Home რუბრიკები სამართალი ევროასოციაციის მტარვალი სახე _ დაკანონებული ლეკიანობა

ევროასოციაციის მტარვალი სახე _ დაკანონებული ლეკიანობა

9 შვილის გამჩენი გმირი დედისთვის თვეში ის 4500 ლარი რომ მიგეცათ, რომელსაც ახლა 9 ოჯახს 500-500 ლარად ურიგებთ, ხომ არ იქნებოდა პრობლემა და ბავშვებიც ნორმალურად ხომ გაიზრდებოდნენ?

5551
ევროასოციაციის მტარვალი სახე _ დაკანონებული ლეკიანობა

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როცა სოციალური სააგენტო ბავშვს მინდობით აღსაზრდელად გადასცემს ოჯახს, მას თვეში 400-დან 600 ლარამდე ეხმარება. ეს თანხა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და, თუ ბავშვი შშმ პირია, თანხა 800 ლარამდეც ადის. მოდი, საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანოთ იმ 400-600 ლარიდან და ვთქვათ, რომ ოჯახი თითოეულ ბავშვზე იღებს 500 ლარს. ამ პროგრამის აბსურდულობა, პირველ რიგში, არის ის, რომ, იმავე სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციით, 4-სულიანი ოჯახის გამოკვება თვეში 326 ლარი ჯდება, ანუ 4 სული შეიძლება გამოიკვებოს 326 ლარად, ხოლო ერთი ბავშვის შეკედლება 500 ლარია. ვინ და როგორ დაიანგარიშა ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით, მაგრამ ვეთანხმები, რომ ბავშვის სრულფასოვნად გამოსაკვებად, შესამოსად, განათლების მისაღებად 500 ლარი ადეკვატური თანხაა. არაადეკვატური სწორედ ის 326 ლარია, რომელიც თურმე 4-სულიანი ოჯახისთვის საკმარისია.

გასულ კვირას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ მადონა ფუტკარაძეს სოციალურმა სააგენტომ ცხრა შვილი წაართვა. წართმევა ჰქვია იმას, რომ 9 ბავშვი სხვადასხვა ოჯახში გადაანაწილეს და მიზეზად ის დაასახელეს, რომ თურმე მათ მშობლებთან ცხოვრების არასათანადო პირობები ჰქონდათ. ანუ, ბავშვები სრულფასოვნად ვერ იღებდნენ საკვებს, არ ეცვათ შესაბამისად, ვერ იღებდნენ განათლებას. ახლა ეს ბავშვები უცხო ოჯახებში გადაანაწილეს, რომლებიც თითო ბავშვის აღზრდის სანაცვლოდ მიიღებენ 500 ლარს.

აი, ასეთი სისულელე სხვაგან თუ ხდება, ვერ გეტყვით. რატომ სისულელე? თუ სახელმწიფოს 9 ბავშვის შენახვა 4500 ლარი უჯდება, ეს თანხა დედისთვის რომ მიეცათ ყოველთვიურად (ხომ მაინც იხდის ახლა?!), მშობელი უკეთესად მოუვლიდა თავის შვილებს თუ ის ოჯახები, რომლებშიც ეს ბავშვები მიიყვანეს?! რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ ახალ ოჯახებში ბავშვები ცუდად იქნებიან ან ცუდად მოექცევიან, ან საკვებს არ მიცემენ, მაგრამ დაგვეთანხმეთ, დედასავით მათ ვერავინ ჩაიკრავს გულში, მამასავით არავის ეტკინება შვილის გასაჭირი და არავის გაუხარდება მისი წარმატება.

უფრო დიდ აბსურდზე გიამბობთ: სახელმწიფოსგან ეს ოჯახი, როგორც სოციალურად დაუცველი, თვეში 470 ლარს იღებდა. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ 9 ბავშვსა და მათ მშობლებს თვეში 470 ლარი ეყოფათ, მაგრამ, როცა ბავშვები სხვაგან გადაიყვანა, თითოს იმაზე მეტი თანხა დაუნიშნა, ვიდრე ყველა ერთად იღებდა. როცა სოციალური სააგენტოს ერთ-ერთ მაღალჩნოსანს დავუკვშირდით, გვითხრა: კანონია ასეთი, ჩვენ რა ვქნათო, მაგრამ ის კი არ თქვა, _ იდიოტური კანონია და სახელმწიფოს რეკომენდაციით მივმართეთ, რომ გაასწოროსო. არა, არის კანონი და ასრულებენ, თუმცა თავადაც კარგად ხვდებიან, რომ ყველაფერი ძალიან სულელურია.

