბრობთ, ძირითადად თანხა მილიონ ლარს სცდება.
სამაგიეროდ, ამერიკისა და დასავლეთის განცხადებები ამ მიმართულებით ისეთია, გაოცებისგან, შესაძლოა, ყბა ჩამოგივარდეთ. ისინი მიესალმებიან იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდება და პოლიტიკური სიჭრელე იქნება (ქართული რეალობის გათვალისწინებით _ ბარდაკი და განუკითხავობა). არადა, ამერიკაში მხოლოდ ორი ანგარიშგასაწევი პარტიაა, მსოფლიოს ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე, 1,4-მილიარდიან ჩინეთში _ ერთი და ისიც კომუნისტური, ევროპის წამყვან ქვეყნებშიც ორი–სამი პარტია ებრძვის ერთმანეთს ხელისუფლებისთვის და თურმე, საქართველოში ათი და მეტი პარტია თუ მოხვდება პარლამენტში, კარგია. თუ ეს კარგია, თვითონ რატომ არ აქვთ მრავალპარტიული პარლამენტი? თვითონ რატომ არ აქვთ ნულოვანი ბარიერი? რატომ არ ეპატიჟებიან ყველა მსურველს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში? პასუხი მარტივია _ ასე ზოგავენ თანხებსაც, ამომრჩევლის და საკუთარ ნერვებსაც და, რაც მთავარია, ასე უფრო მარტივია მართვა. მოსწონს ერთი პარტიის პროგრამა ამომრჩეველს _ აძლევს ხმას, არ მოსწონს _ მოწინააღმდეგეს აძლევს ხმას. და, როგორც ახლა ამბობენ, წერტილი!
გსმენიათ, ამერიკაში საარჩევნო ნომერი ჰქონოდეს რომელიმე პარტიას? ან მოგიკრავთ ყური, დასავლეთში რომელიმე პარტიის ნომერი 40-ს ან 50-ს ზემოთ ყოფილიყოს? სასაცილოდ არ ეყოფა ეს იქაურ ამომრჩეველს, არ ხდება იქ ასე და არ ხდება იმიტომ, რომ ყველა არ იჩემებს პოლიტიკოსობას; არ ამბობს, რომ ქვეყანა უნდა ანდონ და ის აუცილებლად გაამართლებს. არ არის დასავლეთში პოლიტიკა ფულის საჭრელი მანქანა და არ გადადის მემკვიდრეობით პარტიის თავმჯდომარეობა მამიდან შვილზე. ერთი ექსპერიმენტი ამერიკამაც ჩაატარა: მამა ბუშის შემდეგ ქვეყნის სათავეში შვილი ბუში მოვიდა, რასაც დღემდე ნანობენ. ჩვენთან კი მამები, რომლებიც, 30 წელია, ძერებივით დასტრიალებენ პარლამენტს და მომენტს ელიან, ასაფრენ–დასაფრენ ზოლზე წარმატებით დასხდნენ, ახლა ასპარეზზე შვილებთან ერთად გამოდიან და ხალხს აგუებენ მათ სახეებსა და სახელებს (გვარები ისედაც გვახსოვს).
ყირგიზეთში რამდენიმე დღის წინათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და ხელისუფლებამ ძლივს გაასწრო. ჩვენთვის საინტერესო კი ის არის, რომ ამ გადატრიალებით აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი ოპოზიცია _ აქაოდა, თუ ხელისუფლება შედეგებს გააყალბებს, იმავეს მოვიმოქმედებთო, მაგრამ ოპოზიციის არც ერთ ლიდერს არ წამოსცდენია, რომ ყირგიზეთში, რომელსაც განვითარებით ვუსწრებთ (ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებიან), 7%-იანი საარჩევნო ბარიერია დაწესებული. ახლა კი გონება დაძაბეთ და ჩამოთვალეთ პარტიები, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებლად მოახერხებენ 7%-იანი ბარიერის გადალახვას. ერთი ხელის თითები სავსებით საკმარისია ამისთვის. საქართველოში რეალურად 4-5 პარტიაა, რომლებსაც ჰყავთ ელექტორატი, დანარჩენები კი, უბრალოდ, მავნებლები არიან. ჰო, მავნებლები, რადგან, როცა 1500-კაციან უბანზე 4 ხმის მოგროვების იმედი არ გაქვს და ამიტომ სხვასთან ერთიანდები, პოლიტიკაში რა გინდა, უნდა დაფიქრდე. შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდა კობა დავითაშვილი ან პირიქით _ მოსწონდა, მაგრამ კაცმა თქვა: არჩევნებში თუ 3%-იან ნიშნულს ვერ გადავლახავ, ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის და წავალო. ვერ გადალახა, ადგა და კაცურად წავიდა. ანალოგიურად მოიქცა დავით გამყრელიძეც. იქნებ თქვენც გეყოთ კაცობა, ქალობა და ამ არჩევნების შემდეგ, უბრალოდ, თქვათ, რომ პოლიტიკაში თქვენი ადგილი არ არის და წახვიდეთ. ჩამოთვლაც შეგვიძლია, მაგრამ ეჭვი გვაქვს, ამდენ პარტიაში ვინმე გამოგვრჩება და გული დასწყდება. არ გაგიკვირდეთ და, პოლიტიკურ პარტიებად “ქობულეთის მომავლის ფონდი”, “კასპის მომავლის ფონდი”, “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”, “სრულიად საქართველოს რადიკალ–დემოკრატთა ნაციონალური პარტია” და კიდევ სხვები არიან დარეგისტრირებულნი. რა ძნელი მისახვედრია, რომ მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი არ აქვთ, მაგრამ, თუ გაერთიანდებიან და თუ გახდებიან ათი და ოცი, შესაძლოა, ერთი კაცი გაძვრეს და… ყველა მათგანი იღებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს და… წავიდა დაფინანსება.