ეს _ გასულ კვირას, ერთი თვის წინათ კი ავლაბარში წაართვა სოციალურმა მუშაკმა დედას 2 წლის შვილი, _ სათანადო პირობებში არ ცხოვრობს, დედას შემოსავალი მხოლოდ 170 ლარი აქვს და ბავშვი სრულფასოვნად ვერ იკვებებაო. წაიყვანეს ეს ბავშვიც, მიაბარეს სხვა ოჯახს და ზუსტად ვიცით, რომ დაუნიშნეს 600 ლარი (ბავშვის კვება ძვირია). დედა ყოველ დღე მიდის იმ ოჯახის კართან და ყელგამოწეული ეხვეწება, _ შვილი მანახვეთო. ანუ, სახელმწიფომ დედას კი არ მისცა ის 600 ლარი, არამედ სხვა ოჯახს, დედას კი შვილი წაართვა. ფუტკარაძეების დედამ რა უნდა ქნას _ ყოვედღე ცხრა ოჯახში უნდა მივიდეს შვილის სანახავად? ისიც ხომ ფაქტია, რომ ყველას აჭარაში მცხოვრებ ოჯახებში არ გადაანაწილებდნენ? ზოგი თბილისში მოხვდება, ზოგიც ქუთაისში ან ზუგდიდში… და რა ქნას დედამ, შვილის ნახვა რომ მოუნდება? ერთხელ მაინც გიფიქრიათ, ბატონებო, რა განწყობაზე დადგებით, თქვენ რომ წაგართვან შვილი და სხვას მისცენ გასაზრდელად? რომელიღაც სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებით, რომ გართმევენ სისხლსა და ხორცს… სხვა კი არაფერი იყო ლეკიანობა?! ასე მიჰყავდათ ბავშვები, ასე იტაცებდნენ და მერე სხვა ოჯახები ზრდიდნენ. ჰო, ყველა იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა?”-ს გმირივით ვერ მოხვდება ისეთ ოჯახში, მზრუნველობა რომ არ მოაკლდეს და დედობრივი სითბო მიიღოს.

მაგალითად, ახლა, შუა ზაფხულში, ჩემი შვილი ხან გამოხეული შარვლით, ხანაც ფეხშიშველა დარბის. რომ შეხედო, ვერ იტყვი, ამ ბავშვზე ვინმე ზრუნავსო, მაგრამ ვინმემ რომ თქვას, შვილი უნდა წაგართვაო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თოფს ვესვრი. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, როგორც მე მინდა საუკეთესო ჩემი შვილისთვის, ისე უნდათ იმ შვილწართმეულ მშობლებსაც და მათზე უკეთესად შვილებზე ვერავინ იზრუნებს. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისიც, არიან ისეთები, რომლებიც ახალშობილს სანაგვეზე აგდებენ, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა და ვერანაირად ვერ მიუსადაგებთ იმავე ფუტკარაძეებს. ამ ქალს შვილების ყოლის სურვილი რომ არ ჰქონოდა, ერთზე, ორზე, ბოლოს და ბოლოს, სამზე და ოთხზე გაჩერდებოდა.

ხელისუფლებამ კი დაცინვის აქტი ზარ-ზეიმით ჩაატარა. როგორც გვახარეს, 17-წლამდე ბავშვები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ და ეს იმიტომ, სკოლისთვის თუ ბაღისთვის უკეთ მოემზადონ და თანაც, პანდემიამ ყველა აზარალა და ოჯახები ცოტას ამოისუნთქავენო. ბატონებო, შეიძლება ამაზე არ გიფიქრიათ, მაგრამ ეს ბავშვები სკოლებსა და ბაღებში შარშანაც დადიოდნენ, გაისადაც წავლენ და მაინცდამაინც საარჩევნო წელს რომ დაემთხვა ეს თქვენი გულუხვობა, საეჭვო არ არის?

900 ათასი 17-წლამდე ბავშვიაო (ღმერთმა ამრავლოს!) და, რომ გვამადლით, 200 მილიონს გავიმეტებთო, ეგ 200 მილიონი ყოველწლიურად რომ გაიმეტოთ? ან სოციალურად დაუცველ ბავშვებზე რომ გადაანაწილოთ და იმ ოჯახებში დატოვოთ, რომლებშიც დაიბადნენ?! თუმცა, რაღა გადანაწილება, აგერ, წართმეულ ბავშვზე 500 ლარს იხდით და ახალი ველოსიპედის მოფიქრებაც არ არის საჭირო, ბიუჯეტში გაქვთ ეს თანხა, უბრალოდ, სწორი მიმართულებით უნდა დახარჯოთ. კიდევ გავიმეორებ: 9 შვილის გაჩენი გმირი დედისთვის თვეში ის 4500 ლარი რომ მიგეცათ, რომელსაც ახლა 9 ოჯახს 500-500 ლარად ურიგებთ, ხომ არ იქნებოდა პრობლემა და ბავშვებიც ნორმალურად ხომ გაიზრდებოდნენ? როგორ გგონიათ, უცხო ოჯახში რომ მივა არასრულწლოვანი, უცხო ადამიანებს ერთ დღეში შეეგუება, მეორე დღეს მშობლები დაავიწყდება, მესამე დღეს _ დედმამიშვილები და ასე გაიზრდება სრულფასოვან მოქალაქედ? არა, ბატონებო, არა! პირველ რიგში, ეს ყველაფერი მათ ფსიქიკას ისე დაარტყამს, მეორე დღესვე რომ დააბრუნოთ შინ, რამდენიმე წელი გაჰყვება შიში, დედის კალთას ისევ არ მომაცილონო. იმ ბავშვებმა უკვე ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს, რომ მისი დანგრეული ფსიქიკის აღდგენას წლები დასჭირდება. ჰო, ფსიქოლოგს ყველას უნიშნავთ და ეგ კიდევ ცალკე ხარჯია, რომელიც ისევ ბავშვებს აკლდებათ.

არ გვჯერა შეთქმულების თეორიების, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ ეს ყველაფერი ევროპულამერიკული მოდელია და მას, უბრალოდ, ბრმად მიჰყვებით. დაგიწერეს ასე და თქვენც ასრულებთ; არ ფიქრობთ, რომ თანხები არასწორად იხარჯება, რომ შეჭირვებულ ბავშვაბზე ზრუნვა სხვანაირად შეიძლება, გაცილებით უკეთესად. ბოლოს ისე გამოვა, რომ ბავშვების წართმევა ჩვეულებრივ ამბად იქცევა და პროტესტსაც აღარავინ გამოთქვამს. ისე ჩანს, ამ პროგრამის მთავარი მიზანიც ეს არის _ გაუფასურდეს მშობლისა და შვილის ურთიერთობა, გაუბრალოვდეს და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ბავშვს ვინ და როგორ გაზრდის; მთავარია, ისეთი გაიზარდოს, როგორიც ვიღაცას აძლევს ხელს. მშობლების გარემოცვაში თუ არ იზრდება ბავშვი, მშობლის პატივისცემას ვერ ისწავლის და, როცა მშობელს არ სცემს პატივს, ძნელია, სხვას მოეპყრას პატივისცემით. შესაბამისად, ჯანსაღი თაობის ნაცვლად მივიღებთ ზომბებს, რომლისთვისაც უცხო იქნება სიყვარული და სიყვარული არა მხოლოდ მშობლის, არამედ დედმამიშვილის მიმართაც. დას ან ძმას წლების შემდეგ რომ შეხვდები, ის ისეთივე უცხო ადამიანი იქნება შენთვის, როგორც ნებისმიერი სხვა. სხვადასხვა ოჯახში გაზრდილ ბავშვებს სხვადასხვა მენტალიტეტი ექნებათ, სხვანაირად შეხედავენ მოვლენებს, არ ექნებათ საერთო ინტერესები, არ ექნებათ ნათესავებთან კონტაქტი და ასეთ ადამიანებთან შემდეგ პატრიოტიზმზე საუბარიც სისულელე იქნება _ ვინ უნდა უყვარდეს და, რაც მთავარია, რატომ? ის, დედის კალთას მოგლეჯილი და გასხვისებული ბავშვი, უყვარდა ვინმეს?!

ბესო ბარბაქაძე

P.S. ისე, საინტერესოა, იმ 9 ბავშვს სახელმწიფოსგან ამ წინასაარჩევნოდ 1800 ლარი რომ ერგება, მშვილებელი ოჯახები მიიღებენ დამატებით თუ ნამდვილ მშობლებს მისცემენ, შვილებს რამე უყიდეთო?!

2 COMMENTS

  1. ეს სრულიად გაუგებარი რამაა! საოცარია პირდაპირ! თუ სიკეთე გინდა ოჯახს დაემარე, შვილების წართმევა უბრალოდ ვერ ვხვდები რა დონის ბოროტებაა. ნუთუ ერთ-ერთი მეთოდია ხალხის, ქვეყნის განადგურებისა, ნაკარნახევი გარედან?!

  2. ევროპასა და ამერიკას ქართველი ერის გარყვნა გათახსირება რომ აქვს დაგეგმილი თავისნაირად, თქვენ ეჭვი გეპარებათ?ქარტველები მენტალობით მსოფლიოში ყველაზე მაღლა რომ ვდგავართ ეს მოეწონება განა ევროპასა და ამერიკას? ამერიკამ 2 მილიონი ინდიელი დახოცა, ზანგებს ბორკილების ქვეშ ამუშავებდა პლანტაციებში დღესაც უკრაინა გააბრიყვა, სირია, ავღანეთი ლიბია რომელი ერთი ჩამოვთვალო ზნედაცემულია ამერიკაც და ევროპაც, მათ ჩვენნაირ ხალხთან ურთიერთობა ეხამუშებათ რადგანაც ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგევართ მათზე.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მურმანი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here