გამოსავალი ერთია _ აუცილებელია, რომ გაიზარდოს საარჩევნო ბარიერი, აუცილებელია, რომ პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის დაევალოს არა რამდენიმე ასეული მხარდამჭერის ხელმოწერის მიტანა, არამედ ეს რაოდენობა სოლიდური გახდეს და რეალურს მიუახლოვდეს. არ გამოვა სხვანაირად, რადგან მუდმივად იქნება ცდუნება, რომ პოლიტიკა არის საუკეთესო ბიზნესი, აკეთო არაფერი და იშოვო ფული. როგორც ერთი ამბობდა, მილიონი უნდა ვიშოვოო, სწორედ ეგაა ყველაფრის თავიდათავი და ის ერთი ამ პარლამენტშიც აუცილებლად მოხვდება, ისეთ ადგილზე ჩასვა კონკრეტულმა პარტიამ.
თუმცა, ერთიცაა, საარჩევნო ბარიერის მომატებას დასავლეთი არ დაგვანებებს და იცით, რატომ? ასეთ შემთხვევაში, ლიბერალიზმის მომხრე პარტიები, უბრალოდ, არსებობას შეწყვეტენ. ისინი არათუ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, იმ მხარდაჭერით, რომელიც აქვთ, პარლამენტთან ახლოსაც ვერ გაივლიან. ლიბერალიზმს კი დასავლეთში უზარმაზარი ზურგი აქვს და სწორედ ის ზურგი არ დაუშვებს მათ დაკნინებას. პირდაპირ ვთქვათ: რესპუბლიკური პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად რომ გავიდეს, 0,66%-ს ვერ მიიღებს და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის გარეშე დარჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელები ისევ ამერიკამ უნდა დააფინანსოს და რატომ შეიწუხოს თავი, როცა მარტივად შეიძლება პარტიის ერთ–ერთი წევრი ჩასვას სხვა ოპოზიციური პარტიის გამსვლელ სიაში და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს პლუს სახელმწიფოს დაფინანსება გარანტირებული ექნება.
ვერ გეტყვით, შეეცდება თუ არა ეს პარლამენტი რაიმეს შეცვლას ამ მიმართულებით, მაგრამ კითხვა მაინც ხომ უნდა დასვას: ევროპაში მაღალი საარჩევნო ბარიერი და თითზე ჩამოსათვლელი პარტიები რომ არის, ჩვენ რატომ გვტენიან ნულოვან ბარიერსა და ასობით პარტიას? თანაც, 3-მილიონიან ქვეყანაში, სადაც, ამომრჩეველი პროპორციულად რომ გადაანაწილო, ერთ პარტიაზე, შესაძლოა, ერთი სტადიონი ხალხიც ვერ შეგროვდეს, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს ხომ “სტრატეგიული პარტნიორებისთვის” ასეთი კითხვების დასმა აკრძალული აქვთ?! მათ მხოლოდ უსიტყვო მორჩილება და ერთმანეთის ატანა ევალებათ. მერე რა, რომ პარლამენტში სწორედ ამ პოლიტიკური სიჭრელისა და გაურკვევლობის გამო მუშტი-კრივი ჩვეულებრივი ამბავია. დამშეულ მოსახლეობას პურს როცა ვერ აჭმევ, სანახაობა მაინც არ უნდა მოაკლო და არ ყოფილა პარლამენტი, რომელიც უჩხუბრად და გამიშვი-გამაკავეს გარეშე ჩამთავრებულიყოს. არც ეს პარლამენტი იქნება ასეთი და ამიტომ პარტიულ სიებში სპორტსმენების სიმრავლეც ნუ გაგაკვირვებთ. ნავარჯიშევი კაცი მაინც სხვანაირად იქნევს მუშტს.
ბესო ბარბაქაძე
P.S. ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკურ–ეკონომიკური მდგომარეობისა და საარჩევნო კამპანიის შემყურე საქართველოს მოსახლეობა, დროა, დაფიქრდეს პარლამენტში დეპუტატების რაოდენობისა და მათთვის ანაზღაურების შემცირებაზე, რაც ნაკლები დეპუტატი იქნება პარლამენტში, მით ნაკლები წურბელა ეყოლება ბიუჯეტს. საქართველოში 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, პარლამენტში კი 150 დეპუტატია. მარტივი გაანგარიშებით, გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველ 24 666 ადამიანზე 1 დეპუტატი მოდის. ეს, მაგალითად, იტალიის მაჩვენებელზე 6-ჯერ ნაკლებია.
ე.წ. პარლამენტართა რაოდენობა შემჩირდეს მაქსიმუმ 50-მდე! ხოლო რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაუუქმდეს ყველას! კვალიფიციურსაც და არა კვალიფიციურსაც!!! დაფინასება და არსებობა შესძლონ საწევრო შენატანებიდან!!! თუ კი ეყოლებათ პარტიაში წევრიი!!!
ბ-ნო ბესო, ყველაფერში გეთანხმებით !00 %-ით. მაგრამ უკმარისობის გრძნობაც გამიჩნდა, რომ არაფერი გითქვავთ ახლად შექმნილ პარტია “ლელოზე”, რომლის დამფუძნებელმა ყაჩაღ-ბანკირმა ხაზარაძემ წარმოუდგენელი თავხედობით ერთჯერადი კომბინაციით გაათეთრა 17 მილიონი დოლარი და ეს ამბავი თხასავით შერჩა. დარწმუნებული ვარ, რომ მან მოქრთამა ფულის მოყვარული ქართველები და მოგვიწევს 4 წლით ვუცქიროთ მის პარპაშს საქართველოს პარლამენტში.